შოუბიზნესი

მოვიდა ოთო ნემსაძის დრო და მოვდივარ

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:49 30.11, 2020 წელი

ოთო ნემსაძე
დაკოპირებულია

ოთო ნემსაძემ პანდემიის პერიოდი სასარგებლოდ გამოიყენა – ალბომზე მუშაობაც დაასრულა და სოფლის მეურნეობასაც მიჰყო ხელი. ეს საქმე იმდენად მოეწონა, რომ შესაძლოა, ბიზნესადაც აქციოს. 

ოთო ნემსაძე: დროის ფუჭად კარგვა არ მიყვარს, არც სახლში უსაქმოდ ჯდომა შემიძლია. პანდემიის დროს გორში ჩავედი და ბაბუას დატოვებული ნაკვეთები დავამუშავე. რაც არ ვიცოდი, ნელ-ნელა ვისწავლე, დავთესე, დავრგე, დროც გავიყვანე და გავერთე კიდეც. ბევრი რამ მოვიყვანე: კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ორივენაირი ლობიო, კომბოსტო, გოგრა, მწვანილი. როცა მე ვერ ვახერხებდი წასვლას, დედაჩემი და მამაჩემი ან ჩემი ძმა მიდიოდა და უვლიდა. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ პერიოდში არ გავსუქდი (იცინის). თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, რაც დავთესე, რომ არ ამოვიდეს-მეთქი, მაგრამ გამიმართლა. ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა, საკუთარ მოყვანილ ბოსტნეულს რომ ჭამ, სულ სხვანაირი გემო აქვს (იცინის). ახლა ყველაფერი ჩემი მაქვს, ნატურალური, შეუწამლავი ბიოპროდუქტი.

– სოფოც იყო ჩართული ამ პროცესში?

– არა, სოფოს მსგავსი რაღაცები არ აინტერესებს. ურჩევნია, სახლში იჯდეს და ფილმებს უყუროს. მერე ჭამა უყვარს, მაგრამ მიწაზე მუშაობის პროცესი – არა, თუმცა ძალიან მგულშემატკივრობდა (იცინის). მე იმ დონეზე მომწონს ეს პროცესი და ისე კარგად ვიგრძენი თავი, ვფიქრობ, თუ შესაბამისი თანხა მექნება, უფრო დიდი მიწა ვიყიდო და ამ საქმეს ბიზნესის სახე მივცე.

– საცხოვრებელიც გინდა გაიკეთო, არა?

– კი, დედაჩემის მამისგან დატოვებულ მიწაზე. უფლისციხეში, ძალიან მაგარ ადგილას, ზედ მტკვრის პირას, სააგარაკე ადგილია და იქ დამიტოვა პაპამ მიწა. მერე მეც ვიყიდე ძალიან იაფად და ბაბუაჩემის დატოვებულს მივამატე. ბაბუას დანატოვარში ძველი, ოროთახიანი სამხედრო ვაგონი დგას თავის რელსებზე და ბორბლებზე. ბავშვობაში ბაბუას იქ ხშირად დავყავდი და განსაკუთრებულად მიყვარდა იმ ვაგონში თამაში. ადრე იყენებდნენ კიდეც. ახლაც დგას შიგნით ძველი საწოლები. მინდა, რომ ძალიან მაგარ აგარაკად ვაქციო. შევღებავ, აივნებს გავუკეთებ ლამაზი განათებებით.

– შენს ჩვეულ ცხოვრებას რომ დაიბრუნებ, მერე რამდენად გეცლება სოფლისთვის?

– ახლა დავამთავრე ალბომზე მუშაობა. იშვიათი გიჟები აკეთებენ ამ ბოლო დროს ალბომს. მე იმ იშვიათი გიჟებიდან ვარ (იცინის). არც შესაფერისი დროა და აღარც ნერვი. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ეს ალბომი. ახლა პრეზენტაცია წარმოუდგენელია. ამიტომ არ ვგრძნობ თავს კარგად, უფრო მეტი მუსიკა მინდა. უკვე ვგიჟდები, მუსიკოსებისთვის ძალიან რთული პერიოდია. როცა ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ყველაფრის დრო მექნება, მოხერხებული ბიჭი ვარ (იცინის). რეალურად, მართლა ასე ვფიქრობ. ადამიანმა მთავარია, მოინდომო და გამორიცხულია, არ გამოგივიდეს.

– ბავშვობაში ეხმარებოდი ოჯახს მეურნეობის ამბებში?

– ზოგადად, გაჭირვებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. წუწუნა კაცი არ ვარ, ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი, გაანძრიე და რამე ქენი. მაგრამ ვიტყვი, რატომაა კარგი სოფლის მეურნეობა: მახსოვს, ჩემს ოჯახს რომ ძალიან უჭირდა, მე, დედა და მამა მივდიოდით, ხილს ვკრეფდით და თბილისში ვყიდდით. ძალიან დაგვეხმარა ეს საქმე მაშინ, როდესაც საქართველოში დიდი გაჭირვება იყო. ღმერთმა არ ქნას ისეთი გაჭირვება კიდევ ერთხელ გამოვცადოთ, მაგრამ, როცა ადამიანს ასეთი შანსი გაქვს, ბოლომდე უნდა მიჰყვე.

– მუსიკოსებისთვის ძალიან რთულიაო, თქვი. მსახიობებსაც იგივე პრობლემები აქვს, არ გიფიქრიათ შენ და სოფოს სხვა საქმე წამოგეწყოთ?

– სოფო სულ რაღაცას ცდილობს. მას უფრო გამოსდის, ვიდრე მე. მე მუსიკის გარეშე ვერ წამომიდგენია. პროფესიით ეკონომისტი ვარ და შეიძლება, ბიზნესი ჩემი სფეროა, მაგრამ მას დიდი დრო და თანხებიც სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს. ორი ლარით დაწყებული ბიზნესით საქართველოში ვერაფერს იშოვი. სოფოს ინტერნეტმარკეტები აქვს მეგობრებთან ერთად, მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს მისი ბიზნესის განვითარებას, სოფომ უნდა მაცხოვროს (იცინის).

– პანდემია რომ დამთავრდება, რას აპირებ?

– პანდემია რომ დამთავრდება, დაიწყება ჩვენი ტურნე საქართველოს მასშტაბით და ყველა დიდ ქალაქში გვექნება კონცერტი. მოვიდა ოთო ნემსაძის დრო და მოვდივარ! (იცინის) კონკურსები აღარ მინდა, ძალიან დავიღალე. ყველაფერი მოვიგე და უკვე მეორე წრეზე წავედი.

– საქართველოს ფარგლებს გარეთ?

– ჩვეულ ცხოვრებას თუ დავუბრუნდით, აუცილებლად წავალ. ახლაც ვთანამშრომლობთ ძალიან მაგარ უკრაინულ ჯგუფებთან. მინდა, ევროპის ქვეყნების კონკურსებში ვცადო ბედი. ჯერჯერობით ასაკიც ხელს მიწყობს. კი, დიდი ხანია, ხალხს ყელში ამოვუვედი, მაგრამ ჯერ პატარა ვარ (იცინის). შემიძლია, ჩემს თავსაც გავუკეთო რაღაც და ჩვენი ქვეყნის სახელიც გავიტანო მის ფარგლებს გარეთ. პანდემია რომ არა, უკვე ამ კონკურსებში ვიქნებოდი ჩართული. შეიძლება, უკვე მოგებულიც მქონდეს და გახარებულებიც იქნებოდით, დამიჯერეთ (იცინის).

– წყვილები რომ ამბობენ, განმარტოება გვჭირდება, თავისუფალი სივრცე და ასე შემდეგო, ეს მომენტები არ გაქვთ შენ და სოფოს?

– მე სისულელე მგონია ეგეთი რაღაც. თუ ადამიანი გიყვარს, როგორ უნდა მოგინდეს მარტო დარჩენა და გამოკეტვა? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. დიდი ხანი სოფოს გარეშე ვერ გავძლებ, დიდ ხანში ერთ დღეს ვგულისხმობ. მიჩვეულები ვართ ერთად დიდი დროის გატარებას და სხვანაირად ძალიან გამიჭირდება. ჩვენს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა მომენტი, რომ გვეჩხუბა და ერთმანეთს გავბუტვოდით. ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ მერე რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ხოლმე, ეგეთი მომენტი არ გვქონია. ალბათ, იმიტომ, რომ ორივეს ძალიან მალე გვავიწყდება წყენა. საერთოდ, ბოღმას თუ ბრაზს გულში არ ვიტოვებ.

– დრო რას ცვლის ურთიერთობაში?

– თუ ნამდვილი ურთიერთობაა, უფრო გიმძაფრდება გრძნობები. თუ არადა, დრო ყველაფერს გამოააშკარავებს. რაც დრო გადის, მე და სოფო უფრო კომფორტულად ვართ ერთმანეთთან. ძალიან რთულია მეორე ნახევრის პოვნა, მაგრამ თუ გაგიმართლა და იპოვე, არ გაუფერულდება ურთიერთობა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინაა. ყოველდღე ვცდილობთ, ერთმანეთს ვასიამოვნოთ.

– მაგალითად?

– მაგალითად, მე ძალიან მეზარება ნაგვის გადაყრა და სულ ჩხუბი გვაქვს, ვინ გადაყრის ნაგავს. ამ პანდემიის დროს ვცდილობ, ვასიამოვნო და მე ვყრი (იცინის). ერთი მანქანა შოკოლადიც მიყიდია სიურპრიზად და ნაგავიც მაქვს გადაყრილი, მეტი რა გავაკეთო?! (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი