შოუბიზნესი

მარკუს მეტრეველი: ციხის კედლებიდან დავიწყეთ ყველაფერი... ის არის ჩემი დაქალი, ძმაკაცი, დედა, მამა, შეყვარებული

№46

ავტორი: ეთო ხურციძე 17:55 16.11, 2020 წელი

გამოვიდა მარკუს
მეტრეველის ახალი კლიპი
დაკოპირებულია

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა, პანდემიის მიუხედავად, კლიპი გადაიღო და კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, გადაღებები ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა შედეგით კმაყოფილია და ძალიან მალე კლიპის პრემიერასაც დააანონსებს. 
მარკუს მეტრეველი: პანდემიის დროს ბერლინში აღმოვჩნდი, კონცერტი მქონდა და დაიწყო თუ არა მსოფლიოს ჩაკეტვა, ბოლო რეისით გამოვფრინდი თბილისში. ჩავიკეტე და ბევრი დრო გამომიჩნდა, რომ ჩემს შემოქმედებაში რაღაც ახალი შემექმნა. გადავწყვიტე, ჩამეწერა ორი ახალი სიმღერა და კლიპიც გადამეღო. პირველი სიმღერა, რომელსაც ჰქვია „გული თქვენით თბება“, ორ არაჩვეულებრივ ბავშვთან ერთად ჩავწერე: მარიამ ბერძენიშვილთან და ანასტასია ბაკურაძესთან. კლიპის გადაღებები ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, რადგან არაფერი მუშაობდა. გადაღებები, ძირითადად, აეროპორტში გვქონდა – ნატახტრის აეროპორტი მთლიადად დაგვითმო ხელმძღვანელობამ, იყო ორმოც გრადუსამდე სიცხე, რაც კიდევ ართულებდა სამუშაოს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ყველაფერს, მუშაობდნენ პროფესიონალურად და არანაირი შეფერხება არ გვქონია. კლიპი უკვე მზად არის და ველოდებით პრემიერას, რომელიც ვფიქრობ, ამ თვეში იქნება. როგორც სიმღერა, ასევე ვიდეორგოლი, საკმაოდ პოზიტიური, თანამედროვე და ენერგიულია. მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ ბორიკო შხიანს, ტექსტი – ნანა ცინცაძეს, ხოლო კლიპის რეჟისორია სანი ნადირაძე. გარდა ამისა, ვმუშაობ მეორე სიმღერაზე, რომელიც ისევ ბორიკო შხიანს და ასევე, ნატო ღოღობერიძეს ეკუთვნით, ტექსტი კი – ქეთი ორჯონიკიძეს. დაწყებული მაქვს ჩაწერა და ალბათ, გაზაფხულისთვის მეორე ვიდეორგოლის გადაღებასაც დავიწყებ. მგონია, რომ საზოგადოებას მოეწონება, რადგან ევრო-აზიურ მოტივებზეა აგებული და მსმენელს ყოველთვის მოსწონს ეს ტანდემი, მით უმეტეს, საქართველოში – ჩვენც გვაქვს სისხლში რაღაც აზიური. სიმღერას ჰქვია „სიყვარულის ერთი შანსი“ და ეძღვნება ყველა შეყვარებულ ადამიანს, რომელიც კიდევ ითხოვს ერთ შანსს. 
– როგორ მოასწარი ბერლინიდან ჩამოსვლა?
– ეს იყო საშინელი თავგადასავალი. ჩავჯექი თუ არა თვითმფრინავში აცხადებენ, რომ ეს არის ბოლო რეისი, რომელიც აღარ განხორციელდება და სახლებში უნდა დავბრუნდეთ. ჩაიკეტა მთელი მსოფლიო, მათ შორის თურქეთის აეროპორტი და ვეღარ გავფრინდებით. შოკისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ზუსტად 40 წუთი ვიჯექი თვითმფრინავში და ველოდებოდი საბოლოო გადაწყვეტილებას – ელოდებონენ წერილს, სადაც იქნებოდა ინფორმაცია გაიხსნებოდა თუ არა სტამბოლის აეროპორტი. 45 წუთის შემდეგ მოვიდა წერილი, სადაც ეწერა, რომ მხოლოდ ისინი დავრჩებოდით თვითმფრინავში, ვინც თურქეთსა და საქართველოში ვბრუნდებოდით. 200 მგზავრიდან 19 ადამიანი დავრჩით და ასე ვიმგზავრე სტამბოლამდე. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვედი თბილისში და დამხვდა შეფუთული ხალხი, თავიდან ძალიან შემეშინდა მათი დანახვის, მეგონა, ფილმში ვიყავი. 
– პანდემიის გამო შენი დიზაინერული საქმიანობა ხომ არ შეჩერებულა? 
– როცა კარანტინი მორჩა, დავიწყე კოსტიუმებზე მუშაობა და ათი ლუქი შევქმენი. საქართველოში დიდი ჩვენება არ მქონია, ძირითადად, ბაქოში, ბერლინსა და მილანში ვაკეთებდი. ამიტომ, მინდოდა, ჩემს ქვეყანაშიც გამემართა გრანდიოზული ჩვენება, თუმცა ისევ და ისევ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. ეს პერიოდი რომ გაივლის, აუცილებლად შევასრულებ იმ დანაპირებს, რაც ჩემი მსმენელის წინაშე დავდე და კარგ, დიდ, საინტერესო ჩვენებას გავაკეთებ. უცხოეთში საკმაოდ მოთხოვნადია ჩემი კოლექცია და ეს ფაქტი მაბედნიერებს, რადგან სულ რამდენიმე წელია, რაც ამ საქმეს პროფესიონალურად დავუკავშირდი. ამ კუთხით განათლებაც მაქვს მიღებული. თავიდან იყო მოსაზრებები – სიმღერა და დიზაინი ერთად როგორ?! მაგრამ მომღერალი ჩაცმისა და შეფუთვის გარეშე ჩემთვის არ არის საინტერესო. ბუნებრივია, მომღერალს უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი ვოკალი და სხვა პროფესიული შესაძლებლობები, მაგრამ დღეს, ოცდამეერთე საუკუნში, მომღერალს ჯერ ვხედავთ და მერე ვისმენთ. ვიზუალი და სიმღერა ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. 
– მგონი, ყველაზე ხშირად სიყვარულს უმღერი. რატომ?
– ჩემთვის სიყვარულზე სიმღერა არის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო, რადგან ამ გრძნობის გარეშე არც ერთი ადამიანი არაა სრულფასოვანი. სიყვარული არის ჩემი ყოველდღიურობის მოტივატორი.
– შენს სიყვარულზე მოგვიყევი...
– მყავს ადამიანი, რომელთანაც უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ვარ. ერთად კარგად ვგრძნობთ თავს. ეს ის ადამიანია, რომელიც მჭირდება სულიერად, მორალურად, ფიზიკურად. ის არის ჩემი: დაქალი, ძმაკაცი, დედა, მამა, შეყვარებული... ძლიერი ქალია და იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. სწორედ, ასეთ ადამიანს ვეძებდი მთელი ცხოვრება და ღმერთმა გამიკეთა საჩუქარი. 
– ვინაობას არ ამხელ და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?
– თავის საქმეში არის ძალიან ცნობილი და გავლენიანი. მოვა დრო და აუცილებლად გავაცნობ ყველას.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ძალიან არაორდინარულ სივრცეში – ციხეში. ქალთა კოლონიაში ვიყავი მიწვეული, კონცერტი მქონდა და თავადაც ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ. მაშინ დაიწყო ჯერ მოწონება და მერე დაიბადა გრძნობა. ციხის კედლებიდან დავიწყეთ ყვეალაფერი. ეს ის ადამიანია, რომელიც გულწრფელად მჭირდებოდა.
– ქორწინებაზე ფიქრობთ?
– პირველივე დღიდან. როცა დავინახე, მაშინვე ვფიქრობდი მასზე სერიოზულად. ორივე იმ ეტაპზე ვართ, რომ დროა, ეს ნაბიჯი გადავდგათ ჩვენს ცხოვრებაში. ვიცი, მასთან ბედნიერი ვიქნები. ზოდიაქოთი არის კურო და ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, წყნარი ადამიანია. კარგად ესმის ჩემი, ხასიათებითაც ვეწყობით და ვაბალანსებთ ერთმანეთს. ყველაზე მთავარი, რაც არის, საოცრად ერთგულია, ეს კი ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. უახლოეს მომავალში ოფიციალურად ვაპირებთ ერთად ცხოვრებას. წარსულში არ მქონია ქორწილი, ხელის მოწერა, არც ჯვარი დამიწერია და ჩემთვის ეს ყველაფერი სასიამოვნო სიახლე იქნება, რომელსაც აუცილებლად გამოვცდი, იმედი მაქვს, პირველად და უკანასკნელად (იცინის).
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის George Van De kamp-ს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი