შოუბიზნესი

ირინა ბაირამაშვილი: პიროვნულად ასეთი ვარ, ჩავარდნები მაქვს ხოლმე

№7

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 24.02, 2021 წელი

ირინა ბაირამაშვილი
დაკოპირებულია

 ყველასათვის საყვარელი და ნიჭიერი მომღერლის, ირინა ბაირამაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ის და მისი მეუღლე მეორე პატარას მოლოდინში არიან. მათი ოჯახური ცხოვრება ცოტა უცნაურად დაიწყო – რამდენიმე დღის გაცნობილი ჰყავდათ ერთმანეთი, როცა დაოჯახება გადაწყვიტეს, თუმცა ერთი ნახვით შეყვარებამ გაამართლა და, როგორც ირინა ამბობს, რაც მათ ურთიერთობაში არ შეცვლილა, სიყვარულია.

ირინა ბაირამაშვილი: დანი იყო დაგეგმილი შვილი, მეორე ორსულობას რაც შეეხება, სრულიად დაუგეგმავი იყო, მაგრამ, როცა ეს ამბავი შევიტყვე, უზომოდ გამიხარდა. ორსულობა კარგად მიდის და პატარას მაისში ველოდებით. მე ჩემს დაზე 4 წლით უფროსი ვარ და ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო იდეალაური შუალედი. ამიტომ სულ მინდოდა, ბავშვებს შორის ეს ასაკობრივი სხვაობა ყოფილიყო. ორსულობის შესახებ რომ გავიგე, არ შემშინებია, თან ამ კორონას დროს, მშვენიერ პერიოდს დაემთხვა, თუმცა მეც და ჩემი ქმარიც ცოტა დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს: ვაიმე, მეორე, თან მეორეც ბიჭი. ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად ვუდგებით და ერთადერთი, ეს საკითხი გვაფიქრობს. კი, გოგოსა და ბიჭის გაზრდა ორივე დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ორი ბიჭი მაინც სხვა ამბავია. რომ წარმოვიდგენთ ხოლმე, რამდენი რამე გვაქვს გასავლელი: გარდატეხის პერიოდი, მოზრდილობა... ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, რამე რომ არ შეგვეშალოს, სად რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. უკვე, ბავშვების განათლებასა და მომავალზეც კი დავიწყეთ ფიქრი.

– როცა დანი დაიბადა, გარკვეული პერიოდი კარიერაში პაუზა გქონდა. ახლა, თითქოს, ისევ დაუბრუნდი შენს საქმეს და როგორ ფიქრობ, ისევ მოგიწევს გაჩერება?

– მარტო ბავშვი და ოჯახი არ ყოფილა ჩემი გაჩერების მიზეზი. პიროვნულად ასეთი ვარ – ჩავარდნები მაქვს ხოლმე. რაღაც პერიოდი გამოვცოცხლდები, აქტიურად დავიწყებ, მერე რაღაც არ მაკმაყოფილებს, ჩემს თავში ვიწყებ ძებნას და ისევ ვჩერდები. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტი ვარ, ხანდახან პესიმიზმში გადავდივარ. ვკმაყოფილდები რაღაცებით და უფრო მეტის გაკეთებას აღარ ვცდილობ. ეს არ არის კარგი, ხელოვანი ასეთი არ უნდა იყო, მაგრამ მე მგონი, ძალიან ხელოვანი ვარ თავისი მოფრენებით. დიდად შრომისმოყვარეც არ გახლავართ.

– თან, როგორც ვიცი, პირველ ბავშვზე დამხმარე გყავდა.

– ურთულესია ოჯახი, სიმღერა, კარიერა და შვილები ერთად. ძიძა კი არა, სადღეღამისო ძიძა რომ გყავდეს, მაინც რთულია. სამი თვიდან მყავდა ძიძა, მაგრამ დანი არ არის ჩვეულებრივი ბავშვი. განა ისეთია, რომ კედლიდან ვერ ვხსნი, არა, ძალიან ცნობისმოყვარეა, უამრავი კითხვა უჩნდება დღის განმავლობაში და უბრალოდ, ვერ დატოვებ ყურადღების გარეშე, ვერ მოაკლებ ამ სიამოვნებას. თან, შეკითხვასაც ხომ გააჩნია, ისეთ რაღაცას გვკითხავს ხოლმე, გაოცებულები ვრჩებით. საოცრად თბილია, რამდენიმე დღის წინ ერთად ვვახშმობდით და მამამისს ეუბნება: რა კარგია ერთად ყოფნა, დიდი მადლობა, რომ ერთად ვჭამთო. არადა, სულ ერთად ვვახშმობთ ხოლმე, ხშირად გვეუბნება: მიყვარხართ, მე თქვენი მზე ვარ და ასე შემდეგ. ჩვენც ხან ვტირით, ხან ვკივით და ხან რა რეაქცია გვაქვს. კონცერტი როცა მაქვს, უბედნიერესი ვარ, მაგრამ ნახევარი ჩემი ემოცია ბავშვთან რჩება. ცოტა ხნის წინ პირველად დავტოვე დედაჩემთან, თან ახლოს ვცხოვრობთ. რა მჭირდა, იცით? ვიდექი და ვტიროდი. შეიძლება, ეს ორსულობის ბრალია და სენსიტიური გავხდი, მაგრამ ასეთი დედა ვარ. ჩემი ქმარი კი – „მანიაკი“ მამა.

– გასაკვირი არცაა, ოთხი წლის დანი ასე კარგად რომ მღერის.

– დანი არის ერთი მსახიობის თეატრი. მე მგონი, დანის ვარსკვლავი ყველას აჯობებს ჩვენს სახლში. ჩვენზე სიუჟეტი რომ გავიდოდა, ხალხი წერდა, ეს ბავშვი ალაპარაკეთ, დედა არ გვინდაო (იცინის). განსხვავებული და სხვანაირი ხელშეწყობა უნდა, მე თუ ყველაფერი ჩემს თავს მივუძღვენი, მის ხელშეწყობას ვეღარ შევძლებ. ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი სიმდიდრეა.

– გაცნობიდან რამდენიმე დღეში შექმენით ოჯახი, გამოდის, რომ ერთი ნახვით სიყვარულმა გაამართლა?

– ჰო, სადღაც ერთ კვირაში შევქმენით, მაგრამ ახლა ასე მგონია, ქორწინებამდეც დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს. ზოგადად, ყველაფერში რისკიანი ვარ და პირად ცხოვრებაშიც რისკიანი აღმოვჩნდი. ჩვენ უკვე მეშვიდე წელია, ერთად ვართ და ასე მოვდივართ დღემდე, პატარ-პატარა კონფლიქტებითა და დაძაბულობებით, მაგრამ ეს აუცილებელია და უნდა იყოს კიდეც ურთიერთობაში.

– ამ წლების განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?

– პირველი, რაც არ შეიცვალა იმას ვიტყვი – ეს არის სიყვარული. ამბობენ, რაც დრო გადის, სიყვარული ხუნდებაო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. იმასაც ამბობენ, ეკონომიური მდგომარეობა განაპირობებს ყველაფერსო, ესეც – არა. იცით, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვქონია, ძალიან ბევრი კრიზისით, მაგრამ ჩვენს ურთეიორთობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ერთი წამით არ გაგვქრობია გრძნობა. ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: ხომ გვიყვარს ერთმანეთი? კი, კაცო, გვიყვარს, ვპასუხობთ (იცინის). ბევრს ვსაუბროთ ამ საკითხზეც. საერთოდ არაფერი შეცვლილა, ერთადერთი, პასუხისმგებლობები მოგვემატა.

– ისევ საგარეჯოში ცხოვრობთ?

– ჩავრჩით საგარეჯოში. თავიდან არ ვფიქრობდით აქ ცხოვრებას, დროებით გადავწყვიტეთ, ბავშვისთვის ჰაერი გამოგვეცვალა, მაგრამ მერე ისე მოგვეწონა, დავრჩით. პანდემიამ საერთოდ დაუსვა წერიტილი ჩვენს ჩამოსვლას. უდიდესი ეზო გვაქვს, სიმშვიდე, სიწყნარე, მარტოები ვცხოვრობთ, გვყავს ძაღლი, ტყიდან ჩამოდიან ბუები, ციყვები, მოკლედ, ზღაპარში ვართ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივია, რადგან აქ გავიზარდე, აი, ჩემს ქმარს მაინც თბილისი ურჩევნია, რადგან იქ დაიბადა და გაიზარდა. ალბათ, საბოლოოდ, დანის რომ სკოლის ასაკი ექნება, ისევ თბილისში გადმოვბარგდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი