შოუბიზნესი

გიორგი გასვიანი: ახლა ბევრ რამეზე აღარ ვიტყვი უარს

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.01, 2022 წელი

გიორგი გასვიანი
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მამა გახდა. გალაკტიონ გალა გასვიანი ქვეყანას 24 დეკემბერს მოევლინა და გიორგისა და მარიტა მელიქიშვილისთვის წლევანდელი ახალი წელი დაუვიწყარი გახადა.

გიორგი გასვიანი: ფეხმძიმობის პერიოდი ძალიან ტკბილი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა მარიტას კოვიდი ჰქონდა. მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს. თავიდან შეგვეშინდა, ვნერვიულობდით, რადგან მედიაში გვესმოდა, რომ ამ ვირუსით ფეხმძიმეები იღუპებოდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მარიტა რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში და საბედნიეროდ, ვირუსი მსუბუქად გადაიტანა, მერვე თვეში აიცრა კიდეც და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. სხვა მხრივ, ფეხმძიმობამ მშვიდობიანად ჩაიარა. მარიტას განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია. არც ტოქსიკოზს შეუწუხებია ძალიან. წონაში იმდენი მოიმატა, რამდენიც ძალიან უხდებოდა. მხოლოდ იმაზე ვდარდობდით, რომ წელს დასვენება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ იმდენი კარგი რამ მოხდა, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

– მშობიარობაზე დასწრება როგორ გადაწყვიტე?

– თავიდანვე გადავწყვიტე, დავსწრებოდი. ზოგადად, სამედიცინო მანიპულაციების არ მეშინია და ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი. ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი, ყველა მამაკაცი ვერ ძლებს ბოლომდე, ეს დიდი სტრესია. როცა ქალი ამდენს აკეთებს, ამხელა ტკივილს იტანს და მამაკაცი გვერდით ხარ, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, ვერაფრით ეხმარები, ეს კიდევ უფრო რთულია. დავით გაგუასთან შეთანხმებით, ყველაფერი დაგეგმილად გავაკეთეთ. სამშობიაროდ რომ მივიყვანე, 24 რიცხვი იყო. ვფიქრობდით, რომ იმ საღამოს ან მეორე დღეს დაიბადებოდა. მარიტას მალე დაეწყო ტკივილები, მეც მასთან ერთად ვიყავი ბლოკში, დამაჩქარებელი გაუკეთეს. გაუტკივარებაც გაუკეთეს, მაგრამ თავიდანვე არა. მარიტაც ამბობდა, უნდა განიცადოს ქალმა ეს ტკივილი, სანამ ასატანი იქნებაო. თუმცა მივხვდი, რომ მართლა ძალიან მტანჯველი ტკივილები ყოფილა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, ბავშვის თავი რომ დავინახე, არც კი ვიცი, როგორ ვთქვა, რა ვიგრძენი. ჯერ მარიტას დაუწვინეს გულზე, მე ჭიპლარი გადავჭერი, მერე მეც ავიყვანე ხელში და პირველად რომ დაველაპარაკე, ეს იყო საოცარი შეგრძნება. თურმე, ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იმახსოვრებს მშობლების ხმის ტემბრს. როგორც კი დაველაპარაკე, მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს კარგად არც ესმით და ვერც ხედავენ, მამიკო ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, გაჩერდა და თითქოს ყური დამიგდო. ვიგრძენი, რომ მიცნო, თითქოს თვალებით მეძებდა, ცდილობდა, დავენახე. აი, ამ კონტაქტის დროს მივხვდი, რომ მამა ვიყავი, ეს მართლა განსაკუთრებული შეგრძნება იყო. მერე რაღაც დრო გჭირდება იმის გასაცნობიერებლად, ვინ არის ეს პატარა, რატომ ჰქვია შენი შვილი, გაქვს თუ არა მასთან მსგავსება, ნელ-ნელა ამყარებ კონტაქტს, ნელ-ნელა უახლოვდები და უფრო და უფრო გიყვარდება. ახლა სახლიდან რომ გამოვდივარ, უკვე მენატრება. ხანდახან ღამეებსაც გვათენებინებს და ძალიან საყვარელია. ერთ-ორ თვეში, ალბათ, ჭკუიდან გადავალ (იცინის).

– სახელი როგორ შეურჩიეთ?

– სქესი რომ გავიგეთ და სახელზე ფიქრი დავიწყეთ, მინდოდა გ ასოზე დაწყებული სახელი შეგვერჩია. ჩემი სახელი და გვარი გ-ზე იწყება, მამას გენადი ერქვა და გ-ების კომბინაცია მომწონს. ძებნის პროცესში მარიტამ თქვა გალაკტიონი დავარქვათო. გალაკტიონი ორივეს ძალიან გვიყვარს. მე ვთქვი გალა დავუძახოთ, მაგარი სახელიცაა და საერთაშორისოც-მეთქი. ამიტომ დავარქვით გალაკტიონი, როგორც თავად გალაკტიონს ეწერა თავის სახელი. დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი – ასე უწერია დაბადების მოწმობაშიც. თავიდან არ ვამბობდით, ეს სახელი რომ შევარჩიეთ, მერე იმდენად ჩაჯდა გონებაში, მივხვდით, რომ უკვე გალას დაბადებას ველოდით.

– რომელი უფრო მოხერხებული და მზრუნველი აღმოჩნდით?

– ბავშვის გახდა-ჩაცმა, საფენის გამოცვლა, დაბანა უკვე ისე შევისისხლხორცეთ მე, მარიტამ და დედაჩემმა, წამებში ვაკეთებთ. ყველას გვინდა ხოლმე, მაგრამ ერთმანეთს ვაცდით და ვეხმარებით. ძალიან აზარტული და სასიამოვნო პროცესია. თუმცა, ღამე დედის სუნი და ძუძუ სჭირდება. გალა ბუნებრივად იკვებება და იმედია, ერთ წლამდე ასე გაგრძელდება, რადგან იმუნური სისტემისთვის ძალიან კარგია. მადლობა ღმერთს, მარიტას ამ მხრივ ყველაფერი კარგად აქვს და ბავშვიც ხარბად ეწაფება დედის რძეს.

– საკუთარი თავი როგორ მამად წარმოგიდგენია?

– მე ზოდიაქოს ნიშნებს ვაქცევ ყურადღებას. გალა თხის რქაა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ადამიანი იქნება, მშრომელი და მაქსიმალისტი. მინდა, მოწესრიგებული ადამიანი იყოს, ზრდილობიანი. ახლა სხვა საუკუნეა და მშობლები აღარ ახვევენ თავს შვილებს საკუთარ სურვილებს. მეც შევეცდები, დაშტამპული შეხედულებები არ მოვახვიო თავს და მისი ინტერესებიდან, ფსიქოლოგიიდან თუ ინტელექტიდან გამომდინარე გამოვიდე. ყველაფერს ბუნებრივად მივყვები.

– ვის ჰგავს?

– ორივეს გვგავს. რომ დაიბადა, ყველამ თქვა, გიორგის ჰგავსო და მეც რომ ვუყურებ ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ვიმსგავსებ. მარიტასა და მარიტას ოჯახის წევრებსაც ჰგავს. სულ იცვლება და ვნახოთ, მაგრამ რომ ვუყურებ, ჩემს შვილში გენეტიკურ მსგავსებას ვხედავ და ამის გაცნობიერება ძალიან სასიამოვნოა.

– წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებული გამოვიდა...

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ახალ წელს ბავშვთან და მარიტასთან ერთად ვერ შევხვდი. საახალწლო შოუ მიმყავდა და სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიყავი. სამ საათში მივედი სახლში, თუმცა შობას ერთად შევხვდით. მართლა საოცარი წელია, ყველა სხვა ახალი წლისგან გამორჩეული.

– მშობლები რომ ხდებიან და ამბობენ, ცხოვრებას უკვე სხვანაირად ვუყურებთო, უკვე გრძნობ მსგავს რამეს?

– პატარა არ ვარ ამ ამპლუისთვის, აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებას უფრო მარიტა განიცდის. მე მგონია, რომ ფსიქოლოგიურად უკვე მზად ვიყავი. თუმცა, ვფიქრობ, ბავშვი რომ წამოიზრდება, მერე კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ. ინსტინქტის დონეზე უკვე ყველაფერი შეცვლილია. ადრე თუ რამეზე ვნერვიულობდი, მხოლოდ ჩემი თავიდან გამომდინარე, ახლა უკვე შვილი მყავს და ყველაფერს სხვა პასუხისმგებლობით ვეკიდები. როცა ბავშვი ჩნდება, უკვე ყველაფერს შვილისთვის აკეთებ. თუნდაც ახალი წლის ღამეს ძალიან მინდოდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი, მაგრამ ღონისძიებაზე წავედი. ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, რადგან ანაზღაურება, რომელსაც იქ იღებ, ისევ და ისევ ოჯახს სჭირდება. მით უმეტეს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ორი წლის განმავლობაში არაფერი მსგავსი არ იმართებოდა. ახლა ბევრ რამეზე აღარ ვიტყვი უარს, უფრო მეტს ვიშრომებ. თითქოს ცოტა შიშიც ჩნდება, რომ სტაბილურობა არ დაკარგო. უფრო მეტად გინდა, ჯანმრთელი იყო იმიტომ, რომ შვილს რამე არ მოაკლო. ზამთარია და მე და მარიტას შეგვეძლო, დასასვენებლად სადმე წავსულიყავით, მაგრამ არ წავედით, არც ზაფხულში წავედით, რადგან ფეხმძიმედ იყო და პანდემიის დროს, არ იყო სასურველი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვის ჩასახვიდან მოყოლებული, გაცნობიერებული გვაქვს მშობლის პასუხისმგებლობა. მგონია, თუ თანმიმდევრულად მიყვები პროცესს, ფეხმძიმობის დროსაც მეუღლის გვერდით იქნები, მშობიარობის დროსაც და ლაქტაციის პერიოდში, ღამე დედას გამოძინების და ძალების აღდგენის საშუალებას მისცემ, საქმეებს გადაინაწილებთ, ძალიან კარგი იქნება. მშობელი თუ ხარ, ბოლომდე მშობელი უნდა იყო. ბავშვი რომ ჩნდება და შენ მთელი დღე გარეთ ხარ, სწორი არ მგონია.. გალას დაბადების შემდეგ სახლიდან მხოლოდ საქმეზე გავდივარ. სულ ვცდილობ, მათ გვერდით ვიყო.

– მარიტა ასაკით დიდი არ არის, როგორ აუღო ალღო ყველაფერს?

– მარიტას ნამდვილად არ უჭირს რამისთვის ალღოს აღება. თუმცა, ეს პროცესი არცერთი ქალისთვის არ არის მარტივი. მშობიარობის შემდეგ დედა ემოციებისგან და ენერგიისგანაა დაცლილი. ძალების აღდგენა სჭირდება, თან ბავშვზე უნდა იზრუნოს, ძუძუთი კვებაც არ არის მარტივი. ორმოცი დღე მაინც ქალი ხომ მელოგინედ ითვლება. მარიტა მალე ჩადგა ფორმაში, გარეთაც გავასეირნეთ ბავშვი, თუმცა მაინც სჭირდება მხარდაჭერა. დაუზარელი დედაა, რაც არ იცის, მაშინვე ითვისებს. დედები ცოტა მელანქოლიურები ხდებიან, მშობიარობის შემდეგ დეპრესიულებიც არიან – ეს ბუნებრივი ყოფილა, თუმცა, ეს მომენტები მარიტას მძაფრად არ ჰქონია გამოხატული. ბავშვი რომ დაიბადა, უყურებდა და ხანდახან ცრემლები მოსდიოდა. რომ ვეკითხებოდი, რატომ ტირი-მეთქი, მპასუხობდა, არ ვიცი, თავისით მომდის ცრემლებიო. რომ დაიბადა, მეც ვიტირე. რომ მილოცავდნენ, ემოციებს ვერ ვიკავებდი და ცრემლები მომდიოდა. საერთოდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ცხოვრებაში, რაც არ უნდა გონიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუ მასში ემოცია არ დევს, განცდას არ განიჭებს. შეიძლება, ბავშვის ტირილი არ არის სასიამოვნო, მაგრამ უკვე იმუნიტეტი გაქვს გამომუშავებული, შვილის ძიძა ხდები და უკვე ესეც სასიამოვნოდ გეჩვენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი