შოუბიზნესი

კახა გოგიძე: სიყალბემ მაიძულა, რაღაც შემეცვალა

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 18.05, 2021 წელი

კახა გოგიძე
დაკოპირებულია

მსახიობსა და რეჟისორს კახა გოგიძეს, რომელიც სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ პრეზიდენტის როლს ასრულებს და რომლის გარშემოც ერთი დიდი ქაოსია, ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

კახა გოგიძე: მე რომ პრეზიდენტი ვიყო, პირველ რიგში, ანტისაოკუპაციო მოძრაობას დავიწყებდი – „ნატოს“ შტაბ-ბინაში დავწვებოდი და ყველაფერს ვიზამდი იმ მიზნით, რომ როგორმე ხმა აგვემაღლებინა. ჩვენ რომ ამას არ ვაკეთებთ, ისინიც ჩუმად არიან. გარდა ამისა, აუცილებლად გავაძლიერებდი სამხედრო ძალებს და წინ წამოვწევდი კულტურასა და ჯანდაცვას, განათლებას კი მთავარ პრიორიტეტად ვაქცევდი.

– რას ფიქრობთ იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება?

– ახლა ჩვენ გარშემო სრული ქაოსია. ყველა ილანძღება, დაუნდობლად იქცევიან. ადამიანურად სასაუბროდ არ სხდებიან. გადადე რა, ყველაფერი გვერდზე, ხალხი ვზარალდებით. ყველგან სიძულვილის ენაა, არ შეიძლება ასე. პოზნერის ვიზიტის შემდეგ, ტელევიზიით რომ გამოვედი, დაუსრულებლად მლანძღეს. მაშინ, როცა ცუდი არავისზე მითქვამს, გარდა ოკუპანტებისა. ამ გრძელვადიან ნეგატივს ბოლოს სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება. პატარა არ ვარ და მინახავს, როგორ დაიწყო თბილისში სამოქალაქო ომი. ამიტომ, ვიცი, რაც მოხდება. ბოლოს ლანძღვა რომ აღარ დააკმაყოფილებთ, ხელით შეეხებიან ერთმანეთს და მერე უკვე ძალიან ცუდი რაღაც მოხდება. ამიტომ აგრესია უნდა მოვთოკოთ.

– სერიალში თქვენი პრეზიდენტი ქეიფის და სიმღერის მოყვარული კაცია, რის გამოც დიდ კრიტიკას იმსახურებს. იყო პერიოდი, როცა ეს თქვენს ცხოვრებაშიც დიდი დოზით იყო. ერთი შეხედვით, ამ უწყინარ თავშესაქცევში რა არის ცუდი?

– ცუდი არის ქაქანი. გვგონია, რომ საქმე კეთდება და სინამდვილეში, მხოლოდ ვქაქანებთ. რეალურად, სიცრუესა და სიყალბეში ვცხოვრობთ: სადღეგრძელო, სიტყვების რახარუხი, მაგრამ საქმე – არა. სახლში მთვრალი მიდიხარ, მეორე დღეს „პახმელიას“ ისევ ალკოჰოლით ებრძვი, ისევ თვრები, ისევ ლაპარაკობ დიდაქტიკურად, მაგრამ საქმე – არა, პრაქტიკა – არა, ცარიელი სიტყვები ხარ.

– რა არის საჭირო გამოსაფხიზლებლად?

– ის, რომ ადამიანი ნაკლებად ამპარტავანი იყოს და საკუთარი თავი ყველაფერში მართალი არ ეგონოს. ჩვენ ეგ პრობლემა გვაქვს: „შენ მე როგორ არ მეთანხმები? მე ვარ, მეეე“. თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ ხედავს სარკეში, სხვას ვერაფერს დაინახავს. სახლში რომ შემომივარდეს ვიღაც და ნგრევა დაიწყოს, მე ამ დროს უნდა ვიქეიფო? ახლა ეს არ ხდება? ოთხი კაცი მოკვდა იმიტომ, რომ ძაღლებით მოსდევდნენ რუსები და ახლა ქეიფის დროა?

– თქვენ შემთხვევაში, ეს იყო დამოუკიდებლად გაცნობიერებული გადაწყვეტილება თუ სხვისი შეძახილის შედეგი?

– მე ბავშვობიდან მაქვს ერთი თვისება – ამქვეყნად ისე არაფერი მაღიზიანებს, როგორც სიყალბე. მივხვდი, რომ სიყალბეა მთელი ეს სუფრები და სადღეგრძელოები. დაიწყებენ სიყვარულით და ბოლოს მაგიდებს ლეწავენ, ერთმანეთს დანებს უყრიან და ხოცავენ. მერე – დიდაქტიკურად საუბარი საქართველოსა და დედაზე, როცა საკუთარ დედაზე იგინებიან ორ ნაბიჯში?! ამომივიდა ყელში, ამ სიყალბემ მაიძულა, რაღაც შემეცვალა. გავაცნობიერე, რომ ამ „გრუზინულმა“ მომენტმა ჩამითრია. „ნახე, რამდენს სვამს, ეს კაი ბიჭია“. ეს არის კარგი ბიჭობა?! ზუსტად მე ვიყავი ის, ვისაც შეეძლო, ბევრი დაელია და არც შეტყობოდა. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი, ყალბი და აგრესიული ადამიანი ვხდებოდი. მივხვდი, რომ არ მინდოდა ტყუილსა და სიყალბეში ცხოვრება. არ ვამბობ, რომ ვინმეზე კარგი ვარ, ყველაზე ცუდი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ მინდა, მცონარე მდგომარეობაში ყოფნა. პირიქით, მინდა ბეჯითი და საქმის მკეთებელი, სიტყვის ადამიანები და გულმოწყლეები ვიყოთ. რატომღაც ახლა თავაზიანობა სისუსტედ განიხილება. მაინცდამაინც დაძაბული უნდა იყო, რაც უფრო ხისტი ხარ, მაგარი ტიპი ხარ. ისეთი ხისტი ვიყავი, მეტი არ შეიძლება, მაგრამ არაფერი კარგი ამან არ მოიტანა.

– პოლიტიკა, ეკლესია... ყველგან დიდი არეულობაა. თქვენი აზრით, ამ ყველაფერზე პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა სირთულეებმა იქონია გავლენა?

– პანდემიამ არა, ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით. სიძულვილი და ზიზღი ყოველთვის იყო. ეს ოკუპაციის გამოძახილია. ამ ოცდაათწლიანის კი არა, 200-წლიანი ოკუპაციის. რუსეთმა ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ზიზღი ჩაუნერგა. ქართული ცხელ ტემპერამენტს რომ ბოღმას გაურევ, მიიღებ იმას, რაც დღეს გვაქვს. სიყვარული აღარ არის. ამას განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ საჭესთან. უმრავლესობა მკვლელის სახით ზის, გაშინებს მათი ყურება. ვინც მტერია, გვხოცავს და ტერიტორიებს გვართმევს, იმაზე კი არაფერს ამბობენ, მხოლოდ – ერთმანეთზე. ბოღმა და შური განავითარეს კარგად ჩვენში ოკუპანტებმა. საუკუნეები მიდიოდა მუშაობა ქართველის გადასაკეთებლად. როგორებიც ვიყავით, ამაზე ლეგენდებით ვიცით, ამიტომ მე მტკიცებას ვერ დავიწყებ. ესეც ხომ ჩვენი პრობლემაა, არ იციან და ისეთი მტკიცებით საუბრობენ, რომ... ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა შეიძლება, ძალიანაც მეშლებოდეს. ისეთი ვერსიაც კი განავითარეს, რომ ღალატმა გადაარჩინა საქართველო. მოღალატეები რომ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც მოვაღწიეთ აქამდეო, მომისმენია, როგორი ხიბლით ლაპარაკობდნენ ამაზე. ღალატი მაგარია, თორემ აქამდე ამოგვწყვეტდნენო... წარმოგიდგენიათ, რა მონური აზროვნებაა?!

– რაც შეეხება ყოველდღიურობას, ეს როგორ შეიცვალა პანდემიის ფონზე?

– ვეღარ ვუმკლავდები ბანკის ვალებს. ყველაფერი გაძვირდა, ვერ ვმუშაობდით და ვალიც ისე გაიზარდა, ვეღარ ვეწევით. უმრავლესობა ასეა, უკან წავიდა ყველაფერი. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ეს რეალობაა. ადამიანი რომ იხრჩობა და მიშველეს დაიძახებს, რა გაწუწუნებს კი არ უნდა უთხრა, ხელი უნდა მოჰკიდო და ამოათრიო. ჩვენ უკვე „მიშველეს“ ვყვირით და არ ვიცი ვინ, მაგრამ თუ ხელი არავინ გამოგვიწოდა, დავიხრჩობით. ვიხრჩობით და სხვებსაც ვახრჩობთ. ერთმანეთს ვეჭიდებით და დაბლა მივათრევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი