შოუბიზნესი

ნანა ნებიერიძე: ბომბზე ვზივარ, საშინელ, უმძიმეს ლოდინის პროცესში ვარ

№11

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 20.03, 2023 წელი

ნანა ნებიერიძე
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი და ულამაზესი ნანა ნებიერიძის ცხოვრებაში უამრავი ბედნიერი დღის გარდა, ცუდი პერიოდებიც იყო, მაგრამ ის არ დაეცა და გადალახა. ახლა მის ცხოვრებაში უმძიმესი დღეები დგას, როცა ხვდება, წინ რა განსაცდელიც ელის, მაგრამ მაინც ცდილობს, ძლიერი იყოს.

ნანა ნებიერიძე: ჩემს ცხოვრებაში უამრავი რთული პერიოდი იდგა, მაგრამ ახლა ყველაზე რთული პერიოდი მაქვს. თექვსმეტი წელია, დედას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ახლა ძალიან დამძიმდა. ვერ გეტყვით, რა ხდება ჩემში, თუმცა ვცდილობ, ძალა მოვიკრიბო, მაქსიმალურად ძლიერი ვიყო, რომ ისიც ვაიმედო და საკუთარი თავიც მოვამზადო შესაძლო შედეგისთვის. კი ვიცი, რა მელოდება წინ, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდება და ბომბზე ვზივარ. საშინელ, უმძიმეს ლოდინის პროცესში ვარ. ამ რთულ პერიოდში, რა სიტუაციაშიც ვარ, უფრო ვძლიერდები.

– მიუხედავად ამ რთული პრობლემისა, ბოლო პერიოდში საკმაოდ ჩართული ხარ პოლიტიკურ პროცესებში. ალბათ, ვინც შენს სოციალურ ქსელს ადევნებს თვალყურს, დამეთანხმება. საიდან პოულობ ამის ძალას?

– ჩემთვის დედის ავადმყოფობა პირველ ადგილზე დგას, მაგრამ ვცდილობ, საქმეც ვაკეთო, პოლიტიკურ პროცესებშიც ვიყო ჩართული, ვიარო მიტინგებზე და უკრაინულ არხებსაც პირდაპირ ეთერში მივცე ინტერვიუები. ვთვლი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. რაც მე ახლა ვუყურებ, როგორ დგანან ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები რუსთაველის გამზირზე, და მომავლისთვის იბრძვიან, როგორ არ უნდა ვიყო ძლიერი მათი შემხედვარე? რასაც რუსთაველზე ვუყურე, ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, დავიბადე და გავიზარდე საქართველოში და მიხარია, რომ ასეთი ახალი თაობა მოდის. სხვათა შორის, როცა დედასთან საავადმყოფოში მივდივარ, ყველაფერს ვუყვები. ძალიან ცუდადაა, მაგრამ მაინც იღიმის. უხარია, რომ ასეთი ძლიერი შვილი ჰყავს. სხვა უფლება არ მაქვს, უნდა ვიყო ყველაზე ძლიერი დედაჩემისთვის, ჩემი შვილისთვის, შვილიშვილისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ვჭირდები.

– ყველას გვერდით დგახარ, ვისაც სჭირდები. თუმცა, ქალი ხარ, პირადი ცხოვრებაც გინდა და ვინ დგას ახლა შენ გვერდით?

– დღეს ჩემ ვგერდით არავინ დგას. ჯერჯერობით; ალბათ, არ მაქვს ამის ფუფუნება და არც დრო. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული და ალბათ, გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გვერდით დამიდგება. მე ჩემს ჯვარს ვატარებ და მჯერა, დროებით. მჯერა, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მე მჭირდება და გამიგებს, იქნება ჩემი მეგობარი და მერე, უკვე დანარჩენი. დამიჯერეთ, კი ვამბობ, ძლიერი ვარ-მეთქი, მაგრამ როცა დასაძინებლად ვწვები და მარტო მე და ბალიში ვრჩებით, სისუსტეები მეძალება. ამ მომენტში შემიძლია, გამოვხატო ჩემი ემოცია და ტკივილი. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მჯერა, ეს დროებითია. ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვატარო.

– ასაკს არასოდეს მალავ. წლების მატება არასდროს ყოფილა შენთვის კომპლექსის საბაბი?

– არავითარ შემთხვევაში! ასაკი არის ციფრები და არა შენი შინაგანი მდგომარეობა. თავს ვგრძნობ, როგორც 15 წლის წინ და ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი. ვიცნობ ბევრ ადამიანს, მათ შორის ჩემს მეგობრებსაც და დაქალებსაც, რომლებსაც აწუხებთ წლების მატება და განიცდიან. მე ამ ყველაფერს მარტივად ვუყურებ.

– ცხოვრებამ რამდენად მოგცა შანსები, რამდენად გამოიყენე და საჭირო დროს საჭირო ადგილას რამდენად ხშირად მოხვდი?

– ცხოვრებამ ბევრჯერ მომცა შანსი, ვყოფილიყავი კიდევ უფრო წარმატებული. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, სულ მხიარული, ლამაზი, ლაღი და ენერგიული ვიქნებოდი, არადა, სინამდვილეში, ასე არ არის, მოდის პერიოდი, როცა წინ უყურებ, აანალიზებ მოვლენებს და ხვდები, რომ გინდა თუ არა, იცვლები. ახლა რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ის პოლიტიკური მოვლენები, საქართველოში რომ ხდება, ძალიან მახარებს. რაც შეეხება კარიერულ შანსებს, დიახ, მქონდა არაერთი, რომელზედაც უარი ვთქვი და არც ვნანობ. ვცდილობ, ვიცხოვრო დღევანდელი დღით, ვიყურო წინ და არ ვინანო იმ შესაძლებლობებზე, რომელიც წარსულში მქონდა და არ გამოვიყენე. კი, ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე, ეს წარსულში იყო. ყოველთვის მინდოდა მეორე შვილი, თუმცა თავის დროზე არ გავაჩინე და ახლა ამას კი არ ვნანობ, არამედ გული მწყდება. ჩემში იყო პრობლემა, ბოლომდე არ ვიყავი მზად და დარწმუნებული, რაღაცამ შემაშინა და გამაჩერა, თორემ შესაძლებლობა ყოველთვის მქონდა.

– კარიერა ხომ არ იყო ამის ხელის შემშლელი?

– ეს მომენტიც იყო, თუმცა უფრო ჩემს თავს ვატყუებდი, ვეძებდი მიზეზებს – დღეს, ხვალ, მერე... და ეს მერე არ მოვიდა. ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. სხვათა შორის, დიდი შანსი მქონდა, ოლიპიადის შემდეგ ავსტრალიაში დავრჩენილიყავი. კარგი შემოთავაზება იყო – საცხოვრებელი, სამსახური, ანაღზაურება და მე იმის გამო ვთქვი უარი, რომ ავსტრალია შორია. ეს ხომ ჩემგან ხელიდან გაშვებული შანსი იყო? მთავარია, არ ინანო გაშვებულ შანსებზე, დაისახო მიზანი და იარო წინ. ახლა ჩემი შანსია, გავაკეთო მეტი ქველმოქმედება, მხარში დავუდგე მას, ვისაც ეს სჭირდება და მათ გვერდით ვიყო, ვისაც ვჭირდები. მაქსიმალურად ვარ ჩართული ქართულ-უკრაინულ თემაში. არ მინდა, ეს შანსი დავკარგო. ერთი ბებია უკრაინელი მყავდა, მეორე – პოლონელი და ალბათ, ჩემში ამ სასწაულმა გენეტიკამ გაიღვიძა. 25 თებერვლიდან ჩართული ვარ ჰუმანიტარულ დახმარებაში, 18 უზარმაზარი ტრაილერი მყავს გაგზავნილი, რომელიც დატვირთული იყო საკვებით, მედიკამენტებით, პირველადი დახმარების საშუალებებით. მე და ჩემმა მეგობრებმა გავხსენით ჰუმანიტარული ოფისი და იმ დღიდან ვცდილობთ, მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ და დავეხმაროთ ომში მყოფ ქვეყანას. თითქმის ყოველდღიურად ვერთვები უკრაინულ სატელევიზიო არხს, სადაც ჩემი ინტერვიუები გადის. ასევე, ბავშვებს ვასწავლი ცურვას და ერთი წელია, უკრაინელი ბავშვები ჩემთან უფასოდ დადიან. ადრეც ვეწეოდი ქველმოქმედებას, მაგრამ ასეთი მასშტაბური პირველია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი