შოუბიზნესი

ირუ ხეჩანოვი: არცერთი კონკურსი არ წამიგია და არც წავაგებ

№18

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 08.05, 2023 წელი

ირუ ხეჩანოვი
დაკოპირებულია

„ევროვიზიის“ კონკურსი წელს 11 მაისს ლივერპულში ჩატარდება, რომელზედაც ჩვენს ქვეყანას ულამაზესი, ნიჭიერი და იღბლიანი 22 წლის მომღერალი ირუ ხეჩანოვი წარადგენს. ირუ ბავშვობიდან მღერის და ამბობს, რომ იღბლიანი ადამიანია, რადგან ყველა კონკურსი, სადაც მონაწილეობდა, მოიგო და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. ჟურნალი „თბილისელები“ წარმატებას და დასამახსოვრებელ გამოსვლას უსურვებს მას „ევროვიზიის“ კონკურსზე.

ირუ ხეჩანოვი: ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ სცენაზე დავმდგარიყავი და მემღერა. რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი და ვცეკვავ. გარდა მომღერლობისა, სხვა მიზანი არ მქონია. ტელევიზიით რეკლამები რომ გადიოდა, ვიმახსოვრებდი და ვმღეროდი განსაკუთრებით, „ბარამბოს“ რეკლამა მიყვარდა. ჩემი ბიძაშვილი უჭმელი იყო, დავდგებოდი მის წინ, პერფორმანსებს ვუტარებდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, თავდაყირა ვდგებოდი და ისე აჭმევდნენ (იცინის). სხვათა შორის, ჩემში სიმღერის ნიჭი სულ თავიდან ბებომ აღმოაჩინა, რომელსაც ბიონსე შევარქვით და წლებია, დღემდე, ოფიციალურად ასე მივმართავთ.

– ვინ შეარქვა ბებოს ბიონსე, შენ ხომ არა?

– არა, მე არ შემირქმევია, გიგა კუხიანიძემ შეარქვა. ბებო ყველგან დამყვებოდა – რეპეტიციებზე, კონცერტებზე, კონკურსებზე, ყველა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელი იყო, მოდიოდა და გვერდით მედგა, ძალიან ჩართული იყო ჩემს კარიერულ წინსვლაში და დაარქვა ბიონსე.

– მუსიკალური სმენა და ხმა გენეტიკურად ვისგან დაგყვა?

– ჩემს ოჯახში ყველა მღერის და ღიღინებს, გენეტიკურად მოგვდგამს, თუმცა პროფესიულ დონეზე ჩემ გარდა არავინ გაჰყვა. და-ძმა მყავს და ისინიც კარგად მღერიან.

– ირუ, როგორც ვიცი, კონსერვატორიაში მიიღე განათლება და ახლაც აგრძელებ სწავლას. ხომ არ ვცდები?

– დავამთავრე დემირელის სკოლა, შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, დავამთავრე ბაკალავრი და მაგისტრატურაზე ჩავაბარე, სადაც ახლაც ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, პიარზე. ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი გოგო ვარ. რამდენ კონკურსზეც მიმიღია მონაწილეობა, აბსოლუტურად ყველგან მომიგია, არცერთი კონკურსი არ წამიგია და ისეთი გეზი მაქვს აღებული, არც წავაგებ (იცინის).

– სულ რამდენ კონკურსზე ხარ გამოსული და პირველი კონკურსი თუ გახსოვს?

– ხუთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ყველგან გამარჯვებული გამოვედი. რაც შეეხება პირველ კონკურსს, ჩემთვის „ანა ბანას“ კონკურსი იყო პირველი, მაშინ ათი წლის ვიყავი და იქიდან დაიწყო ყველაფერი, როცა პირველად ვიგემე გამარჯვების გემო. ამის შემდგომ, ძალიან მალე, „საბავშვო ევროვიზიაზე“ გავემგზავრე. ახლა წინ, „ევროვიზიის“ კონკურსია, რამდენიმე დღე დარჩა და ყოველდღიურად ვემზადებით, რეპეტიციაზე ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ დიდ სცენაზე მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო.

– „ევროვიზიაზე“ გიგა კუხიანიძის სიმღერით გამოდიხარ. ვისი კაბა გეცმევა და ზოგადად, როგორ გგონია, რა შანსები გაქვს კონკურსზე?

– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებ, რადგან მაქსიმუმს გავაკეთებ და გულშემატკივართა უდიდესი არმიაც მიმაგრებს ზურგს. სხვათა შორის, წინასწარი გამოკითხვებით, წელს საქართველოზე ძალიან დიდი გამოხმაურებაა, რაც ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, სცენაზე დავდგე, ჩემი ქვეყანა ვასახელო და წარმატება მოვუტანო. რა თქმა უნდა, სიმღერა გიგა კუხიანიძისაა, კაბა – მარიკა ქურდუბაძის. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რა გაცვია სიმღერის დროს, რადგან ის უნდა ასახავდეს შენს და ნამღერის ხასიათს. ეს კაბა კი, სწორედ ისაა, რაც სიმღერას სჭირდება და იმ ემოციას, რაც მე უნდა გადმოვცე.

– ნერვიულობ? ხომ არ გაქვს წინასწარი შეგრძნებები და ზოგადად, სცენაზე გასვლის წინ გახასიათებს ღელვა?

– რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. რაც მეტად ვიზრდები, მით მეტად ვაანალიზებ, რა არის კონკურსი, რა პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავარ. „საბავშვო ევროვიზიაზე“ როცა გამოვდიოდი, იმდენად არ ვნერვიულობდი, რადგან პატარა ვიყავი, ახლა, რასაკვირველია, ვნერვიულობ. მინდა, ღირსეულად წარვდგე „ევროვიზიაზე“ და საქართველოს წარმატება მოვუტანო. თუ გავიმარჯვე, ალბათ, დიდი ხანი შოკიდან ვერ გამოვალ და თუ არა, უდიდეს გამოცდილებას მივიღებ.

– ვიცი, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, რას გწერენ სოციალურ ქსელში?

– ყოველდღოურად უამრავ შეტყობინებას ვიღებ და ძალიან მახარებს ეს ყოველივე. როცა ამხელა მასშტაბის კონკურსზე მივდივარ, ჩემთვის გულშემატკივრობა, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ თბილ სიტყვებს მწერენ. ძირითადად, მწერენ, რომ აქვთ ჩემი იმედი, წარმატებებს მისურვებენ, ძალიან მოსწონთ ჩემი სიმღერა და რომ ყველაფერი კარგად იქნება. უმრავლესობას ვპასუხობ. ბევრი არ ელოდება ჩემგან პასუხს, თუმცა ვცდილობ, სითბო და სიყვარული, ასმაგად დავუბრუნო. თუ გავიმარჯვე, ამაყი დავბრუნდები და ბედნიერი ვიქნები, რომ იმ ადამიანების იმედები გავამართლე, ვინც გვერდით მედგა. სხვათა შორის, კონკურსის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ჩემ გვერდით იქნებიან.

– რაიმე თილისმა ხომ არ გაქვს, რაც წარმატებაში გეხმარება და სულ თან დაგაქვს?

– „საბავშვო ევროვიზიაზე“ რომ მივდიოდით, პატრიარქმა დაგვლოცა და გვითხრა: რომ გაიმარჯვებთ, კიდევ მოდით და შევხვდეთო. ანუ გამარჯვება გვიწინასწარმეტყველა. მაშინ სამაჯური მაჩუქა. სულ მეკეთა და დაკვირვებული ვიყავი, წარმატება მოჰქონდა. სხვათა შორის, „საბავშვო ევროვიზია“ 2011 წლის 3 დეკემბერს მოვიგეთ – ჩემს დაბადების დღეს, როცა 11 წლის გავხდი. რომ გავიმარჯვეთ და პრესკონფერენციაზე მიგვიწვიეს, ყველას ვაჩვენებდი სამაჯურს და აღვნიშნავდი, ეს ჩემი თილისმაა-მეთქი. სულ მეკეთა და სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ დამიზიანდა და ძალიან დამწყდა გული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი