შოუბიზნესი

ქეთი კანტიძე: ნახევარი ცხოვრება შიმშილში გავატარე

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 19.10, 2021 წელი

ქეთი კანტიძე
დაკოპირებულია

ქეთი კანტიძე და ნატო ებანოიძე „სამზარეულოს ომების“ კონკურსანტები არიან. მათ ყველა თეატრალური სამყაროდან და ეკრანებიდან ვიცნობთ, თუმცა, როგორც ჩანს, არც კულინარიისგან არიან შორს.

ქეთი კანტიძე: ძალიან წინააღმდეგები ვიყავით მეც და ნატოც. ნატო ჩემი უახლოესი მეგობარია. უკვე 15 წელია, მარჯანიშვილის თეატრში ერთად ვმუშაობთ. მანამდე სარდაფშიც ვმეგობრობდით და მოკლედ, ძალიან შეხმატკბილებულები ვართ. თუმცა ამ გადაცემაში რომ დაგვპატიჟეს, თავიდან უარზე ვიყავით. სამსახურში რომ ვთქვით ამის შესახებ, მეგობრებმა შეგვაგულიანეს, წადითო და გადავწყვიტეთ, გვეცადა. მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექით, ძალიან შეგვეშინდა. ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მზარეულები. სახლში რაღაცას ვხლაფორთობთ და ნატო მეუბნება, გემრიელ საჭმელს შენ გააკეთებ და მე შავი მუშა ვიქნები, ყველაფერში დაგეხმარებიო. მე ვუთხარი, გაგიჟდი, სად სახლში გაკეთებული და სად მოლეკულური კულინარია, იქ რა უნდა გავაკეთოთ-მეთქი. მოკლედ, თავისუფალი ვიყავით კერძის არჩევაში და რაც იქნება, იქნება, რამეს მოვიფიქრებთ, იქნებ პირველივე ტურიდან გამოგვაგდონ და დავისვენებთ-მეთქი, ვუთხარი ნატოს და წავედით. ვაიმე, ეს რა სანერვიულო ყოფილა, ნახევარ საათში უნდა ჩავტეულიყავით. ხარჩო გამომდის კარგად და გადავწყვიტეთ, ქათმის ხარჩო მოგვემზადებინა. რადგან ნატოს ინდოეთი უყვარს ძალიან, ინდური სუნელები ჩავრთეთ ჩვენს კერძში. გამოგვივიდა გემრიელი, რა ვიცი, მოეწონათ, მაგრამ ვეღარც კი შევიცხადეთ სიხარული, გვეგონა, გამოგვაგდებდნენ და გადაგვიყვანეს შემდეგ ტურში. ახლა ათეულისთვის უნდა აარჩიონ კონკურსანტები და არა მგონია, ჩვენ გადაგვიყვანონ. მე იმ ნერვიულობას მეორედ ვერ გადავიტან. თუ გამოგვიშვებენ, ძალიან მადლობლები დავრჩებით. ორივე გაგიჟებული ვართ.

– არც ეკრანი გიკვირთ, არც სცენა და კამერა, რა განერვიულებდათ ასე ძალიან?

– კი ბატონო, ნატო მეუბნებოდა, ნეტა ახლა კინოგადაღება იყოს, ისე გავაკეთებდით ყველაფერს, უშეცდომოდო, მაგრამ იქ ძალიან ვინერვიულეთ. ორივემ ხელი გავიჭერით, სისხლი გვდიოდა, ხელთათმანიც კი ვერ ჩავიცვით. ერთ ამბავში ვიყავით, მართლა საშინელ მდგომარეობაში ჩავცვივდით. ისე ავნერვიულდი, გემოც ვერ გავუსინჯე კერძს. კომენტარი წავიკითხე ჩვენს ფოტოზე, მსახიობებს რომ იწვევთ ამ პროექტში, რატომ პროფესიონალებს არ მიიყვანთო? დავფიქრდი, ალბათ მართლა ამ საქმისთვის უნდა გქონდეს თავი მიძღვნილი-მეთქი, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და გვინდა, რაღაცაში მივიღოთ მონაწილეობა. თან, მე და ნატომ ვიფიქრეთ, რაღაცას გავიგებთ, რამეს ვისწავლითო. მესმის, პროფესიონალები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ასეთ პროექტებს, თუმცა უამბიციოები არც ჩვენ გეგონოთ, მე და ნატო უკვე ბინას ვიყოფთ (იცინის).

– თან გინდათ, გამოგაგდონ.

– კი, გამოგდებაც გვინდა და ბინაც, არ ვიცი, როგორ გამოვა ორივე ერთად (იცინის).

– როგორი ხართ საკუთარ სამზარეულოში?

– სამზარეულოში რომ კარგი ვარ და საჭმელი მიყვარს, ეს ჩემს ჰაბიტუსსაც ეტყობა. კარგი ჭამაც მიყვარს და კარგი კეთებაც. სტუმრებსაც ხშირად ვმასპინძლობ. ძალიან მიყვარს ჩემთან რომ ვეპატიჟები მეგობრებს და გემრიელ ქართულ კერძებს ვახვედრებ. რომ გითხრათ, მექსიკური და ისლანდიური კულინარია ვიცი-მეთქი, ნამდვილად არ იქნება მართალი. მე მხოლოდ ქართული ტრადიციული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მომზადება ვიცი. მამაპაპურს ყველაფერს კარგად ვაკეთებ. თუმცა ამ ტრადიციულ კერძებში ხან რას გავურევ ხოლმე და ხან რას. სახლში ჩემთვის ვერთობი ექსპერიმენტებით. მე მარტო ვცხოვრობ, მაგრამ არასდროს შევჭამ უბრალოდ შემწვარ ან მოხარშულ კვერცხს. თუ შემწვარი კვერცხი მინდა, შევიწვავ, მოვაყრი პილპილს, დავამატებ რეჰანს, მწვანე ხახვს, გადმოვიღებ თეფშზე, ლამაზად დაჭრილ პამიდორს მივუწყობ, კიტრსაც დავიჭრი, პურს გავხუხავ და მივირთმევ. აუცილებლად უნდა გავალამაზო კერძო და ისე შევექცე. ვინ მიყურებს ჩემი ბრუნოს მეტი, ჩემს კატას ჰქვია ასე, მაგრამ მე მსიამოვნებს ასე და ვაკეთებ.

– ალბათ, მეგობრებს ძალიან უყვართ თქვენთან სტუმრობა.

– ძალიან, ძალიან... ვიტყვი ხოლმე, ხვალ სადილად ჩემთან იქნებით და ვაკეთებ გემრიელობებს. ჩემს გოგონებს ძალიან უყვართ ჩემი გაკეთებული ჭვიშტარი, კიდევ არაჩვეულებრივ ბაჟეს ვაკეთებ, ნიგვზიანი ბადრიჯანიც მშვენივრად გამომდის, აფხაზურაც, ხორცსაც ძალიან გემრიელად ვწვავ. პრასის ფხალსაც ძალიან კარგს ვაკეთებ, ხარჩოსაც. სახლში ძალიან კარგი მზარეული ვარ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ძალიან დავიბენი. დროში რომ ვარ შეზღუდული, ეს დამაბნეველია.

– ხორცთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია და დაოსტატებული ხართ?

– გოჭსაც კარგად ვწვავ, ისე ხორცსაც და ორივე მშვენივრად გამომდის. დედაჩემი რაჭველი, ძალიან კარგი მეოჯახე ქალი იყო, გემრიელი ხელი ჰქონდა და მეც მისგან ვისწავლე. თან, მიყვარს გემრიელი კერძები. რაც გიყვარს, ხომ იცით, ეფერები. როცა რამეს ვამზადებ, კარგ ხასიათზე ვდგები. ველაპარაკები საჭმელს: აბა, ახლა კარგი უნდა გამოხვიდე, გემრიელი, არ შემარცხვინო მეგობრებთან, კარგად შეზავდი– მეთქი და მართლაც არ მარცხვენს.

– მეგობრები არ გთხოვდნენ დახმარებას თავიანთი წვეულებისთვის?

– ვაიმე, ძალიან ხშირად. სტუმრად სამი საათით ადრე მივდიოდი, საჭმელებს ვამზადებდი და მერე დაღლილს აღარაფრის თავი არ მქონდა.

– წონაზეც აისახება ეს ყველაფერი, ხომ?

– წონაც შესაფერისი მაქვს. ჩემი კილოგრამები ჩემივე ჭამის სიყვარულის პირდაპირპროპორციულია. კარგი წონა მაქვს, ისეთი, ქე რო გესიამოვნება ადამიანს. ნახევარი ცხოვრება შიმშილში გავატარე და მერე რაღაც ასაკს რომ გადავაბიჯე, ვთქვი, უკვე აღარ შემიძლია შიმშილი-მეთქი. ხანდახან ვცდილობ, ცოტა შევიზღუდო თავი – თეთრ პურს არ ვჭამ, საღამოსაც ვერიდები ჭამას და ცხიმიანებსაც არ ვიღებ. თუმცა, ახლა უკვე ნაკლებად ვიკლებ. ვინარჩუნებ ჩემს სავსე წონას, სტაბილური სიმსუქნე მაქვს (იცინის).

– დღესასწაულებზე რა ხდება?

– ტრადიციული ქართული სუფრა მაქვს ხოლმე, მაგრამ ბოლო ორმა წელმა სულ დამავიწყა ყველაფერი. საცივი, თუ საშუალებაა, გოჭი, თუ არადა – ნახევარი გოჭი, თუ ძალიან არა – მეოთხედიც შეიძლება, ნიგვზიანები და ძალიან გემრიელი კუჭმაჭი. ტკბილეული არ მიყვარს, მაგრამ კექსებს ვაცხობ და ათასნაირი ხილით ვაფორმებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი