შოუბიზნესი

მარიტა ჯანაშია: ყველას ვუხსნი, რომ ფეხმძიმედ არ ვარ

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:34 30.11, 2020 წელი

თემო საჯაია და მარიტა
ჯანაშია
დაკოპირებულია

სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა მარიტა ჯანაშიამ და მომღერალმა თემო საჯაიამ იქორწინეს. წყვილმა ერთმანეთი საერთო გადაცემაზე მუშაობისას გაიცნო და მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. მარიტას ოჯახური ცხოვრების შესახებ ვესაუბრეთ. 
მარიტა ჯანაშია: დაქორწინების შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ერთად ვცხოვრობთ. ისევ ისეთი ურთიერთობა გვაქვს. ხომ ამბობენ ხოლმე, ცოლქმრობაში ურთიერთობა იცვლებაო და საბედნიეროდ, ჩვენთან ასე არაა, რაც ძალიან კარგია. ოჯახში საქმეებს ვინაწილებთ, რაღაც მე გამომდის კარგად, რაღაც – თემოს. დასინქრონებულები ვართ (იცინის). თემო არაჩვეულებრივი კულინარია, მე არაჩვეულებრივად გამომდის დაგემოვნება (იცინის). ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ყველაფერი მჟავე. აღმოჩნდა, რომ თემოს ძალიან გემრიელი მწნილები გამოსდის. ცოტა ხნის წინ მჟავე კომბოსტო გააკეთა და სკეპტიკურად ვუყურებდი, რა უნდა გამოვიდეს აქედან, გამზადებული ვიყიდოთ-მეთქი, მაგრამ ისეთი გემრიელი გამოვიდა, დიდი რაოდენობით გავაკეთებინე და ახლა ვდგავარ და ჭურჭელს ვეფერები, რომ მალე დამჟავდეს (იცინის). 
– ამის ამსახველი ვიდეო თემომ სოციალურ ქსელში დადო და ხალხი ფიქრობს, რომ ფეხმძიმედ ხარ. 
– ყველა მაგას გვწერს და ყველას ვუხსნი, რომ ფეხმძიმედ არ ვარ, ბავშვობიდან მოყოლებული ლიმონს ვაშლივით ვჭამ (იცინის). ხალხს რომ ტკბილი უყვარს, მე ეგეთი დამოკიდებულება მჟავეულობისადმი მაქვს. 

– პანდემიური ქორწილი როგორი გამოგივიდათ?
– ქორწილი მოკლე დროში – თვე-ნახევარში დავგეგმეთ. იმ პერიოდში რეგულაციები ძალიან შესუსტებული იყო, მაგრამ ამ დღეს მხოლოდ ძალიან ახლობლები იყვნენ ჩვენთან ერთად. არ ვიცოდით, პანდემია რამდენ ხანს გასტანდა და ერთი და ორი წლით გადადება არ გვინდოდა. მერე რაღაც ჭორები დაყარეს, თითქოს ჩვენი ქორწილის კლასტერი გაჩნდა, რაც არაა მართალი. ჩვენს ქორწილში ყველა ჯანმრთელად იყო და მსგავსი არაფერი მომხდარა. ისეთ ემოციებში ვიყავი, ეს დღე კარგად არ მახსოვს. რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ხომ იხდიან ხოლმე ქორწილს, ჩვენც აღვნიშნავთ, ასე, ხუთი-ათი წლის შემდეგ და აი, იმას დავიმახსოვრებ (იცინის).
– რას ამბობს თემო, როგორი ცოლიაო მარიტა?
– იმედი მაქვს, რომ კარგს ამბობს. მისთვის უკეთესია, რომ კარგი თქვას (იცინის). საერთოდ არ ვარ კონფლიქტური და მიყვარს მეორე ადამიანთან კომფორტულად ყოფნა. არარსებული მიზეზებისგან პრობლემებს არ ვქმნი. ამიტომ ვთვლი, რომ ალბათ, კომფორტული ცოლი ვარ.
– თემო როგორი აღმოჩნდა ქმრის ამპლუაში?
– არაჩვეულებრივი ქმარია, ამის ხელებს ვენაცვალე (იცინის). ძალიან კეთილი და მზრუნველი ადამიანია. როცა ეს თვისება გაქვს, ყველა ამპლუაში კარგი ხარ. თითქოს, ვერ ვგრძნობ, რომ ცოლ-ქმარი ვართ. ამბობენ, როცა ქორწინდები, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებო და მე ასე არ ვთვლი. ეს პასუხისმგებლობა მაშინაც გაცნობიერებული გაქვს, როცა ადამიანთან სხვა სტატუსი გაკავშირებს. რა მნიშვნელობა აქვს, ცოლია, საცოლე თუ შეყვარებული?! ჯერჯერობით ერთმანეთისთვის ისევ ისეთები ვართ, როგორებიც შეყვარებულობის პერიოდში ვიყავით და იმედია, სულ ასე იქნება. თავიდან ადაპტაცია გჭირდება, საცხოვრებელ ადგილს იცვლი, აღარ ცხოვრობ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარე და უცნაური შეგრძნება გაქვს. სამოგზაუროდ რომ მიდიხარ და არ იცი, იქ რა დაგხვდება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი რჩები, დაახლოებით ეგეთი მომენტია (იცინის).
– ნათქვამი გაქვს, რომ ოჯახის შექმნა აუცილებლობად არ მიგაჩნდა, მაგრამ...
– თურმე ეგეთი ვყოფილვარ (იცინის). ალბათ, გააჩნია, ვინ გყავს გვერდით. თუ ვიღაცისთვის ქორწინება აუცილებლობას არ წარმოადგენს, შეიძლება, ყველანაირი ხელმოწერისა და ჯვრისწერის გარეშეც იცხოვრო მასთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივემ ვიგრძენით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა გვინდოდა, თორემ, მანამდე მართლა ვფიქრობდი, რა საჭიროა დაქორწინება-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგია ეს ყველაფერი.
– რა იყო ცოლ-ქმრის ამპლუაში პირველი კამათის მიზეზი?
– ძალიან ბევრი ხარახურა ტანსაცმელი რომ გაქვს, რომელსაც ვერსად ატევ და სადაც ადგილს იპოვი იქ კიდებ, ორივეს ეგ მომენტი გვაქვს. ერთ დღესაც, გამოვენთე საძინებლიდან, რა არის შენი რამდენი ტანსაცმელი კიდია დაუხარისხებლად, ბოლოს და ბოლოს რამდენი უნდა ვალაგო-მეთქი?! შემოვიდა და აღმოჩნდა, რომ ერთი, მართლა ერთი რაღაც იყო მისი და მაინც ის აღმოჩნდა დამნაშავე (იცინის). ასეთ დეტალებში ძალიან ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ. რეალურად არასდროს მიჭირდა ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება, რომ მართალი არ ვარ. თუმცა, მგონია, რომ ბოდიშიც ძალიან ზედმეტია ასეთ ურთიერთობაში. მართლა არაფერი აქვს ჩემთან საბოდიშო, რაღაც ყველას ეშლება, შეიძლება, რაღაც სისულელეზე იკამათო ადამიანთან, მაგრამ ორივემ გააცნობიეროთ, რომ ეს სისულელე იყო და დაივიწყოთ. ჩვენი კამათი, მაქსიმუმ, ხუთი წუთი გაგრძელდეს. ამ მხრივ, ორივე ძალიან დამთმობები ვართ. როცა საქმე ურთიერთობას ეხება, „მე ვიყავი მართალი და შენ – მტყუანი“ დიდი სისულელე მგონია.
– რომელი უფრო რომანტიკულია?
– ორივე საკმაოდ რომანტიკულები ვართ. პირადად ჩემი აზრით, მეორე ადამიანის გასაბედნიერებლად არაა აუცილებელი, ცაზე ვარსკვლავი აჩუქო და მისი სახელი დაარქვა. ძალიან ელემენტარულად, შეიძლება, წყალი მიაწოდო ისე, რომ ამაში მთელი გული ჩადო. მჟავე კომბოსტოს რომ მოგიმზადებს ადამიანი, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს (იცინის). მართლა ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება დეტალებშია. მეგობარი ან საყვარელი ადამიანი მაღაზიიდან რომ გირეკავს, რა გინდაო და მიუხედავად იმისა, რომ შენ არაფერს თხოვ, შემთხვევით თვალში მოხვედრილი შენთვის საყვარელი პროდუქტი მოაქვს, ასეთი ყურადღება უფრო მაბედნიერებს, ვიდრე განსაკუთრებული საჩუქრები.
– თუ აქვს თემოს გარკვეული ტიპის შეზღუდვები, თუნდაც სამოსთან ან შენს მოდელობასთან დაკავშირებით?
– თემოს – არა, მაგრამ მე საშინლად არ მიყვარს უმკლავო მაისურები, რომლითაც თემო ძალიან კომფორტულად ვარჯიშობდა, მაგრამ მე „დავეტაკე“ (იცინის). თუმცა ესეც სისულელეა და ჩემი „პრეტენზიაც“ ხუმრობა იყო, რეალურად მართლა არ გვაქვს ეს მომენტები. ყველამ ის უნდა ჩაიცვას, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. პროფესიას რაც შეეხება, ამ მხრივაც ძალიან მიდგას გვერდით. არ ყოფილა ტრადიციული ქართველი ბიჭი (იცინის). მართლა ყველაფერში ჩემი ყველაზე დიდი ქომაგია და ამას ძალიან ვაფასებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი