შოუბიზნესი

ქეთი ხუციშვილი: ზედმეტი სტრესები მეზარება, თორემ რა პრობლემაა, ქალი შეიძლება, ოცჯერაც გათხოვდეს

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:07 17.11, 2020 წელი

მსახიობი ქეთი ხუციშვილი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მისი ცხოვრება ამდენად შეიცვლებოდა და რუტინულ ყოველდღიურობას ვარსკვლავური გზა ჩაანაცვლებდა.
ქეთი ხუციშვილი: ამ ყველაფერზე ვერც ვიოცნებებდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება ასე შეცვლილიყო. დიდი ხანი თავი სიზმარში მეგონა. სერიალში ჩემს პერსონაჟს რომც ამოეწურა თავი და ეკრანზე მეტჯერ აღარ გამოვჩენილიყავი, იმ პერიოდში იმდენად დიდი სიყვარული მივიღე მაყურებლისგან, რომ მაინც ძალიან დასამახსოვრებელი იქნებოდა. მგონია, ლუნა არც მაყურებელს დაავიწყდება მარტივად. ახლა ახალ პროექტში ვარ და იმდენად სწრაფად მოხდა ეს ცვლილება, რომ ხალხი ჯერ კიდევ ვერ ეგუება. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც მე ვითავისებ თავს „კომედი შოუს“ ნაწილად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ თავს ცუდად ვგრძნობ, პირიქით, თუმცა ამ ორ პროექტს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.
– შენთან უფრო ახლოს რომელია?
– რა თქმა უნდა, სერიალი, კამერები. ძალიან მწყდება გული სერიალზე. იქ მე ქუჩიდან მივედი და უცებ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გავხდი. ეს იყო ჩემი ვარსკვლავობის ზენიტი. ვიღაცისთვის შეიძლება, სხვა რამეა ვარსკვლავური ცხოვრება, ჩემთვის ეს იყო. ხუთი წელი ვიყავი „ჩემი ცოლის დაქალებში“ და ძალიან ძნელია უმისობა. მით უმეტეს, ჩემი გმირი ძალიან განვითარდა და ვფიქრობ, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მინდოდა, კიდევ გამომემჟღავნებინა ჩემი შესაძლებლობები, რომლებიც ჩემთვისაც უცხო იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი, მაგრამ მერე კამერების წინ რომ შებოჭილობა მომეხსნა, მივხვდი, რაღაც მეც შემძლებია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დამთავრდა ეს ეტაპი და მიზეზებზე აღარ მინდა საუბარი.
– „კომედი ჯგუფს“ წლებია, მაყურებელი იცნობს. არ გაგიჭირდა მათი გუნდის ნაწილი გამხდარიყავი?
– ეს ადამიანები ძალიან ბევრი წელია, ერთად მოდიან, მოზარდი ვიყავი, მათ რომ ვუყურებდი, ჩემი გმირები იყვნენ და მათ გვერდით დგომა ვერ წარმომედგინა. ეს გუნდი რომ დაიშალა და მე მივედი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მერიდებოდა, თითქოს, იქ არ უნდა ვმდგარიყავი, უხერხულად ვიყავი. ძალიან დიდი სიყვარულით მიმიღეს, ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ თავიდან ვფიქრობდი, მე აქ რა მინდა-მეთქი? (იცინის). თამაშიც ძალიან გამიჭირდა. სერიალი უფრო რთული თემაა, აქაც მთელი სერიოზულობით ვკიდებით ყველაფერს, მაგრამ იმ კლასს რომ ვიყავი შეჩვეული, აქ როგორ უნდა მეთამაშა, არ ვიცოდი. უკვე ერთი წელი გავიდა და მგონი, აქაურობასაც შევეჩვიე.
– მაყურებელმა როგორ მიიღო ეს ცვლილება?
– ვერ მიიღო კარგად. ახლობლებმა იციან, რომ ეს ჩემი საქმეა და როგორც საჭიროა, ისე უნდა მოვიქცე, მაგრამ მათაც გული სწყდებათ. უამრავი ადამიანი მაჩერებს ქუჩაში და მეკითხება, რატომ წამოხვედი სერიალიდანო. მიჭირს ამაზე საუბარი, ასე მოხდა. ხალხსაც უფრო ის ამპლუა მოსწონდა. აქ ახალი ვარ, ქუჩაში ჯერ კიდევ ლუნას მეძახიან და ერთი წელი ამ ტალღაზე გადასართველად ზღვაში წვეთია. ხალხის ნდობასაც მოპოვება სჭირდება და ეტაპებია გასავლელი. საერთო ჯამში, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს.
ქალები ხშირად წუწუნებენ ასაკის მატებაზე. შენი ცხოვრება პირიქით, ასაკთან ერთად უკეთესობისკენ იცვლება.
– ჩემთვის რომ ეკითხათ, თინეიჯერობის ასაკში გერჩივნა ასეთი პოპულარობა თუ ცხოვრების მეორე ფაზაშიო, ვუპასუხებდი, რომ ამ ასაკში. ადამიანს წლები რომ ემატება და პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს, დეპრესია ეწყება. ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჩემი ცხოვრების პირველი დეკადა რუტინულ ყველდღიურობას წარმოადგენდა, მაგრამ 37 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მე ახლა გავდივარ ვარსკვლავურ გზას, ბედნიერი ქალი ვარ, ძალიან მაგრად მომწონს ჩემი თავი. მიყვარს და პატივს ვცემ, მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ამ ფაზაშია. ვის არ გაუხარდება, რატომ არ უნდა ვთქვა ეს ხმამაღლა?! საკუთარი თავით ვტკბები და რატომ უნდა მოვიტყუო?!
– გარეგნობაზეც იგივე შეგიძლია თქვა.
– სანამ სახეზე რაღაცებს შევიცვლიდი, ჩემი თავი მანამდეც მომწონდა. თაყვანისმცემლებიც ყოველთვის მყავდა, მაგრამ როცა ეკრანზე გამოვჩნდი, ახლო კადრში რაღაცები აღარ მომეწონა და შეცვლა მომინდა. კბილები ჩავისვი, ცხვირი და ბიშექტომია გავიკეთე. ზომიერების შეგრძნება არ უნდა დაკარგო, რაც საჭიროდ მიმაჩნდა, ის გავიკეთე და კმაყოფილი ვარ. თუ დამჭირდება და შესაბამისი ფინანსური საშუალებაც მექნება, კიდევ გავიკეთებ.
– პირად ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?
– ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან უსიამოვნო ფაქტებიც მოხდა ჩემს პირად ცხოვრებაში. დეპრესიაც მქონდა, ვმკურნალობდი კიდეც. ჩემი „პოპულარობის“ პარალელურად, ძალიან ცუდი დღეებიც მაქვს გადატანილი. დეპრესიას მტერს არ ვუსურვებ, ადამიანი სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე დგახარ. შენს პრობლემებს თავს ვერავის მოახვევ. როცა ასე ხარ, არც შვილს უნდიხარ და არც სხვას. არ უნდიხარ კარგი გაგებით, ჩემი შვილი მოღუშულს რომ მხედავს, რატომ ხარ ასეო, უკვე აგრესიულად მეუბნება და სხვას ვის ენდომები ასეთი?! მამაკაცი იქნება თუ მეგობარი, ცხვირჩამოშვებული არავის სჭირდები. გადავლახე ეგ პერიოდი. მარტო არასდროს ვიქნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, ფლირტის დონეზე ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
– წარმატებასა და პოპულარობასთან ერთად, თაყვანისმცემლების რაოდენობაც იზრდება. როგორი ხარ მათთან?
– თუ ადამიანი მომწონს, თავისუფალი ვარ და დაახლოების საშუალებას ვაძლევ. მაგრამ თუ ის ადამიანი არ მინდა, უზრდელურად არ ვიქცევი, მაგრამ აგრესიამდეც ცოტა მაკლია. მგონი, ფობია მჭირს. შიში მაქვს ადამიანის, რომელსაც მოვწონვარ, მაგრამ მე მისდამი იმავეს არ ვგრძნობ. სულ მგონია, რომ უნდა გადამეკიდოს. ამიტომ მაქსიმალურად ვბლოკავ, პასუხს არ ვცემ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ თავს ვიფასებ და მინდა, იმან მერე კიდევ მეტი გააკეთოს, არა, მინდა იმწუთასვე გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან და მისი მოწერილიც კი აღარ არსებობდეს.
– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, შენი სიყვარული რომ დაიმსახუროს?
– ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ცოტა ქედმაღლობა მგონია. მე ვინ ვარ, რომ დავიწყო იმაზე საუბარი, რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა ჩემი გულის მოსაგებად?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს პატივს არ ვცემ, მაგრამ ვერავის ვავალდებულებ, ჩემთვის გააკეთოს რამე. ადამიანი ბუნებრივად ავლენს საკუთარ თავს და თუ მისი ბუნებირივი ქცევა ჩემთვის მისაღებია, ხომ მაგარი კაცია, თუ ეს ნიღაბი არაა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩამოვარდება, მივიღებ. თუ ეს ნიღაბი აღმოჩნდება, ამასაც ცხოვრების გაკვეთილად ჩავთვლი და გავივლი. ამიტომ მამაკაცისგან არაფერს ვითხოვ. ურთიერთობაში ძალიან მარტივი ვარ, თუმცა პრიმიტიული არა.
– შვილს როგორი რეაქცია აქვს შენს პირად ამბებზე?
– მეცხრამეტე წელშია ჩემი შვილი. მადლობა ღმერთს, ამ მხრივ, პრობლემა არაა. მე და ჩემს შვილს ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს. კარგად გაიზარდა, ბუნებითაა ასეთი, თორემ მე არ გამომიჭედია მისი ტვინი აზრებით იმის შესახებ, როდის როგორ უნდა მოიქცეს. მით უმეტეს, ბიჭია და ცოტა უცნაურია, საქართველოში იზრდება, აქ სხვა მენტალობაა და დედას თუ ვიღაც უყვარს, ბევრისთვის პრობლემაა. ჩემს შვილს მსგავსი დამოკიდებულება არ აქვს, აგრესიაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. იცის, რომ ახალგაზრდა დედა ვარ და შემიძლია, მეგობარი ადამიანი მყავდეს ან გავთხოვდე.
– განიცდის, მამასთან რომ არ აქვს ურთიერთობა?
– არა, ეს ჩვეული რეალობაა. მეც არ ვარ ის ადამიანი, მამაზე რომ ცუდად დავუწყო ლაპარაკი. ასეთი რამ მარაზმად მიმაჩნია. წარმოიდგინეთ, რამდენი წელი გავიდა და ჩვენ მამაზე არ გვისაუბრია. თუ რამეს შემეკითხება, პასუხს გავცემ, მაგრამ ეს თემა უკვე გავიარეთ. ბავშვობაში შეიძლებოდა, მაგრამ არც მაშინ ჰქონია ემოციური მომენტები, ყველაფერი ძალიან მარტივად გადავლახეთ და ახლა, მით უმეტეს, ცხრამეტი წლის ბიჭია.
– გათხოვებაზე რას ფიქრობ?
– ორჯერ ვიყავი გათხოვილი და ორივეჯერ წარუმატებელი გამოდგა ეს ნაბიჯი. პირველად – გიორგის მამაზე და მეორედ – რამდენიმე წლის წინ, რომელიც იმდენად ცუდად დამთავრდა, რომ გახსენებაც არ მინდა. ორი თვე გრძელდებოდა ეს ურთიერთობა და როგორც მოვაწერეთ, ისევე გავაწერეთ ხელი ჩემი ინიციატივით. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. ალბათ, ეგ ცუდიც უნდა მომხდარიყო, რომ მერე კარგი შემეგრძნო. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ მართლა ვფიქრობ, ეს უნდა გამომეცადა, რომ მერე თავისუფლება და ბედნიერება ბოლომდე შემეგრძნო. იმ გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ გათხოვება არ მინდა. მამაკაცის მეშინიაო, რომ ამბობენ, არ მესმის. რა გეშინია, ამხელა გოგო ხარ, არ მოგწონს და გაუშვი, მაგრამ ზედმეტი სტრესები, „გამიშვი, არ წავალ, უნდა დარჩე“ – ეს ყველაფერი მეზარება, თორემ რა პრობლემაა, ადამიანი შეიძლება, ოცჯერაც გათხოვდე. შენი ახლობლები იმ სტრესს ვერ აღიქვამენ და განსჯისა და თითის გამოშვერის ობიექტი ხდები, მაგრამ ასე ადვილი არაა ამ ყველაფრის გადატანა. კი, გაუშვებ ადამიანს შენი ცხოვრებიდან, მაგრამ ეს პროცესი დიდი სტრესია. მე თუ მკითხავ, ბედნიერებაც სტრესია, არამც თუ ასეთი ცუდი დღეები. ამიტომ, იმ სტრესის მესამედ გამოვლა არ მიღირს. თავისუფლად ვიქნები, ვინ მიშლის ვინმესთან ურთიერთობას?! ვერც იმას ვიტყვი გადაჭრით, რომ ამ ნაბიჯს აღარასდროს გადავდგამ. შეიძლება, მესამე ისეთი იყოს, საერთოდ ყველაფერი დამავიწყოს. ამიტომ რადიკალურად არასდროს არაფერს ვამბობ. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს არც თავისუფალი ურთიერთობაა პრობლემა. მეორედ ჯვარიც დავიწერე და ხელიც მოვაწერე, მაგრამ ორ თვეში გავაწერეთ და მითხარით, აბა, აქვს მნიშვნელობა ურთიერთობის ოფიციალურ მხარეს? ეს ყველაფერი სისულელეა. ის დროც წავიდა, ყველაფერს რომ სხვის მოსაწონებლად აკეთებდნენ. გავიზარდეთ ადამიანები. არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ გათხოვდები თუ არა, ფურცელზე მოაწერ ხელს თუ ისე გექნება ადამიანთან ურთიერთობა, ეს პირადად უნდა გადაწყვიტო. მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გამომაქვს დასკვნები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი