შოუბიზნესი

დალი ჩიტალაძე: შეუძლიათ, ვალი აიღონ, ოღონდ სახლში განწყობა შექმნან და მე მივესალმები ამას

№52

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 04.01, 2023 წელი

დალი ჩიტალაძე
დაკოპირებულია

როგორ ემზადება დალი ჩიტალაძე ახალი წლისთვის, რა ტრადიციას არ ღალატობს არასდროს და როგორ ცდილობს ცხოვრების პოზიტიურად წარმართვას, ამას მისგან შევიტყობთ.

დალი ჩიტალაძე: დღემდე პატარა ბავშვივით მიხარია ახალი წლის მოსვლა, მაგრამ არ ვიცი, რატომ. ახალი წელი და ჩემი დაბადების დღე ერთნაირად მაბედნიერებს. ერთი შეხედვით, რა არის გასახარი, წლები გემატება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ წლების მომატება, ეს ღმერთისგან ნაჩუქარი დიდი მადლი ყოფილა. თურმე, დაბერებაც დიდი მადლია. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ, რომ ყველა ტკბილად დაბერდეს. მთავარია, ჯანმრთელობა გვქონდეს და სიბერე არ არის საშიში.

- ახალი წლის სამზადისისას თუ ითვალისწინებთ, რისი წელი მოდის?

- სხვათა შორის, ჩემი წელი დგება, კატა-კურდღლის. მპირდებიან, რომ კარგი წელი უნდა იყოს და აი, ვნახოთ (იცინის). სამზადისს რაც შეეხება, რომ გაიგეს, ნაძვის ხის ლამაზად აწყობა შემიძლია და ამ პროცესს ძალიან შემოქმედებითად ვუყურებ, ისევე, როგორც ლუქის აწყობას, დიდი მოთხოვნა გაჩნდა (იცინის). ნაძვის ხე ჩემთვის გოგოა, რომელსაც კაბას ვაცმევ და სადღესასწაულოდ ვამზადებ. რამდენიმე ნაძვის ხე უკვე ავაწყვე ამ საახალწლოდ, მაგრამ ჯერ პირადად ჩემი არა. დიდ ფუსფუსსა და ორომტრიალში ვარ, მაგრამ ჯერ ჩემი სახლი არ მომირთავს (იცინის).

- რა ტრადიცია გაქვთ ამ დღესასწაულისთვის?

- ერთი, რაც ყოველ ახალ წელს ტრადიციად მაქვს ისაა, რომ აუცილებლად უნდა მეცვას ახალი სამოსი. აუცილებლად ვითვალისწინებ ტენდენციებს და ისე ვქმნი ჩემს საახალწლო ლუქს. თუმცა, სიახლე ისაა, რომ მაგალითად, წელს ვეხვეწები ჩემს მეუღლეს, წამიყვანე საქართველოდან, აღარ მინდა სამზარეულოში ტრიალი-მეთქი (იცინის). მე და ჩემი მეუღლე ოცი წელია, ერთად ვართ და მთელი ეს წლები სულ ფუსფუსში გავატარე ეს დღესასწაული. რამდენჯერმე იყო გამონაკლისი - ერთხელ მაგალითად, კარიბის კუნძულებზე ვიყავით, მაგრამ დანარჩენი, ძირითადად, სულ სახლში ვარ და შესაბამისად ვფუსფუსებ (იცინის). ძალიან მომწონს, როცა ოჯახი იკრიბება, ბუხარს ვანთებ, გოზინაყს ვაკეთებ, „ხალადეცს“, საცივს, ეს ყველაფერი ძალიან მიქმნის განწყობას - ბრჭყვიალა, ლამაზი გარემო სახლში და გარეთ. თბილისიც ისე ლამაზად მოირთო, ყველაფერი ერთად კარგ განწყობაზე მაყენებს, მაგრამ ზოგჯერ რაღაც განსხვავებულიც გინდა.

- სახლში მარტო ნაძვის ხეს რთავთ თუ ყველგან იგრძნობა, რომ სადღესასწაულო დღეებია?

- ნაძვის ხის გარდა, ვრთავ ბუხარს და ბუხრის კუთხეს, სამზარეულოშიც მაქვს პატარა ნაძვის ხე. იქაც საჭიროა შესაბამისი განწყობა.

- რამდენიმე კერძი ახსენეთ, საახალწლო სუფრიდან და რა გამოგდით განსაკუთრებულად კარგი?

- თვალი არ მეცეს, ამბობენ, რომ ყველაფერი გემრიელი გამომდის (იცინის). მაგრამ ყოველთვის ვაკეთებ დალის იდეალურ „იდეალს“ (იცინის). გოზინაყიც კარგი გამომდის, საცივს მართლა განსაკუთრებულად კარგად ვაკეთებ. ტრადიციულ კერძებს ვამზადებ. ამიტომაც ვამბობ, ღმერთო, აღარ მინდა სამზარეულოში, მინდა წასვლა და დასვენება, არატრადიციული გარემო მომენატრა (იცინის). ვნახოთ, თუ შემისრულებენ ოცნებას.

- ბევრი ვალსაც იღებს ამ დღეს ძალიან კარგი სუფრის გასაშლელად, ან უკანასკნელ თეთრებს ხარჯავს. რას ფიქრობთ ამაზე?

- ოჯახის ბიუჯეტის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით, თუ როგორი ბიუჯეტი გაქვს, იღებ გადაწყვეტილებას, რა იყიდო და რას შეელიო. როგორც იტყვიან, საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა გადაიფარო. თუმცა, ამ დღეს მაინც ყველა რაღაცას ახერხებს. უნდათ ახალ წელიწადს მხიარულად, ბედნიერები, ხვავითა და ბარაქით შეხვდნენ. ძალიან კარგად მესმის ასეთი ხალხის. შეუძლიათ ვალი აიღონ, ოღონდ სახლში განწყობა შექმნან და მე მივესალმები ამას, რადგან განწყობას ძალიან დიდი ძალა აქვს. როცა პოზიტიურად ხარ განწყობილი, ასეც მიდის შენი ცხოვრება. ხომ გაგვიგონია: რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, ასეა. საერთოდ, რა მუხტსაც გაუშვებ სამყაროში, ის გიბრუნდება და შესაბამისი ენერგეტიკა წარმართავს შენს ცხოვრებას. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი განწყობა და ფიქრები პოზიტიური იყოს. მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ლაპარაკობ, ანუ, რას იტყვი ხმამაღლა, შენი ფიქრებიც კი პოზიტიური უნდა იყოს, რომ სამყარომ პოზიტიური პასუხი დაგიბრუნოს. ეს ყველაფერი შენით უნდა შექმნა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ამას სხვა არავინ გაგიკეთებს. მშურს მათი, ვისაც ამას უქმნიან. როცა თვითონ ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, უპირველესად, საკუთარ თავზე უნდა იზრუნო და მერე ეს დადებითი განწყობა შენ გარშემო ყველას გადაედება. ამაზე კარგი რა არის, აბა, სხვა რად ღირს ჩვენი ცხოვრება?!

- ბედობის თუ გჯერათ?

- გინდა ბედობა დავარქვათ, გინდაც სხვა რამე, ეს არის შენი პოზიტიური და ამაღლებული გრძნობები. თუ ბედობას ასეთი იქნები, მაშინ ამ დღესაც კარგად გაატარებ, მაგრამ ეს უნდა აკეთო ყოველდღე. დილას რომ იღვიძებ, მადლიერი უნდა იყო, რომ ცოცხალი ხარ. რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს შენს ცხოვრებაში, ღმერთის მადლიერი უნდა იყო, რადგან არაფერი არსებობს ამქვეყნად, რასაც არ ეშველება, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია. ერთადერთი, სიკვდილს ვერაფერს ვუზამთ, თორემ დანარჩენი, ყველაფერი მოგვარებადია. ამიტომ, ფიქრები ყოველთვის პოზიტივისკენ უნდა მივმართოთ. ნუ ვიქნებით უკმაყოფილო, პირიქით, ვიყოთ მადლიერი და ღმერთი და სამყარო, ამას აუცილებლად დაგვიფასებს.

- სურვილების ჩაფიქრების რიტუალებიც გაქვთ საახალწლოდ?

- არა, ახლა ამისთვის არ მცალია. მახსოვს, ბავშვობაში ვაკეთებდი მსგავს რამეებს. ალბათ, მაგისთვისაც უნდა მოვიცალო. მომწონს და მაინტერესებს ეზოთერიკა. საერთოდ, ყველაფერში ვცდილობ გარკვევას, თუმცა ბოლოს მაინც განწყობასთან მივდივარ და მგონია, რომ ამ რიტუალების გარეშეც აგისრულდება ის, რაც გულით და ძალიან გინდა.

- რა ფერის არის წელს თქვენი ნაძვის ხე?

- ჩემი ნაძვის ხე უფრო ტრადიციულია. შეიძლება კომპანიებს აბსოლუტურად სხვანაირად მოვურთო, მაგრამ მე სახლში მაქვს სათამაშოები, რომლებიც დაახლოებით ჩემი ასაკისაა. ვაგროვებ ძალიან შინაარსიან და ლამაზ, საყვარელ სათამაშოებს. მყავს ცხენი, მასხარა, თოვლის ბაბუა, ანგელოზები და უფრო ტრადიციული, ლამაზი და ძვირფასი სათამაშოები. ვცვლი ხოლმე ნაძვის ხის გვირგვინებს, მაგრამ არა სათამაშოებს. ნაძვის ხე ხომ ჩემთვის გოგოა და ყოველ წელს ახალ გვირგვინს ვადგამ. ერთნაირი ბურთებით მორთვა და მხოლოდ აქტუალური ფერის გათვალისწინება სახლში ჩემთვის არ არის საინტერესო. მე უფრო შემოქმედებითად ვუდგები. თან, ამ სათამაშოებს თავიანთი ისტორიები აქვთ და შინაარსს სძენენ ნაძვის ხეს. ყოველ წელს ვამატებ ერთ-ორ ლამაზ სათამაშოს, მაგრამ ძალიან ლამაზსა და საყვარელს. აი, კომპანიებისთვის როცა ვრთავ ნაძვის ხეს, ფერებსა და ტრენდებს იქ ვანიჭებ უპირატესობას.

P.S. ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში ქალბატონ დალის მამა გარდაეცვალა, ჟურნალი „თბილისელები“ უსამძიმრებს მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი