შოუბიზნესი

მალიბუ ტუღუში: მაკიაჟი, ქუსლი და პრანჭიაობა რომ არ მიზიდავდა, სხვა რამეში ვიპოვე ბედნიერება

№41

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 19.10, 2021 წელი

მალიბუ ტუღუში
დაკოპირებულია

23 წლის მომღერალი, მალიბუ ტუღუში ის ადამიანია, რომელსაც ერთფეროვნება მალევე სწყინდება და საკუთარ იმიჯში სიახლის შეტანას არ ერიდება და არც უშინდება. სწორედ თავისი ინდივიდუალური და გამორჩეული სტილით გაიცნო ის მაყურებელმა ერთ-ერთ სიმღერის კონკურზე და გარდა გამორჩეული გარეგნობის, უჩვეულო ხმის ტემბრისა და შესრულების მანერისა, თავი ამითაც დაამახსოვრა. ერთი შეხედვით პრანჭია, თამამი და ამპარტავანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ვინც მას იცნობს, დამეთანხმება, რომ მალიბუ გულღია, სადა, თბილი და კომუნიკაბელური ადამიანია, თავისი ინდივიდუალიზმით, გამორჩეული სტილითა და იმიჯით.

მალიბუ ტუღუში: პრანჭია ბავშვი ნამდვილად არ ვიყავი. სარკესთან რასაც ვაკეთებდი, ეს იყო: მის წინ დავსვამდი თოჯინებს და ვუმღეროდი, ვითომ ისინი მსმენელები იყვნენ და მე მომღერალი (იცინის). ასე რომ, პომადები და პრანჭვა არ მიყვარდა. მაკიაჟის გაკეთება 18 წლის ასაკიდან დავიწყე, როცა კონკურსზე პირველად მომიწია გასვლა და ეს სცენამ მოითხოვა. მახსოვს, სარკეში რომ ჩავიხედე, ვთქვი: ვაუ, რა ლამაზი ვარ (იცინის). თვალზე კონტურის წასმაც კი არ ვიცოდი და ვიზაჟისტს ვთხოვე: შეგიძლია, მასწავლო-მეთქი. მასწავლა ოლიამ და ახლა თავად ვიკეთებ საოცარ მაკიაჟს და თუ მთხოვენ, მეგობრებსაც ვუკეთებ. ასე რომ, მაკიაჟი და დედის ქუსლიანი ფეხსაცმელები არასოდეს მიზიდავდა. 18 წლამდე არც მაკიაჟი გამომიყენებია და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულიც „X-ფაქტორის“ კონკურსზე ვისწავლე.

– ანუ, მანამდე ბიჭური გოგო იყავი?

– არა, ნაზი გოგო ვიყავი, უბრალოდ, მაკიაჟი და ქუსლიანები არ მიზიდავდა. მაგრამ მერე, როცა სცენისთვის დამჭირდა მაკიაჟიც მოვირგე და ქუსლიანი ფეხსაცმელიც მოვიხდინე. მადლობა ღმერთს, საკმაოდ კარგი სახის კანი მაქვს და ყოველდღიურად არ მჭირდება მაკიაჟი. სცენური მაკიაჟიც არ მიფუჭებს კანს, რადგან „მძიმე“ მაკიაჟს არ მოითხოვს. ძირითადად, თვალებს ვიხატავ, რაც ძალიან მიყვარს და მომწონს, ბევრი ტონალური კი არ მჭირდება.

– სულ გარუჯული ხარ და ეს კანზე არ მოქმედებს? თუ იტენიანებ და შესაბამისად უვლი კანს?

– არ მოგატყუებთ, სახის კანის მოვლის არანაირ პროცედურას არ ვიტარებ. დედაჩემი რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ეს გენეტიკურია. როცა არ მჭირდება, რატომ ვიწვალო და ვატარო ექსპერიმენტები სახის კანზე? უბრალოდ, მიყვარს ძალიან ცივი წყლით პირის დაბანა და ვერიდები ზედმეტი საცხების წასმას. ვგრძნობ, როცა ძალიან ცივი წყლით ვიბან პირს, სახის კანი სუნთქვას იწყებს და სუფთავდება. თბილი წყლით დაბანისას კი, თითქოს კანი დუნდება. ამბობენ, გარუჯულ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებაო, მაგრამ მე დიდად არ ვუვლი. ძალიან თეთრი კანი მაქვს და არ მომწონს, მირჩევნია, მთელი წელი გარუჯული ვიყო. წელსაც ისეთი რუჯი მივიღე, მთელი წელი მეყოფა (იცინის).

– დაკვირვებული ვარ და ძალიან ხშირად იცვლი თმის ფერს. ეს შენს ცვალებად ხასიათზე მეტყველებს, თუ უბრალოდ, ერთფეროვნება გწყინდება?

– თინეიჯერობის ასაკში დავიწყე თმაზე ექსპერიმენტები. მომწონდა სხვადასხვა ფერის თმა. მაკიაჟი, ქუსლები და პრანჭიაობა რომ არ მიზიდავდა, რაშიც სხვა გოგოები პოულობდნენ ბედნიერებას, მე ის სხვა რამით ჩავანაცვლე - ფერადი თმა მომწონდა და თან, რაც მთავარია, განსხვავებული ვიყავი. ბავშვობაში ქერა და სწორი თმა მქონდა, რომ წამოვიზარდე, გაჩალისფრდა, მერე კი - გაყავისფრდა. არ დამავიწყდება, დედა მთხოვდა, არ შეიღებო თმაო და არ დავუჯერე, გავხდი რიჟა. ცოტა ხანს ვატარე, ვერ შევეგუე და გადავიღებე. ზოგადად, მიყვარს ექსპერიმენტები და თმა შემიღებია იასამნისფრად, ვარდისფრად, ქერად, მარგალიტისფრად, ყავისფრად, წითლად, ყვითლად, ღია ყავისფერი წითელი მელირებით... არ მქონია მწვანე და ლურჯი თმა, არ მიყვარს ეს ფერები. ყველაზე მეტად მარგალიტისფერი და სოკოს სტილზე შეჭრილი თმა მოვიხდინე. ასეთი იმიჯით გამოვჩნდი სცენაზე და მერე მთელი საქართველო ასეთ სტილზე შეჭრილ-შეღებილი დადიოდა. სხვათა შორის, ღია ფერის თმა ასაკს მმატებდა და ბევრს უთქვამს კიდეც ეს. ხომ იცით, პატარა რომ ხარ, გინდა, დიდი ჩანდე. ახლა, შავად მაქვს შეღებილი და დიდხანს არ ვაპირებ, გადავიღებო. კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ფერის თმით. რაც შეეხება კავშირს ჩემი ხასიათისა და იმიჯის ცვალებადობას შორის, შეგიძლიათ, გამორიცხოთ. ჩამოყალიბებული, ტიპური „ვერძი“ ვარ და ცვალებადი ხასიათი არ მაქვს. უბრალოდ, სიახლეები მომწონს.

– ამდენი ექსპერიმენტითა და ღებვით თმის ხარისხი არ გაგიფუჭდა?

– თმის ხარისხის გაფუჭების რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთხელ დავიფუფქე (იცინის). თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი, გვერდებზე აპარსული და წინ ჩამოყრილი. მინდოდა, ღია ლილისფრად შეღებვა. დასჭირდა რვა ტონით გაღიავება და რომ ჩამოვიბანე, თმის ღერები დაწყდა და ფაქტობრივად, მელოტი დავრჩი. სარკეში რომ ჩავიხედე, გადავირიე და სტილისტს ვუთხარი: სასწრაფოდ გადამპარსე-მეთქი. ეს ცუდი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი ვუფრთხილდები და ვიცავ თმის ხარისხს. მეგობარი მყავს სტილისტი და ის მაძლევს რჩევებს, როგორ მოვუარო თმას სახლის პირობებში.

– ძალიან მაგარ ფორმაში ხარ, თუმცა შენზე ვერ იტყვი, გამხდარი ან პუტკუნააო. უფრო, ხორციანი გოგო ხარ. როგორ ინარჩუნებ კანის სიმკვრივეს და „შეკრულ“ აღნაგობას? ამისთვის დიეტებს მიმართავ, ვარჯიშობ, თუ ჯანსაღი კვების რეჟიმს იცავ?

– დიეტები ჩემგან ძალიან შორს არის. ადრე ვვარჯიშობდი, ახლა ვეღარ ვახერხებ, ცოტა მეზარება - ვცდილობ, დაბალანსებული კვებით ვაკონტროლო წონა და კანის სიმკვრივე. ცომეულისა და ტკბილეულის გარდა, შემიძლია, ყველაფერი მივირთვა და ესაა ჩემთვის ჯანსაღი კვება. როგორი აღნაგობაც მაქვს, ასეთი მომწონს ჩემი თავი. ზოგადად, მომწონს შევსებული გოგონები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტობის განცდა დაკარგო ადამიანმა. სულ ვამბობ, კილოგრამები იმით არ განისაზღვრება, ვაიმე სასწორზე დავდექი და 5 კილოთი მეტი ვარ...არა! სარკეში რომ ჩაიხედავ, თუ მოგწონს შენი თავი და კომფორტულად ხარ, იყავი ისეთი, როგორიც ხარ. როცა სარკეში ჩავიხედავ და რამე არ მომწონს ჩემს გარეგნობაში, ვხვდები, კვება უნდა დავაბალანსო და სიზარმაცის მიუხედავად, ვარჯიში დავიწყო, ჩავდგე ფორმაში. ტანის კანის სიმკვრივეც გენეტიკურია და თან, ბავშვობაში ვცეკვავდი, ალბათ, ესეც თამაშობს გარკვეულ როლს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი