შოუბიზნესი

ელენე ფოჩხუა: მიზნად დავისახე, ხუთმაგად გავმკაცრდე საკუთარი თავის მიმართ

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 24.04, 2023 წელი

ელენე ფოჩხუა
დაკოპირებულია

მომღერალ ელენე ფოჩხუას ნამდვილი მეგრული ხელი აქვს – კერძებსაც გემრიელს ამზადებს და სააღდგომოდ თავისი გამომცხვარი და მორთული პასკებით, საყვარელ ადამიანებს ანებივრებს. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ გვიან დაიწყო პრანჭიკელობა და ახლა ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესიც დაიცვას და საკუთარ ვიზუალსაც მაქსიმალურად მიაქციოს ყურადღება.

ელენე ფოჩხუა: პრანჭიკელა ბავშვი არ ვყოფილვარ, თოჯინებით გართობას ბიჭებთან მერჩივნა ომობანასა და ფეხბურთის თამაში. ბაბუა მითლიდა მშვილდ-ისარს და ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა მისი მიზანში სროლა. ურჩი და გიჟი ბავშვი ვიყავი (იცინის).

– როდის გააცნობიერე, რომ გოგო ხარ და უნდა გაიპრანჭო?

– 14 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ გოგო ვარ და უნდა გავიპრანჭო. დავიწყე ლაქის წასმა, ლამაზი კაბების მორგება. მაკიაჟს არ ვიკეთებდი, უბრალოდ, დედის თავის მოვლის საშუალებებს ვიყენებდი, მაგალითად, სახის დამატენიანებელ საცხს. ახლა ჩემი შვილს რომ აქვს, მაშინ ამდენი რაღაცები არ იყო. ჩემი გოგო 14 წლისაა, მოცეკვავეა და წამებში ისე ლამაზად იხატავს თვალებს ლაინერით, მე ამ ასაკში ვერ ვიკეთებდი.

– თმის შეღებვაც ამ ასაკში დაიწყე?

– თინეიჯერობის ასაკში და სტუდენტობის დროსაც თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი. სხვათა შორის, მაშინ გამხდარი ვიყავი, გაჩხინკული და ძალიან მიხდებოდა. პირველი სრულყოფილი მაკიაჟი სკოლის ბანკეტზე გავიკეთე. მეცვა ძალიან ლამაზი მოკლე კაბა და პირველად მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი. სარკეში რომ ჩავიხედე, ისე მომეწონა ჩემი თავი, იმ დღიდან დავიწყე „მაკიაჟობანა“. თუმცა, ყოველთვის მსუბუქი მაკიაჟი მქონდა. ახლაც, თუ ჩაწერა და გადაღება არ მაქვს ან სცენაზე არ ვდგავარ, ვცდილობ, მკვეთრი მაკიაჟი არ მქონდეს. მართალია, ყოველ საღამოს მიწევს სიმღერა, მაგრამ ვცდილობ, მკვეთრი მაკიაჟი არ გავიკეთო. კანისთვის მკვეთრი მაკიაჟი მაინც მძიმეა და ვერიდები. თუმცა, თუ სატელევიზიო გამოსვლა მაქვს ან კონცერტი, სხვა გზა არ არის, მძიმე მაკიაჟის გაკეთებას ვერ ავცდები.

– არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად, სოლარიუმში ვიზიტი საშიშია, თუმცა, ვიცი, შენ ხშირად დადიხარ.

– რა ვქნა, მიყვარს გარუჯული სხეული. ვიცი არ არის კარგი, მაგრამ სოლარიუმში მაინც დავდივარ. სანამ დაცხება და მოღებულ ტანსაცმელზე გადავალ, მინდა, სხეული ლამაზად გარუჯული მქონდეს. ფითქინა არ ვარ, მაგრამ რა ვქნა, გარუჯული სხეული ყველა სეზონზე მომწონს.

– რაც წლები გვემატება, კანი ეშვება, სხეულისა და სახის ფორმები იცვლება. უკვე დაიწყე პატარ-პატარა ქირურგიული ჩარევებთ, საკუთარ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა?

– ქირურგიულის რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგადად, როცა გამხდარი ხარ, ყველაფერი გიხდება, სახის ოვალიც და თვალის ქუთუთოც თავის ადგილზეა. თუ საჭიროება მოითხოვს, გარეგნობაში პატარ-პატრა დოზებით კორექციის შეტანის წინააღმდეგი არ ვარ. მეც ვიკეთებ პატარ-პატარა პროცედურებს, მაგალითად, ფილერს, ბოტოქსს. ეს პროცეურები, ორი წელია, რაც დავიწყე. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა მიხედოს თავის თავს, ისე, რომ არ აცდეს ბუნებრიობას. არ მომწონს, ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს.

– თქვი, გამხდარ ადამიანს ყველაფერი უხდებაო და თავად რამდენად სწრაფად იმატებ და ახერხებ დაკლებას?

– სხვათა შორის, არ ვარ დიდა მჭამელი. ვცდილობ, მსუბუქი საჭმელი თავად მოვამზადო და ჯანსაღად ვიკვებო. დავაკვირდი და თუ საღამოს რვა საათის მერე სასუნავებსა და კალორიულ საკვებს არ შევჭამ, ადვილად ვიკლებ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ. ზოგადად, თუ საკვები რაციონიდან ცომეულსა და პურს ამოვიღებ, მარტივად ვიკლებ ზედმეტ კილოგრამებს.

– ეს გასაგებია, მაგრამ რაციონიდან ამ ყველაფრის ამოღება რამდენად მარტივია?

– (იცინის) ზუსტად, ეგ არ არის მარტივი. ხან მეგობრები ვიკრიბებით და უარს ვერ ვამბობ ტკბილეულზე. საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდები, მიყვარს სუსნაობა, ბავშვებისთვის სულ ვყიდულობ ტკბილეულს, მერე მეც ვჭამ და ეს მასუქებს. თუმცა, ერთი თვეა, თავს ვიკავებ და მეტყობა კიდეც ვიზუალზე – ოთხი კილო დავიკელი. ზაფხულში, როცა ბოსტნეულისა და ხილის სეზონია, დაკლება მიადვილდება. წელიწად-ნახევარია, ძალიან გავმკაცრდი საკუთარ თავთან. სიგამხდრე მარტო სილამაზე კი არა, ჯანმრთელობაცაა და ასაკის მატებასთან ერთად უნდა გააკონტროლო კვების რაციონი. თუ წონა გაგექცა, მერე უფრო ძნელია მისი დაკლება. დედა გამხდარია, ჩემი და ორი შვილის დედაა და 49 კილოა, მამაჩემიც გამხდარია, ბებია-ბაბუაც გამხდარი იყო, ჩემი ძმა კი გახსოვთ, როგორი აღნაგობის იყო. ასე რომ, ჯიშში არ მაქვს ჭარბწონაინობა და თუ მეც ვაკონტროლე თავი, ასაკშიც არ გამიჭირდება წონის შენარჩუნება. ოჯახში ყველაზე ხორციანი მე ვარ და ეს ჩემი ღორმუცელობის შედეგია (იცინის). ახლა მიზნად დავისახე, ხუთმაგად გავმკაცრდე საკუთარი თავის მიმართ და სასურველ შედეგს მივაღწიო. არასოდეს მიდიეტია, ზუსტად ვიცი, ვერ გავუძლებ. მირჩევნია, ცომეულის შეზღუდვა გავაკეთო. უწუპუწუ დიეტები ჩემი საქმე არ არის.

– შენი გამომცხვარი სააღდგომო პასკა მთელს დუნიაზე ცნობილია და დავიჯერო თავს შეიკავებ?

– მართლა ისეთ პასკებს ვაცხობ... სასწაულს! გადაირევით. თავს ვერ შევიკავებ, ჩემს თავს ამ სიამოვნებას ვერ მოვაკლებ. სანათესაოში ამით ცნობილი ვარ. მარტო მეგრული საჭმელები კი არ გამომდის გემრიელი და მადის აღმძვრელი. მიყვარს პასკების ცხობა და მორთვა. კატასტროფა მეგონა და ისე მარტივად ვაცხობ, არავინ მიჯერებს. თუმცა, რეცეპტს რომ მთხოვენ, ნამდვილად არ ვიცი, რამდენ გრამს რას ვუკეთებ. ყოველი აღდგომის წინ, ვურეკავ მამიდაჩემს და ვეკითხები. ის მკარნახობს და მე ვაკეთებ. მამიდას რჩევებს ვითვალისწინებ ყოველ აღდგომას და დუნიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ოჯახში, სანათესაოში და სამეგობროში ჩემი პასკები ცნობილია. ასე რომ, მარტო კი არ მივუჯდები, ვაცხობ კიდეც და ყველაზე მეტად მათი ცხობა და მორთვა მიხარია. გადავწყვიტე, წელს სხვადასხვა დიზაინით მოვრთო და ჩემი საყვარელი ადამიანები გავახარო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი