შოუბიზნესი

ლექს-სენი: სამაგიეროს გადახდა მახასიათებს და თუ ვინმე დაიმსახურებს, ბოლომდე ვაგებინებ პასუხს

№52

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 04.01, 2022 წელი

ლექს-სენი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან 👇

სახელი: ალექსანდრე (ლექსო).

გვარი: ქავთარაძე.

პროფესია: რეპერი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბევრი რამ მახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ განსაკუთრებით ერთი ისტორია მაგონდება: ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, წესრიგი დიდად არ მიყვარდა, ქუჩაში დავდიოდი ხოლმე აქეთ-იქით. ერთხელაც ჩემს ძმას გავყევი ფეხბურთზე, ერთი ბავშვი არ მივიდა ვარჯიშზე და გუნდში მოთამაშე აკლდათ. მწვრთნელმა დამინახა და იკითხა, ვინ არისო. ჩემმა ძმამაც უპასუხა. მერე მკითხეს, თუ შემეძლო ბურთის გაგორება. იმდენად კარგად ვითამაშე, გუნდში დამამატეს, ამიყვანეს და უფასოდ მავარჯიშებდნენ. ტალანტი ხარო, ასე მეუბნებოდა მწვრთნელი.

– მშობლების როლი...

– საკმაოდ დიდი როლი აქვთ, განსაკუთრებით დედას. სკოლის დამთავრების შემდეგ მან დამაბრუნა ცივილურ სამყაროში და იმ უმოძრაობის პერიოდში უნივერსიტეტში ჩაბარებისკენ მიბიძგა, სწავლა-განათლების მნიშვნელობა მაგრძნობინა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– სპორტზე დავდიოდი და უფრო ამ მხრივ მქონდა ინტერესები, სპორტსმენი მინდოდა ვყოფილიყავი. მაშინ კარიერულ საკითხებზე დიდად არ ვფიქრობდი. კიდევ, ცხოველები მიყვარდა და ერთი პერიოდი კინოლოგობასაც ვფიქრობდი.

– ადამიანში ვაფასებ...

– სიმართლის სიყვარულს, პრინციპულობასა და ერთგულებას.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვისაც არ ეშინია საქმის კეთების, ზუსტად იცის საქმე, რომელსაც აკეთებს და ბუნებრივია, კარგადაც გამოსდის. პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი აუცილებლად იქნება წარმატებული, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მაინც პატრიოტიზმია ყველაზე დიდი წარმატება.

– მწამს...

– სიკეთის. ნამდვილად მწამს იმის, რომ კეთილი საქმე უკვალოდ არ ჩაივლის.

– მეშინია...

– სიკვდილის... ხშირად ვფიქრობ ხოლმე. სიცოცხლე ტკბილია და გენანება, ამიტომ გეფიქრება ადამიანს სიკვდილზე.

– ვრისკავ...

– 50-50-ზე, მეტ-ნაკლებად რისკიანი ვარ.

– მაკვირვებს...

– სიბრიყვე ადამიანებში და საკუთარ თავს რომ ატყუებენ...

– ვერიდები...

– გააჩნია შემთხვევას და სიტუაციას, ამ ეტაპზე მაქსიმალურად ვერიდები კონფლიქტებს. ვიცი ჩემი ემოციური მდგომარეობა და ვერიდები, რადგან შეიძლება, მერე სულ სხვა რამეში გადაიზარდოს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ბევრი რამის, მაგრამ პირველი, რაც თვალნათლივ ცხადია, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, დანაკლისია ერთობის, პრინციპულობისა და სახელმწიფოებრიობის გაგების.

– ბედისწერა...

– ნაწილობრივ ისაა, რასაც საკუთარ თავს თავად გაუკეთებ ან პირიქით – არ გაუკეთებ. შენი როლი საკუთარ ბედისწერაში დიდია, თუმცა ამ სამყაროში მარტო ჩვენ არ ვართ და შესაბამისად, გარკვეული რაღაცები სხვებზეც არის დამოკიდებული. გამოვრიცხავ იმას, რომ სადღაც დაწერილია თითოეული ჩვენგანის ბედი, რომელსაც მივყვებით.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– არის იდეა, რომელიც განვითარებასა და პოზიტივს ქადაგებს.

– მარტოობის განცდა...

– ხშირად მქონია. მსგავსი რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს. ზოგადად, მარტოობა არ მიყვარს.

– სიცოცხლე არ ღირს...

– ღირსების გარეშე – ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.

– სიყვარული არის...

– ურთიერთგაგება ყველგან და ყველაფერში. ურთიერთგაგება – ეს არის ყველაფრის საწყისი. თავად სიყვარულს კი შეიძლება, პოზიტიური სენი ვუწოდოთ.

– დრო და სიყვარული...

– ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ზოგ შემთხვევაში ქრება, ზოგთან ძლიერდება, ზოგთან კი ძველდება, იმ გაგებით, რომ წლებთან ერთად უფრო ტკბილი ხდება.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ღალატი. ჩემთვისაც უღალატიათ და ეს ყველაზე ცუდი განცდაა. ღალატში ვგულისხმობ ყველანაირ ღალატს, თუმცა უფრო მეგობრულს. ადამიანური ღალატია, როცა მეგობარი პრინციპებში და ღირებულებებში გიღალატებს.

– შემშურებია...

– არსებობს კეთილი და ბოროტი შური. კეთილი შური არის, როცა ხედავ ვიღაცის კარგს, თუმცა აღიარებ, გსიამოვნებს მისი წარმატება და ამბობ, რომ დამსახურებულად ეკუთვნის. მსგავსი განცდა მეც მქონია ხოლმე.

– სამაგიეროს გადახდა...

– მახასიათებს და თუ ვინმე დაიმსახურებს, ბოლომდე ვაგებინებ პასუხს. კეისარს – კეისრისა, ანუ ყველას თავისი კუთვნილი უნდა მიეცეს და მიეზღოს.

– ბოდიშის მოხდა...

– არანაირად არ მიჭირს. როცა დამნაშავე ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ვაღიარო. შენი სიამაყე, სწორედ, დაშვებული შეცდომის აღიარებით უნდა გამოხატო.

– ვიტყუები...

– ტყუილი არ მიყვარს და ყველაზე მეტად მას ვგმობ. ისეთი დიდი ტყუილი არასოდეს მითქვამს, ვინმე რომ დამეზიანებინა.

– ვაგროვებ...

– ვისკების კოლექცია მაქვს. 25 წლიდან დავიწყე მათი შეგროვება. დიდი არ არის, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობ.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ბევრი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც მართლა დაუვიწყარია და ძირითადად, სცენას უკავშირდება. ახლახან, 2021 წლის ოქტომბერში დიდი კონცერტი გაიმართა და არასოდეს დამავიწყდება, 15 000 ადამიანი ანთებული შუქებით ჩემთან ერთად მღეროდა – „ვისაც ჩემთან არ უნდა, სხვა გზით იაროს“. როცა გაზრდილი თაობა შენთან ერთად მღერის, ეს სულ სხვა განცდაა.

– თავისუფლება არის...

– შენი ნების გამოხატვისა და იდეების რეალიზების შეუზღუდაობა, თავისუფლება არის სიტყვა, რომელსაც ყოველთვის იტყვი და ვერავინ დაგიხშობს.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ცხოვრებაში არაერთი შემთხვევა იყო, რომელმაც გამოცდილება მომცა, მათ შორის საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა. მსგავსი მომენტები იწვევს ადამიანში გარკვეულ ცვლილებებს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– მამა მეუბნებოდა ხოლმე, სხვისი არაფერი გინდოდესო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი