შოუბიზნესი

მაგდა ვასაძე: როცა ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი არსებობს, ყოველთვის მაფერხებს კარიერაში

№2

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 16.01, 2023 წელი

მაგდა ვასაძე
დაკოპირებულია

მომღერალ მაგდა ვასაძის განვლილ ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა, თუმცა ცდილობს, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოზიტიურად შეხედოს და ყოველთვის წავიდეს იმ რისკზე, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებას მოუტანს. ეს წელი მისთვის, როგორც თავად ამბობს, კარიერული თვალსაზრისით აქტიურად დაიწყო, თუმცა პირად ცხოვრებაში, ისევ სასურველი პარტნიორის მოლოდინშია.

მაგდა ვასაძე: გასული წელი საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის. ბევრი გამოცდა გამოვიარე ადამიანური თვალსაზრისით. ბევრი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, გარდაიცვალა. ჯერ იყო მამა, მერე ჩემი ყოფილი ქმარი. ეს სიმძიმე და ტკივილი მალევე ხომ არ გადის? საკმაოდ მძიმე დღეები გამოვიარე. მე და ჩემი ქმარი 12 წელია, გაშორებულები ვიყავით, მაგრამ ძალიან განვიცადე, რამაც ძალიან დამამძიმა. ჩემი შვილის მამა და ჩემი პირველი სიყვარული იყო. ხშირად ვამბობ, შეიძლება, აღარც შემიყვარდეს ისე, როგორც ის მიყვარდა-მეთქი. ასე რომ, გასულ წელს პირველი სიყვარულის დაკარგვამ, ძალიან დიდი ტკივილი მომიტანა. თუმცა, 2023 წელს, ყველაზე მეტად მჯერა, რომ ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრებაში.

- ფაქტია, ეს წელი შენთვის საკმაოდ აქტიურად დაიწყო, რადგან სულ სცენაზე დგახარ.

- კი, ნამდვილად ასეა, საკმაოდ აქტიურად დაიწყო ეს წელი და იმედია, ასევე გაგრძელდება. რეგიონებში ჩატარდა კონცერტები, სადაც ვიმღერე. შევუერთდი ბენდს, „ჯემს სთეიშენს“. გავაკეთეთ რეპერტუარი და შესაბამისად, გვქონდა შეკვეთები და კიდევ გვაქვს. ახლა ბენდს ჰქვია „მაგდა ენდ ჯემს სთეიშენს“. საკმაოდ კარგი გასართობი რეპერტუარი გვაქვს და აქედან გამომდინარე, შეკვეთებიც წამოვიდა. პირველი კონცერტი გვქონდა სენაკში, ახალი წლის ღამეს შევხვდით სცენაზე, სამეგრელოში. სხვათა შორის, ყოველთვის მინდოდა, ახალ წელს სცენაზე შევხვედროდი და ახლა, ბოლო პერიოდია, ძირითადად, სულ სცენაზე ვარ.

- ესე იგი, წელს მეგრელების მეკვლე იყავი და ზუსტად ვიცი, კარგი ფეხი გქონდა. თუ გჯერა ამ ტრადიციის?

- უბრალოდ, ტრადიციაა მეკვლეობა და ძირითადად, ტრადიციულად, ჩემს სახლში მე ვარ მეკვლე, თბილისშიც და ქობულეთშიც. თუ ფეხით ადგენენ მომავალი წლის განრიგს, მაშინ ძალიან კარგი ფეხი მაქვს (იცინის). უფრო შობის დღესასწაულის მჯერა და მიყვარს. ამ დღეს დედა ყოველთვის აკეთებს კვერებს და ღამის 12 საათზე ოჯახის წევრები ვხვდებით შობას ანთებული სანთლებით ხელში. ეს ტრადიცია ძალიან მიყვარს. ბევრჯერ ჩამითქვამს სურვილი შობა დღეს და ამხდენია.

- მაგდა, რამდენი წელია, რაც სახლში არ შეხვედრიხარ ახალ წელს?

- ძალიან ბევრი, ალბათ, თხუთმეტი წელია, სახლში ახალ წელს არ შევხვედრივარ, თუ არ ჩავთვლით, პანდემიის პერიოდს. ეს ერთადერთი ახალი წელი იყო ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, როცა მეგობრებთან ერთად და არა სცენაზე შევხვდი ახალ წელს. ასე რომ, ეს წელი, როგორც აქტიურად დაიწყო, ასევე მინდა, გაგრძელდეს. სხვათა შორის, ბევრი წელია ბედობის შეხვედრა ოჯახთან ერთად მინდოდა და ეს სურვილიც ავისრულე წელს. ქობულეთში ჩავედი სენაკიდან და ჩემს შვილთან და ოჯახის წევრებთან ყოფნა, ოჯახური შეკრებები დავიბედე. ყველაზე მეტად გვჭირდება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და სწორედ ეს მაქვს წელს დაბედებული (იცინის). ზოგადად, არ მჯერა ბედობის, თუმცა, რომ ამბობენ, ხდება რაღაცები და ყველაფერი კარგი უნდა დაიბედოო, მეც ასე ვიქცევი. შარშანაც, კარგი განწყობით შევხვდი ბედობას, მაგრამ იმდენი ტრაგედია დატრიალდა ჩემ ირგვლივ, რა ვიცი, დავიჯერო თუ არა. თუმცა, სასწაულები რომ ხდება, მჯერა და იმასაც ვაღიარებ, რომ მაქვს წინათგრძნობები და არასოდეს მტოვებს ჩემი ბედი, ეს ზუსტად ვიცი.

- ძალიან ხშირად იცვლი იმიჯს. გარეგნულ ცვლილებებს შენი ცვალებადი ხასიათი განაპირობებს, თუ ეს უბრალოდ, სასცენო იმიჯია?

- რაც დრო გადის, ძალიან ვიცვლები როგორც შინაგანად, ასევე, გარეგნულადაც. დიდი ხანია, 2018 წლიდან ვვარჯიშობ და ჯამში, ოცი კილო დავიკელი. სცენაზე ვდგავარ და მინდა თუ არა, მოითხოვს ჩემი პროფესია, ესთეტიკურად კარგად გამოვიყურებოდე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ხშირად და სისტემატურად უნდა ვივარჯიშო, ჯანსაღად ვიკვებო და ვიცვალო გარეგნული იმიჯი. სასცენო იმიჯი არაფერ შუაშია, რადგან მე თავად ვარ ისეთი, სიახლეები რომ უყვარს. მაგალითად, „გუფილენდის“ სოლისტი ვიყავი ხუთი წელი. საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა, უამრავ კორპორატიულ საღამოზე გამოვდიოდით, სულ მოძრაობაში ვიყავი, თუმცა მივხვდი, მჭირდებოდა რაღაც ახალი და ამიტომ, დავტოვე ჯგუფი. გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში სიახლე აუცილებელი იყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სხვათა შორის, ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი რამ და არასოდეს მინანია. თუ რაღაც არ მაკმაყოფილებს, იქიდან აუცილებლად წავალ. „მერწყული“ ვარ ზოდიაქოთი და ამ ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ სიახლეების ძებნა. ასე რომ, არც მე ვღალატობ საკუთარ ხასიათს და ამიტომ ვიცვლი ადგილს, გარეგნობას თუ თმის ფერს ხშირად.

- ხასიათიდან გამომდინარე, თუ ცვლილებების არ გეშინია, ესე იგი, რისკიანი ხარ?

- ყოველთვის რისკიანი ვარ. „გუფილენდამდე“ ბათუმში ანსამბლში ვმღეროდი, მანამდე კი ვმუშაობდი კამერულ გუნდში და ზუსტად იმიტომ ვთქვი იმ სამსახურსა და საკმაოდ მაღალ ხელფასზე უარი, რომ განვითარება მინდოდა.როცა მივხვდი, ახალი ეტაპისთვის გზა გახსნილი იყო ჩემთვის, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი და გავრისკე. დიახ, ვარ რისკიანი, რადგან სხვანაირად არ გამოდის. ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და ვაკვირდები საკუთარ თავს: რაც დრო გადის, როგორ ვვითარდები პროფესიულად, ფიზიკურად და როგორც ადამიანი ძალიან ვიზრდები ყოველ ხუთ წელიწადში. ხუთი წელი რომ გადის, სულ სხვა ცხოვრების ეტაპზე გადავდივარ, ამას დავაკვირდი და მჭირდება სიახლეები. ცხოვრების ბოლომდე ასე ვიქნები, სანამ მომცემს ამის საშუალებას ჩემი ორგანიზმი და შესაძლებლობები (იცინის). მეუბნებოდნენ: 30 წლის შემდეგ, ქალი უფრო ლამაზდებაო. ამისი არ მჯეროდა და ვამტკიცებდი: როგორიც ხარ, მთელი ცხოვრება ასე გააგრძელებ-მეთქი. თუმცა, ვცდებოდი. 30 წლის შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ სხვა ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მინანია ის გზა, რაც გავიარე. ღირდა გარისკვად ის გადადგმული ნაბიჯები. დღემდე რომ მოვედი, სწორედ რაღაცების გარისკვის შედეგია - დღეს უკვე შემდგარი ქალი ვარ. ვხუმრობ ხოლმე: ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაზე მეტად ვიფურჩქნები-მეთქი (იცინის).

- კარგია სიახლეები, რისკი, ცხოვრებისეული ეტაპების გადალახვა, მაგრამ პირადი ცხოვრება?

- ამ თემაზე არ ვსაუბრობ, თუმცა გეტყვით, რომ ახლა არავინ არსებობს ჩემს პირად ცხოვრებაში. ერთ რამეს დავაკვირდი - თუ ჩემს ცხოვრებაში არსებობს სხვა ადამიანი, რატომღაც, ყოველთვის მაფერხებს კარიერაში. როცა შეყვარებული ვარ, ძალიან მგრძნობიარე ვხდები და თუ იდილია და შეთანხმება არ არის ურთიერთობაში, ეს ხასიათზეც მეტყობა შესაბამისად, საქმესაც ვეღარ ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა. ვცდილობ, წინ წავიწიო და არაფერი დავაკლო კარიერას, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის უკან დამხია პირადმა ურთიერთობებმა. ვხვდები, კარიერაში ბევრად რისკიანი, ხისტი ვარ და კლდე რომ დამხვდეს, შემიძლია, გავანგრიო და წინ წავიდე. მაგრამ, პირად ურთიერთობებში უფრო დამთმობი ვარ. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ მეტად ემოციური ვარ და ძალიან მიყვარდება.

- ანუ, სიყვარული არ არის იმის სტიმული შენთვის, რომ კარიერაში წარმატებული იყო?

- ალბათ, შესაბამისი პარტნიორი არ მყოლია გვერდით და ამიტომაც ხდება ასე. ადამიანი, რომელიც გვერდში დაგიდგება, თან ეყვარები და შენზე იზრუნებს, ეს ნამდვილად არის სტიმული კარიერისთვის. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს ბარიერი სიყვარულსა და პირად ურთიერთობებს შორის. ამიტომ, გადავწყვიტე, გავაგრძელო კარიერული გზა და თუ გამოჩნდა პარტნიორი, ვინც გვერდში დამიდგება და მშვიდად იცხოვრებს ჩემთან ერთად, არასოდეს ვიტყვი უარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი