შოუბიზნესი

მაია ჯაბუა: მე ვარ ადამიანი, რომელსაც ზღვარი, გარკვეული დისტანცია აქვს დაწესებული მეგობრებთანაც და შვილებთანაც

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 25.07, 2022 წელი

მაია ჯაბუა
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ლიზა ყენიამ ამერიკიდან დედას - ყველასთვის საყვარელ მაია ჯაბუას, პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთა. ამ კადრების ხილვა, მაყურებლისთვის საკმაოდ ემოციური იყო.

მაია ჯაბუა: ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული მეგობრობაზე სასაუბროდ. მოულოდნელად, ეთერში მეუბნებიან, რომ თემა შეიცვალა და უცებ, ლიზას ახალი კლიპი ირთვება. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზი იყო. ვერ გეტყვით, როგორი ბედნიერი ვიყავი. იმ წუთას სიხარულის გამოხატვაც ვერ შევძელი. ეთერის დასრულების შემდეგ დავურეკე ყველას კიდევ ერთხელ მადლობის სათქმელად. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. დიდი ბედნიერებაა, როცა წარმატებული ხარ შენს საქმეში და ადამიანების სიყვარულს იმსახურებ, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ ბედნიერებას, რომელიც დედისთვის შვილის წარმატებასა და მისდამი ხალხის სიყვარულს მოაქვს. მიხარია, რომ ლიზა ასეთი მშრომელი და მებრძოლია. არასდროს ჩერდება, სულ სიახლეების ძიებაშია. მართლა მაგარი გოგოა.

– დიდი სიახლეა მის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი და რისკიანი ნაბიჯი გადადგა ამერიკაში წასვლით. თქვენ როგორ შეხვდით მის ამ გადაწყვეტილებას?

– ბავშვობიდანვე უნდოდა ამის გაკეთება. ჯერ პატარა იყო და არ ვთანხმდებოდი, მაგრამ როდესაც გაიზარდა, საკუთარ ქვეყანაში რაღაცას მიაღწია, მყარად დადგა ფეხზე, რატომაც არა?! ახლა ჩამოყალიბებული ადამიანია, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და საით მიდის, ასაკიც შესაბამისი აქვს. ადამიანმა ზუსტად ამ ასაკში უნდა გადადგა ასეთი ნაბიჯი. მერე შეიძლება, უკვე გვიანი იყოს. ჩვენს პროფესიაში ასაკი ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. ლიზა ძალიან ძლიერი და მებრძოლი ადამიანია, კარგი ნერვული სისტემა აქვს, საღად უყურებს მოვლენებს. ყველას არ შეუძლია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მას ვენდობი, ვიცი, რომ ბევრ სირთულეს გადალახავს, ყოჩაღია.

– ეს ეტაპი სირთულეებს მოიცავს, აქედან როგორ უჭერთ მხარს?

– საბედნიეროდ, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში იგივე ნაბიჯი მეც გადავდგი. მაშინ მე ასაკით გაცილებით დიდი ვიყავი. თბილისიდან მოსკოვში წავედი და ჩემს თავს ვუთხარი: მაია, აქ არავინ გიცნობს და თუ რამედ ღირხარ, მოდი და ნულიდან დაიწყე-მეთქი. საკუთარი თავი ექსპერიმენტის წინაშე დავაყენე. ვიმღერე და როდესაც სცენიდან კულისებში შევედი, ძალიან ბევრი შემოთავაზება დამხვდა სხვა კონცერტებში მონაწილეობის შესახებ. ეს იყო პასუხი ჩემს კითხვაზე, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: მაია, შენ მართლაც ღირხარ, მართლაც შეგიძლია. ნულიდან დაწყება არც მოსკოვში ყოფილა მარტივი. როცა დიდი ბაზარია, შოუბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ – შენც უნდა ღირდე. ლიზა სწორედ იქ დაიბადა, იმ პერიოდში. სულ მქონდა განცდა, რომ ისიც სცენაზე დადგებოდა. მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. თავისი მონაცემებით, ყველანაირად მაძლევდა ამაზე ფიქრის საფუძველს და ასეც მოხდა.

– როგორც ვხვდები, გამბედაობით თქვენ დაგემსგავსათ.

– კი. საერთოდ, მე ყველას ვეუბნები, მორიდება, სიმორცხვე და სცენა, ერთმანეთთან შეუსაბამოა. შეიძლება, ცხოვრებაში იყო მოკრძალებული ადამიანი, მაგრამ როცა ამ პროფესიას ირჩევ, იქ უკვე მორიდებაზე, სირცხვილსა და უხერხულობაზე აღარ უნდა იფიქრო, ეს აუცილებლად შეგიშლის ხელს. თამამი ადამიანი უნდა იყო. უნდა იცოდე, რატომ დგები ამაღლებულ ადგილას. მარტო კარგი მონაცემი არ კმარა. ხასიათიც შესაბამისი გჭირდება, რომ შედგე და ყველაფერს გაუძლო. ეს არ არის მარტივი პროფესია. გზადაგზა რჩევებს ვაძლევ, ჩემს ამბავს ვუყვები, პარალელებს ვუვლებ და ასე, ნელ-ნელა მივდივართ წინ.

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, არ ყოფილა მომენტები, როცა დედის თანადგომა დასჭირვებია?

– სხვათა შორის, ლიზა, ჩემთან შედარებით, უფრო ემოციურია და ფეთქებადი ხასიათი აქვს. მაშინ ჯერ არ მღეროდა, პატარა იყო და ჩოგბურთს თამაშობდა ძალიან კარგად. ემოციურობა ხშირად ხელს უშლიდა და სულ ვეუბნებოდი, შენი ტექნიკა, მონაცემები და პლუს ჩემი ხასიათი რომ მოგცა, თავშეკავებული, მყარი ნერვებით რომ იყო, კაცი ვერ მოგიგებდა-მეთქი. რომ გაიზარდა, მერე მეუბნებოდა, ახლა ვხდები, მაშინ რას გულისხმობდიო. სიმღერა და პროექტებში მონაწილეობა რომ დაიწყო, ეს მისი ნერვული სისტემის გამოცდა იყო. ამ დროს ბევრი ცუდ თვისებებს ავლენს, ზოგი – ღირსეულს. მე ლიზას უფრო მეტად იმიტომაც ვაფასებ, რომ ძალიან პატარა იყო, როდესაც ამ პროექტებში დაიწყო მონაწილეობა და ყოველთვის გასაოცრად ღირსეულად ეჭირა თავი, კონკურენტებთან ურთიერთობაში არასდროს არაფერი შეშლია და ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა გამოავლინა. სულ ვეუბნებოდი, ყველაფერი შენს ბანკში შეინახე, რადგან ეს თვისებები, ცხოვრების გზაზე აუცილებლად გამოგადგება-მეთქი და ასეც ხდება. ყველაფერი გამოცდილებაა.

– ძალიან მაგარი გოგოაო, თქვით. რაში გამოიხატება ეს?

– ძალიან სამართლიანი, მშრომელი და გულჩვილია. ებრალება ყველა, ვისაც უჭირს. აქ რომ იყო, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა. თუ რამე საქველმოქმედო ღონისძიება იყო, ყველგან ძალიან აქტიურობდა. ძალიან ერთგული ადამიანია და სხვების არასწორ საქციელს ცოტა მტკივნეულად იტანდა. ამაზეც ბევრი გვისაუბრია და მიხვდა, რომ ყველას ერთნაირად არ უნდა მოსთხოვო. ვისაც როგორ შეუძლია, ისე ესმის მეგობრობა და ერთგულება. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ლიზა კარგი მსმენელია და რაც მთავარია, მერე სწორ ანალიზს აკეთებს. იმ სტადიაში გადავედით, როცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ.

– არის მეამბოხე გოგო?

– არის. არ დაუშვებს ვიღაცის დაჩაგვრას, ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე თვალს არ დახუჭავს. ასეთი ხასიათი მე მქონდა. ზუსტად ასეთი ვიყავი პატარაობიდან და ეს თვისებები ბევრჯერ გამომიმჟღავნებია. თუ ვინმეს ჩაგრავენ, მე არ შემიძლია გავიარო და ვთქვა, რა ვქნა, ეს ჩემი საქმე არ არის. ეს თვისება მე დედაჩემისგან მაქვს, ლიზას – ჩემგან. ვისაც ჭრიდება, აუცილებლად დავდგებით მის გვერდით.

– მკაცრი დედა ხართ?

– არ ვიცი, შეიძლება, მკაცრი ვარ. ადრე ლიზა მეუბნებოდა, რომ მე ვარ ცივი დედა და არ ვეფერები. თვითონ მეფერებოდა და მე ვუხსნიდი: პატარები რომ იყავით, იმდენი გეფერეთ, ახლა თქვენ მომეფერეთ-მეთქი (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად, შესახედავად ვარ უფრო მკაცრი და ვითომ ცივი, მაგრამ სინამდვილეში – არა. როცა საჭიროა, მაშინ მკაცრი ვარ. თითიდან გამოწოვილი სიმკაცრე რომ ახასიათებს მშობელს, ამაზე მეცინება ხოლმე. ვიღაც რომ დაანგრევს ქვეყანას რაღაცის გამო, მე იმავეზე აბსოლუტურად არ მაქვს რეაქცია, მაგრამ არის რაღაც, რაზედაც გამოვხატავ უკმაყოფილებას, თუმცა, აუცილებლად ზომიერების ფარგლებში. ჩემი შვილებისთვის თითი არასდროს დამიკარებია, თუკი ეს საერთოდ არის აღსანიშნავი. არც არასდროს მითქვამს შვილებისთვის უბრალოდ „არა“. როცა ვეუბნები, რომ რაღაც ასე არ არის, ყოველთვის მიზეზებს ვუხსნი და აუცილებლად იგებენ. უბრალოდ, ტაბუდადებული „არა“, არ მახასიათებს. ყველას თავისი მიდგომა აქვს, მე ასეთი ურთიერთობა მაქვს ჩემს შვილებთან. ეს არცერთ წიგნში არ წამიკითხავს, ცხოვრებას ინტიუციურად მივყვები. ცხოვრება ხომ დიდი იმპროვიზაციაა, გზადაგზა ხვდები, როგორ უნდა მოიქცე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, როცა დედა ვხდებოდი, ისაა, რომ შვილი მინდოდა და მზად ვიყავი, ჩემი შვილის ნებისმიერი კითხვისთვის პასუხი გამეცა. დანარჩენს ერთად გავდივართ. შეცდომებიც არ არის ტრაგედია. ცხოვრება ამით არ სრულდება, პირიქით, აქედანაც ვსწავლობთ რაღაცას და ორმაგი ხალისით ვაგრძელებთ.

– როცა მის პირად ცხოვრებას ეხება საქმე, აქაც ბოლომდე მეგობრობთ, თუ ეს მაინც ის თემაა, რომელიც მასთან რჩება?

– მე ვარ ადამიანი, რომელსაც მეგობრებთანაც და შვილებთანაც ზღვარი, გარკვეული დისტანცია აქვს დაწესებული. რაღაცის იქით, არ უნდა შევიდე და არც შევდივარ. გარკვეულ ზღვარს არ ვცილდები. მივდივარ იქამდე, სადამდეც მათ უნდათ, რომ მივიდე. არის საზღვრები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო, არც შენ და არც მან.

– მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში კარგი გეგმებით წავიდა, განშორება არ გაგიჭირდათ?

– კი, ძნელია, მაგრამ ამ ფიქრებს დიდ დროს არ ვუთმობ. არის მომენტები, როცა მარტო ვრჩები და ამაზე ფიქრს ვიწყებ. მაგრამ კოსმოსში მხოლოდ სიკეთესა და ბედნიერებას ვუგზავნი ჩემს შვილებს. ღმერთს ვთხოვ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჯანმრთელად იყვნენ და გაუმართლოთ. ჩემს განცდებს ვბლოკავ. ეს მხოლოდ ჩემია. მე ვუთხარი, რომ ეს არის ძალიან საინტერესო თავგადასავალი. მას ყოველთვის შეუძლია, აიღოს ბილეთი და დაბრუნდეს სახლში, სადაც ყოველთვის ელოდებიან. არ ვუდგები ამას დრამატულად. ღმერთის წყალობით, არც დევნილია, აქედან არ გაქცეულა, არც პურის ფულის საშოვნელად წასულა. წავიდა, რომ გაიზარდოს, ისწავლოს, მეტი გააკეთოს თავის პროფესიაში. კი, ბევრი სირთულეც იქნება, ტკენაც და წყენაც, მაგრამ ეს არის ცხოვრება და მიზნამდე ყველაფრის მიუხედავად უნდა მიხვიდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი