შოუბიზნესი

ქეთი ხუციშვილი: თავისუფლებით მინდოდა „კაიფი“

№40

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 12.10, 2021 წელი

ქეთი ხუციშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ქეთი ხუციშვილთან 👇

სახელი: ქეთი.

გვარი: ხუციშვილი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– მესამე კლასში ვიქნებოდი, კლასელებმა მითხრეს, სახლისკენ მიმავალი მოკლე გზა ვიცით და ისე წავიდეთო. მოკლედ, წამიყვანეს ლიანდაგებით და იმდენი ვიარეთ, სახლში დავაგვიანე. როცა მივედი, მკითხეს, ამდენ ხანს სად იყავიო. ნელა მოვდიოდი-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი, ეს პატარა ბავშვი ლიანდაგებზე დავდიოდი-მეთქი. დამხედეს ფეხებზე, მოსკოვიდან მამაჩემის ჩამოტანილი წითელი ბათინკები მეცვა და სულ მაზუთიანი მქონდა. მიხვდნენ, რომ სახლში ლიანდაგების გზით დავბრუნდი და გამიბრაზდნენ, მეჩხუბნენ – ძალიან შეეშინდათ.

– მშობლების როლი...

– ჩემს მშობლებს ყოველთვის დიდი როლი ჰქონდათ, მაგრამ ჩემთვის თავისუფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, სულ ვოცნებობდი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. იმიტომ კი არა, რომ მათთან ცხოვრებით დისკომფორტი მქონდა, უბრალოდ, თავისუფლებით მინდოდა „კაიფი“. ამის გამო, ბავშვობაში ვოცნებობდი, მალე გავზრდილიყავი და მართლაც უცებ გავხდი „დიდი გოგო“.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– არაფერზე ვფიქრობდი, რადგან კარგად არ ვსწავლობდი – 4-იანი სანატრელი მქონდა ხოლმე და რა უნდა გამოვსულიყავი (იცინის). ბავშვობდიან ვმღეროდი, ვცეკვავდი და ამ მიმართულებით მქონდა მონაცემები, თუმცა არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, მომღერალი ან მსახიობი ვყოფილიყავი. ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვფიქრობდი, მალე გავმხდარიყავი დამოუკიდებელი.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაი-ვაგლახით დავამთავრე იურიდიული. ეს პროფესია საერთოდ არ არის ჩემში, არც მოწოდებით და არც სულიერად – გაუგებრობაში რომ მოხვდება ადამიანი, ასე იყო ჩემს შემთხვევაში. თუმცა, დიპლომი მაქვს (იცინის). ჩემი სულის ამოძახილი ის იყო, ახლა სადაც ვარ. ალბათ, ეს მინდოდა ბავშვობაშიც.

– ადამიანში ვაფასებ...

– გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა დანარჩენი გაქვს ან არა.

– წარმატებული ადამიანი არის...

– უბრალო, ლაღი, ბედნიერი. წარმატებული ადამიანი შეიძლება, დეპრესიულიც იყოს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან წარმატება ასოცირდება სილაღესთან, ბედიერებასთან, სულგრძელობასთან და სიკეთესთან, რაც დღეს ნამდვილად იშვიათია.

– მწამს...

– სიყვარულის, სიკეთისა და ღმერთის. სიყვარული ხომ ისედაც ღმერთია.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ძალიან მარტივია – ის სიკეთე და სიყვარულია, ჭეშმარიტება და უბრალოებაა.

– მეშინია...

– ბოროტების, რაც ამ ეპოქაში გამძაფრებულია და მართლა ძალიან მეშინია, განზრახ სიბოროტე არ გამიკეთონ. შესაბამისად, რამდენადაც კომუნიკაბელური ვარ ადამიანებთან, იმდენად გავურბივარ მათ – ცხოვრებამ ასე მოიტანა.

– მაბედნიერებს...

– ურთიერთობები, ოღონდ ლაღი და არა ძალდატანებითი. აქაც თავისუფალი ვარ. ნებისა და სურვილის მიხედვით ურთიერთობები მიყვარს ყველასთან – შვილიდან დაწყებული და სხვა ოჯახის წევრებით დამთავრებული. არ მიყვარს დაძაბულობა და თუ ურთიერთობაში ეს იგრძნობა, მაშინ ის არაფრად მიღირს.

– ვრისკავ...

– რამდენადაც შორსმჭვრეტელი ვარ, იმდენად – რისკიანიც, მაგრამ გაუაზრებელი რისკი არ მიყვარს. უფრო მეტიც, ასეთ ადამიანს არ ვცემ პატივს. ადამიანს თავი და ტვინი იმიტომ აქვს, რომ დაფიქრდეს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. შეიძლება, წამში ჭკვიანური იდეა მოგივიდეს და ის აუცილებლად უნდა გააკეთო.

– მაკვირვებს...

– ადამიანში ადამიანობა. დღეს იმდენადაა ნეგატივი მოდებული, რომ ყველაფერ კარგს ფარავს. თუმცა, ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა კარგის – სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.

– ვერიდები...

– ადამიანებთან სიახლოვეს, ესეც ცხოვრებამ მოიტანა.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისი მაქვს...

– არაფრის, რადგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ მათგან. რამდენი ხანიც ვიცხოვრებ მათი ეს დამოკიდებულება გამყვება და სიკვდილის მერე თუ არსებობს რამე, იქაც კი მეყოფა ბედნიერებისთვის. ადამიანებისგან იმდენად დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ამაზე დიდი ბედნიერება რა მინდა. ვიღაცას შეიძლება, არ მოვწონდე, მაგრამ იმდენად ბევრია, ვისაც ვუყვარვარ, რომ მათი ეს დამოკიდებულება ჩემამდე არ მოდის.

– ბედისწერა...

– შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მჯერა ბედისწერის არსებობის. ალბათ, ვინმე უარყოფს ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, არსებობს. იმისიც მწამს, რომ ბედს ადამიანი თავად ქმნის, თუმცა ბედისწერა მაინც თავისას შვრება. შენ მიდიხარ, აკეთებ, გგონია, თავად ქმნი ამ ყოველივეს, ასე არაა. სამყაროში არის რაღაც კანონზიმიერება, რომელსაც ადამიანები მივყვებით. ქეთის ეს რწმენა აქვს.

– მარტოობის განცდა...

– საზოგადოებაში ვყოფილვარ და მარტო მიგრძნია თავი, მაგრამ იმდენად მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ამ სიმარტოვისგანაც ურთიერთობებით გამოვდივარ – თავს უფლებას არ ვაძლევ, დეპრესიისკენ წავიდე, რაც სამწუხაროდ, არის ჩემში.

– რთული პერიოდი...

– ცხოვრებაში ნახევარზე მეტი რთული პერიოდი მქონდა. არის ბედნიერება, რომელიც სულ თან გდევს, მაგალითად, შვილი, მაგრამ არაერთი სირთულე მინახავს. სამი წლის წინ ისეთი დეპრესია მქონდა, მეგონა, მოვკვდებოდი – სუიციდზე არ მიფიქრია, თუმცა მეგონა, ბუნებრივი სიკვდილით დავამთავრებდი ცხოვრებას. არადა, მაშინ პოპულარობის ზენიტში ვიყავი, ხალხის უსაზღვრო სიყვარული მოდიოდა ჩემთან, მე კიდევ საშინელი დეპრესია მქონდა. მე დეპრესიას სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან გავაიგივებ, ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე. საბედნიეროდ, მდგომარეობიდან სპეციალისტებისა და მედიკამენტების ჩარევით გამოვედი.

– სიყვარული – ეს არის...

– ყველაფერი. ხანდახან გგონია, რომ გახუნდა, რადგან გადაიღალე ან ვერ იპოვე შენი ადამიანი. თან, ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, ესეც უწყობს ხელს – ჩაჟამებული ყოფაა. სიყვარული მაგარია სიტუაციებთან ერთად.

– დრო და სიყვარული...

– დროსთან ერთად იცვლება, რა თქმა უნდა, უფრო შეჩვევაში გადადის და ისეთი აღარ ხარ, როგორც თავდაპირველად. ეჩვევი ადამიანს და მის გარეშე როგორ უნდა იყო, ვეღარ წარმოგიდგენია.

– ის, რაც უპატიებელია...

– არაფერი არ არის უპატიებელი. კონკრეტულ მომენტში შეიძლება, გავმწარდე, გავბრაზდე, მაგრამ ის, რომ სხვას ზიანი მივაყენო და სამაგიერო გადავუხადო – არა. დროის გასვლის შემდეგ თავისუფლად შეიძლება, მას ეს ტკივილი აპატიო, შესაბამისად, ჩემთვის უპატიებელი არაფერია.

– შემშურებია...

– არასდროს. ჩემთვის შური ძალიან სასაცილოა, ყველაზე მდაბიო რამ. ის ან გაქვს, ან არა, მაგრამ თუ დაგეუფლა, მარტივად შეგიძლია თავი გამოიყვანო ერთი კითხვით: რომ შემშურდეს მე რა?

– ბოდიშის მოხდა...

– არასოდეს მიჭირს, მაგრამ ეს ბოდიში, მადლობა და მიყვარხარ ხშირად არ უნდა გამოიყენოს ადამიანმა, უბრალო სიტყვის მასალად არ უნდა თქვას ხოლმე, რადგან თითქოს ფასი ეკარგება მას და ძალას კარგავს. პატიება ღირსებასთან ერთად უნდა მოდიოდეს.

– ჩემი თილისმა...

– მეგობრის ნაჩუქარი რაღაცები მაქვს, „კარგი ხელით“ მოცემული და ვინახავ. კიდევ, ბურთულა, რომელიც ჩემმა შვილმა მაჩუქა, პატარა რომ იყო და მითხრა, დედა, ეს ნატვრის თვალიაო. რა თქმა უნდა, ამასაც ვინახავ, რადგან ეს ჩემთვის ნამდვილად ნატვრის თვალია.

– ვაგროვებ...

– არაფერს, არ მიყვარს შეგროვება. აქტიური, სხვანაირი ცხოვრება მაქვს, საწოლთან მიდევს ჩემი დის ნაჩუქარი ჩემოდანი, რომელშიც ყოველთვის აწყვია ტანსაცმელი. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყოველთვის სადღაც მივდივარ და ეს ჩემოდანიც მზად უნდა მქონდეს. რეალურად სად მივდივარ, არ ვიცი, მაგრამ ჩემოდანი კი მაქვს გამზადებული (იცინის).

– ვნანობ...

– სინანული დიდი მქონდა, უბრალოდ; ძალიან პირადულია და არ მინდა, მასზე საუბარი. დღევანდელი გადმოსახედიდან არაფერს ვნანობ, ალბათ, როგორც მოხდა, ისე უნდა ყოფილიყო. რასაც ვერ შეცვლი, არც უნდა ინანო.

– თავისუფლება არის...

– პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით – თავის უფლება.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– არაფერს შევუცვლივარ, როგორიც ვიყავი, ისეთი ვარ. ყოველდღიურობასთან ერთად, ჩემდა უნებურად, ალბათ, ვიცვლები, მაგრამ დიდი ცვლილება არ მომხდარა – რაც ვიყავი, ის ვიქნები სულ. როგორიც არის ადამიანი ბუნებით, ის ვერანაირად ვერ შეიცვლება.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა, ჩემზე ბევრად უფროსმა მითხრა: ქეთი, წინ იარე, რაც უნდა გითხრან, არ გაჩერდე, ყოველთვის წინ იარეო. სულ მემახსოვრება ეს სიტყვები, სანამ ცოცხალი ვიქნები. ეს ადამიანი თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, მინდა, იცოდეს, რომ ასეც ვიქცევი – მივდივარ წინ და წინ, ამ რჩევისთვის კი მადლობელი ვარ მისი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი