შოუბიზნესი

მაგდა ვასაძე: ხომ ამბობენ, ერთ დღეში გავიზარდეო, მე პირიქით, დავპატარავდი

№30

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 03.08, 2021 წელი

მაგდა ვასაძე
დაკოპირებულია

ეს წელი მომღერალ მაგდა ვასაძისთვის მოსაგონებლად ყველაზე ცუდი წელიწადი იქნება, რადგან მას საყრდენი ძალა გამოეცალა - დაკარგა ადამიანი, ვისი რჩევებითაც ცხოვრობდა. მამის ამ ქვეყნიდან წასვლა ყველაზე დიდი ტრავმა და სტრესი იყო მისთვის, თუმცა ცდილობს, სიზმრად მოეფეროს, ჩაეხუტოს და ის სითბო იგრძნოს, რაც რეალობაში ძალიან დააკლდა და ენატრება.

მაგდა ვასაძე: ეს წელი ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული და ცუდი იყო – იმქვეყნად წავიდა მამა. 2018 წლიდან დაუდგინდა სიმსივნე, სხივური თერაპიაც გაიარა, მკურნალობის კურსიც ჩაიტარა და პანდემიის გამო თურქეთში ვეღარ გადავამოწმეთ ანალიზები და ისე იყო მეტასტაზები წასული, სამწუხაროდ, ვეღარ ვუშველეთ. მაისის ბოლოს დაგვტოვა და იმ დღეს, დავპატარავდი. მანამდეც დავკარგე ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანები, თუმცა, მამის გარდაცვალება საერთოდ სხვა ყოფილა და ყველაზე დიდი სტრესი, რაც მიმიღია ცხოვრებისგან, ესაა. რაღაც მომენტში გავძლიერდი, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, უფრო მეტად მიჭირს, მტკივა და მენატრება. ხომ ამბობენ ადამიანები: რეალობას რომ დავეჯახე, ერთ დღეში გავიზარდეო, მე, პირიქით, დავპატარავდი. მგონია, რაღაცებს ისე ვეღარ გავაკეთებ, რადგან მამას ხშირად ვეკითხებოდი რჩევებს და ამ რჩევებით ვცხოვრობდი. ფაქტობრივად, საყრდენი, ძალიან დიდი ძალა გამომეცალა.

– სიზმრად თუ მოდის და რას გეუბნება, როგორ განუგეშებს?

– სულ ბოლოს როცა ვნახე, აღდგომის დღეები იყო, არ მომეწონა მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქობულეთის სადგურზე მხვდებოდა სულ და მერე ისევ თავად მაცილებდა თბილისისკენ მომავალს. ბოლოსაც, როცა კარგად არ იყო, მაინც თავად წამომიყვანა სადგურში. მატარებლიდან რომ გავხედე, ისეთი დაპატარავებული მომეჩვენა, გულში გავიფიქრე: იქნებ, ბოლოჯერ ვხედავ, მივტრილდები და მაგრად ჩავეხუტები-მეთქი. თან, ვბრაზობდი, ეს რეებს ვფიქრობ-მეთქი. თითქოს წინათგრძნობა მქონდა. ვერ წარმომედგინა მისი სიკვდილი, მეგონა, სულ ჩემ გვერდით იქნებოდა. ჩემმა დამ რომ დამირეკა ტირილით, უთქმელადაც მივხვდი, რა საშინელება მოხდა ჩემს თავს. ყველაზე დიდი დარტყმა მივიღე, რაც აქამდე მქონია. გარდაცვალების შემდეგ მამა ერთხელ დამესიზმრა: ქობულეთიდან მოვდიოდი, მამას მანქანაში ვიჯექი. ნეტავ, საჭეს ვინ მართავს-მეთქი, გავიფიქრე და რომ გავხედე, მამა იჯდა. საჭესთან ეძინებოდა, ზუსტად ისე, ბოლოს დამჯდარი რომ თვლემდა ავადმყოფობის გამო. მამა, გაახილე თვალი, გეძინება-მეთქი და ისევ თავისი ჩვეული სიჯიუტით მითხრა: რა სისულელეა, არ მეძინებაო. დანგრეული გზებით მივედით ვაგზლამდე, უცებ, კადრები შავ-თეთრი გახდა და მე და ლუკას, ჩემს შვილს, კართან მისულებს გვითხრა: კარგი, წადით ახლა თქვენო და გასასვლელში გამაჩერა, – მოიცადე, წასვლამდე მინდა, ჩაგეხუტო, ძალიან მენატრებიო. ჩამოვეკიდე კისერზე, ლუკა წელზე შემოეხვია და სამივე, ხმით ავტირდით. ვგრძნობდი, მის გულისცემას. მაგრად ჩამეკრო და თითქოს ცხადში ვგრძნობდი მის სიახლოვეს. ტირილმა გამაღვიძა. თითქოს რეალობა იყო და უცებ გაქრა. მხოლოდ სიზმარში ვეფერები მამას. ასე ქვითინში თენდება და ღამდება მისი წასვლიდან ყველა დღე, თუმცა, არ მინდა, ეს დარდი სხვას დავანახვო.

– სხეულზე, ახალი ტატუ გაიკეთე – მამა ამოისვირინგე. მას რომ უყურებ, რა განცდა გაქვს – იცი, რომ რეალობაში მას ვერ შეხვდები და მის მონატრებას მთელი ცხოვრება სხეულით ატარებ?

– მინდოდა, მამის სიყვარული არა მარტო გულით, ჩემი სხეულითაც მეტარებინა, ამიტომ, გავიკეთე ტატუ – მამა, მე, ზღვა და გული. ზღვა ორივეს გვიყვარდა და ყველაზე დიდ ტალღებშიც კი შევდიოდით. როცა საკუთარ სხეულზე მამის სილუეტს ვუყურებ, სულ მეტირება. რომ მეკითხებიან, რა ლამაზი ტატუ გაქვსო, თვალები ცრემლით მევსება და ვპასუხობ: ეს ჩემი მამაა. ეს ტატუ არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. იმ ქვეყნიდან სულ ვგრძნობ მამის მფარველობასა და გვერდში დგომას. მართალია, ფიზიკურად არ დგას ჩემ გვერდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მომენტში ჩემთანაა და ყველა გაჭირვებას გადამატანინებს, დამეხმარება. ყველაზე მეტად, იმით ამაყობდა, ცხოვრებაში რომ რაღაცას მივაღწიე და ჩემი სცენაზე დგომა ძალიან უხაროდა. ახლა ნებისმიერი ჩემი გამოსვლა მამას ეძღვნება, მას ვუმღერი და ვიცი, მისმენს და მხედავს.

– მიუხედავად დიდი ტკივილისა, მაინც ახერხებ თავის ხელში აყვანას, ფორმაში ყოფნას, სიმღერას...

– დიახ, ასეა. 15 კილო დავიკელი, ვვარჯიშობ და აქტიურად ვდგავარ სცენაზე. სხვათა შორის, ზედმეტი წონა რომ დავიკელი, სტიმული მომეცა. ყველაზე დიდი სტიმულია ქალისთვის, როცა სარკეში იხედები და მოგწონს შენი თავი. ბევრს არ აკომპლექსებს ზედმეტი ხორცი, მაგრამ მე მოკლე კაბის ჩაცმა მინდოდა და ვერ ვიცვამდი. ახლა, მოკლე კაბასაც ვიცვამ, თავდაჯერებულიც გავხდი, ლაღიც და სტიმულიც მაქვს, რომ ცხოვრება ბედნიერმა გავაგრძელო.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ. თუმცა, არის ერთი მთავარი მამაკაცი, რომლის გამო მთებს გადავდგამ და ყველაფერზე წამსვლელი ვარ – ესაა ჩემი შვილი, ლუკა. 20 წლის ვიყავი რომ გაჩნდა, ახლა 15 წლისაა და თავად არ მჯერა, ამხელა შვილი თუ მყავს. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ბიჭის დედა ვარ და თან მსიამოვნებს, რომ არ მეძახის სახელს და მეძახის „დედას“. ქუჩაში რომ მივდივართ და „დედაო“, დამიძახებს, ყველა ჩვენკენ ტრიალდება გაოცებული. არაფერში მზღუდავს, ლოიალურია ჩემთან მიმართებაში. მეუბნება: დედა, შენ გაქვს ბედნიერების უფლებაო. ჩვენ უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი. ვცდილობ, ცხოვრებისგან მაქსიმალურად მივიღო სიამოვნება და ვიყო ბედნიერი, სულ ვცდილობ ამას და მეტ-ნაკლებად გამომდის. მართალია, მამის გარდაცვალებამ, სრულიად ჩამოაქცია ჩემი ნახევარი სამყარო, მაგრამ ცხოვრება უნდა განვაგრძო. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ის მყავდა და სულ ჩემს გულშია, მაქვს უსაყვარლესი ოჯახი და ჩემი ლუკა. ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვიარე და ზუსტად ვიცი, ყველა განსაცდელს გავუძლებ, ბევრს ვიბრძოლებ ბედნიერებისთვის, ისევ ჩემი საყვარელი ადამიანების გამო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი