შოუბიზნესი

ლადო გამყრელიძე: ორივე ერთად გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები, თან ერთი სოფლიდან ვართ

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 28.11, 2022 წელი

ლადო გამყრელიძე
დაკოპირებულია

ორი ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე – მეგობრები, თანაგუნდელები და ერთი სოფლის მკვიდრები – ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე ჩემპიონები გახდნენ. მათ თავისუფალ ჭიდაობაში 23 -წლამდელთა ჩემპიონატზე ჩემპიონობა ერთმანეთის მიყოლებით მოიპოვეს და ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარეს.

ლადო გამყრელიძე: მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველმა ჩემმა გუნდელმა – გიორგი ელბაქიძემ მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ მე ორმაგად მოტივირებული და გახარებული გავედი საასპარეზოდ. რა თქმა უნდა, მეც მინდოდა, მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი და მიხარია, რომ იმედები გამიმართლდა.

მთელი ერთი წელი ვემზადებოდით ჩემპიონობისთვის. სულ შეკრებები გვქონდა, შეიძლება, ითქვას, სახლში საერთოდ არ ვყოფილვართ და სიმართლე გითხრათ, ველოდით ამ შედეგს. პირდაპირ გეტყვით, ჩემპიონობისთვის ვიყავით წასულები და ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ვგეგმავდით.

– წლების წინ, წარმოგედგინათ, გიფიქრიათ ან გიოცნებიათ, იმაზე, რომ შეიძლებოდა, ორივე მსოფლიოს ჩემპიონები გამხდარიყავით, თან ერთად?

– მე და გიორგი პატარაობიდანვე ერთად მოვდივართ, ერთ სოფელში ვცხოვრობთ. თავიდან დავიწყეთ ვარჯიში არა იმიტომ, რომ ვიცოდით, ასე მოხდებოდა, უბრალოდ, მშობლებმა სპორტზე ჯანსაღი ცხოვრების წესის სიყვარულის გამო მიგვიყვანეს. ყველაფერი იქიდან დაიწყო. საფეხურს საფეხური ემატებოდა და ამ შედეგამდე მოვედით. ყველას მადლობას ვუხდით, რადგან ამ შედეგს ბევრი შრომა სჭირდება როგორც ოჯახის, ისე გულშემატკივრისა და მწვრთნელის მხრიდან.

– მშობლიურ ამბროლაურში როგორ შეგეგებნენ გულშემატკივრები?

– აეროპორტშიც ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხვდა, განსაკუთრებით რაჭველები. ძალიან ბედნიერები ვიყავით იმის გამო, რომ მათი გახარება შევძელით. როცა რაჭაში ჩავედით, იქაც ძალიან სასიამოვნო დახვედრა მოგვიწყვეს.

– როგორ დაიწყო ყველაფერი, რა ასაკიდან დაიწყეთ სპორტული ცხოვრება?

– 7 წლის ვიყავი, როცა მამამ ჭიდაობაზე მიმიყვანა. საკმაოდ კარგ შედეგს მოვაღწიე. თავიდან ცოტა გვიჭირდა, არ იყო ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ შრომის ხარჯზე გამოვიდა. შეჯიბრებაზე მესამე ადგილიც ამიღია, ზოგჯერ საერთოდ, საპრიზო ადგილის გარეშე დავრჩენილვარ. გული ბევრჯერ გამიტყდა, მაგრამ არ დავნებებულვარ. შრომამ და ვარჯიშმა, წინსვლა და ოქროს მედლები მოგვიტანა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაფერი უკეთესად გაგრძელდება.

– სოფელში რამდენად გქონდათ პირობები?

– ჩვენ ოთხი წელი ამბროლაურში, ერთ პატარა დარბაზში ვვარჯიშობდით, ყოველგვარი პირობების გარეშე. გათბობაც კი არ გვქონდა და სიცივეში გვიწევდა ვარჯიში. მაგრამ 2012 წელს აგვიშენეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზი და დღეს თუ სადმე შეიძლება, კარგად მოემზადოს ადამიანი, ერთ-ერთი რაჭის სკოლაა. 2019 წელს თბილისში გადმოვედით, ასე იყო საჭირო ჩვენი განვითარებისთვის და მას შემდეგ აქ, ფალავანთა კლუბში ვვარჯიშობთ.

– მატერიალურად რამდენად ძლიერ ზურგს მოითხოვს ასეთი წარმატება, სანამ ამ შედეგამდე მიხვალთ?

– არავინ გვაფინანსებდა და შესაბამისად, შეჯიბრებაზე წასასვლელი ფული არ გვქონდა ხოლმე. ოჯახი ჯიბის ფულს იღებდა და ჩვენ გვაძლევდა. არაერთხელ დაგვხმარებია ჩვენი გულშემატკივარი, ზოგი, მაგალითად, საწვავით, რომ შეჯიბრებამდე მივსულიყავით. ძალიან რთული პერიოდები იყო, მაგრამ ბევრი ბრძოლით გადავლახეთ.

– მატერიალურის გარდა, რა სირთულეები შეგხვდათ ამ გზაზე?

– ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას თან ახლავს ტრავმები. ტრავმა არის ის, რასაც შეუძლია, დაგაბრკოლოს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სხვას, ალბათ, ყველაფერს გაუმკლავდები. არ არსებობს ისეთი რამ, რომ ვერ გამოგივიდეს. მნიშვნელოვანი ტრავმები მქონია. საქართველოს ჩემპიონატამდე ათი დღით ადრე გავიგე, რომ მუხლი საოპერაციო მქონდა. ექიმმა ისიც კი მითხრა, რომ არ უნდა გამოვსულიყავი, რადგან ჭიდაობისას რა მომენტში გამიწყდებოდა მენისკი, არავინ იცოდა. თუმცა, შემდეგ ვიმკურნალე და დღეს ჯანმრთელად ვარ. იმ ჩემპიონატზეც არ შემშლია ხელი. ცოტა მტკიოდა, მაგრამ ეგ არაფერი. გამარჯვების მოსაპოვებლად ვიყავი წასული და სადაც საჭიროა, იქ ტკივილი გავიწყდება.

– წარმატებასთან ერთად, გზად წარუმატებელი პერიოდებიც გხვდებათ. როგორ მოქმედებს ეს ფსიქიკაზე?

– ეს ყველაზე რთული რამაა. მე სამი წელი მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი არ მქონდა. მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ მედალი ვერ მოვიპოვე. ამის მიუხედავად, ფარ-ხმალს არ ვყრიდი. იმედი მქონდა. სამწუხაროდ, ყოველთვის ერთი ნაბიჯი მაკლდებოდა გამარჯვებამდე და ეს ყველაზე რთული მომენტია. ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გაუმკლავდე და არ დანებდე. ამჯერად, როგორც იქნა, ნავსი გავტეხე.

– ახლა, ალბათ, ყველაზე ბედნიერი თქვენი მწვრთნელია – სამშობლოში ორი ჩემპიონით დაბრუნდა.

– ლევან ბარსონიძე – ჩვენი მწვრთნელი, ჩვენი ყველაზე ახლო და ერთგული ადამიანია, დარბაზს გარეთ მეგობრები, ხალიჩაზე კი მოსწავლე და მასწავლებელი ვართ. ის ყველანაირად გვერდში გვიდგას, მათ შორის ფინანსურადაც. თბილისში რომ გადმოვედით, მის ბინაში ვცხოვრობდით. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდეთ. მარტო თვითონ კი არა, მთელი მისი ოჯახი გვერდით გვედგა.

– რა შეცვალა თქვენთვის მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტულმა?

– თავიდან ვერ აღვიქვამდი, რა მოხდა. გიორგის მოგების შემდეგ, რამდენიმე წუთში შევედი მეც და იმავე შედეგით რომ გამოვედი, გიორგი გაბადრული სახით მეძახდა მსოფლიოს ჩემპიონები ვართო. ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მანამდეც, შესასვლელად რომ ვემზადებოდი და გიორგი საქართველოს დროშაშემოხვეული დავინახე, ორმაგად დიდი სტიმული მომეცა. არ მჯეროდა, რომ ჩვენი დიდი ოცნება ახდა – მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ გვითქვამს: ნეტა, ოდესმე თუ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები? ან ნეტავ, როდის მოვა ჩვენი ჯერიო? ბედნიერება ის არის, რომ ორივე ერთად გავხდით ჩემპიონები. თან, თანსოფლელები ვართ. ერთს რომ მოეგო და მეორეს წაეგო, ძალიან რთული იქნებოდა. ორივეს ჩემპიონობა კი ორმაგად სასიხარულოა.

– თქვენი წარმატებები გოგონების ყურადღებასაც იქცევს და ალბათ, აქტიურობენ.

– ზუსტად მაშინ არ უნდა იჩქარო, როცა გოგოები აქტიურობენ (იცინის). ყველაზე დიდი პატივი იმას უნდა სცე, ვინც თავიდანვე შენ გვერდითაა, მანამ, სანამ რამე გახდები. მომავალშიც შეიძენ მნიშვნელოვან ადამიანებს, მაგრამ დიდ პატივს ვცემ მათ, ვინც მაშინ გიდგას გვერდით, როცა არაფერი არ ხარ – ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია.

– გყავთ შეყვარებული?

– მყავდა, მაგრამ უკვე წარსულის ისტორიაა.

– კარიერა ხელს გიშლით პირად ურთიერთობებში?

– ძალიან რთულია, რადგან ფაქტობრივად, მხოლოდ სპორტისთვის ცხოვრობ. შენთვისაც რთულია და საყვარელი ადამიანისთვისაც, რადგან ფაქტობრივად, ვერასდროს ნახულობ. მხოლოდ ტელეფონზე საუბარი არ არის საკმარისი.

– ისეთი ასაკი გაქვთ, როცა გართობაზე უარის თქმა ყველაზე მეტად რთულია. როგორ უმკლავდებით ცდუნებებს?

– ძალიან დიდი სამეგობრო გვყავს და ბევრჯერ უსაყვედურიათ, ხომ შეიძლება, ერთხელ თქვენთან ერთადაც წავიდეთ სადმე და გავერთოთო?! დაბადების დღეებზეც კი ერთი სათით მივდივართ და როცა გართობა იწყება, ჩვენ ზუსტად მაშინ მოვდივართ, იმიტომ რომ მიზანი გვაქვს და ამ მიზნიდან ოდნავ გადახვევაც კი ძალიან დაგვაზარალებს. რთულია ჩვენთვისაც, მეგობრებისთვისაც, გულიც ბევრჯერ დასწყვეტიათ, მაგრამ სხვა გზა არ არის. საბედნიეროდ, დაფასდა ჩვენი შრომა, ორმაგად ბედნიერები ვართ, როცა ამდენი გულშემატკივრის ბედნიერებას ვხედავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი