შოუბიზნესი

ელენე ნინიძე: კონკურსანტები რომ იგებენ, ქართველი ვარ, ეშინიათ

ავტორი: ნონა დათეშიძე 12:48 17.11, 2020 წელი

ელენე ნინიძე რუსულ ახალ
ხმაში
დაკოპირებულია

25 წლის ელენე ნინიძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მართალია, ბავშვობაში პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა არჩევანი ჟურნალისტის პროფესიაზე გააკეთა. ნიჭმა და გენეტიკამ კი თავისი გაიტანა და დღეს ის სცენაზე დგას. ელენე რუსეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ მეგა-შიუს – „ახალი ხმის“ – კონკურსანტია და როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, მოგების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.
ელენე ნინიძე: წარმოშობით გურული ვარ, მართალია, გურიაში არ ვარ ნამყოფი, თუმცა, ამ კუთხის ხალხის დამახასიათებელ გენეტიკას საკმაოდ მძლავრად ვგრძნობ ჩემში და ვხუმრობ ხოლმე: ლაღი, ენერგიული, სწრაფი, იუმორით სავსე, აბდალი გურული ვარ-მეთქი (იცინის). მუსიკალური გენიც ოჯახიდან დამყვა. მამა და ბიძა ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლ „მართვეს“ პირველი თაობა არიან, მამიდაც კარგად მღერის. პოლიტიკოსობაზეც ვოცნებობდი. თუმცა, სკოლა რომ დავამთავრე, ჟურნალისტიკურზე ჩავაბარე. შემდეგ მოსკოვში წავედი. უკვე მეოთხე წელია, აქ ვარ, თუმცა თავიდან გამიჭირდა და დაბრუნებაზეც ვფიქრობდი. ამ ეტაპზე კი აღარ ვაპირებ დაბრუნებას. იმხელა ნაბიჯი გადავდგი წინ, ვერ შევჩერდები. დიდი კონკურენციის მიუხედავად, გამიმართლა და ჩავაბარე გნესინების მუსიკალურ აკადემიაში. 150 კონკურსანტი იყო, სულ 7 ადგილი და მე მოვხვდი, მაინც ჩემს გზას მივადექი. სხვათა შორის, მოსკოვში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ამ ქალაქში ჩემი თავის დამკვიდრება. ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ორი წელია, მყავს საკუთარი მუსიკალური ბენდი და ყველგან, სადაც გამოვდიოდით, მეუბნებოდნენ: აუცილებლად უნდა მოხვდე დიდ სცენაზეო. მართალია, გამოვდივართ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე, სტაბილური სამსახურიც გვაქვს და უკვე გვცნობენ კიდეც, მაგრამ მინდოდა, უფრო მეტად გავეცანი საზოგადოებას.
– ელენე, რუსულ პოპულარულ მეგა-პროექტ „ახალი ხმის“ გამორჩეული კონკურსანტი ხარ. მანამდე თუ გქონდა საკონკურსო გამოცდილება და რა შანსები გაქვს დიდ რუსეთში საქართველოდან ჩასულ გოგონას?
– გეთანხმებით, რუსეთში ყველაზე პრესტიჟული კონკურსია „ახალი ხმა“ და მე, როგორც პატარა ქართველმა, უკვე დიდ წარმატებას მივაღწიე. მანამდე, საქართველოში „X-ფაქტორში“ ვიღებდი მონაწილეობას, ექვსი წლის წინ, თუმცა არ გამიმართლა. იმ პერიოდში, სიმღერა ჰობი იყო და არა პროფესია, არ ვეკიდებოდი სერიოზულად, ახლა კი რუსული შოუს მოგება ნამდვილად მინდა. 30 ათასი განცხადებიდან 500 აარჩიეს, 500-დან – 300, 300-დან – 120 და საბოლოოდ კონკურსზე მოვხვდით 48 კაცი. თუ არ ვცდები, ქართველი ამ კონკურსზე მხოლოდ მე ვარ. ძირითადად, რუსი კონკურენტები მყავს და ძლიერი ნაკადია, თუმცა, არ მეშინია და სტიმულიც მაქვს. 30 000 კაციდან 48 რჩეულში მოხვდე, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა და ახლა ამ 48-ს შორის გამარჯვებაც მინდა. ხალხი ქუჩაში უკვე მცნობს და „ახალი ხმა“ რომ მოვიგო, ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება და ამაზე არ გავჩერდები. ანუ, მხოლოდ პროექტის გამარჯვებით ვერ შემოვიფარგლები, რუსეთში დიდი ასპარეზია და გაძლევს საშუალებას, უფრო მეტად წაიწიო წინ. ამ შანსს კი ხელიდან ვერ გავუშვებ. ვფიქრობ, ამ კონკურსის მერე, „ევროვიზიაზე“ ვცადო ბედი და საქართვლოს სახელით წარვსდგე.
– ოთხიდან ჟიურის ორი წევრი შემოგიბრუნდა – ვალერი სუტკინი და სერგეი შნუროვი. მათ შორის, მენტორის არჩევა თუ გაგიჭირდა?
– ვალერი სუტკინი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს შემოქმედებასთან ახლოს დგას, დახვეწილი მუსიკოსია და ინტელიგენტი მომღერალი. მასთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა. სხვათა შორის, ზოდიაქოს მიხედვით, წარმატების მომტანი ფერების მჯერა, „ტყუპები“ ვარ და ნარინჯისფერი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს თავდაჯერებულობასა და სილაღეს ჰმატებს. ასე რომ, ნარინჯისფერი ტანსაცმელი შევარჩიე კონკურსისთვის და სუტკინმა, სიმღერა რომ დავასრულე, მითხრა: როგორც კი ხმა ამოიღე, მივხვდი, ქართულ გენთან მქონდა საქმე და რომ შემოვბრუნდი „მოღიმარი მანდარინი“ შემრჩა ხელშიო (იცინის). „მოღიმარი მანდარინისა“ რა გითხრათ, მაგრამ რომანტიკული ადამიანი ნამდვილად ვარ (იცინის). ხასიათიც რომანტიკული მაქვს და შინაგანი სამყაროც.
– როგორი განწყობაა შენი, როგორც ქართველი მონაწილის მიმართ?
– ყველამ იცის, როგორ მღერიან ქართველები და როცა იგებენ, ქართველი ვარ, კონკურსანტებს ეშინიათ (იცინის). ასე რომ, რუსეთის კონკურსზე ქართველობა, ორმაგად საპასუხისმგებლოა და ეს უნდა გაამართლო. სადაც კი მივდივარ და იგებენ, რომ ქართველი ვარ, ყველას მხრიდან სითბოს ვგრძნობ. ინკოგნიტო თაყვანისმცემლებიც მყავს და საჩუქრებითაც მანებივრებენ, თუმცა, ჯერ ჩემი გული თავისუფალია. ამ ეტაპზე კარიერას მინდა მივხედო, ჯერ სიყვარულისთვის არ მცალია (იცინის). სხვათა შორის, როცა რუსულ კონკურსზე გამოვჩნდი, ვიცოდი, ხალხის მხრიდან სხვადასხვა დამოკიდებულება წამოვიდოდა. გული დამწყდა, რომ დაწერეს: რაღა მაინცადამაინც რუსეთი, სხვა ქვეყანა დაილია? მოღალატე, „პადხალიმი“ ქართველი, თუ საქართველოდან წასვლა უნდოდა, სხვა ქვეყანაში წასულიყოო... მე არაფერი დამიწერია, თუმცა, ბევრმა ჩემ მაგივრად გასცა პასუხი. რომ ვთქვი, მოსკოვი მაგარი ქალაქია-მეთქი, მას შემდეგ წამოვიდა ნეგატივი. მაგარ ქალაქში პოლიტიკა არ მიგულისხმია. წარმოიდგინეთ, აქ რომ გაიგენებ, ქართველი ვარ, მეფერებიან და წარმატებას მისურვებენ და ჩემი ქვეყნიდან კი ასეთი ნეგატიური კომენტარები დამიწერეს. არადა, ოთხი წელია, აქ ვარ და ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი ვარ. სცენაზე რომ ვიდექი და მკითხეს, ვინ ხარო, ხმამაღლა ვთქვი: მე ვარ ელენე, ქართველი, თბილისიდან!
– ახლა, კონკურსის რა ეტაპზე ხარ?
– ახლა რინგის ეტაპზე ვარ და ჩემი კონკურენტის არ მეშინია. საერთოდ, სხვადასხვა ჟანრში ვმღერით და შემდეგ ტურზე გადასვლა დამოკიდებულია იმაზე, მენტორს რომელი ჟანრის მომღერალი სჭირდება შემდგომში. როგორც ვალერი სუტკინი, ჩვენი მენტორი ამბობს, ჩემი კონკურენტი რინგზე კლასიკური მომღერალია, მე კი – შადესა და ნანი ბრეგვაძის ნაზავი (იცინის). არადა, რუსული სიმღერა გვაქვს შესასრულებელი და რუსს საკუთარ მოედანზე უნდა ვებრძოლო და მოვუგო. ამ კონკურსზე საკუთარი თავის რწმენა მომემატა, სცენაზე მდგომი სხვა განზომილებაში გადავდივარ. ზოგადად, ყველა ხელოვანი „დაფრინავს“, მაგრამ „ახალი ხმის“ კონკურსი, გაფრენის საშუალებას არ მაძლევს, დედამიწაზე მყარად უნდა ვიდგე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი