შოუბიზნესი

ქეთი ფარესაშვილი: ბევრი თაყვანისმცემელი, სწორედ, ნარკოტიკისა და „პლანის“ გამო მყავს დაწუნებული

№38

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 28.09, 2021 წელი

ქეთი ფარესაშვილი
დაკოპირებულია

დღევანდელი ნომრის სტუმარი ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრის და ლამაზი პორტუგალიური და ბრაზილიური სიმღერების შემსრულებელი ქეთი ფარესაშვილია, რომელიც ცოტ-ცოტას ყველაფერზე მოგვიყვება.

– ქეთი, გვითხარი, ახლა, როცა ცალკე პანდემია გვიტევს და ცალკე უფინანსობა, როგორ ცხოვრობ? ალბათ, შენც გაქვს ბანკებთან ფინანსური ვალდებულება, რომელიც ძალიან აუტანელს ხდის ცხოვრებას, ალბათ, შენი გასავალიც შემოსავალზე მეტია.

– მაქვს ვალი თუ არ მაქვს, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად, ქვეყანაში რომ საშინელი მდგომარეობაა, ადამიანებს რომ ბანკზე დამოკიდებულს ხდიან, არც სამუშაო ადგილებია, არც ხელფასებია საკმარისი, ამაზე გეტყვით. ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ბუნებრივია, არც მე ვარ გამონაკლისი, ეს მეც მეხება, მაღელვებს და სულ ვფიქრობ ჩვენს რთულ მდგომარეობაზე, იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. სახლში რომ დაგსვამენ და გეუბნებიან – არც კონცერტის გაკეთება შეიძლება და არც არაფერიო, მაშინ ხელფასი უნდა გადაგიხადონ.

– ბუნებრივია, ალბათ, გიჩნდება კითხვა – მე ხომ შრომისუნარიანი ვიყავი და ვარ და რატომ მხდი უმოქმედოს, თუნდაც ქვეყანაში პანდემია ან სხვა რთული მომენტი იდგეს?

– მიმაჩნია, რომ ასეთ დროს, მინიმუმ, 3 000 ლარი მაინც უნდა გადაგიხადონ ხელფასის სახით. ყველა ქვეყანაში, ამერიკაში თუ ევროპაში, ასეა. ჩვენ ხომ ყველას ყველაფერში ვედრებით. არ შეიძლება ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა, მით უმეტეს, როდესაც ვიცი, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ. როგორ შეიძლება, ახლა ამაზე ვსაუბრობდეთ. ეს ხომ თავისთავად ასე უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, თავად როგორ ვცხოვრობ: მე ჩემი ფინანსური რესურსები მაქვს, ოჯახის წევრებს – თავისი. ვეხმარებით ერთმანეთს. ახლობლები გვყავს, მეგობრები, რომლებიც ხანდახან გვეხმარებიან და ვართმევთ თავს რაღაცნაირად, მაგრამ მთავარი – ფაქტია, რომ ქვეყანაში მართლა საშინელება ხდება, რომ სისტემაა ასეთი და ეს სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს. მე სხვა სპეციალობაც მაქვს. უცხო ენების სპეციალისტი ვარ, ინგლისური ენის განხრით და ესეც მშველის. გავიარე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. პლუს, შევისწავლე ფსიქოლოგია. მინდა, სერიოზულად ჩავუჯდე და სერტიფიცირებული ფსიქოლოგი ვიყო. ათი წელი კერძოდ ვემზადებოდი ამ დარგში. ძალიან ბევრი უნარები მაქვს, რომელიც შემიძლია, გამოვიყენო და ვიყენებ კიდეც. მე და ჩემს მეგობარს მთარგმენლთა სააგენტო გვაქვს და იქ ვმუშაობ, ვთარგმნი. გარდა ამისა, მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული... მოკლედ, რაშიც ვიყავი ბავშვობაში, ისევ იქ ვარ – ენები და მუსიკა. ასევე, ერთ-ერთმა ჟურნალმა შემომთავაზა და პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ სტატიებს ვწერ. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში. ბევრ ადამიანს ვუწევ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ზოგს სასიყვარულო ამბები აწუხებს, მეგობრებსაც ვეხმარები. სერტიფიკატი მჭირდება, რომ ამ სფეროშიც ოფიციალურად ვიმუშაო.

– ჩვენ საქართველოში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ვსაუბრობდით. სამმილიონიანი ქვეყანაც აღარ ვართ და უკვე რამდენი წავიდა ემიგრაციაში. შენ არაოსდეს გიფიქრია საქართველოდან წასვლაზე?

– მგონი, ერთადერთი ვარ ამ ხელოვანებს შორის, ვისაც არ ნდომებია საქართველოს დატოვება. რუსეთში პირდაპირი მნიშვნელობით ფიანდაზებს მიგებდნენ, ოღონდ ჩამოდიო, მაგრამ არ მინდოდა საქართველოს დატოვება. მერე გერმანიიდან მქონდა შემოთავაზება, ბრაზილიიდანაც. ყველას უარი ვუთხარი. ყველამ რომ დატოვა საქართვლო, იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. ყველა გასულია ქვეყნიდან. აღარაფერი დაგვრჩა.

– რასაც ახლა გკითხავ, იმედია, ინტრიგაში არ ჩამითვლი: ოდესმე გაგისინჯავს ნარკოტიკი, მარიხუანა? დღევანდელ სიტუაციაში აღარც არის რამე გასაკვირი. ახალგაზრდებს, შუა ასაკის ადამიანებს ყველას შეიძლება, ამის სურვილი გაუჩნდეს, თუნდაც, ერთხელ. ცუდია თუ კარგი, ამაზე არ მაქვს საუბარი.

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ჯანსაღი ცხოვრება, კვება. მერე შევისწავლე ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, სულ მედიტაციებში ვარ, წამლებსაც იშვიათად ვსვამ, ისიც სიცხის დამწევს. მედიტაციით ვეხმარები ორგანიზმს. მიყვარს ყველაფერი ბუნებრივი. სტუდენტობის პერიოდში მთელი კურსი ერთ ღერ სიგარეტს ვეწეოდით. მახსოვს, გული წამივიდა, რომ მოვწიე. ვიგრძენი, რომ ცუდად მხდის, არ მსიამოვნებს, ჩემი სახის კანის ფერი არ მომწონდა... მოკლედ, ბევრ რამეზე აისახა. როდესაც ხელოვნებაში ხარ, ალბათ, ჰგონიათ, რომ ასეა, ასეთი წარმოდგენა აქვთ. თუმცა მე ძალიან თავის მოვლის ადამიანი ვარ და არ მიყვარს ასეთი რაღაცები. რაზედაც მეკითხები, მსგავსი არაფერი გამისინჯავს. ბევრი თაყვანისმცემელი, სწორედ, ნარკოტიკისა და „პლანის“ გამო მყავს დაწუნებული.

– უფრო ჭორებიდან წამოვიდა ჩემი კითხვა. გემახსოვრება, იყო ასეთი პერიოდი, როცა მითქმა-მოთქმა ჰქონდათ შოუბიზნესის წარმომადგენლებზე, მათ შორის, შენზეც.

– როცა ვმღერი ისეთ ნირვანაში ვვარდები, ბევრს ჰგონია, რომ მოწეული მაქვს. არა. გრძნობებს ხელოვნება და სიყვარული მიმატებს. მერე, როცა ვინმე ასეთ რამეს მეკითხება სიცილით ვიგუდები. ვინც ახლოს არ მიცნობს, წარმოდგენა არ აქვს, როგორი ვარ. ბავშვობაში მქონდა სირთულეები, ბულინგი, ყველაფერი, მაგრამ როგორ ვართმევდი თავს, ეს ჩემმა კლასელებმა, ახლობლებმა კარგად იციან – ისინი ამ ყველაფერს უყურებდნენ.

– ისე, შოუ-ბიზნესშიც ხშირია დაპირისპირებები, შური, ბოღმა, ჭორები...

– მე არ ვარ დიდად გათქვეფილი შოუბიზნესში, ბევრთან არ ვარ ახლოს, მე ჩემი სამეგობრო წრე მაქვს. ეს ადამიანის ბუნებაში დევს. როცა შენთან ახლოს არ არის, არ აქვს შენზე ინფორმაცია, შენც არ აწვდი საკენკს, ის იძულებულია, თავის ფანტაზიით რაღაც შეთხზას. ხშირად მიაწეროს სხვისი, მით უმეტეს, თუ შეუმდგარია. რაღაც ნეგატიური თუ არის, თვითრეალიზებას ამაში პოულობენ. ფსიქოლოგიაში მიგნება არსებობს, რომ ეს სწორედ ასეა.

– არ მახსოვხარ ღიმილის გარეშე. სახე სულ გიცინის და ეს, ძალიან სასიამოვნოს ხდის შენთან ურთიერთობას.

– საერთოდ ასეთი ვარ – რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, სულ ვიღიმი. მამაჩემს ჰქონდა ეს თვისება და მეც გამომყვა.

– მსახიობებში, მომღერლებში არიან ისეთები, ვინც სითამამისთვის სცენაზე გასვლის წინ სვამენ. შენ თუ დაგილევია?

– კონცერტის წინ იშვიათად დამილევია, მაშინ, როცა თავისუფლად არ ვიყავი და იმპროვიზაციის გაკეთების მრცხვენოდა. ერთი პატარა ჭიქა საშინლად მათრობდა, ამიტომ სწრაფად დავანებე თავი და გავხდი პროფესიონალი, ასე, რომ ეგ აღარ მჭირდება.

– ქეთი, ახალ სიმღერას არ წერ?

– ახალი სიმღერა და კლიპი მზად მაქვს. ყველაფერს ყოველთვის ჩემი ფინანსებით ვაკეთებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი