შოუბიზნესი

ეკა ბალანჩივაძე: კოტეს მე თვითონ აღმოვაჩენინებ ხოლმე, რომ რაღაცები არ მაქვს ისეთი, როგორიც საჭიროა

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 07.04, 2021 წელი

ეკა ბალანჩივაძე
დაკოპირებულია

ეკა ბალანჩივაძისა და კოტე მათითაშვილის გამორჩეული წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაზეც ეკას ვესაუბრეთ.

ეკა ბალანჩივაძე: კოტემ პლასტიკურ ქირურგიას თავი დაანება, ესთეტიკურ მედიცინაში გადავიდა და ახლა ინიექციურ საშუალებებზე მუშაობს, რაც არაჩვეულებრივი გზაა თავის მოვლისთვის. ეს ძალიან მომწონს, რადგან მეც, ისევე როგორც გოგონების უმრავლესობა, ძირითადად ინიექციურ მეთოდებს მივმართავ და არა ქირურგიულს. ეს არის ძალიან კარგი პროცედურები დაბერების საწინააღმდეგოდ და არა გადაკეთება. ძალიან მიხარია, რომ ამ სფეროს მოერგო ჩემი ქმარი, უკვე ჩემი პირადი ექიმი მყავს. ორი კურდღელი ერთად დავიჭირე (იცინის). მას ბოლომდე ვენდობი, ვიცი, როგორი პროფესიონალია და ჩემთვის მომგებიანი სიტუაციაა. თუმცა, ძალიან რთულიცაა. როცა ექიმთან ამ პროცედურებისთვის მიდიხარ, იმ ნაკლოვანებების შესახებ უყვები, რომელთა გამოსწორებაც გინდა. ქმარს რომ ხაზგასმით ეუბნები საკუთარ მინუსებზე და იმაზე ამახვილებინებ ყურადღებას, რაც თვითონ არ შეუმჩნევია, არ არის სასიამოვნო. კოტეს მე თვითონ აღმოვაჩენინებ ხოლმე, რომ რაღაცები არ მაქვს ისეთი, როგორიც საჭიროა (იცინის).

– როგორი რეაქცია აქვს, როცა ამ რაღაცების გაკეთება გინდა?

– ზოგჯერ მაჩერებს ხოლმე, ზოგჯერ საერთოდ არ მელაპარაკება ამ საკითხზე და მე თვითონ ვჩერდები (იცინის). ხანდახან ძალიან ბევრი რამის შეცვლა მინდება, მით უმეტეს, რომ ვიცი, მყავს კოტე და ყველაფერს არაჩვეულებრივად გამიკეთებს, მაგრამ ის მეუბნება, მოდი, დაფიქრდი და თუ ხვალ ან ერთი წლის შემდეგაც იგივე მოგინდება, გავაკეთოთო. რადიკალურ ცვლილებებზე არ ვსაუბრობ, რადგან ეს კოტეს ჩემზე არ მოსწონს. ამაზე ცოტა ვკამათობთ ხოლმე, მაგალითად, როცა საქმე ცხვირის ოპერაციას ეხება, რომელიც მე მინდა, კოტეს არ უნდა და მეც არ ვიკეთებ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში (იცინის).

– „მე შენ ყველანაირი მეყვარები“ – ეს მიდგომა გაქვთ თუ აკონტროლებთ ერთმანეთის ვიზუალს, განსაკუთრებით წონას?

– მე ძალიან ვაკონტროლებ კოტეს წონას. კოტეს კი ზუსტად ეგ მიდგომა აქვს – მე შენ ყველანაირი მომწონხარ. მეუბნება, წონაზე ამდენს ნუ ნერვიულობ, თავს რატომ იტანჯავო? ალბათ, იცის, რომ მაინც დავიტანჯავ თავს, ძალიან არ გავსუქდები და ამიტომ (იცინის). მაგრამ თვითონ გურმანია და როგორც შემიძლია, ვუკონტროლებ რაციონს. სულ ვცდილობ, რომ ფორმაში იყოს. მით უმეტეს, ისეთი პროფესია აქვს, საჭიროცაა. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, ხომ ამბობენ და ჯანსაღი ექიმი კი ყველასთვის სასურველია.

ძალიან აქტიური ხარ და ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდი.

– ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ და ეს ყოველთვის გამოიხატებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობაში, რაც ასე, საზოგადოდ, არ ჩანდა. ყოველთვის დილიდან საღამომდე ვშრომობდი, დიდ საქმეებს ვუძღვებოდი და რამდენიმე ადამიანის საქმეს მარტო გავმკლავებივარ, რადგან უშრეტი ენერგია მაქვს. თუმცა, აქამდე ეკრანზე ან სადმე გამოჩენა არ მიყვარდა და არც შესაბამისი საჭიროება მქონდა. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, სოციალურ სივრცეში უფრო მეტად გააქტიურება და საკუთარი საქმიანობის ამ მიმართულებით წარმართვა გახდა საჭირო და მეც მოვერგე ამ სიტუაციას. ძალიან მომწონს, არადა ყოველთვის მეგონა, რომ ჩემთვის არ იქნებოდა საინტერესო მსგავსი აქტივობები. რეალურად, იმდენ საქმეს ვაკეთებ, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ დასვენებაც კარგი და საჭირო რამ არის. აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო დაკავებულია ადამიანი, მით უფრო გემრიელად ისვენებს სახლში და გასართობად არსად წასვლა არ სჭირდება. ასე ვარ მეც, საღამოს შვილებთან და მეუღლესთან ერთად გატარებული დრო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– რამდენად მნიშვნელოვანია შენი წარმატებისთვის გვერდით მამაკაცი?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მამაკაცი ჩემ გვერდით დგას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაში ან სიმძიმის გადატვირთვაში დასახმარებლად მჭირდება. მოლოდინი, რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ჩემი დღე, საღამოს საყვარელ ადამიანს ჩავეხუტები, გაცილებით მნიშვნელოვანია. თუმცა, ზოგი გოგო ძალიან ფემინისტია და ბედნიერებისთვის სულ არ სჭირდება კაცის არსებობა საკუთარ ცხოვრებაში. ყველასთვის ერთნაირად ვერ იქნება.

– გიყვარს სუსტი სქესის იმიჯის მორგება, რომელზეც სულ უნდა ზრუნავდნენ თუ თავადაც შეგიძლია, მამაკაცს ყველანაირ სიტუაციაში დაუდგე გვერდით?

– მე გვერდით დგომა ორმხრივი ვიცი. როცა ორი ადამიანი ერთადაა, აქ გენდერს არ აქვს მნიშვნელობა, რომელსაც სჭირდება გვერდით დგომა, იმას უნდა დაუდგე. კი, ზოგ ქალს სიამოვნებს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელია და სულ მასზე უნდა იზრუნონ და არიან მამაკაცები, რომლებსაც ასევე ძალიან სიამოვნებთ ისეთი გოგონების არსებობა, რომლებზეც მუდმივად ზრუნავენ და მისთვის ყველაფერს თვითონ აკეთებენ. ცხოვრებაში ყველას შესაფერისი პარტნიორი ჰყავს და ასეც უნდა იყოს. მართალი რომ ვთქვა, მე არ ვარ ძალიან ფემინისტი. მეჩვენება, რომ ბოლო დროს, გენდერული ბალანსის საკითხი ქალებს ცოტა გადაზედმეტებული აქვთ, როცა ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ. მე მგონია, რომ შეგიძლია, ჭკვიან მამაკაცს რჩევა ჰკითხო და მისი აზრი გაითვალისწინო – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „კაცია და უკეთ იცის“, უბრალოდ, შენ პატივს სცემ ამ პიროვნებას და იცი, რომ გონივრულს გირჩევს.

– ცოტა ხნის წინ კოტემ საერთოდ უარი თქვა პლასტიკურ ქირურგიაში პრაქტიკულ საქმიანობაზე, როგორ მიიღე მისი ეს გადაწყვეტილება?

– ეს არ იყო სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. კოტეს ჩემ გაცნობამდეც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ფიქრები. არ გრძნობდა თავს კომფორტულად საკუთარ საქმიანობაში. მეც დავინახე, რომ მას აღარ უნდოდა ამ პროფესიაში დარჩენა. ადამიანები ვიცვლებით და შესაძლოა, ჩვენი არჩევანიც შეიცვალოს. ვალდებულები არ ვართ, მთელი ცხოვრება ერთ ადგილას ვიყოთ. პირიქით, თუ „კარგი ტიპი“ ხარ, ადექი და შეიცვალე სამსახური, მაგრამ იქაც წარმატებული გახდი. როცა კოტემ საბოლოოდ გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსვლა, მე ხელი კი არ შევუშალე, პირიქით, ვუბიძგებდი კიდეც, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან მისი ფისიქიკისა და ჯანმრთელობისთვის ასე აჯობებდა. ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო, 22 წელი მუშაობდა ამ სფეროში, მაგრამ რთული არაფერია, როცა ადამიანი ნიჭიერი ხარ, ორი ხელი და ორი ფეხი გაქვს და გინდა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალო. ამ ასაკში ახლის დაწყება რთული იქნება – ეს ფიქრები ყველას გვაქვს გონებაში, მაგრამ ჩემი აზრით, სიახლეებისკენ ნაბიჯის გადადგმა გვიან არასდროსაა. თან, კოტე ისეთ ასაკშიც არაა, რომ ეს ვერ შეძლოს.

– კოტემ ისაუბრა ალკოჰოლდამოკიდებულების პრობლემაზე. თქვა ისიც, რომ ეს არ ნიშნავდა მუდმივად თრობის მდგომარეობაში ყოფნას, მაგრამ ჩათვალა, რომ ამ დოზითაც არ იყო კარგი მისთვის ალკოჰოლთან მეგობრობა. როგორი იყო ამ დროს მეუღლის როლი?

– ძალიან გამიხარდა, როცა კოტემ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ალკოჰოლს სკეპტიკურად მოეკიდა. ალკოჰოლი იყო მისი საყვარელი გამაბრუებელი საშუალება და ეს საქართველოში ასეა ძალიან ბევრისთვის. თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არასდროს სვამდა. ბოლოს ისე მეგობრობდა ალკოჰოლთან, სადმე რომ მივდიოდით სტუმრად, წინასწარ მეტყოდა: მოდი, დავლიოთ და მერე წავიდეთო. ვპასუხობდი: მოდი, იქ მივიდეთ და შემდეგ თუ მოგინდება, დავლიოთ-მეთქი. როცა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, ის ართობდა და ეგონა, თრობის მდგომარეობაში უფრო მარტივად ამყარებდა კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ვკითხე: რეალური კოტე საზოგადოების პრობლემაა-მეთქი? მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო და მე ეს არ უნდა მეფიქრა. გადაწყვიტა, რომ ფხიზელიც მშვენივრად ერთობა, ადამიანებთან კომუნიკაციაც არაჩვეულებრივად გამოსდის და საკუთარი საქმეც.

– საერთო ჯამში, რესტარტის პერიოდი გაქვთ.

– მე და კოტეს იმდენი რამე გვაქვს ერთად გავლილი, ძალიან კარგად შევისწავლეთ ერთმანეთი და მივხვდით, რომ დათმობაზე მაგარი არაფერია. ვიცით, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთი და გულწრფელად ვამბობ, სიჩუმეშიც ვგრძნობთ, რომელს რა გვინდა. ეს გარემოებები გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობისთვის და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გააუმჯობესა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი