შოუბიზნესი

გიორგი სუხიტაშვილი: პაპა უთქმელი კაცი იყო, ბევრ რამეზე არ ლაპარაკობდა, მე უნდა მივმხვდარიყავი

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 13.06, 2022 წელი

გიორგი სუხიტაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს ბაბუა გარდაეცვალა. გიორგიმ ის „მარტო პაპას“ სახელით ბოლო წლებში გააცნო სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ხშირად გვიზიარებდა მასთან ურთიერთობის ამსახველ ვიდეოებს, რამაც ადამიანებს მომღერალთან ერთად, პაპაც განსაკუთრებით შეაყვარა.

გიორგი სუხიტაშვილი: ბოლო წლებში პაპას სისხლძარღვების პრობლემებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მაქსიმალურად ვცდილობდით, მედიკამენტებით მოგვეგვარებინა არსებული მდგომარეობა, მაგრამ ასაკი და სხვა ფაქტორებიც დაემატა და გართულდა. თუმცა, პაპას არ უავადმყოფია, როგორც ამბობენ ხოლმე, არც საწოლში ჩავარდნილა. ბოლო თვეში ფეხზე არტერიის პრობლემა შეექმნა და საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. უკვე რეაბილიტაციის პროცესი მიდიოდა, როცა თავის ტვინში ინსულტი განუვითარდა. ეს ორი ერთად, ვეღარ გადაიტანა მისმა ორგანიზმმა და სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა, მშვიდად წავიდა. პაპა 88-ე წელიწადში იყო.

– მოხუცები ხომ ბავშვებივით ემოციურები ხდებიან და იყო ასეთი, განსაკუთრებით ბოლოს?

– პაპა უთქმელი კაცი იყო. ბევრ რამეზე არ ლაპარაკობდა, მე უნდა მივმხვდარიყავი. მეც გამომუშავებული მქონდა ეს უნარი და როცა რამე რიგზე ვერ იყო, მისი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდებოდი. ფეხზე რომ შეექმნა პრობლემა, მაშინაც ასე მოხდა. რომ ჩავედი, ვერ დგებოდა და რომ შევხედე, ფეხს ისეთი ფერი ჰქონდა, მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო და საჩქაროდ წამოვიყვანე. თუმცა თვითონ არ მახსოვს, რამის გამო დაეწუწუნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი დაკარგა – ოთხი დედმამიშვილი დაეღუპა, 2006 წელს შვილი გარდაეცვალა, 2018-ში ბებომ დაგვტოვა და შესაბამისად, პაპას ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ჰქონდა, მაინც ოპტიმისტი იყო. ამისთვის გარკვეულ მოტივაციას მეც ვაძლევდი, როცა სულ ვუჩიჩინებდი, ვცდილობდი, შემეძახებინა და რამდენ ხანსაც შევძელით, იმდენ ხანს გამიხალისა ცხოვრება და ბავშვობის პერიოდი გამიხანგრძლივა. სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასასრული და ეს დღეც დადგა. მასთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ შემიძლია ადამიანებზე ზრუნვა, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.

– აქამდე პაპა გელოდა კარალეთში, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგაც ძალიან აქტიურად დადიხარ. მომავალშიც ასე გინდა გაგრძელება?

– არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ პაპა აღარ არის. ის ადგილი ჩემთვის მასაზრდოებელი იყო და იქნება. განტვირთვისთვის ბევრისთვის აუცილებელია ტყე, მთა ან ზღვა, მაგრამ ჩემთვის ეს ადგილი ბათუმიცაა, რაჭაც და კახეთიც. აქაა პაპაც, ბაბოც, ბიძაც და კიდევ სხვები. ამ ადგილთან ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს და გარკვეული გეგმებიც. ასეთი დამოკიდებულება რომ არ მქონოდა და მარტო პაპას გამო ჩავსულიყავი, იქ არც ხეების დარგვას დავიწყებდი, არც გეგმების დაწყობას. უხეშად რომ ვთქვა, დაველოდებოდი როდის გავიდოდა პაპა ამ ქვეყნიდან და მერე დავანებებდი თავს. არ არის ასე, იქ ყოფნით უდიდეს ემოციურ საზრდოს ვიღებ. იქ იმას ვაკეთებ, რისი კეთებაც მსიამოვნებს. ოთხფეხა მეგობრები მყავს, სახლი მელოდება და ყოველთვის მიხარია ჩასვლა.

– როგორ გახსენდება ბავშვობა, პაპასთან ურთიერთობა?

– როგორც კი სიტყვა ბავშვობას გავიგებ, მაშინვე მახსენდება ჩემი სოფელი, ბაღი, პაპა და ბაბო, თამაშები, შინაური ცხოველები და ფრინველები. როცა ბაბო ცოცხალი იყო და ყოჩაღად, ძალიან ბევრი ქათამი, იხვი, ინდაური და ძროხა გვყავდა. სახლში ნამდვილი კონტაქტური ზოოპარკი გვქონდა. პაპას ყველა ტერიტორია დამუშავებული ჰქონდა, ბაღებს უვლიდა, კარგად იცოდა ეს საქმე და ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო მშრომელი კაცის ოჯახში.

– ალბათ, ცდილობდა, თქვენთვისაც ესწავლებინა შრომის ფასი. საქმეებში პატარებიც ჰყავდით ჩართული?

– საერთოდ, არ მიყვარს ძეგლი ფრაზები – „შრომის ფასი მასწავლა“. ესეც ასეთია. ადამიანებს ან აქვთ შეფასება-დაფასების ნიჭი, ან – არა. რაც არ უნდა მშრომელი ხალხი გყავდეს გარშემო, თვითონ შინაგანად თუ არ გაქვს ემოციური კავშირი რაღაც ქმედებასთან, გამორიცხულია, რამე გამოვიდეს. ერთ ოჯახში იზრდებიან ადამიანები და მათგან ერთი ძალიან მშრომელია, მეორეს სულ სხვა ცხოვრების სტილი აქვს. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რამე გამეკეთებინა, მომწონდა ეს პროცესი და პაპაჩემიც რომ შეატყობდა, დაინტერესებული ვიყავი, პატარა სამუშაო იარაღებს მიკეთებდა ხოლმე. დიდი ცელის გამოყენება მე არ შემეძლო, მაგრამ პატარას რომ გამიკეთებდა, მიხაროდა და ხალისით ვმუშაობდი. მაშინ ჩემი გაკეთებული საქმე არავის წაადგებოდა, მაგრამ მე თვითონ ვიღებდი სიამოვნებას და დღემდე მადგება ის, რაც პაპამ იმ წლებში მასწავლა – იქნება ეს გასხვლა, თიბვა, თუ სხვა ელემენტარული რაღაცები, რისი კეთებითაც დღეს ჩემი გულის ჭიას ვიხარებ ბაღში, სადაც პაპა დადიოდა.

– ცელქი ბავშვი თუ იყავი, პაპას უწევდა სიმკაცრის გამოჩენა?

– პაპა თავისებური კაცი იყო. საერთოდ, იდეალური ადამიანები არ არსებობენ და არც პაპა იყო ასეთი. საკმაოდ რთული ხასიათი ბქონდა, ბუზღუნიც უყვარდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გავიზრდებით ბავშვობის წყენები თან არ ვატაროთ, საკუთარი თავი არ წავაქეზოთ ნეგატიური საქციელების გახსენებით. კი, ძალიან ცელქი ვიყავი და პაპა სულ მეუბნებოდა, ნივთებს სადაც აიღებ, ისევ იქ დააბრუნეო. მაგრამ ბავშვი ვიყავი და არ ვისმენდი. ძირითადად; ეს ფრაზა მესმოდა – „ბოსლის კართან ნუ ყრი ლურსმნებს“. იმიტომ, რომ სულ რაღაცას ვაკეთებდი – ხან ძაღლის ქოხს ვაწყობდი, ხან ავტომატებს და იქ ვყრიდი.

– გააანალიზე რომ აღარ არის?

– არ ვფიქრობ მაგაზე. ბაბო რომ გარდაიცვალა, ისიც არ გამიანალიზებია. თავს არ ვიღლი ძალიან სიღრმეებში ჩასვლით და საკუთარ თავს ძალას არ ვატან იმის გასაგებად, თუ რა ემოციურ მდგომარეობაში ვარ. ჩემს ფსიქიკაში საკმაოდ მყარი კედლები აღმოვაჩინე, რომელსაც კონკრეტული ინფორმაციის დაბლოკვა შეუძლიათ იქამდე, სანამ ტკივილი მაქსიმალურად არ მოშუშდება. ყველას იმავეს ვურჩევ. ადამიანების ნაწილი მიდრეკილია ტკივილისგან სიამოვნების მიღებისკენ, გული რომ სტკივათ სიამოვნებთ და ტკივილის გარეთ გამოტანა, გაზიარება და წუწუნი მოსწონთ. მე ვცდილობ, ასეთ რამეებზე არც თვითონ ვიფიქრო და არც სხვები დავღალო ამაზე საუბრით. ეს ჩემი ემოციებია და ყველას ვეუბნები, რომ ვაი-ვიში არ მიყვარს. თუ შემიძლია, რაღაცას გავუმკლავდე და ვუმკლავდები, რა საჭიროა განცდების პროვოცირება და წუწუნი. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ახლავს სევდა და მოგონებები, მაგრამ აღარ ვცდილობ რაღაცები დამატებით გამოვიწვიო. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად გამოიყენეთ შანსი და დრო, რომელიც გეძლევათ მოხუცებთან საურთიერთოდ. მოუფრთხილდით, აპატიეთ. ჩვენ, ძირითადად, კონფლიქტები გვაქვს წინა თაობებთან. რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ადამიანი და სამყარო. კონფლიქტები იქნება, ნუ მოიტყუებით, რომ ყველა იდეალურია, არც პაპა ყოფილა იდეალური, არც მამაჩემია და არც მე. რამდენჯერაც მოიტყუები, იმდენჯერ კისერს წაიტეხ. ვიყოთ რეალისტები, ვიყოთ მიმტევებლები, რაღაცები ვაღიაროთ საკუთარ თავთან და გამოვიყენოთ შანსი, რომელიც გვეძლევა. მე რომ ვიდეოებს ვდებდი, ბევრმა ადამიანმა მერე აღმოაჩინა, რა კარგი ყოფილა მოხუცებთან ურთიერთობა. გამოიყენეთ შანსი, თორემ მერე ინანებთ და ეს სინანული მთელი ცხოვრება გაგყვებათ, რადგან დროს უკან ვეღარ დააბრუნებთ. ბევრი მაკრიტიკებდა კიდეც იმის გამო, რომ ვიდეოებს ვუღებდი პაპაჩემს. მლანძღავდნენ, რას აღარ მკადრებდნენ, მაგრამ დღეს, მე მაქვს უამრავი აღბეჭდილი მოგონება პაპასთან ერთად, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მათ კი – არა და დრო რომ გავა, ამას აუცილებლად ინანებენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვეტყვი ყველას – გამოიყენეთ ეს შანსი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი