შოუბიზნესი

ქრისტინე მარტიაშვილი: რაც უნდა ჩავიცვა, ჩემი ვიზუალი მაინც „ყვირის“

№6

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 17.02, 2021 წელი

ქრისტინე მარტიაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი სულ მალე საქართველოს დატოვებს და მუსიკალურ კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. თუ სად, ამას საიდუმლოდ ტოვებს, რადგან საკუთარი ცვალებადი ხასიათის გამო, არ არის გამორიცხული, გეზი შეიცვალოს. ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც საოცარ ფორმაშია, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს მხოლოდ ვარჯიშისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია და არანაირ სხვა ჩარევებს არ აქვს ადგილი. 

ქრისტინე მარტიაშვილი: გასული წელიწადი ჩემთვის რთული იყო, თუმცა სირთულეებზე საუბარი აღარ მსურს, რადგან ბევრი რამ შეიცვალა. სირთულე ადამიანს გაფხიზლებს, ხვდები, რა გააკეთო, ცდილობ, სწორი მიმართლებით აიღი კურსი და დაიწყო სვლა. როცა იბნევი, აღარ იცი, რა გააკეთო, სწორედ, მაშინ ხდება საკუთარი თავის მობილიზება – ფიქრობ, სწავლობ და რაღაცების შეცვლას იწყებ.
– თქვი, გასული წელი რთული იყოო. რისი მობილიზება მოახდინე და ეს წელიწადი როგორ დაიწყო შენთვის?
– ეს წელიწადი ჩემთვის აქტიურად და გამართლებით დაიწყო. გავიარე კურსები, ვისწავლე, დავწერე ახალი საავტორო სიმღერა, ჩავწერე, გრაფიკული კლიპის გადაღებებს ვიწყებ და მომავალი მოქმედების გეგმაც შევადგინე. ზოგადად, აქამდე ასეთი აქტიური არ ვყოფილვარ (იცინის). ასე რომ, სასცენო კარიერაში, დიდი პაუზის მერე, საკუთარ თავს მობილიზება გავუკეთე, მივხვდი, საჭირო იყო სასწრაფო გააქტიურება და კლიპის სახით, შედეგიც მალე დაიდება.
– გავიგე, სულ მალე საქართველოს ტოვებ. სად მიდიხარ და რატომ გადაწყვიტე ქვეყნის დატოვება?
– ქვეყნის დატოვება იმიტომ გადავწყვიტე, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არანაირი საშუალება არ არის, ამოისუნთქო და ნორმალურ პირობებში იცხოვრო, თუნდაც პანდემიიდან და თუნდაც ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ბევრი პრობლემაა და ამიტომ გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა არ დავაკონკრეტებ, სად მივდივარ, რადგან შესაძლოა, უცებ შევცვალო გეზი და სხვაგან წავიდე. ახლა კი ვიცი, ზუსტად სად მივფრინავ, მაგრამ შესაძლოა, ერთ თვეში აზრი შევიცვალო და სხვა ქვეყანაში გადავიდე.
– ანუ ცვალებადი ხასიათი გაქვს?
– დიახ, საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვიცი, საქმესთან დაკავშირებით რა მინდა. მიზანი სულ მაქვს დასახული და ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებ, მას მივაღწიო. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, ასევე, თხის წელში ვარ დაბადებული და ვხუმრობ ხოლმე, რქიანი ადამიანი ვარ-მეთქი (იცინის).
– ესე იგი, რქებით აწვები ცხოვრებას?
– ზუსტად ასეა (იცინის). მთელი ჩემი ცხოვრება რქებით ვაწვები ყველაფერს. ზოგადად, მჯერა ზოდიაქოსი და ყოველი წლის ბოლოს ვაკეთებ მომავალი წლის ასტროლოგიურ პირად რუკას. სხვათა შორის, თუ მას დავუჯერებთ, ყველა სირთულე უკან მოვიტოვე და ახლა, მომავალი ორი წელი კარმული ვალების გასტუმრება მიწევს. თუმცა, ადამიანი უნდა ცდილობდეს, შეცვალოს მის გარშემო სიტუაცია და მხოლოდ ასტროლოგიისა და ბედისწერის იმედად არ იყოს. რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს ბედისწერას ვერ მივაწერ, რადგან რქებით ვაწვები ცხოვრებას, მებრძოლიც ვარ, და ვფიქრობ, ძალიან იღბლიანიც. ხომ არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ვერ ახდენენ ნიჭის რეალიზებას? მე კი ჩემი ნიჭის რეალიზებასაც ვახდენ, ბევრ რამეში ჩემი ხასიათი და იღბალიც მეხმარება, მიმართლებს კიდეც.
– ამბობ, იღბლიანი ვარ, ნიჭის რეალიზებას ვახდენო. თუმცა, როგორც მომღერალს, უცხოეთში უფრო გცნობენ ვიდრე საქართველოში და ამაზე რას მეტყვი?
– ძალიან მაგარი სიმღერა გავაგზავნე ერთ-ერთ რადიოში და მითხრეს, არ არის ჩვენი ფორმატიო. ასევე, რამდენიმე ტელევიზიის პროდიუსერს მივმართე და ისინიც მეუბნებიან, ფორმატი შეცვალეო. ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდები. ხალხი წუწუნებს, ერთი და იმავე სახეებით დავიღალეთო. ახალ სახეებს კი ასპარეზზე გამოჩენის საშუალება არ ეძლევათ. არ ვიცი, ეს ახალი სახე და სიახლეები რატომ არ უნდათ.
– ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადე ფოტოები, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურები და საოცარ ფორმაში ხარ. ეს რისი დამსახურებაა – დიეტების, შიმშილის, ვარჯიშისა თუ პლასტიკურ-ქირურგიული ჩარევების?
– არანაირი პლასტიკური ჩარევა არ გამიკეთებია. უბრალოდ, ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ და სულ ესაა. ვვარჯიშობ, ვცდილობ სწორად ვიკვებო, მასაჟებს ვიკეთებ და თუ მეგობრებს დავუჯერებთ, ჩემი სხეულის ფორმები დიდად არა, მაგრამ მაინც შეიცვალა. წონაში, კი ბატონო, დავიკელი, მაგრამ სხეულის ფორმის ცვლილებას დიდად ვერ ვგრძნობ. დავაკვირდი და თამამად, სექსუალურად და ვულგარულად ჩაცმა არასოდეს მიყვარდა, თუმცა, რაც უნდა ჩავიცვა, ალბათ ჩემი ვიზუალი მაინც „ყვირის“. ადამიანს შინაგანი ცეცხლები ან აქვს და ან არა. ალბათ, მეც მაქვს (იცინის). ანუ არსებობენ ქალები, რომლებიც არიან ლამაზები და რომლებიც არიან სექსუალურები. ჩემში კი, მგონი, ორივე ქალის იმიჯი ზის და ორივე კატეგორიას მივეკუთვნები (იცინის). წინააღმდეგი ვარ სცენაზე დახეული ჯინსის შარვლით დადგომის, არტისტი რომ ხარ, უნდა გეტყობოდეს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ვცდილობ, ყოველთვის მოწესრიგებული ვიყო, მაგრამ სექსუალურობის წინ წამოწევას არასოდეს ვცდილობ. თან, ბოლო პერიოდში, დაახლოებით, ოცი კილო მაქვს დაკლებული. თან, ვცდილობ, ისე ჩავიცვა და მოვირგო სამოსი, რომ ტანზე ლამაზად ჩანდეს. ფოტოებში კი მაკიაჟიც ჩემი მაქვს, სამოსიც ჩემი დიზაინითაა შეკერილი და ასე რომ, ჩემი თავის იმიჯმეიკერიც თავად ვარ, ცხოვრების განმკარგველიც, კოსტიუმების მხატვარიც და პროდიუსერიც (იცინის).
– მახსოვს, ფრანგი მამაკაცი უზომოდ იყო შენზე შეყვარებული. დღეს სად არის ეს მამაკაცი და როგორ განვითარდა მასთან ურთიერთობები?
– შარშან, თებერვალში დავშორდით ერთმანეთს. ახლა პირადში არაფერი ხდება, საკუთარ თავთან ვარ კომფორტში. ფორმაში ყოფნისთვის, სტიმულისთვის და იმისთვის, რომ გაპრანჭულმა ვიარო, მამაკაცი არ მჭირდება. მთავარია, საკუთარ თავს რომ სარკეში ვუყურებ, მომწონდეს და ეს იმხელა სტიმულია, მართლა არ მჭირდება კონკრეტული ადამიანი, რომ მისთვის გამოვიყურებოდე კარგად. ვცდილობ, სულ დადებით განწყობაზე ვიყო. სულ ორჯერ მქონდა დეპრესია და ისიც ორდღიანი. მესამე დღეს, საკუთარ თავს „შემოვულაწუნე“ და ვუთხარი, ასე როდემდე უნდა იყო-მეთქი... და დავიწყე უკეთეს მომავალზე ფიქრი.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ჯორჯ ვან დე კამპს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი