შოუბიზნესი

ლაშა ჯოხაძე: შემიძლია, ძალიან დიდხანს ვითმინო, მაგრამ მერე ერთიანად ვამსხვრევ, ვჭრი და ვანგრევ ყველაფერს

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.11, 2022 წელი

ლაშა ჯოხაძე
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი ლაშა ჯოხაძესთან 👇

– ვინ არის ლაშა ჯოხაძე?

ლაშა ჯოხაძე: არ მინდა, თავმდაბლობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ვარ ძალიან, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უნდა სამყარო იყოს ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრი სიკეთე ტრიალებდეს ჩვენ გარშემო.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემთვის ძალიან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, შემოქმედებითად აქტიურ ფაზაში ვარ უკვე დიდი ხანია და ვიტყოდი, რომ ჩემთვის საოცნებო ცხოვრება მაქვს. სრულყოფილება ძალიან მოსაბეზრებელი მგონია, ამიტომ დაღლაც და სირთულეებიც, რაც ჩემს საქმეს ახლავს თან, ბედნიერების შემადგენელი ნაწილია.

– ბოლოს როდის იტირე და რატომ?

– საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ. ბოლოს ძალიან დიდი ემოციებით შარშანდელ მეჯლისზე მუშაობისას დავიტვირთე, ვგულისხმობ საშობაო მეჯლისს დადიანების სასახლეში. ყოველთვის ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავარ. მასშტაბები მუდმივად იზრდება და თვითონაც მიკვირს ხოლმე, ვაიმე, ეს როგორ გავაკეთე, ეს როგორ მოვასწარი? ამაზე საერთოდ არ ვაფიშირებ, მაგრამ ბევრჯერ ვყოფილვარ რთული ამოცანის წინაშე. მეჯლისი იყო ბოლო ძალიან დიდი მასშტაბის პროექტი და მას რომ ვუყურებდი, მართლა ვერ შევიკავე თავი, სენტიმენტები მომაწვა და ცრემლები წამომივიდა. პანდემია იყო და აბსოლუტურად ვერავის მოვაზომე კოსტიუმები, ყველაფერი ზეპირად გაკეთდა, თან ძალიან დიდი რაოდენობით. მეჯლისზე 168 წყვილი ცეკვავდა, არცერთი ნანახი არ მყავდა და ძალიან ვნერვიულობდი, ვის როგორ მოერგებოდა მისთვის განკუთვნილი კოსტიუმი. იმდენად მაგრად ჩაიარა ყველაფერმა, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, რომ მივხვდი, შეუძლებელი მართლა არაფერია. მთავარია, სულითა და გულით აკეთო საქმე.

„ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ უკვე წლებია, ვმუშაობ და მასაც, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ემოციურად ვუდგები, თუმცა, ბევრწლიანი გამოცდილების შემდეგ, ცოტა რობოტული ტიპიც ვხდები. მეჯლისი კი იმხელა სიახლე იყო, თან, ისეთი მასშტაბის – ნოე დამირეკავდა, პლუს ასი კოსტიუმი, პლუს 50 და ასე შემდეგ, განუსაზღვრელ რაოდენობაზე ავედით. თუმცა, იმხელა ექშენი იყო, შეუსვენებლად ვაკეთებდი და როცა კარგი შედეგი ვნახე, ცრემლები ვეღარ შევიკავე.

– გინდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი იყო?

– რატომაც არა? ყველა რაღაცისკენ მივისწრაფვით. მით უმეტეს, ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობა. ეს ცნობადობა ყიდის შენს პროდუქტს. გავლენაც არ არის ცუდი, მაგრამ მე რამდენად ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გავლენიანი იყოს, ეს სხვა საკითხია, ამისკენ სწრაფვა ნამდვილად არ მექნებოდა. ცნობილი – კი ბატონო, ამაში არაფერია ცუდი, ქედმაღლური ან ამპარტავნული. ასე რომ, სიამოვნებით.

– სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენია პაემანზე?

– არა, ძალიან სერიოზული ვარ. კურიოზები და მე ვერ ვართ ახლოს ერთმანეთთან (იცინის). სპონტანური ვარ, ძალიან ემოციური, ყველაფერს შეგრძნებებზე დაყრდნობით ვაკეთებ და არა წინასწარ გათვლითა და დაგეგმილად, მაგრამ პირად ურთიერთობებში ძალიან მკაცრი, მომთხოვნი და სერიოზული ვარ. შეხვედრაზე – პაემანი იქნება ის თუ სხვა სახის, თავი მიჭირავს და ვცდილობ, რაღაცები ვაკონტროლო, იქნება ეს ჩემი საუბარი, ჟესტიკულაციები თუ სხვა. მერე ვხვდები, რომ ასეც არ არის კარგი და ცოტა უნდა მოვეშვა. მოვეშვები და ყველაფერი ბალანსდება და გემრიელად მიდის.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– არ ვარ სასტიკი. ვერ ვიტან სასტიკ ადამიანებს. აგრესია და ნეგატიური ტალღები ძალიან არ მიყვარს. პირიქით, ძალიან მარტივად შემიძლია პატიება. ისეთ რამეს შემიძლია, სრული იგნორით ვუპასუხო, რაზედაც სხვამ შეიძლება, ყელი გამოჭრას ადამიანს. ამ დროს ძალიან კარგად ვხვდები, რომ ცხოვრებაში ასეთ სისასტიკედ არაფერი არ ღირს. სისასტიკე არა, მაგრამ იყო ჩემს ცხოვრებაში პირადი ურთიერთობა, რომლის დროსაც ცოტათი დაუნდობელი ვიყავი. ჯიუტი ადამიანი იყო. მე კი ვერ ვიტან, როდესაც რაღაცებს მკარნახობენ, როდესაც უნდათ, თავიანთ ჭკუაზე მატარონ. მაშინ მინდება, რომ პირიქით მოვიქცე და მე ვმართო ყველაფერი. ეს არ იყო ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ მასთან ასე მოქცევა მჭირდებოდა. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და შემიძლია, ძალიან დიდხანს ვითმინო, მაგრამ მერე ერთიანად ვამსხვრევ, ვჭრი და ვანგრევ ყველაფერს. ეს ცუდი თვისებაა, მაგრამ როდესაც ადამიანი თავის ცუდ საქციელს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდება, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ავუხსნა. დიდი ხანი ვიცდი და მერე ძალიან, ძალიან ფიცხი ვხდები. თუმცა, ასეთი ჩემს მეგობრებსაც კი ძალიან იშვიათად ვუნახივარ. ვისაც ვუნახივარ, უთქვამს, ამ დროს აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარო. თუმცა, ეს არ არის სისასტიკე, სიბოროტე და სამაგიეროს გადახდის მცდელობა, უბრალოდ, შეიძლება უშვერი სიტყვებით ამოვიღო ის ბრაზი, რომელიც შიგნით დამიგროვდა, თორემ ჩემგან მუქარა არავის გაუგია.

– საკუთარი თავის ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად რა მიგაჩნია?

– განსაკუთრებული მარცხი არ განმიცდია. მადლიერი ვარ სამყაროსი. ყველა ეტაპზე ჩემს მხარეს არის. გამოუვალ მდგომარეობაშიც მიპოვია გამოსავალი, შრომით წარმატებასაც მივაღწიე და ვთვლი, რომ კი, ჩემს პროფესიაში წარმატებული ვარ. შინაგანად კმაყოფილი ვარ იმის გამო, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს, რომელიც სხვებსაც მოსწონთ და არ მაკრიტიკებენ. თუმცა, კრიტიკაც ყოფილა. თავიდან რთულად შევხვდი. მერე მივხვდი, როცა შენი საქმე ამდენი ადამიანის წინაშე გამოგაქვს, ეს არ არის გასაკვირი. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ყველამ იცის, როგორ ჯობდა, მაგალითად – წითელი კაბა უნდა ჩაეცვა მანიკას, თუ ოქროსფერი. მიუხედავად ამისა, არ ყოფილა გამაღიზიანებელი კრიტიკა. ერთადერთი იყო გაჩეჩილაძის „ევროვიზიის“ კაბა, რომელსაც ძალიან დიდი განხილვა მოჰყვა. დავიღალე მითქმა-მოთქმით და ერთი „ფეისბუქპოსტით“, საკუთარი თავიც დავაოკე და ხალხიც. ყველაფერი მარტივად ჩაწყნარდა. თუმცა, არ ვარ ეპატაჟური ტიპი. ავირჩიე პროფესია, რომელიც ითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჩემთვის კომფორტულია, ვაკეთო საქმე, მაგრამ უკან ვიდგე.

– რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად და რისი არ გიყვარს?

– მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, ანუ ჩემი საქმე და არ მიყვარს სახლში ყოფნა. ძალიან ცოტა დროს ვატარებ შინ. არ მახსენდება დღე, როცა გარეთ არ გავსულვარ. დეპრესიაში მაგდებს დილიდან დილამდე სახლში ყოფნა. სახლში მოსვლა მიყვარს, ძალიან ბევრი საქმის კეთების შემდეგ, დაღლილ-დაქანცულს. მაგრამ წამოვწვე და ტელევიზორს ვუყურო, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. ძალიან აქტიური ტიპაჟი ვარ. სულ რაღაცის კეთების პროცესში მინდა ვიყო. მიყვარს, როდესაც ძალიან დაკავებული ვარ და ძალიან არ მიყვარს, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს. ძალიან გადაღლილი რომ ვარ, როცა ვხვდები, რომ ყოველგვარი ლიმიტი ამოვწურე, ორი დღე მყოფნის გონების დასასვენებლად. ჩემი დასვენება შეიძლება, იყოს გარეთ მარტო სეირნობა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირდაპირი ეთერი ან სხვა დატვირთული პროექტი ავიღოთ, მისი დასრულების შემდეგ, ძალიან გადაღლილი, პირდაპირ სახლში არ გავრბივარ. ღამის 2 საათი იქნება თუ 3, არ აქვს მნიშვნელობა, რაც მეტად დაღლილი და ემოციებიში ჩაფლული ვარ, გამოვდივარ და ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. პირდაპირ სახლში რომ მივიდე, ვერ მოვისვენებ. სიარულისას რაღაცებს ვაანალიზებ, კითხვებს პასუხს ვცემ, დარჩენილ ენერგიას ვხარჯავ მერე მოვდივარ შინ.

– რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ ისინი, ვინც კარგად გიცნობენ?

– ახლობლები და ოჯახის წევრები, ალბათ, ყველაზე მეტად გაკრიტიკებენ. მეგობრები – არა. იმიტომ კი არა, რომ ვცდილობ, გასაკრიტიკებელი არ ვიყო, თუმცა, სადღაც ვცდილობ კიდეც, როგორ არა. ვცდილობ, არ ვაწყენინო ადამიანებს. ძალიან პედანტი, მოზომილი და დიპლომატი ტიპი ვარ. შემიძლია, დიპლომატიური გზით სერიოზული კონფლიქტი გავანეიტრალო ყოველგვარი აგრესიის გარეშე. კრიტიკის ერთადერთი მიზეზი ჩემი მეგობრებისთვის ჩემი დაკავებულობაა.

– როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას ბევრი წლის შემდეგ?

– სიკვდილის მეშინია, რადგან არ ვიცი, რა ხდება მას შემდეგ. არ ვიცი, როგორ ვისურვებდი. ალბათ, სადმე კუნძულზე, მარტო. ისე, რომ ეს ამბავი ტრაგიკული არ იყოს. საერთოდ არ მიყვარს ტირილი, დრამა და ასე შემდეგ. ყველაფერში ვხედავ გამოსავალს. ოპტიმისტი ვარ, მჯერა, რომ ყოველთვის ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. სირთულეს აუცილებლად მოსდევს რამე კარგი, ეს ცხოვრებისეული კანონზომიერებაა. ერთი დღე თუ ცუდად ხარ, მეორე დღეს ძალიან კარგად ხარ, ეს ბალანსია. ამიტომ არც დასასრული მინდა დრამატული.

– საკუთარი ქმედება, რომლის გახსენებაზე, ახლაც ძალიან გრცხვენია?

– როდესაც ამ საქმის კეთება დავიწყე, ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდი. ჩემმა მაშინდელმა მკერავმა მომატყუა. მითხრა, რომ პიჯაკი, რომელიც დუტას უნდა ჩაეცვა, ბოლომდე დასრულებული იყო. როდესაც პიჯაკი პავილიონში მოიტანეს, ღილები არ ჰქონდა. გამოსწორების დრო აღარ იყო, წამებში ეთერში შევედით. დუტამ სცენიდან მაგრძნობინა, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იყო. მთელი პირდაპირი ეთერი, ისე ეჭირა ხელი და პლანშეტი ისე ჰქონდა პიჯაკზე აფარებული, რომ ვერავინ გაიგო, რომ მას ღილები არ ჰქონდა. დუტას ეს ქმედება არასდროს დამავიწყდება. მე ვიდექი ქვემოთ და მართლა მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, შიგ ჩავვარდნილიყავი და საერთოდ დასრულებულიყო ჩემი კარიერა. ისე ვინერვიულე, ისე მრცხვენოდა, ვფიქრობდი, საერთოდ რა მინდა, რასაც ვაკეთებ-მეთქი. ეს ჩემთვის უპატიებელი შეცდომა იყო. ვენდე ადამიანს და მომატყუა. მას დავემშვიდობე და მერე უფრო მეტად ყურადებიანიც გავხდი და უფრო მეტადაც ვაკონტროლებ ყველაფერს.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე?

– ავარიაში მოვყევი და რომ გავაცნობიერე, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, განვიცადე. თვითმფრინავის ფობია მაქვს, არადა, ძალიან ხშირად დავფრინავ. ლიფტში გავჭედილვარ და ეს შიშიც გამომიცდია. დეპრესიულ-ნევროზული შემოტევაც მქონია – რომ მგონია, უნდა დავეცე და მოვკვდე, პიკზე რომ ადის ორგანიზმი, მაგრამ ეს შიშიც გადამილახავს. შიშის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა ისწავლო ამასთან გამკლავება. რისიც გეშინია, ის უნდა გააკეთო და ამით აუცილებლად გამოდიხარ შიშიდან. ამიტომაც დავფრინავ ასე ხშირად (იცინის). სულ მოჭიმული ვარ, წუთებსა და წამებს ვითვლი, როდის დაფრინდება თვითმფრინავი და ღმერთს მადლობას ვუხდი, მაგრამ თანამედროვე სამყაროში გიწევს ამ ტანსპორტის გამოყენება და უნდა გადალახო ეს შიში. ერთხელ ძალიან რთული შემთხვევა მქონდა. ბარსელონადან მოვფრინავდი და ძალიან შემაწუხა ამ ფობიამ. თვითმფრინავს მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და მივხვდი, რომ აფრენილიყო, შეიძლებოდა, ძალიან ცუდად გავმხდარიყავი. ვთხოვე. მათაც გააჩერეს თვითმფრინავი და ჩამომიყვანეს. როგორც კი ავტობუსში ჩავჯექი და აეროპორტიდან სახლში გავეშურე, შიშის დასაძლევად, ავტობუსიდანვე ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი ოთხი დღის შემდეგ დანიშნულ ფრენაზე. არ მივეცი თავს საშუალება, დიდი პაუზა გამეკეთებინა.

– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც შეჯახებიხარ?

– როდესაც გეუბნებიან, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, პირში გიღიმიან და იგებ, რომ ზურგსუკან განადგურებს ადამიანი, რომელიც პირში ხოტბას გასხამს. ასეთ რამეებს ვერ ვეგუები, ჩემში დიდ პროტესტს იწვევს. პანდემიამდე, საქართველოდან ესპანეთში წასვლაც იმიტომ მოვინდომე, რომ მინდოდა ძალიან ნეგატიურ გარემოს გავცლოდი და გავნიავებულიყავი. ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი. რესტარტი გავუკეთე საკუთარ თავს. შორიდან ბევრი რამ დავინახე სხვანაირად. გული მწყდება, რომ ქართველებს გვახასიათებს დიდი დოზით ეს „ბულინგობანა“, კრიტიკა და ნეგატივში ვცურავთ. სირაქლემას პოზიციაც შეგიძლია, დაიჭირო, მაგრამ ძალიან უემოციო ადამიანი უნდა იყო, რომ მუდმივად „გატარება“ შეგეძლოს. მე ძალიან ემოციური, მელანქოლიკი და ცოტა დეპრესიული ვარ. ამის გამო რაღაც მომენტში ცხოვრების ხალისიც დავკარგე. არ არის აუცილებელი, ეს პირადად შენ გეხებოდეს, ისიც საკმარისია, ყოველდღიურობაში ხედავდე, ადამიანები რა მარტივად წირავენ და კლავენ ერთმანეთს. მატერიალისტი ტიპი არ ვარ და ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია დიდებისკენ სწრაფვა და ფინანსური ინტერესით ათასი საშინელების ჩადენა, სულიერი მხარე ბევრად მნიშვნელოვანია.

ქეთი კაპანაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი