შოუბიზნესი

ლალი გუშიკაშვილი: რაც მოკლე შორტი და მოღებული მაისური მაქვს, ყველა ჩემი ქმრის ნაჩუქარია

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 18:10 30.11, 2020 წელი

ლალი გუშიკაშვილი
დაკოპირებულია

მოდელ ლალი გუშიკაშვილს არასოდეს დაუცავს დიეტა, წონის შენარჩუნებას აქტიური ცხოვრების წესით ცდილობს. არც ზედმეტ კოსმეტიკურ პროცედურებს მიმართავს და მიაჩნია, რომ ადამიანის გარეგნულ სიმალაზეს მხოლოდ სამწუთიანი ეფექტი აქვს და მთავარია მისი აურა და შინაგანი სამყარო. ლალი საქართველოში მაღალანაზღაურებადი მოდელია, საკმაოდ დაკავებულია და მიუხედავად დროის სიმცირისა, ოჯახის საქმეებსაც თავად უძღვება.
ლალი გუშიკაშვილი: ძალიან მორიდებული და მორცხვი ბავშვი ვიყავი. სკოლაში ვსწავლობდი და იმავდროულად, მუსიკალურ და სამხატვრი სკოლაშიც დავდიოდი. მაღალი და ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი და სიმაღლის კომპლექსის გამო სულ მოხრილი დავდიოდი. 14 წლიდან, 1,80 ვარ სიმაღლეში. მეცხრე კლასში „მის სკოლა გავხდი“, „მის საქართველოზეც“ მიმიწვიეს, მაგრამ იმ კონკურსზე არ გავედი. არ მინდოდა, პოდიუმი არ იყო ჩემი, უფრო სწავლა მინდოდა. მაშინ მამაჩემმა თქვა: ამ ბავშვს მონაცემები აქვსო. თუმცა, მორცხვი ვიყავი, დაკომპლექსებული და არც მოდელობა მაინტერესებდა. თან, ჩემი თავი უშნო მეგონა. 16 წლის ასაკში, სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, გობელენებზე და მაშინ ძალიან მოვიხარე წელში, მოკუზული დავდიოდი. დედაჩემმა იფიქრა: სამოდელო სკოლაში შევიყვან, ბავშვი ცოტა გაიხსნება, სიარულს ისწავლისო. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი სამოდელო სფეროში. მაშინ, ფესტივალები ტარდებოდა და 2-3 კვირაში, ისე რომ სიარულიც არ ვიცოდი, დამაჭერინეს დიდი მარაო, ავიფარე სახეზე, თან ვტიროდი და ასე  გამოვედი პოდიუმზე (იცინის). სირცხვილითა და ცრემლებით შემოვიარე პოდიუმი, ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა. აქედან, საკმაოდ პატარა ასაკში, დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. ვიყავი მოდელი, გამოვდიოდი პოდიუმზე, თუმცა, ეს სფერო არასოდეს იყო ჩემი და ხშირად მითქვამს ჩვენებებში მონაწილეობაზე უარი. იძულებით გავდიოდი ხოლმე. უფრო, გართობის სახით ვუყურებდი, სერიოზულად – არა. სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ვიყავი წარმატებული სტუდენტი და მთლიანად ამ სფეროში გადავვარდი. მაგისტრატურაც დავამთავრე და წითელი დიპლომიც მაქვს. 
– თქვი, მქონდა კომპლექსი, ტირილით გამოვდიოდი პოდიუმზე და ეს სფერო ჩემი არ იყოო. თუმცა, დღეს საკმაოდ ძვირად ღირებული მოდელი და ინფლუენსერი ხარ. 
–  ეს მოიტანა ასაკმა. აკადემიის დამთავრების შემდეგ გავთხოვდი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმრისგან პრობლემა არ შემქმნია, არცერთ ჩვენებაზე აღარ გამოვსულვარ. 14 წელი მქონდა პაუზა, არც გადაღებებზე მიმიღია მონაწილეობა და არც პოდიუმზე გამოვსულვარ. მთლიანად ოჯახს ვუთმობდი დროს, ბავშვებს ვზრდიდი. თან, ჩემი მეუღლე, მიხეილ ხუციშვილი ყოფილი ფეხბურთელია და სადაც უწევდა თამაში, ჩვენც იქ მივყვებოდით. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრება. საქართველოში რამდენიმე წელია, დავბრუნდით. ხშირად მპატიჟებდნენ გადაღებებზე, თუმცა, უარს ვამბობდი. მოკლედ, დადგა საკითხი, რომ მუშაობა უნდა დამეწყო. ამხნიანი პაუზის შემდეგ არ არის მარტივი, თავიდან ააწყო კარიერა, თუმცა შევძელი. დავთანხმდი ერთ გადაღებას, შემდეგ – მეორეს, მერე პოდიუმზე გამოვედი, ჩვენება გავხსენი და დღეს ექვსი სამსახური მაქვს, ბევრი კომპანიის სახე ვარ. არც დამიგეგმავს და ვერც წარმომედგინა, რომ 38 წლის ასაკში თავიდან დავიწყებდი სამოდელო აქტიურ და წარმატებულ ცხოვრებას. თუმცა, ეს მარტივი არ ყოფილა, ამისთვის ბევრს ვშრომობ.  40 წლის ვარ და ყოველ დილით 6 საათზე ვდგები, ვვარჯიშობ, ორ შვილს ვუვლი, სამსახურის საქმესაც ვასწრებ, გადაღებებსაც და ფორმაში ყოფნასაც. ჩემს ასაკს რომ ვამბობ ხოლმე, ბევრს უკვირს. არასოდეს დამიმალავს ჩემი ასაკი. ვფიქრობ, არ ვგავარ პატარას, უბრალოდ, ჩემი ასაკისთვის კარგად გამოვიყურები.
– საკმაოდ თამამი ჩაცმის სტილი გაქვს. ამის გამო ქმარი არ ეჭვიანობს, მისგან არ გაქვს შეზღუდვები?
– არასოდეს. ჩემს მეუღლეს არ აქვს გართულება ჩემს თამამ ჩაცმულობაზე. რაც მოკლე შორტი და მოღებული მაისური მაქვს, ჩემი ქმრის ნაჩუქარია (იცინის). ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან: ძალიან ამოღებული და მოკლე გაცვია, მაგრამ ვულგარული არასოდეს ხარო. ჩემს ასაკში თამამი ტანსაცმლის მორგება, ალბათ, ბევრისთვის არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ მე ვიხდენ, მომწონს და თან, არც ვულგარულად გამოვიყურები. ალბათ, ის დროც მოვა, როცა ვეღარ ჩავიცვამ, ამიტომ ახლა ვასწრებ (იცინის). ბევრი მეკითხება, ალბათ, ჩაცმაში ბევრ ფულს ხარჯავო... არადა, ყველაზე ბევრ ფულს ჭამაში ვხარჯავ (იცინის). კარგი მზარეული ვარ, გურმანი. თავად დავდივარ პროდუქტის საყიდლად და თავად ვამზადებ. კარგი ფეხსაცმლის ყიდვას მირჩენია, ტაფა ვიყიდო ან თეფში. სხვათა შორის, სულ მალე ცნობილი კაფეებისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელებში ჩემი შედგენილი და დამზადებული საუზმეები იქნება. გარდა ამისა, რადიოწამყვანიც გავხდი და ვცდილობ, ბიზნესში წარმატებული, ახალგაზრდა ადამიანები გავაცნო საზოგადოებას. ეს ახალი გამოწვევაა. თავიდან შემეშინდა, დავიბენი, თან არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ იმდენად საინტერესო პროექტია, უარი ვერ ვთქვი.

lali-gushikashvili_o_h.jpeg– გამხდარი ხარ და თან ამბობ, გურმანი ვარ, ჭამა მიყვარსო. გიწევს მკაცრ დიეტებზე ყოფნა?
– არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე, მაგრამ სულ ასეთი გამხდარი ვიყავი. თუმცა, 40 წლის ასაკში უკვე გოგო აღარ ხარ, ქალი ხარ და რაციონში რაღაც-რაღაცების შეზღუდვა მეც დავიწყე. ალბათ, ჩემი გარეგნობით სტერეოტიპებს ვარღვევ, მაგრამ კიდევ ვამბობ, იგივე წონა და იგივე პარამეტრები მაქვს, როგორიც 20 წლის ასაკში მქონდა და. ბევრი ამბობს: ქალს ქალური ფორმები უხდებაო. მე მინდა, ისევ გოგოს ფორმები მქონდეს და არა ქალის და ამისთვის, ბევრს ვშრომობ – ვვარჯიშობ, ბევრ წყალს ვსვამ, არ ვეწევი, ნახშირწყლები დავწიე, შაქარს აღარ ვიღებ, ფეხითაც ბევრს დავდივარ. ეს მარტივი არ არის, თუმცა, შესაძლებელია. თან, ექვსი სამსახურის გამო სულ გადარბენაზე ვარ. ამ შრომის ფასად კი მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერი ვარ. თუმცა, თუ პროდუქტი ან კომპანია არ მომწონს, თანამშრომლობაზე უარს ვამბობ. სხვათა შორის, წლების მატებამ, ბევრი რამ მასწავლა და მომიტანა, გარშემო დამიტოვა თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ ერთგული და საუკეთესო მეგობრები.
– წონა გასაგებია, მაგრამ კანს როგორ უვლი და რა ასაკიდან დაიწყე აქტიურად კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება?
– 35 წლის ასაკში დავიწყე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, თუმცა ზომიერად. არ მაქვს გადაჭარბებული გაფანატება ინიექციების მიმართ და ყოველთვე არ ვიკეთებ. წელიწადში ერთხელ ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ, მაგრამ სახის კანის გადაჭიმვა-გადაბიჟვინება და ზედმეტი ჩარევები არ მიყვარს; თან, არც მჭირდება. ძალიან „გაპაპსავებულია“ ჩემი ტუჩი, მაგრამ ბავშვობიან ასეთი ტუჩები მაქვს. ჩემს ბავშვობაში არ იყო ასეთი ტუჩები მოდაში და მაკომპლექსებდა. ხან იხვის ტუჩას მეძახდნენ და ხან ბატის (იცინის). უბრალოდ, სუნთქვის პრობლემა მქონდა და ცხვირის კეხი გავისწორე. სულ ესაა. 40 წლის ქალი ვარ და წელიწადში ერთხელ ინიექციებს თუ გავიკეთებ, ჩვეულებრივი მომენტია.
– ერთხელ თქვი: სილამაზე მხოლოდ კარგი გარეგნობა არ არის, მას სამწუთიანი ეფექტი აქვსო. ეს რას ნიშნავს?
– გარეგნობას მართლა სამწუთიანი ეფექტი აქვს. მთავარია, როგორი აურა გაქვს, შინაგანად როგორი ხარ, რა გონებისა და თვისებების პატრონი. თუ ადამიანი საინტერესო და ღრმა არ არის, მისი გარეგნობის ეფექტი, დამიჯერეთ, მართლა სამწუთიანია. შენი თვისებები უფრო მოსწონთ ადამიანებს, ვიდრე შენი ცხვირ-პირი, სიგამხდრე და სიმაღლე. შინაგანად უნდა იყო მდიდარი, გქონდეს ტვინი და ტვინის იქით – შინაგანი სამყარო. ძალიან მაღიზიანებს ლამაზი და უტვინო ქალი. ჭკვიანი ხალხი მიყვარს.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ანა კოსტამაროვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი