შოუბიზნესი

ძმები მურაჩაშვილების ნამღერი „ბერიკაცი“ მეოცე საუკუნის ხალხური სიმღერების „ოქროს ფონდში“ შეიტანეს

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:44 30.11, 2020 წელი

მხატვარი დავით
მაჭავარიანი
დაკოპირებულია

დავით მურაჩაშვილის ცხოვრება ხელოვნების რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი წილი მხატვრობაზე მოდის და შეიძლება, ითქვას, რომ დავითი რეკორდსმენი მხატვარია, რომელმაც უმოკლეს დროში ძალიან ბევრი ნახატი შეასრულა და გაყიდა. 
დავით მურაჩაშვილი: ქალაქ გორში დავიბადე და გავიზარდე. მამა დიზაინერია, დედა – პედაგოგი. მე და ჩემი ტყუპისცალი შვიდი წლისები რომ გავხდით, დედამ სიმღერაზე მიგვიყვანა. ბატონ გიორგი საძაგლიშვილს მაშინ ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდა ვაჟთა გუნდი  „ქართლი“ და როგორც კი ჩვენი ნამღერი მოისმინა, მაშინვე დაგვტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პატარები ვიყავით. მე და ჩემი ძმა ამ გუნდის სოლისტები ვიყავით და კონცერტებზე გორის თეატრში გამოვდიოდით ხოლმე. შემდეგ, ანზორ ერქომაიშვილმა „მართვე“ ჩამოიყვანა გორში და ჩვენმა გუნდმა მათთან ერთად იმღერა. მე და ჩემი ტყუპისცალი 12 წლისები ვიყავით, როცა „ბერიკაცი“ შევასრულეთ და ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა შემოგვთავაზა, ჩემთან გადმოდით „მართვეში“ და საცხოვრებლად თბილისში წამოდითო. მშობლებმაც ხელი შეგვიწყვეს და საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. 13 წლის ასაკში ჩვენი ნამღერი „ბერიკაცი“ მეოცე საუკუნის ხალხური სიმღერების ოქროს ფონდში შეიტანეს. მახსოვს, ყველას ძალიან უხაროდა, გორელმა ბავშვებმა ამხელა რამეს მიაღწიესო. მე და ჩემს ძმას კი გვრცხვენოდა და სულ ვიმალებოდით ხოლმე (იცინის). დღემდე ასე ვართ, ჩვენი არაფერი მოგვწონს. ჩემი შემოქმედება, იქნება ეს სიმღერა თუ ჩემ მიერ შესრულებული ნახატი, ხალხს მოსწონს და მე ამით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ მეტს მივაღწიო. არ ვარ ამპარტავანი და არასდროს მითქვამს „აუ, ეს რა დავხატე-მეთქი“. 
– სიმღერაში ასეთი წარმატებების შემდეგ, რატომ შეიცვალეთ მიმართულება და ხატვა დაიწყეთ?
– ბავშვობიდან ვხატავდი, სიმღერის პარალელურად, ეს ინტერესიც მქონდა. მამა მხატვარ-დიზაინერია და პატარაობიდანვე ვუყურებდი, როგორ ხატავდა. ნიჭი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ზუსტად წელიწადი და ცხრა თვეა, რაც ხატვა სისტემატურად დავიწყე, არ ვჩერდები და ყოველდღე ვქმნი ახალ ნამუშევრებს. ამ დროის განმავლობაში ჩემ მიერ შესრულებული ნახატების რაოდენობამ 580-ს გადააჭარბა. არავის სჯერა, მაგრამ ეს რეალობაა. ერთადერთი პირობა მაქვს, ხატვისას აუცილებლად მუსიკა უნდა მქონდეს ჩართული. ამის გარეშე ფუნჯს ვერ ავიღებ ხელში (იცინის).
– რის შემდეგ დაიწყეთ ასეთი ინტენსივობით ხატვა?
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მანამდე წლების განმავლობაში ვენეციაში ვცხოვრობდი და იქაც ვხატავდი, ტიხრულ მინანქარზეც ვმუშაობდი, მაგრამ რომ დავბრუნდი, სისტემატურად დავიწყე ხატვა. „ფეისბუქზე“ რომ პირველი ნახატი გამოვაქვეყნე, იმდენად მოეწონათ, მეორეც მალევე დავხატე და ისიც გავუზიარე მეგობრებს. ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, გაჩერების უფლება აღარ მქონდა და აღარც გავჩერებულვარ, კარგადაც იყიდება. მგონი, რეიტინგით ძალიან გადავასწარი აქ ხალხს (იცინის).

– რა ეტაპები გაიარეთ აქამდე?
– „მართვეში“ ვმღეროდით მე და ჩემი ტყუპისცალი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდით და პარალელურად, „ერისიონში“ ვმღეროდით. მერე სულ დაკავებული ვიყავი და ხატვისთვის ვეღარ ვიცლიდი. სიმართლე გითხრათ, ტიხრულ მინანქარზე გადავერთე და უფრო ამ მიმართულებით ვმუშაობდი. წელიწადში შეიძლება, ერთი ნახატი დამეხატა და ისიც სახლში დამედო.
– ახლა საქართველოშიც იყიდება თქვენი ნახატები და მის ფარგლებს გარეთაც?
– კი, ჩემი ნახატები აბსოლუტურად ყველგანაა, ამის თქმა თამამად შემიძლია, აფრიკიდანაც კი იყიდეს. საქართველოში პანდემიის გამო ფასები დავწიე, მინდა, ხალხიც გავახარო და მეც გავიხარო. ადამიანებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ ნახატში ხუთასი ლარი გადაიხადონ.
– რა თანხებში მერყეობს თქვენი ნამუშევრების ღირებულება?
– გააჩნია მყიდველს და ნახატის ზომას. 580-იდან 200 ნახატი გაჩუქებული მექნება. მინდა, ადამიანები გავახარო და ვინმეს რომ მოეწონება, მაგრამ ვხვდები, რომ მის შესაძენად თანხა არ აქვს, ვჩუქნი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი „კაიფია“. სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყობ ფასდაკლების აქციებს. მათ ემოციებს რომ ვუყურებ, ისე მიხარია, რომ მინდა პატივი ვცე ადამიანებს და ჩემს შრომას იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევ.
– რა დრო გჭირდებათ თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად?
– ძალიან მცირე დრო. შეკვეთას რომ მაძლევენ და მეკითხებიან, რა დრო გჭირდებაო, სამ დღეს ვიღებ, მაგრამ ნახევარ ან მაქსიმუმ ერთ საათში, მზად მაქვს. ყველაზე დიდი ნახატი, რომლის ზომა 1.10X0,70 მეტრზეა, ერთ საათში დავასრულე. სულ ვამბობ ხოლმე, ფუნჯს რომ ხელში დავიჭერ, თითქოს, თავისით ხატავს. პანდემიის დროს ყველაზე მეტი ნახატი საქართველოში გაიყიდა. ორ დღეში 22 ნახატი გავყიდე. რა უნდა მოხდეს, რომ კვირაში ხუთამდე ნახატი არ გაიყიდოს. ჩავარდნილი კვირაც ყოფილა, მაგრამ მეორე კვირაში ანაზღაურებულა. ხალხის მადლიერი ვარ, ყველაზე დიდ სტიმულს ადამიანების დამოკიდებულება მაძლევს. იმდენ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ ადამიანებისგან, გაჩერება არ მინდა.
– სიმღერა ცოტა დაგეჩაგრათ?
– ცოტა დამეჩაგრა, მაგრამ აუცილებლად გავიხსენებ და ჩემს სათქმელს ამ მიმართულებითაც ვიტყვი. მინდა, ერთი სიმღერა ახლო მომავალში ჩავწერო.
– თქვენი ტყუპისცალის ცხოვრება როგორ განვითარდა?
– ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ერთნაირად ვფიქრობთ. მაგრამ ხატვის მხრივ, მე უფრო გამოვდექი (იცინის). davit-machavariani_o_h.jpegჩემი ძმა მხატვარ-დიზაინერია, გრაფიკოსია უფრო მეტად სარეკლამო საქმიანობითაა დაკავებული. თუმცა, ისიც იდეალურად ხატავს და მღერის.
– ვენეციაში ცხოვრება რას უკავშირდებოდა?
– იქაც ვცადე ბედი, მაგრამ საქართველოში დაბრუნება ვარჩიე. დღეს არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, ახლახან ტყუპები შემეძინა. უფროსი ვაჟიც მყავს – ცოტნე და აქ ოჯახთან ერთად დავმკვიდრდი. ვენეციაშიც ვმღეროდი, ვხატავდი, მინანქარზე ვმუშაობდი. ჩემს ნამუშევრებს იქაც ძალიან დიდი მოწონება ჰქონდა, ყველაფერი კარგად იყიდებოდა, მაგრამ მაინც დაბრუნება გადავწყვიტე. თუ სურვილი მექნება, წასვლა ნებისმიერ დროს შემიძლია. კონტაქტები არ გამიწყვეტია და ხშირად მწერენ, როდის დაბრუნდებიო, მაგრამ ახლა საქართველოში მინდა დამკვიდრება და ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში. ისე ძალიან ბევრი მოწვევა მაქვს დუბაიდან, ამერიკიდან, ბერლინიდან. აუცილებლად მივიღებ მოწვევებს. დუბაიდან შეიხები დამიკავშირდენენ, სექტემბერში უნდოდათ აქ ჩამოსვლა, ჩემს დაბადების დღეზე პირადად გასაცნობად, მაგრამ პანდემიის გამო თავი შეიკავეს. თუმცა, კონტაქტი არ გაგვიწყვეტია, სულ მკითხულობენ, შეკვეთებს მაძლევენ. სხვათა შორის, უნდათ, რომ დუბაიში ვხატო და ჩემი ნახატების რეალიზება თვითონ მოახდინონ. ამ ზაფხულს ამერიკიდანაც დამიკავშირდნენ. თვალს ადევნებენ ჩემს ნახატებს, მწერენ და პანდემია რომ ჩაივლის, მოწვევასაც გამომიგზავნიან და ვიზისა და დაზღვევის ამბებსაც მოაგვარებენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქ ჩავიდე და ვიმუშავო.
ჩემი ძალიან ბევრი ნახატი შეიძინეს რუსებმა, ამერიკელებმა, ფოტოებიც კი გამომიგზავნეს, სად დაკიდეს. ძალიან ბევრი ნამუშევარი ინგლისში, დუბაიში წაიღეს, ისრაელშიც, გერმანიაშიც... მაგრამ ყველაზე მეტი მაინც ამერიკაშია გავყიდე. საფრანგეთი, ჰოლანდია, ბრაზილია, აფრიკა – ჩემი ნახატები მართლა ყველგანაა.
– რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას და თქვენი და მეუღლის სიყვარულის ისტორიას. როგორ დაიწყო ეს ამბავი?
– ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ ჩემი ვენეციაში ცხოვრების დროს დაიწყო. მაშინ ჩვენ ვმეგობრობდით და საქართველოში პერიოდულად ჩამოვდიოდი ხოლმე. მასთან შეხვედრის შემდეგ ვენეციაში რომ დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ რაღაც საქართველოსკენ მიზიდავდა. შემდეგ ჩამოსვლაზე მივხვდი მიზეზს და იმასაც, რომ ეს ადამიანი ჩემთვის იყო გაჩენილი. თვითონაც – ანალოგიურად და მალე გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა. ვცდილობ, მეუღლე ჩემი შემოქმედებით გავანებივრო. მეუღლე და შვილები ჩემი მუზები არიან.
– ადამიანების ემოციები...
– ჩემი ნახატები ძალიან ბევრ სტილშია შესრულებული, მე მხოლოდ ერთი მიმართულება არ მაქვს. ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს, ეს არაა ერთი ადამიანის ნახატები და ყველას შენი ინიციალები რატომ აწერიაო?! (იცინის) ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, თუ ჩემი ნახატით ადამიანებს ვახარებ, თუმცა ყოფილა შემთხვევა, მოსულან და უთქვამთ: რა საშინელებას ხატავო – ბოროტი ადამიანებიც არსებობენ. ერთხელ, ქალბატონი მოვიდა შვილთან ერთად, 700-ლარიანი ნახატი 200 დავუფასე და მეუბნება: რას ამბობ, ასეთს ჩემი შვილიც დახატავსო. ქალბატონო, მაშინ ჩემთან რაღას მოდიხართ-მეთქი (იცინის). თუმცა, ბედნიერი ვარ იმით, რომ უამრავ ადამიანს მოსწონს და ეს ადამაინები უდიდეს სტიმულს მაძლევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი