შოუბიზნესი

ლალი ტოტიკაშვილი: დაბერება ბედნიერება მგონია

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 05.10, 2021 წელი

ლალი ტოტიკაშვილი
დაკოპირებულია

როგორი გაატარა წლევანდელი ზაფხული, რატომ არ ეშინია ასაკის მატების და როგორი დიასახლისია ლალი ტოტიკაშვილი, ამაზე ულამაზესი მოდელი თავად მოგვიყვება.

ლალი ტოტიკაშვილი: გამომდინარე იქიდან, რომ რთული პანდემიური მდგომარეობა გვქონდა, ოჯახი ძალიან ვფრთხილობდით. მთელი ზაფხული ქალაქგარეთ, აგარაკზე გავატარეთ. აგვისტოში ზღვაზე წავედით, მაგრამ იქაც ძალიან იზოლირებულად ვისვენებდით. ასე რომ, წელს გართობაზე უარი ვთქვით. არ ვიცი, ამ სტრესულ ფონზე რამდენად შესაძლებელია დასვენება, მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ. ჩემთვის დასვენება იდეალური მაშინაა, როცა კარგი განწყობაა, ოჯახთან ერთად კარგ ადგილას მიდიხარ, იქ მეგობრებსაც ხვდები და არდადეგებს აქტიურად ატარებ.

– საზღვარგარეთ შოპინგის დროს, რაც დასვენებას ახლავს ხოლმე თან, თანხის კონტროლი არ გიჭირთ?

– სხვათა შორის, არ მიჭირს. შოპინგი საოცრად მიყვარს და ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო თერაპიაა. თუმცა, ჩემს ბიუჯეტს ყოველთვის ვაკონტროლებ, მფლანგველი ნამდვილად არ ვარ. რაც მომწონს და მჭირდება, მხოლოდ იმას ვყიდულობ.

– არც თავის მოვლის საშუალებებში გიჭირთ თავის შეზღუდვა?

– არასდროს მიყიდია ისეთი რამ, რაც არ მჭირდება. წლების განმავლობაში, ზუსტად ვისწავლე, თავის მოვლის საშუალებებიდან რა მჭირდება, რა არის ჩემთვის კარგი და მაქვს „ჩემი ბრენდები“, რომლებიც მიხდება და მხოლოდ მათ ვყიდულობ. იმაში, რაც არ მჭირდება, ფულს არასდროს გავფლანგავ და საბედნიეროდ, ზუსტად ვიცი, რა მინდა.

– თქვენგან თავის მოვლის პატარ-პატარა საიდუმლოებებს ველოდები სახლურ საშუალებებთან დაკავშირებით...

– სამწუხაროდ, ასეთები ნაკლებად მაქვს (იცინის). ძალიან არ მიყვარს სახლში თავის მოვლის საშუალებების დამზადება. მირჩევნია, მზა პროდუქცია ვიყიდო. აუცილებელი არ არის, მაღალბიუჯეტიანი იყოს, შეიძლება, საშუალო ან ძალიან დაბალფასიანიც, მაგრამ თუ ვიცი, რომ ის ჩემი კანისთვის კარგია, ღირებულებას არ აქვს მნიშვნელობა. სახლში რაღაცების სახეზე დადება და ნიღბების მომზადება ძალიან მეზარება (იცინის).

– რა არის ქალის სილამაზისთვის მთავარი?

– პირველ რიგში, შინაგანი სამყარო. როდესაც შინაგანად პოზიტივსა და სიკეთეს ასხივებ, ეს გარეგნობაზეც საოცრად აისახება და ამიტომ შინაგანი მდგომარეობა ჩემთვის პირველ ადგილას დგას. ამის შემდეგ, შეძლებისდაგვარად, თავის მოვლა – ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სახლში დამზადებული თავის მოვლის საშუალებებიც არაჩვეულებრივია, იმას არ ვამბობ, რომ მას შედეგი არ მოაქვს, უბრალოდ, მე ვარ ზარმაცი ამ თვალსაზრისით (იცინის). ნებისმიერ პირობებში შეიძლება, მოვლილები ვიყოთ.

– როგორ უნდა მოიპოვო შინაგანი ჰარმონია, როცა გარშემო სრული ქაოსია?

– კი, საშინელება ხდება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოდის დიდი აგრესია ადამიანებისგან და ეს ყველაზე ცუდად მოქმედებს. ძალიან რთულია, მაგრამ მაინც უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ ყველაფერმა არ დაგვრთგუნოს. ალბათ, ეს ადამიანზეც არის დამოკიდებული, მაგრამ პირადად მე არასდროს ვკარგავ ბალანსს. ვცდილობ, ყოველი დღით ვისიამოვნო. დილით რომ ავდგები, ფანჯარაში გავიხედავ და დავინახავ, კარგი ამინდია და მზე ანათებს, უკვე კარგ ხასიათზე ვარ. ჩემთვის ესეც კი საკმარისია. ამ საკითხს ცოტა უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ – არაფერი არ ღირს ნერვიულობად, მთავარია, შენი საყვარელი ადამიანები იყვნენ კარგად. ნებისმიერ ცუდში დადებითის დანახვა უნდა შეგვეძლოს. პირადად მე გამომდის, ყოველთვის კარგს ვეძებ ადამიანში და მის ცუდ მხარეზე არასდროს ვამახვილებ ყურადღებას. როცა სამყაროს მიმართ დადებითად ხარ განწყობილი, უკანაც იგივე გიბრუნდება.

– შვილებთან როგორი ხართ?

– ვფიქრობ, რომ მკაცრი არ ვარ. ჩემი შვილების აზრს პატარაობიდანვე ვითვალისწინებ და ყოველთვის ისე ვმსჯელობ მათთან ერთად, როგორც ზრდასრულებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. არ შეიძლება, შვილებს ის დავაძალო, რაც მე მინდა მათთვის. იქნებ მათ სრულიად სხვა რამ უნდათ, ეს ხომ მათი ცხოვრებაა?! ბიჭი 15 წლის არის, გოგო – 12-ის. საკმაოდ რთულ ასაკში არიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გვიჭირს, ყველაფერს ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ვლახავთ.

– დედამთილის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენიათ თავი? როგორი უნდა იყოს ლალის რძალი?

– ვაიმე, ჯერ არ ვფიქრობ ამ საკითხზე! ზუსტად ვიცი, რომ არ ჩავერევი მათ ურთიერთობაში. ჩემმა შვილმა უნდა აარჩიოს, როგორი ადამიანი უნდა გვერდით. მთავარია, ის იყოს ბედნიერი და ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იქნება. არა მგონია, ტრადიციული გაგებით „დედამთილი“ ვიყო (იცინის).

– განიცდით ასაკის მატებას?

– სასიამოვნო არ არის, როცა უკვე გრძნობ, რომ დიდი ხარ და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიხარ, მაგრამ ეს არის ჩვენი კანონზომიერება და პრობლემურად არ ვუყურებ. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და დაბერება ბედნიერება მგონია. ამაში არაფერია საშიში და სანერვიულო.

– ახალ სახლში გადახვედით?

– არა, ეს ჩვენი აგარაკია ლისზე. ამ სახლში წელს პირველად გავატარეთ ზაფხული. მე რემონტის ყველა დეტალში ჩართული ვიყავი, მინდოდა, ჩემზე მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. ძალიან მიყვარს ნათელი ფერები, მაგრამ რადგან თბილისის სახლში ყველაფერი თეთრსა და ღია ფერებში მაქვს, გადავწყვიტე აგარაკზე ცოტა სიახლე შემომეტანა. სახლი ნათელ ფერებში გავაკეთეთ, მაგრამ ავეჯში ღია ნაცრისფერი და ხის ფერები შევიტანე. მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული გამოსულიყო, თორემ ჩემთვის ნათელი ფერები გაცილებით სასიამოვნოა. ძალიან დიდი სიამოვნებაა რემონტისთვის მასალის, ავეჯის არჩევა. მგონია, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დიზაინერ-არქიტექტორი. ბევრს თრგუნავს ეს პროცესი და მე – პირიქით, ძალიან მაბედნიერებს.

– როგორი დიასახლისი ხართ?

– სამზარეულოში ყველაფერი კარგად მაქვს, ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებ, ძალიან მიყვარს სიახლეები. ყოველთვის ვცდილობ, სადმე თუ რამე მომეწონა, რეცეპტი მოვიპოვო და სახლში მე თვითონ მოვამზადო. ტრადიციული ქართული სამზარეულო ნაკლებად მხიბლავს. ქართული კერძები დედაჩემის საქმეა, დანარჩენი – ჩემი (იცინის). სახლში საკმაოდ დიდ დროს ვატარებ. საბედნიეროდ, სამსახურსა და ოჯახურ საქმეებს ძალიან კარგად ვათავსებ ერთმანეთს.

P.S. ფოტოების ავტორი – ანა კოსტომაროვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი