შოუბიზნესი

დუდა სანაძე: ყველა ჩემი წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 15.11, 2022 წელი

დუდა სანაძე
დაკოპირებულია

კალათბურთელი დუდა სანაძე და მისი მეუღლე ანუნა მდივნიშვილი პირველი შვილის მოლოდინში არიან.

დუდა სანაძე: ბავშვის დაბადებას თებერვალში ველოდებით. სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ მოვლენას ახლავს. ხანდახან ვერ აღვიქვამ, რა ხდება ჩვენს თავს, რამხელა სიხარული გველოდება. მაგრამ ვიცი, რომ მისი დაბადების დღიდან ასმაგად და ათასმაგად ვიგრძნობ ამ ყველაფერს. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა და მადლობა ღმერთს ამ საჩუქრისთვის.

– როგორი იყო პირველი ემოცია, როცა გაიგეთ, რომ მამა გახდებოდით?

– დაუჯერებელი სიხარული იყო. როდესაც ცხოვრებაში ეს პირველად ხდება, ალბათ, სულ სხვა ემოციებია. მეუღლემ რომ გაიგო ეს ამბავი და ვარჯიშიდან დაბრუნებულს მახარა, სიმართლე გითხრათ, იმდენად გახარებული და შოკირებული ვიყავი, არც მახსოვს ჩემი რეაქცია როგორი იყო (იცინის).

– ანუნა შეცვალა ორსულობამ?

– არანაირად. ისევ ისეთია, უფრო სწორად, ორმაგად აქტიურია. ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. ხელს ვუწყობ, რომ ყველაფერმა მსუბუქად ჩაიაროს.

– განსაკუთრებული და არასეზონური მოთხოვნები არ აქვს?

– სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ექნებოდა, მაგრამ უკვე ექვსი თვის ორსულია და ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. მეც მიკვირს და ვნახოთ, შემდეგ თვეებში რა იქნება (იცინის).

– როგორც ვიცი, ვაჟს ელოდებით. რომელიმეს განსაკუთრებულად თუ გინდოდათ ბიჭი ან გოგო და სახელიც თუ შეურჩიეთ უკვე?

– კი, ბიჭს ველოდებით. მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ბავშვი ჯანმრთელად იყოს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბიჭის მშობლები გავხდებოდით თუ გოგოსი. ორივე ძალიან გვინდოდა. რადგან პირველი ბიჭია, შემდეგში იმედია, გოგო გვეყოლება. სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. ძალიან ძნელი ყოფილა გადაწყვეტილების მიღება და ველოდებით, ფაქტის წინაშე რომ დავდგებით, ალბათ მერე უფრო მოვიფიქრებთ. (იცინის).

– მშობიარობაზე თუ აპირებთ დასწრებას?

– კი, მინდა, რომ დავესწრო. ვიცი, ადვილი არ არის, მაგრამ მინდა, ჩემს მეუღლეს გვერდში ვედგე და ჩემი დახმარების იმედი ჰქონდეს – გამხნევებას ვგულისხმობ.

– როგორ ემზადებით ამ მომენტისთვის?

– ჩემი მეგობრების მონაყოლით და ზოგადადაც, ვიცი, რომ არ არის მარტივი (იცინის). რთულია, როცა საკუთარი შვილის დაბადებას ესწრები, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უკვე მზად ვარ. არ მინდა, ანუნა ამ მომენტში მარტო დავტოვო. ვიცი, რომ მას ჩემი იქ ყოფნა ძალიან გაახარებს.

– სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რა ადგილი უჭირავს ანუნას თქვენს ცხოვრებაში ამ თვალსაზრისით?

– ძალიან დიდი. ჩემი წარმატება ანუნას წარმატებაა. თამამად ვამბობ, ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება, ვინც მას არ იცნობს და არ იცის, სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლის როლი რამდენად დიდია, ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ასეა. ელემენტარული, სპორტულ რეჟიმში ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე. თამაშებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ვმოგზაურობ და მე და ანუნას უცხოეთში მარტო გვიწევს ყოფნა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო. კულისებს მიღმა ჩემი წარმატების საწინდარი ის არის. საკუთარი თავი გადადებული აქვს. სპორტული ცხოვრება ისეთი დატვირთულია, მით უმეტეს საზღვარგარეთ, როცა დღეში ორი ვარჯიში გაქვს, აღარ გრჩება საშუალება, რომ სადმე გახვიდე, გაერთო, გაისეირნო. ეს მას კარგად აქვს გაანალიზებული. კალათბურთელის კარიერა არ არის ხანგრძლივი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს წლები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩემი ოჯახის წვლილი ჩემს წარმატებაში მართლა ძალიან დიდია.

– არ დაუწუწუნია იმის გამო, რომ საკუთარი თავი გადადებული აქვს?

– არა, ამას მართლა დიდი სიყვარულით აკეთებს. მე ამას ვგრძნობ. მაქსიმუმ, 35-36 წლამდე შეიძლება კალათბურთის მაღალ დონეზე თამაში და გვინდა, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ სამომავლოდ ყველაფერი კარგად იყოს. ეს ორივეს კარგად გვაქვს გააზრებული. იცოდა, რომ სპორტსმენის ცხოვრება არ არის მარტივი და ანუნა მზად იყო ამ პასუხისმგებლობისთვის. ძალიან პოზიტიურია, არც მახსოვს ამის გამო დაეწუწუნოს.

–ბავშვთან დაკავშირებითაც თუ ამბობდა, მზად ვარ, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღო, იმიტომ, რომ სპორტსმენისთვის ღამეების თენება, მოუწესრიგებელი რეჟიმი და გადაღლილობა ძალიან ხელისშემშლელიაო?

– ასეა, თუმცა ჩემი როლიც დიდი იქნება ბავშვის აღზრდაში. ისე არ იქნება მე მხოლოდ ვიძინო და ბავშვზე მხოლოდ ანუნამ იზრუნოს (იცინის). ჩემი რთული გრაფიკისა და რეჟიმში ცხოვრების აუცილებლობის გამო თქვა ანუნამ, რომ ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს, მაგრამ მეც ძალიან მინდა, ამ პროცესებში ჩართული ვიყო და იმედია, მოვახერხებ კიდეც.

– რას ნიშნავს დუდასთვის ოჯახი?

– კარგი ოჯახის გარეშე მოედანზე ფსიქოლოგიურად ძლიერი ვერ იქნები. ცუდი თუ კარგი თამაშის შემდეგ ოჯახის გვერდში დგომა ძალიან გეხმარება. წარმატება იქნება თუ წარუმატებლობა, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან განიხილავ, ისინი გაძლევენ მოტივაციას, რომ შემდეგ თამაშზე უკეთესი იყო.

– წარუმატებელობის შემთხვევაში, რა გეხმარებათ ჩვეულ რელსებზე დაბრუნებაში?

– წარუმატებლობა სპორტში ძალიან ხშირია. როცა მეუღლე და მთელი ოჯახი გვერდში გიდგას და მხოლოდ იმას კი არ გეუბნებიან, რომ არაუშავს, პირიქით, პრობლემის და მიზეზის გაანალიზებაში გეხმარებიან და მეტი მუშაობისკენ გიბიძგებენ, ეს ძალიან გეხმარება. ვიცი, რომ ისინი ჩემს წარუმატებლობას ძალიან განიცდიან და ეს ჩემს მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს, ვეღარ ვაძლევ თავს წარუმატებლობის უფლებას. წარუმატებლობის შიში უფრო დიდი მოტივაციაა, ეს მეტი ვარჯიშისკენ მიბიძგებს.

– როგორც ვხვდები, ბევრი დრო არ გაქვთ, მაგრამ მაინც, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, რით ერთობით?

– ძირითადად საზღვარგარეთ გვიწევს ყოფნა, სადაც როგორც გითხარით, მე და ანუნა მარტო ვართ. ძალიან გვიყვარს სეირნობა, კინოში წასვლა. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში აქტიურ სეზონზე შეგვიძლია. თბილისში ძალიან გვიყვარს მეგობრების წრეში შეკრება. ძირითადად, სულ მათთან ერთად ვატარებთ დროს. ბარები და კლუბები ჩვენი გართობის ადგილი არ არის.

– რადგან ბიჭს ელოდებით და თვითონ სპორტსმენი მამის სპორტსმენი შვილი ხართ, გავიხსენოთ, მამის როლი თქვენს სპორტულ ნაბიჯებში.

– ჩემი სპორტული კარიერა რომ კალათბურთს დაუკავშირდა, ეს მამაჩემის დამსახურებაა. მამა ცნობილი კალათბურთელია და ყოველთვის მინდოდა, მის ნაბიჯებს გავყოლოდი. ჩემი უპირატესობა ის იყო, რომ გვერდით ასეთი გამოცდილი ადამიანი მედგა, მასწავლიდა და ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს მაძლევდა. ეს შესაძლებლობა ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე. როცა მე ვარჯიში დავიწყე, მამას უკვე საკალათბურთო აკადემია ჰქონდა გახსნილი. დღე და ღამე დარბაზში ვიყავი, ერთად ვვარჯიშობდით, ვიხვეწებოდი ფიზიკურად და მაძლიერებდა ფსიქოლოგიურად. გუნდის ვარჯიშის შემდეგ რომ დარბაზში ვრჩებოდი და მამასთან ერთად ვაგრძელებდი ვარჯიშს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო.

– ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ოჯახური ტრადიცია თქვენმა შვილმაც გააგრძელოს?

– რატომაც არა?! მაქვს ამის სურვილი. როგორც მე მქონდა გამოცდილი მამის მხარდაჭერის უპირატესობა, ასე ექნება ჩემს შვილსაც. უკვე მეც საკმაოდ გამოცდილი ვარ ამ სფეროში, ბევრი კონტაქტი მაქვს, ბევრი რამ ვიცი და თუ ჩემს შვილსაც ექნება სურვილი და მონაცემებიც ხელს შეუწყობს, სიხარულით დავეხმარები, რომ ამ გზას დააგდეს და ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი