შოუბიზნესი

კახა მიქიაშვილი: მგონია, რომ ქვეყანა დაინგრა და მირჩევნია, მიწა გასკდეს

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.06, 2022 წელი

კახა მიქიაშვილი
დაკოპირებულია

მოგზაურობა, ალბათ, ყველასთვის საყვარელი გართობის, განტვირთვის და ახლის გაცნობის საშუალებაა. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრება ამის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია და მათ შორის არის მსახიობი კახა მიქიაშვილი.

კახა მიქიაშვილი: არ ვიცი, მოგზაურობაზე მეტად რამე თუ მიყვარს. ასეა ბავშვობიდან. სულ რომ თბილისს გავცდე, უკვე ძალიან მიხარია. საქართველოს ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი და არაერთხელ. საზღვრებს გარეთ გასვლა, მით უმეტეს, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ჩემი მოგზაურობა მეტწილად საქმეს უკავშირდება, ან თეატრიდან მივდივართ, ან გადაღებებზე, თუმცა შიგადაშიგ ტურისტულად, მეგობრებთან ერთადაც დავდივარ ხოლმე.

– სულ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და გამორჩეული შთაბეჭდილებით საიდან დაბრუნდით?

– 30-მდე ქვეყანაში და 100-ზე მეტ ქალაქში. იტალია და რომი ჩემთვის ნომერ პირველია. უცნაურია, მაგრამ პატარა რომ ვიყავი და იტალია რუკაზეც კი არ მქონდა ნანახი, როცა მეკითხებოდნენ, რომელი ქვეყანა გიყვარსო, ვპასუხობდი, იტალია-მეთქი, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რატომ. როდესაც პირველად ჩავედი იტალიაში, მივხვდი, რომ სწორს ვამბობდი. არქიტექტურაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ კულტურა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხის ტემპერმენტი, გემოვნება, ამ ქვეყანაში იმდენი რამ არის საოცარი, რომში რამდენჯერაც ჩავდივარ, ვერც აღვწერ, რა მემართება.

– მოგზაურობისას, ალბათ, ადგილობრივ და ცოტა უცნაურ კერძებსაც აგემოვნებთ.

– აუცილებლად. ყველაფერი მომწონს და ჩემს რეცეპტორებს ერგება-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთხელ ჭამად ღირს. უცნაურს რაც შეეხება, ინდოეთში ზვიგენის წვნიანი ვჭამე. რომ გითხრათ, აღვფრთოვანდი-მეთქი, მოგატყუებთ. ეგვიპტეში ცოცხალი ხორცით მომზადებული კერძებიც მიჭამია და პარიზში – ლოკოკინები და ბაყაყიც. საინტერესო იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მენატრება.

– გასართობად რომელ ქვეყანას აირჩევდით?

– ჩემი გართობა არ არის ღამის ცხოვრება და კლუბები. ღამისთენება და ალკოჰოლი არ მიყვარს. ძირითადად, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვმოგზაურობ, სხვა ქვეყანაში მარტო სულ რამდენჯერმე ვყოფილვარ და ჩემი გართობა მეგობრებთან ერთად ქალაქის დათვალიერებაა. მერე შეიძლება სადმე დავსხდეთ. როცა თეატრიდან მივდივართ გასტროლზე, იქ სულ გართობა და თავგადასავლებია.

– თეატრიდან ვისთან ერთად მოგზაურობა არის სახალისო ისტორიებით გამორჩეული?

– გოგა ბარბაქაძე გასტროლზე მოდის იმიტომ, რომ რაღაც ისტორიები დაიმახსოვროს და მერე მთელი ცხოვრება ყვებოდეს თავისი ინტერპრეტაციებით. ჩემზეც და სხვებზეც მილიონი ისტორია აქვს (იცინის). ნიკა წულუკიძე, ბრწყინვალე თანამგზავრია. ნიკა და გოგა ერთმანეთს ეპაექრებიან. ნიკასთან მოგზაურობა – ეს ცალკე სიამოვნებაა. სულ რომ არაფერი დაათვალიერო და უბრალოდ, მას უსმინო, ღირს. არასდროს მოგაწყენს, სულ საინტერესო ისტორიებს ჰყვება. საჯაროდ ვამბობ, რასაც ეს ორი ჰყვება ხოლმე ჩვენ შესახებ, არ არის სიმართლე, მაგრამ ისე კარგად ჰყვებიან და ისე მეცინება, რომ თვითონაც ვაყოლებ ხოლმე. ვიცი, რომ იტყუებიან, მაგრამ ამბის მოყოლის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ და ღირს. თან ყველა ჯერზე ახალ ისტორიებს ჰყვებიან და სპექტაკლს დგამენ (იცინის). როცა თეატრთან ერთად მივდივარ სამოგზაუროდ, მე ჩემი „წესები“ მაქვს, თავიდანვე ვამბობ, ვისთან ერთად ვიქნები ნომერში, ყველასთან ერთად კომფორტულად ვერ ვარ. წესრიგი, პუნქტუალურობა და მსგავსი დეტალები არის ის, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომ ყველაფერს ოთახში მარტო ყოფნა მირჩევნია.

– თქვენ არასდროს დაგგვიანებიათ?

– ერთადერთხელ მოხდა მსგავსი რამ. ბარსელონიდან მოვფრინავდით და იმ დღესვე, საღამოს, ქუთაისში სპექტაკლი გვქონდა. მე დილით ადრე უნდა ჩამოვფრენილიყავი, მაგრამ აეროპორტში მითხრეს, რომ რეისი გადაიდო. მერე კიდევ გადაიდო და ფაქტობრივად, თვითმფრინავით დავჯექი სცენაზე. როგორ მოხდა და რამდენი წამით მოვასწარი, არ ვიცი. საშინელი რეაქცია მაქვს, როცა სადმე ვაგვიანებ, მით უმეტეს, თუ საქმე სპექტაკლს ეხება. მგონია, რომ ქვეყანა დაინგრა და მირჩევნია, მიწა გასკდეს. თან დაგვიანებას ისიც ემატებოდა, რომ თვითმფრინავში ტელეფონი არ იჭერს და თეატრში ვერ ვრეკავ, რომ ვუთხრა, აუცილებლად მოვალ-მეთქი. ცალკე ისინი ნერვიულობდნენ და სასწაული მოხდა, მართლა წამებში მივასწარი. მთელი მოგზაურობა ჩამშხამდა. მადლობა ღმერთს, სპექტაკლი ჩემს გამო არ ჩაშლილა, მაგრამ ბოლოს რომ გამოვედი, უცნობები მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ: რა ქენი, ჩამოუსწარიო? (იცინის).

– უცხო ქვეყანაში ადგილობრივ სამართალდამცველებთან არ გქონიათ გაურკვევლობა?

– უზომოდ წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ. სადმე რომ მივდივარ, ყველაფერი გაწერილი და წამებში გათვლილი მაქვს. წინასწარ აბსოლუტურად ყველაფერს ვამოწმებ და არასდროს შემქმნია პრობლემა. მესაზღვრე ძალიან ცუდ ხასიათზეც რომ შემხვდეს, შარს ვერაფერში მომდებს, იმიტომ, რომ ჩასვლის წამიდან, გამოფრენის წამამდე, ყველა დეტალი გათვლილი მაქვს და ყველა საბუთს თან ვატარებ. სიტუაციაზე კონტროლს არასდროს ვკარგავ. საერთოდ არ ვარ ადამიანი, რომელიც პანიკას ჰყვება. პირიქით, ფორსმაჟორის დროს უფრო მეტად მობილიზებული ვხდები, მაგრამ რამე განსაკუთრებული არც მომხდარა. ერთხელ, ეგვიპტეში გვქონდა სპექტაკლი და სცენაზე ცეცხლი და წყალი გვჭირდებოდა. გვითხრეს, აქ მსგავსი რამ არ შეიძლებაო. უცებ უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ, სცენასთან მეხანძრეები ცეცხლმაქრობებით იდგნენ და მოკლედ, ერთი ამბავი იყო (იცინის). საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– სად მიგიღიათ განსაკუთრებული ემოციები მაყურებლისგან?

– თურქეთსა და ფინეთში. ფინეთში საკმაოდ ცივი ხალხია, რაც მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ალბათ, არც არის გასაკვირი, მაგრამ ემოციური მაყურებლები აღმოჩნდნენ, თუმცა ცოტა დაგვიანებული ემოციები ჰქონდათ. მეორე წელსაც რომ ჩავედით, გასტროლზე, მაშინ გვეუბნებოდნენ, რა კარგი იყო წინა წლის სპექტაკლიო. თურქეთი, უკრაინა – აქაც განსაკუთრებულად გამოხატავენ ხოლმე ემოციებს.

– რამდენიმე გასტროლით სხვა ქვეყანაში პოპულარობა, ალბათ, ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ყოფილა რამე მსგავსი?

– კი, თურქეთში, ტრაპიზონში ვითამაშეთ სპექტაკლი, რომელშიც მამლის როლი მქონდა. მეორე წელს რომ ჩავედით, ჯიხურში ფულის გადასახურდავებლად მივედი და გოგონა მიღიმის. ვიფიქრე, ზრდილობიანი ადამიანია-მეთქი და უცებ მეუბნება, შენ ის არ ხარო? და მამლის მოძრაობებს აკეთებს (იცინის). ძალიან დიდი ემოცია იყო, რიგითმა ადამიანმა ერთი წლის წინ ნახა სპექტაკლი და ჩემი პერსონაჟი დაიმახსოვრა, მსახიობისთვის ეს ნამდვილად კარგი კომპლიმენტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი