შოუბიზნესი

ლიკა ყაზბეგი: სასიამოვნო ძალადობის მსხვერპლი გავხდი

№7

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 22.02, 2021 წელი

ლიკა ყაზბეგი
დაკოპირებულია

ყველა ადამიანი ოცნებობს – ზოგი რეალურზე, ზოგიც ფანტაზიებსა და წარმოსახვებში იძირება. წლების მატებასთან ერთად, ზოგი ოცნება და წარმოსახვა ხდება, ზოგიც ახდენასაც ცხოვრების ბოლომდე ველით. ლიკა ყაზბეგი ადამიანთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, თავისი ბავშვობის ოცნებებიდან არაერთი რომ აუხდა. მართალია, ბოლომდე არ მიჰყვა, მაგრამ სცადა და მიაჩნია, რომ კიდევ ბევრ ოცნებასა და ჩანაფიქრს აიხდენს.

ლიკა ყაზბეგი: რაც წლები მემატება, მით მეტად მიყვარს ჩემი ბავშვობის დღეების გახსენება და იმ ოცნებებზე მეღიმება, რაზეც ძილის წინ ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი. ამით ძალიან ვირთობდი თავს, ვმოგზაურობდი სხვადასხვა საუკუნეში და გინდათ ოცნება დაარქვით ამას და გინდათ – ფანტაზია (იცინის). ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ჩემს პროფესიაში ბევრი არაორდინარული და არასტანდარტული იდეები მიჩნდება – გამომადგა. სხვათა შორის, ზედმეტად განვითარებული, გამორჩეული და უსაზღვრო ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი მაქვს და ოცნებაც მიყვარდა. ახლაც, ჩაძინებამდე ბევრს ვოცნებობ და ვფიქრობ. ბევრი ოცნება ამიხდა, ზოგიც ასახდენი დარჩა, რადგან არარეალური იყო. არ დამავიწყდება, ვოცნებობდი, მქონოდა დროის მანქანა, რომ საუკუნეებში მემოგზაურა (იცინის). შევხვედროდი თამარ მეფეს, სტალინს, აღმაშენებელს და ბევრ სხვა გამოჩენილ ადამიანს, მეკითხა მათთვის უამრავი რამ, რაზეც პასუხი დღემდე არ არის და მხოლოდ მითებია შემორჩენილი. მინდოდა, რომ სიმართლე, სწორედ, მათგან გამეგო. უამრავ კითხვას დავუსვამდი გარდაცვლილ ადამიანებს, გავიგებდი იმ საიდუმლოებებს, რასაც ვერასოდეს, ვერავინ ამოხსნის და მხოლოდ მათ იციან.

– ამას წინათ სოციალურ ქსელში წერდი: „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ ჩემი ერთ-ერთი სასიამოვნო მოგონებააო. ამ პროექტის გაგრძელებას აღარ გეგმავ?

– მოგონება-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ პანდემიის პირობებში ვერაფერს ვაკეთებთ და გული მწყდება. თორემ, მომავალში აუცილებლად ვაპირებ ამ პროექტის გაგრძელებას, პოდიუმზე ახალი და საინტერესო სახეების გამოყვანით. თუმცა, მქონდა კრიზისული პერიოდი, როცა ვფიქრობდი – მორჩა, ათი სეზონი გავაკეთე და გავჩერდები, აღარ გავაკეთებ-მეთქი! ბოლო დროს იმდენი ფიქრისა და დაკვირვების საშუალება მქონდა, აღმოვაჩინე ის ახალი და ძველი სახეები, რომლებიც ზუსტად ჩემი პროექტისთვისაა და მათი გამოჩენა ძალიან მოუხდება წარმატებულ პოდიუმს. სხვათა შორის, კორონას დეპრესიას მომავალ პროექტზე ფიქრითა და ფილმების ყურებით ვებრძვი. თან, ოჯახში ახალი წევრიც მყავს – მეტისი ძაღლი, სახელად, მოლი. მთელი 25 წელი მეშინოდა იმის, რაც მოხდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და ოთხი თვის წინ „ვიშვილე“. მოლიკო არის ოჯახის ძაღლი, რომელიც მიატოვეს. ბავშვობაში მყავდა და ძალიან მიყვარდა. დაიკარგა და ეს ტრავმა ძლივს გადავიტანე. ეს თემა, რომ ცხოველი მყოლოდა სახლში, „დაბლოკილი“ მქონდა ჩემში. ახლა კი ძაღლის ყოლის შიში და ფობია გადავლახე, მოლიკო დაუგეგმავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ისე გამაბედნიერა და გამიხალისა ყოველი დღე, ვერ გეტყვით. ძალიან შეგვაყვარა თავი, ბევრი დადებითი ემოცია შემოიტანა და ცხოვრებაც ამომიყირავა. გამაკეთებინა ის, რაც წლებია, მინდა და თავი ვერ მოვაბი – მოლი მაიძულებს და დღეში ათ კილომეტრს ქარში, წვიმაში თუ მზეში, ფეხით გავდივართ. ფაქტობრივად, მოლიკო მასეირნებს. ამ ოთხ თვეში, 7-8 კილო დამაკლებინა (იცინის). ასე რომ, მოლის წყალობით, პანდემიის დროს სხვები თუ გასუქდნენ, მე საგრძნობლად დავიკელი.

– სოციალურ ქსელში ისიც დაწერე, ძალადობის მსხვერპლი ვარ, დღეში ხუთჯერ მამღერებენო. ვინ გაიძულებს სიმღერას?

– (იცინის) დიახ, ეს სასიამოვნო ძალადობაა დედაჩემის მხრიდან ჩემ მიმართ. ძველი სიმღერა მოისმინა, სიტყვები ამოიწერა და მთხოვა, იმღერე ხოლმე, ძალიან მომწონსო (იცინის). მეც ვმღერი და მსიამოვნებს. ასე რომ, სასაიამოვნო ძალადობის „მსხვერპლი“ გავხდი (იცინის). ადრე, ვმღეროდი, პიონერთა სასახლეში დავდიოდი და სცენაზეც ვიდექი. მუსიკალური სკოლაც მაქვს დამთავრებული. ბევრი მეკითხება, რატომ არ დადექი პროფესიონალურ სცენაზეო, მაგრამ უცნაური ბავშვი ვიყავი – ვიწყებდი და აღარ ვამთავრებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ფიგურულ სრიალზეც დავდიოდი, კარატეზეც. არ დამავიწყდება, ფიგურულ სრიალზე ტრენერი ახალგაზრდა ბიჭი იყო, მისი ფავორიტი ვიყავი, განსაკუთრებულად კარგად მექცეოდა. „ვიხულიგნე“ – სრიალის დროს ყინულზე, გამიზნულად, მეგობარ ბიჭს, რომელიც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა, დავეჯახე და ფეხი მოვტეხე. ტრენერმა დამიყვირა, ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა და ეს სპორტი ამის გამო მივატოვე. სიმღერას კი იმიტომ დავანებე თავი, რომ ასაკის მიხედვით, წინა კბილების ამოღება მომიწია. მივიდოდი პედაგოგთან, სხვები მღეროდნენ, მე პირის გაღების მრცხვენოდა და ჩუმად ვიდექი. მასწავლებელმა დედაჩემი დაიბარა: თქვენი შვილი პირს არ აღებს, რომ იმღეროს და ტყუილად რატომ დაგყავთ, გაიყვანეთო (იცინის).

– სიმღერა და ფიგურული სრიალი გასაგებია, მაგრამ ნაზი აღნაგობის გოგონას კარატეზე სიარული რატომ მოგინდა?

– ჩემს ბავშვობაში ხშირად გადიოდა ფილმები ბრუს ლის მონაწილეობით. როცა ფილმს ვუყურებდი, მინდებოდა, რომ კარატე კარგად მცოდნოდა (იცინის). მივედი, სურვილი დავიკმაყოფილე და გამოვედი. სხვათა შორის, საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა და იმ დროს, ვინმეს რამე რომ ეკადრებინა ჩემთვის, ეგრევე ბრუს ლით ვიქცეოდი (იცინის). თუმცა, სტუდენტობის დროს, 90-იან წლებში, ქუჩაში დანა მომადეს ყელზე, ძალიან შემეშინდა, სტრესი მივიღე და საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩემი კარატეს მონაცემები ვერ გამოვიყენე (იცინის). ახლა მეცინება, ერთადერთი შემთხვევა იყო ეს, როცა შემეძლო ჩემი კარატეს ილეთებისა და მონაცემების გამოყენება და ვერ მოვახერხე. ყველაზე სასაცილოდ კი, იცით, რა მახსენდება? დედამ ცირკში წამიყვანა. არ მახსოვს, 5 წლის ვიყავი თუ 6-ის, შეიძლება, ცოტა მეტის. მოკლედ, ვნახე თოკზე როგორ დადიოდა „ცირკაჩკა“. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იქიდან გამოსულმა, მთელი გზა პირი არ დამიხურავს, ბოლო ხმაზე ვბღაოდი, დედაჩემს ვთხოვდი, უკან დავებრუნებინე, ცირკის მსახიობობა მინდა-მეთქი (იცინის). ახლა ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, იღბლიანი ვარ, რადგან მქონდა ბევრი რამ, რაც სხვას არ გააჩნდა, თუნდაც სიყვარული, კარიერა, ოჯახი, მეგობრები... ღვთის მადლით, სიყვარული რა არის, ვიცი და ამისთვის მადლიერი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი