შოუბიზნესი

მასტერი: 10 000-ლარიანი ნომრით დადისო – ჩვეულებრივი მომენტია და ვერ გავღიზიანდები მათზე

№23

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 15.06, 2021 წელი

მასტერი
დაკოპირებულია

რეპერი მასტერი საკმაოდ გამორჩეულია ამ ჟანრში მოღვაწე თავისი კოლეგებისგან. გარდა იმისა, რომ უმოკლეს დროში საკმაოდ ბევრ მუსიკას ქმნის, თავმდაბალია, არ სავმს, არ ეწევა და თავისი უშუალობით, ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემლის გულიც მოიგო. ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადო საკუთარი ავტომანქანის ფოტო, რომლის სანომრე ნიშანია „მასტერი“, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია და ის სნობიზმში დაადანაშაულეს. რატომ გადაწყვიტა მან ამ სანომრე ნიშნით მოძრაობა, არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი მსგავსი სნობური „მომენტები“ და ზოგადად, რამდენად გათამამებულია ძვირად ღირებული საჩუქრებით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

მასტერი: ყოველთვის მინდოდა ამის თქმა და ფორმას ვერ ვუძებნიდი, ისე მეთქვა, რომ ამ თემაზე ცინიზმი არ მიმეღო ან ვინმე არ გამეღიზიანებინა. მაგრამ, მაინც როგორც გინდათ, ისე გაიგებთ და მოდი, პირდაპირ ვიტყვი:

ნუ შეადარებთ ქართველ რეპერს, ამერიკაში დაბადებულ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, უბრალოდ, ალოგიკურობაა. ხშირად დაუკნინებიათ ქართველი შემსრულებელი და შედარების დროს უთქვამთ – „ესეც რეპერია და სნუპ დოგიც?“. „აუ, სად ეს და სად ემინემი“ და ასე შემდეგ. რეპი არის სათქმელი და ჩვენ ამ სათქმელს ქართულ ენაზე ვამბობთ. ამ ენაზე, მაქსიმუმ, 4-5 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს და ინგლისურად – 983 მილიონი. ამას პლუს, იმხელა მასშტაბებზე გადიან იქაური არტისტები, რომ შეიძლება, საერთოდ არ გესმოდეს ის ინგლისური, მაგრამ პოპულარიზაციით ჩვენნაირ ქვეყნებამდე მაინც მოაღწიოს, მაგრამ, პირიქით ფიზიკურად ვერ მოხდება.

ამერიკელი რეპერები 1994 წელს რომ მუშაობდნენ სტუდიებში, მე ისეთ სტუდიებში 2021 წელსაც ვერ შევედი, თანხების გამომუშავებაზე ხომ არც არავინ ვსაუბრობთ. დამიჯერეთ, ბევრი ამერიკელი რეპერი რომ ჩააგდო ამ პირობებში, მარტო კაცი ვერ შეძლებს მუსიკის დაწერას, ჩაწერას, სტუდიაში მიქსინგს, შემდეგ კლიპის სცენარის მოფიქრებას, კლიპის გადაღების ორგანიზებას და ამის ვიდეომონტაჟს. ფიზიკურად ვერ შეადარებ ამ ორ სხვადასხვა პოლუსს და ეს მხოლოდ სამწუხაროა, ჩვენ, ვერც კი ვუთმობთ ჩვენს სრულ დროს ამ საქმიანობას. როცა სხვა საქმიანობის შეთავსება გიწევს მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს არტისტს ძალიან ფიტავს. ასევე, მათ ვიდეოკლიპებს როცა უყურებთ, დახვეწილად რომ გესმით მათი ტრეკები, ყველაზე ტრენდულად რომ იცვამენ და ბრწყინავენ, ამ არტისტებზე უამრავი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები მუშაობენ და ზრუნავენ მაშინაც კი, როცა მათ, უბრალოდ, სძინავთ. ხელოვანისთვის, ეს არაა მარტივი გასააზრებელი, გულდასაწყვეტიც კია, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვგრძნობ ჩემს მისიას, რომ მერქვას ქართველი რეპერი და ვცხოვრობდე საქართველოში, მეტ ადამიანს ვაცნობდე ამ კულტურას და უბრალოდ, ვაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

– შენი მანქანის სანომრე ნიშანმა – „მასტერი“, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სნობიზმში დაგადანაშაულეს. ამაზე რას მეტყვი?

– ვინც ახლოს მიცნობს, იცის რომ არც სნობი ვარ და არც ამბიციური. მიყვარს გულწრფელობა და გეტყვით რომ, არ ვარ სნობი. შემიძლია, თამამად ვთქვა – ვარ ყველაზე უშუალო არტისტი. თუმცა, არც იმას ვმალავ, რომ უცხო ადამიანებისგან სითბო და ყურადღება ძალიან მსიამოვნებს. ვიფერებ კიდეც ამ ყველაფერს. რაც შეეხება მანქანის სანომრე ნიშანს – „მასტერი“, ჩემმა მეგობარმა, ირაკლი ფირცხალავამ მაჩუქა. კაფეში ვისხედით მე და ირაკლი, ახალი მანქანა გზაში იყო, ფოტოები დავათვალიერებინე და ვმსჯელობდით, რა ნომერი ამეღო. წინა მანქანის ნომერი მქონდა, ჩემს გვართან, პავლიაშვილთან მიმსგავსებული - „პავ 002“ და ყველამ იცოდა, რომ მასტერის მანქანა იყო. ახალი მანქანისთვის კი ახალი ფორმატით უნდა ამეღო სანომრე ნიშანი. მოკლედ, ირაკლიმ მითხრა: მოდი პირდაპირ მასტერი დააწერე და მე გაჩუქებო. ასე რომ, მანქანის ნომერში 10 000 ლარი მე არ გადამიხდია. ირაკლიმ ჯიგრულად, მეგობრულად შემომთავაზა და გამიკეთა საჩუქარი, მე არ მიყიდია. მე არც ვიყიდდი და ამ თანხით რამდენიმე კლიპს გადავიღებდი. თუმცა, ვერ გეტყვით, ნომრის გამო დისკომფორტი მაქვს-მეთქი. მანქანასაც უხდება. ამის გამო კრიტიკა კი დავიმსახურე – 10 000-ლარიანი ნომრით დადისო. ეს ჩვეულებრივი მომენტია და ვერ გავღიზიანდები მათზე. თუმცა, ორი რამ უნდა ახსოვდეთ მათ, რომ მათი ჯიბიდან არ მაქვს ეს თანხა აღებული და მეორე – მე ვარ რეპერი და ვფიქრობ, რეპერს უხდება ასეთი რაღაცები. ანალოგიური სანომრე ნიშნები აქვს რეპერებს ლივ ლეინს და ფიფტი ცენტს. თუმცა, ახლა იტყვიან: ოჰ, შეადარა მათ საკუთრი თავიო (იცინის). მაგრამ ისინიც რეპერები არიან და მეც. „მასტერი“ არ არის ჩემი პირადი სახელი, ეს არის ბრენდი, რომლითაც მე მატერიალური შემოსავალი მაქვს და იმავდროულად, ვარ რეპერი.

– ზოგადად, რამდენად განებივრებულად გზრდიდნენ, არის შენში ამბიციური და სნობური მომენტები?

– გათამამებული და განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ. გათამამება ჩემთვის ზღვარგადასულ ბუნებაზე ასოცირდება და ასე ნამდვილად არ იყო ჩემს შემთხვევაში. ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, რომ ზღვარგადასულად არ გამათამამეს, თუმცა ოჯახში კომფორტს ნამდვილად მიქმნიდნენ. კარგი მობილურიც მქონდა და იმის შესაძლებლობაც, კარგი განათლება მიმეღო. მეექვსე კლასში ვიყავი და დაბადების დღეზე დედამ პირველი მობილური მაჩუქა. მაშინ ბევრს ბავშვს არ ჰქონდა. დედამ, თვალები დამახუჭინა და პერანგის ჯიბეში რაღაც ჩამიდო, რომ დარეკა ტელეფონმა, თვალი გავახილე და ეს იმდენად მოულოდენლი იყო, გადავირიე სიხარულით (იცინის). თუმცა, ყველგან არ მატანდნენ. 15 წლის ასაკში დავიწყე რეპი და დედამ შემიძინა პატარა ხმის ჩამწერი სტუდია. შემდეგ, მამამ 21 წლის ასაკში, დაბადების დღეზე მანქანა მიყიდა. დედაჩემი ძალიან დიპლომატია და მკაცრად არ მზრდიდა, უფრო – კრიტიკულად. ძალიან მენდობოდა და დღემდე ის ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლეა. ამ ნდობას დღემდე ძალიან ვუფრთხილდები. მამას სხვა ოჯახი აქვს, კონსერვატორი ტიპია და მეგობრული და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბავშვობაში, დედა იმდენად სერიოზულად მესაუბრებოდა, ხშირად მიკითხია: დედა, მე მელაპარაკები? (იცინის) მამა, უფრო მითითებებს მაძლევდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი