შოუბიზნესი

მაკა ზამბახიძე: ჩემ გარეშე ვერავინ ვერაფერს წყვეტს, ჩემი სიტყვა გადამწყვეტია

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 08.05, 2023 წელი

მაკა ზამბახიძე
დაკოპირებულია

მაკა ზამბახიძეს მსმენელისთვის კარგი სიახლე აქვს. ცოტა ხნის წინ მან რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა განაახლა და ვიდეორგოლიც გადაიღო.

მაკა ზამბახიძე: ამ სიმღერაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე. მერე რაღაც მიზეზების გამო შევჩერდი. ეს არის ძველი სიმღერა რუსა მორჩილაძის შემოქმედებიდან. თავდაპირველად სხვაენოვანი იყო და აჩი მეფარიძე და ნუცა შანშიაშვილი ასრულებდნენ. მერე დათუნა სულიკაშვილმა შემომთავაზა მისი განახლება. ფანტასტიკური ტექსტი ირინა სანიკიძემ რუსა მორჩილაძესთან ერთად დაწერა. რუსას ფრაზა – „სიყვარულს უჩვენობით გასვლია დრო“ – არის ამ სიმღერის მთავარი სავიზიტო ბარათი. არანჟირება გავაკეთეთ „ბრავო სტუდიაში“ ბორიკო შხიანთან, მასტრინგი – ალეკო ბერძენიშვილთან. ამ სიმღერას დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ისე შევასრულე, როგორც რუსას უნდოდა. თითქოს მე ვმღერიო – ასეთი შეფასება მომცა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ რატიმ მოისმინა, როგორ ვმღეროდი ამ სიმღერას და ისე მოეწონა, ცრემლები გადმოსცვივდა. მისი თხოვნით გავაგრძელეთ მასზე მუშაობა, თორემ ეს პროცესი, როგორც გითხარით, რაღაც მიზეზების გამო შეჩერებული გვქონდა. მიხარია, რომ დავუბრუნდი და სრულყოფილად შევფუთეთ. გადავიღეთ კლიპიც, რომელიც უკვე განვათავსე ჩემს „იუთუბგვერდზე“ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შეფასებებში ძალიან დიდი აქცენტია შესრულებასა და ტექსტზე, რაც ძალიან მიხარია. ისეთი ტექსტი აქვს, რომ ყველასთვის ახლობელია, თითქოს ყველას ცხოვრებაში მომხდარა რაღაც მსგავსი. ძალიან გულში ჩამწვდომი და ემოციურია, ამან გაამართლა. სიმღერას ჰქვია „დრო“. დრო კი აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დრო, რომელიც არ უნდა გამოგვეპაროს, დრო, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ, დრო, რომელიც ადამიანებს ბევრი შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს და გვახსენებს, რომ ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ და სიყვარულით წარვმართოთ.

– მინდოდა, მეკითხა, განვლილი წლებიდან, რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი დრო-მეთქი, მაგრამ ვხვდები, რომ არ გქონია ჩავარდნები და პაუზები, დაიწყე და მას შემდეგ სულ აქტიური ხარ.

– კი, პაუზები არ მქონია. ყველა ეტაპს თავისი დატვირთვა და ხიბლი აქვს, მაგრამ „იურმალას“ წლებს, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეედრება. მაშინ მთელი საქართველო ზეიმობდა ჩვენს სიხარულს. ეს საერთო გამარჯვება იყო, საქართველოს სახელი და ეს პერიოდი განსაკუთრებით პატრიოტული გრძნობებით იყო სავსე. ეს დრო შეუდარებელია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სხვა, ბევრი საინტერესო ეტაპი ყოფილა. ის, რომ ჩვენი სიმღერები გაჰიტდა, ხალხისთვის საყვარელი გახდა, ის, რომ ახალი წელი ყველა ოჯახში ჩვენს სიმღერასთან ერთად დგება, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო ვახტანგ კახიძის კონცერტი, რომელიც ჩემთვის სავიზიტო ბარათი გახდა. ახალი კუთხით დამინახეს, მიხვდნენ, რომ ქართული სიმღერა „ძალიან ჩემი“ ყოფილა. ძალიან ბევრი კოლეგა მეუბნება, რომ ეს სიმღერები თავის ფლეილისტში აქვთ და გიჟდებიან ჩემს შესრულებაზე. რამდენიმე დღის წინ მაკა შალიკაშვილმა იმდენი სიყვარული გადმომცა, ძალიან დიდი ხანი რომ გამყვება. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კოლეგები გულწრფელად გილოცავენ წარმატებას. მეც ასე ვარ აბსოლუტურად ყველას მიმართ. ყველას სიხარული და წარმატება მიხარია და თავს არ ვზოგავ, ყველას ვეუბნები ჩემი დამოკიდებულების შესახებ. ადამიანებს კარგ ემოციებს თუ გავუზიარებთ, ამას რა სჯობს, ეს ხომ ყველასთვის მნიშვნელოვანია?! განვლილ ეტაპებს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი ძვრები მოხდა. აქამდე ბევრი კარგი ეტაპი გავიარე და იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი მელოდება. ძალიან მინდა სოლოკონცერტის გაკეთება, დროის მაქსიმალურად გამოყენება, ძალიან სწრაფად მიფრინავს და ამ მოკლე ხანში ყველაფერი უნდა მოვასწროთ, თან, ხარისხიანად.

– ინტერვიუს პროცესი იქნება თუ კონცერტი, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, შენგან ყოველთვის მოდის განსაკუთრებული ენერგია. ყოველთვის აქტიური ხარ. რა არის ამის წყარო, რა გაძლევს მოტივაცია?

– ბუნებით ვარ ძალიან აქტიური. ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, სულ ვცქმუტავ (იცინის). სახლში მეჩხუბებიან ხოლმე, ცოტა დაწყნარდი, დამშვიდდიო (იცინის). არ შემიძლია, მოჭარბებული ემოციები მაქვს და რას ვიზამ, ეგეთი ვარ. ინტერვუიებშიც სულ ვცქმუტავ. ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ ეს ემოციები დავაცხრო, მაგრამ არ გამომდის. არ ვიცი, შეიძლება, კარგია, შეიძლება – ცუდი.

– მგონი, კარგია, მამოძრავაბელია...

– გააჩნია ვისთვის. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ მე ასეთი ვარ და რა უნდა იყოს ამაში ცუდი?! თუმცა, შეიძლება ყველამ ვერ მიიღოს შენი ემოციურობა და მოზღვავებული ენერგია – ესეც გასაგებია. მთავარია, საქმე არ გაფუჭდეს და მგონია, რომ არც ფუჭდება, პირიქით. ბევრ რამეს ვარ მოდებული და მინდა, ყველაფერი ერთდროულად ვაკეთო, ჩემს კარიერაშიც. მინდა, დიდხანს მქონდეს ეს ძალა და ენერგია. მოკლედ, რაცა ვარ, ეგა ვარ (იცინის).

– ალბათ, ამის დამსახურებაა ის, რაც წლების განმავლობაში გაქვს.

– კი, ამას ნამდვილად ვაღიარებ. ყველაფერი, რაც მაქვს, აქედან მოდის. ყველა ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ თავს. ადამიანი თუ რამეს წარმოადგენს, ესე იგი, სწორად ხედავს და სწორად ფუთავს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.

– შოუბიზნესში თავისთავად არსებობს კონკურენცია, მაგრამ შორიდან როგორც ჩანს, კოლეგებთან ძალიან მეგობრული გარემო გაქვს.

– კი, აბსოლუტურად ყველასთან ვმეგობრობ. შეიძლება, ყოველდღიური კავშირი და შეკრებები არ გვაქვს, მაგრამ ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. არიან გამონაკლისები, ვინც უფრო მეტად მიყვარს და ვისთანაც უფრო ახლოს ვარ.

როგორც მიაწვდი ადამიანს თავს, ისე შეგიყვარებს და ისეთად გიღებს. მეც ვცდილობ, ყველას მეგობრულად დავანახვო თავი, რომ მერე რაღაც კითხვის ნიშნები, შური და ჯიბრი არ იყოს. არა მარტო კოლეგებს, საერთოდ, ადამიანებს როგორც მიაწვდი თავს, ისე გიდგებიან. არსებობენ ქედმაღალი ადამიანები, მაგრამ მათაც უნდა დაანახვო, რომ არ არის საჭირო ეს ყველაფერი, უნდა მიახვედრო, რომ შეუძლია მოეშვას, მოდუნდეს. არავის სჭირდება ზედმეტობები. ისედაც რთული ცხოვრება გვაქვს, ბევრ რამეს ვეჭიდებით და ამიტომ ბუნებრიობასა და სიყვარულს არაფერი სჯობს. მე ძალიან ბუნებრივი ვარ, არასდროს ვთამაშობ და შესაბამისად, ჩემთანაც ვერავინ ითამაშებს, იმიტომ, რომ ამას აუცილებლად მივხვდები.

– ალბათ, უფრო მარტივიცაა, როცა არ თამაშობ.

– ვიღაცისთვის შეიძლება, რთული იყოს, ჩემთვის ეს ძალიან მარტივია. არიან ადამიანები, ვინც რაღაც ეტაპზე მიხვდნენ, რომ თამაშია საჭირო. დიპლომატია და თამაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის სწორად მართვა და ეს მერე ეტაპობრივად მოდის. ზოგჯერ სადმე შევსულვარ და ვხვდები, მიცნობს ადამიანი, მაგრამ უჭირს გამარჯობის თქმა. აქეთ ვეუბნები, რომ მოვადუნო, რომ მოეშვას და მიხვდეს, რომ არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ პირველმა მითხრა გამარჯობა, თუ მიცანი, თუ გიყვარვარ და ასე შემდეგ.

– ამდენი საქმე, საზრუნავი... როგორ ისვენებ, როგორია ენერგიების აღდგენის პროცესი?

– დასვენება ყოველთვის გვიჭირს, ვერ ვგეგმავთ გასვლებს. ჩემთვის დასვენება ენერგიების აღდგენას ნიშნავს, თორემ ჩემს საყვარელ ადამიანებთან დროს შეძლებისდაგვარად ვატარებ. დასვენება ნიშნავს დროულად სახლში მისვლას, გამოძინებასა და სხეულის დასვენებას. ეს არის ჩემთვის უმთავრესი. ამისთვის არსად წასვლა არ მჭირდება. შეიძლება, 11 საათზე უკვე მეძინოს. ამაზე სულ მეჩხუბებიან, შენთან დარეკვა არ შეიძლებაო (იცინის). თუ მეგობრებთან სადმე წასვლაზე შევთანხმდები, მაშინ არ ვიძინებ, მეც მივდივარ და ვერთობი, მაგრამ როცა საშუალება მაქვს, ძალიან მიყვარს დროულად დაძინება.

– კარიერის ფონზე, დედობა, მეუღლეობა და ბებიობა როგორ გამოგდის?

– იმ დღეს ბაღში მივაკითხე, მინდოდა, მე გამომეყვანა. ბავშვის აღზრდაში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა მომენტალურად მასთან მივდივარ. სულ სხვა ხიბლი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ბებიის სტატუსი მაქვს, თორემ თავს უფრო დედად აღვიქვამ. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ქოქოსი ჩემს ცხოვრებაში.

რაც შეეხება დედობას და მეუღლეობას, ყველასთან ძალიან ყურადღებიანი ვარ. ჩემ გარეშე ვერავინ ვერაფერს წყვეტს. ჩემი სიტყვა გადამწყვეტია. ყველა მე მეკითხება ყველაფერს (იცინის). სალომეს თუ რაღაც უჭირს, მე მირეკავს. მიხეილს თუ რაღაც აქვს გადასაწყვეტი, აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ. რატიც, სხვა მეგობრებიც მეკითხებიან აზრს და მიხარია, რომ შემიძლია, ადამიანებს დავეხმარო და ჭკუა მომეკითხება (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი