შოუბიზნესი

ლევან ლელაშვილი: ცოტა დრო მჭირდება, რომ ბოდიში მოვიხადო

№3

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 25.01, 2022 წელი

ლევან ლელაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ლევან ლელაშვილთან 👇

სახელი: ლევანი.

გვარი: ლელაშვილი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– მამაჩემი ფრენბურთის ტრენერი იყო და საზაფხულო წვრთნები აფხაზეთში, ლესელიძეში ჰქონდა ხოლმე. მე და ჩემი ძმა, 0 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით, ყოველ წელს თან მივყავდით და იქ ვისვენებდით. ეს იყო ჩაკეტილი ობიექტი, რომელსაც ერქვა „სპორტი“ და ბევრი სავარჯიშო მოედანი ჰქონდა. აქ ჩამოდიოდნენ: კალათბურთელები, მოკრივეები, მოჭიდავეები... ყოველდღე ლეგენდარულ სახეებს ვხედავდი. ძალიან თბილად მახსოვს ლესელიძეში გატარებული 10 წელი. ცოტა რომ წამოვიზარდე – რუსი ტურისტები, გოგონები, ახალი ნაცნობები. მოკლედ, აფხაზეთს უკავშირდება ჩემი ბევრი კარგი მოგონება, მათ შორის პირველი დათრობაც. ზოგი ღვინით თვრება პირველად, ზოგი არყით, მე კიდევ პორტვეინით დავთვერი, თან, მშიერზე და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი (იცინის).

– მშობლების როლი...

– განათლებაზე ორიენტირება და დაინტერესება მათი მხრიდან იყო, სწორედ ამ ძალისხმევით მივედი „გეპეის“ თეატრის სცენამდე. ყოველთვის მქონდა მათი ხელშეწყობა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 90-იანი წლები დაიწყო. „პა სეანსი“ კი პოპულარული გადაცემა იყო, მაგრამ თავიდან არც სპონსორები გვყავდა, არც ხელფასები გვქონდა, ეს ყველაფერი ცოტა მოგვიანებით წამოვიდა. შესაბამისად, ოჯახს ვერ ვარჩენდი და ამაშიც მშიბლების დიდი მხარდაჭერა მქონდა, ყოველთვის გვერდში მედგნენ.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ზოგმა რომ ნათლად იცის, რა უნდა გამოვიდეს, ასე არ ვიყავი. ბავშვობაში არის ჩუმი ფიქრი, რომელიც მხოლოდ შენ გაგონდება ხოლმე, აი, ამ ფიქრებს რომ ვიხსენებ, ვითომ კინოში მიღებდნენ და კამერა დამყვებოდა, სულ ასეთი განცდა მქონდა, თუმცა ამის შესახებ არც მშობლებისთვის მითქვამს და არც არავისთვის. ეს იყო ჩემი ჩუმი ფიქრი შენთან რომ რჩება ქვეცნობიერში და მერე უცებ იფეთქებს, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– კავშირგაბმულობაზე ვსწავლობდი. არ ვიცოდი, საით წავსულიყავი, ეს ფაკულტეტი კი ახალი შეერთებული იყო, ხალხმაც არ იცოდა დიდად და შესაბამისად, კონკურენციაც ნაკლები იყო, ამიტომ მამამ მირჩია, ამ მიმართულებით წავსულიყავი. სცენაზე შემთხვევით აღმოვჩნდი. მაშინ ყველა ინსტიტუტში ოლიმპიადები ტარდებოდა, ფაკულტეტები თვითშემოქმედებაში ეჯიბრებოდნენ. პირველმა კურსმა ჩებურეკისა და არყის ქნევაში ჩაიარა, მეორე კურსზე კორიდორში შემთხვევით შემხვდა კომკავშირის მდივანი, ზურა გურგენიძე და მკითხა: კიჭა, ხომ არ იცი ჯგუფში ვინმე, ვისაც მსახიობობა ეხერხება ან შენ გამომიარე, თუ გინდა – ერთი მსახიობი ავად გახდა და უნდა ჩავანაცვლოთო. მაშინ არც ვიცოდი, თუ ეს საქმე გამომივიდოდა. მივედი რეპეტიციაზე, მომაჩეჩეს ტექსტი, წავიკითხე და შენ, ბიჭო, გამზადებული არტისტი ყოფილხარო, მომკიდეს ხელი და ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ამ სფეროში. ამის შემდეგ შემნიშნა „გეპეის“ დიდმა თეატრმა, რომელიც დღემდე ზრდის თაობებს და ასე აღმოვჩნდი დიდი თეატრის სცენაზე.

– ჩემი მეტსახელი...

– ბავშვობაში არ მქონდა მეტსახელი, კლასელები შემოკლებულ გვარებს ვეძახდით ხოლმე ერთმანეთს. „კიჭა“ მეორე კურსზე შემარქვა ნანა მიქავამ, ჩემმა პარალელურმა ჯგუფელმა. მაშინ ოლიმპიადებისა და რეპეტიციების პერიოდი იყო და ერთ დღესაც მეუბნება, როგორ ჰგავხარ ჩემს ძმისშვილს, მას „კიჭას“ ვეძახითო. ეს ხმამაღლა თქვა ჯგუფელებთან და იმათაც მეტი რა უნდოდათ, აიტაცეს და ბოლოს, დეკანი და პრორექტორიც „კიჭას“ მეძახდა. თავიდან ცოტა მეუცნაურებოდა, მაგრამ ძალიან მალე ისე მივეჩვიე, ლევანს როცა მეძახდნენ, აღარ ვტრიალდებოდი.

– ადამიანში ვაფასებ...

– ღირსეული საქციელია ჩემთვის ყველაზე ღირებული, რომელშიც ბევრი რამე შედის, მათ შორის: ვაჟკაცობა, თავდადება, მეგობრობა. ღირსებაა, რაც საამაყოს ხდის ადამიანს, ნამდვილად დასაფასებელია.

– მწამს...

– პირველ რიგში, სიყვარულის მწამს, მართლაც – „მზე არ მზეობს უსიყვარულოდ“, ადამიანი ამისთვის არის გაჩენილი. კიდევ „ზემოდან“ ანგელოზის, უფლის შეშველებული ხელის მწამს. ცხოვრებაში მქონია მომენტები, როცა ორმოს პირას ვყოფილვარ და უხილავ ხელს გამოვუთრევივარ, მაგალითად, კატასტროფას გადავრჩენილვარ. შეიძლება, ეს ადამიანის ფანტაზიაა, მაგრამ რომ მიფიქრია, მივმხვდარვარ, რომ ეს ზემოდან გამოწვდილი ხელი ყოფილა.

– ვრისკავ...

– იშვიათად. არ ვარ რისკვიანი, ფრთხილი ადამიანი ვარ. ზოგი ძალიან რისკიანია და პირდაპირ გადაეშვება ხოლმე მორევში, მე – არა.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– როგორც კი ადამიანი დაიბადა, ათასი ხატი მოიგონა, შექმნა და ბოლოს მაინც თავის თავს მიამსგავსა – როგორიც ჩვენ ვართ აქ, ისეთი უნდა იყოს ის იქაცო, თუმცა ესეც ვერსიაა. არავინ იცის, ზემოთ რა ხდება. ერთი რამ ფაქტია, არის დიდი გალაქტიკური გონი, მაგრამ ადამიანის ფორმა აქვს, თუ ციური სხეულის – არ ვიცით, თუმცა, ღმერთი ნამდვილად არსებობს.

– ბედისწერა...

– ზოგი ამბობს, ყველა ნაბიჯი ადამიანს ეკუთვნისო, ზოგიც 50-50-ზეაო, მე ვფიქრობ, შერეული ვარიანტია. პელე რომ ასეთი ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო, ბედისწერის ამბავია, რადგან ექიმი ან პროკურორი ვერ იქნებოდა. როცა დაიბადა, მასში მაშინვე გაჩნდა კოდი, რომ ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ყველას თავისი პროცენტული ბედისწერა და კოდი აქვს. ჩემი გზაც სხვანაირად არ წავიდოდა, რომ არა ბედისწერა.

– ვერიდები...

– კონფლიქტს. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ 10 კაცთან ჰქონდეთ კონფლიქტი და მერე წყნარად დაიძინონ, ჩემთვის მსგავსი რამ ძალიან რთულია, შინაგანად მანგრევს, ამიტომ ყველანაირად ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს.

– მაკვირვებს...

– შეუგნებლობა, ადამიანების არაადეკვატურობა. ისეთ ადამიანებს, ორჯერ ორი რომ ხუთი ჰგონიათ, უხსნი, ცდილობ, გააგებინო, მაგრამ ვერ ხვდებიან და მაინც არასწორი გზით მიდიან.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ამ პოლარიზებამ, ორად თუ სამად გახლეჩამ ყურადღება გადაიტანა და შეჭამა სხვა მნიშვნელოვანი რაღაცები, მაგალითად, აღარ იწერება ახალი სიმღერები, აღარ იღებენ ახალ ფილმებს – ეს ინდუსტრია სულ მოკვდა. რაც შეეხება გადაცემებს, პოლიტიკური ხუმრობების გარდა, სხვა აღარ მუშაობს, ყოფითი იუმორი პოლიტიკურმა იუმორმა შეჭამა... მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოებას კულტურული საკვები აღარ მიეწოდება.

– სიყვარული არის...

– წრფელი და უსასრულო.

– რთული პერიოდი...

– 2008 წლიდან მოყოლებული რამდენიმე წელი ძალიან რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ეს ყოფით პრობლემას ეხება. მე და ჩემმა მეუღლემ ბანკში ავიღეთ დიდი სესხი და მშენებარე ბინაში შევიტანეთ ფული. ამ დროს დაიწყო კრიზისი, მაშინ სარეკლამოში ვმუშაობდი, თუმცა დავკარგე შემოსავალი და ამას დაემატა ისიც, რომ კორპუსის მშენებლობაც გაჩერდა. ბანკში თანხა ყოველთვიურად უნდა გადაგვეხადა და მოკლედ, ახლა რომ ვიხსენებ, საიდან რას ვშოულობდი და ვახერხებდი არ ვიცი – ძალიან ძლიერი დარტყმა იყო ჩემთვის. ბინა შევინარჩუნეთ, თუმცა მშენებლობა დღემე არ დასრულებულა და ჯერ კიდევ ველოდებით კონტრაქტებს.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– არის ურთიერთობაში წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთოს ადამიანმა. კამათის დროსაც კი არ უნდა დაივიწყონ ერთმანეთის პატივისცემა. თუ ეს მოინგრა, ერთი მხარე ვერ ხედავს მეორეს და ამ წითელ ხაზს გადაკვეთს, ასეთი ადამიანი შეიძლება, საერთოდ ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან. წითელი ხაზი უნდა იყოს ორივე მხარისთვის და არც ერთმა არ უნდა გადაკვეთოს.

– ბოდიშის მოხდა...

– ცოტა დრო მჭირდება, რომ ბოდიში მოვიხადო. ზოგს მაშინვე შეუძლია მობოდიშება, მე ცოტა ანალიზი მინდა ამისთვის, სურათი უნდა დავინახო – რა, როგორ იყო.

– სამაგიეროს გადახდა...

– ზოგჯერ გადამიხდია, მაგრამ ძალიან მარტივად, მძიმე სიტუაციები არც მქონია.

– ვიტყუები...

– სულ მიწევს ხოლმე ტყუილის თქმა, მაგრამ გააჩნია ტყუილს, მთავარია ფუნდამენტურ საკითხებში არ თქვა ტყუილი: კაცი არ მოატყუო, ფულში და საქმეში არ მოიტყუო. ქალაქში მატყუარას სახელი ნამდვილად არ მაქვს. ყოფით ცხოვრებაში, ძმაკაცებთან ხუმრობით ტყუილი მითქვამს.

– თავისუფლება არის...

– როგორც კანონში წერია: თავისუფლება კანონის ფარგლებში. შესაბამისად, რომ ამბობენ: მე თავისუფალი ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამ, ასე არაა. არის დაწერილი და დაუწერელი კანონები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. თავისუფლება ნიშნავს, რომ სულით მონა არ იყო და ბრმად არ მისდევდე რაღაცებს თუ ვიღაცებს, თუმცა, უნდა გახსოვდეს, რომ მაინც ჩარჩოებში ხარ. ეს ჩარჩოები კი ლოგიკურია, თავისუფალი ადამიანი კი ამ ყველაფერს უნდა ხვდებოდეს.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ჩემმა პირველმა სცენაზე გასვლამ, მაშინ მივხვდი, საით უნდა წავსულიყავი. დავინახე, რა შემეძლო, რაღაც საკუთარ თავზე გამარჯვების მსგავსი შეგრძნება დამეუფლა.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ბევრი რჩევა იყო ცხოვრებაში – როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული. უცებ რაც გამახსენდა: რომ გეტყვიან, ფული მასესხეო, სჯობს, აჩუქო, მეორედ აღარ მოვა შენთანო (იცინის). კიდევ ერთი სახალისო რჩევაა, როცა გეტყვიან, დღეს უნდა იყო თამადა, უარს ნუ იტყვი, სხვისი ბჟუტურის მომენას ისევ შენის მოსმენა გერჩივნოსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი