შოუბიზნესი

ბექა ჩხაიძე: იმდენი გოგო გვყავს მოტაცებული, ვერ დავთვლი

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 09.06, 2021 წელი

ბექა ჩხაიძე
დაკოპირებულია

ბოლო წლებში ბექა ჩხაიძის ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ცვლილებები შეეხო არა მარტო მომღერლის პირადს, არამედ მის საქმიანობასაც. სულ ცოტა ხნის წინ ბექამ გადაწყვიტა, ბედი ბიზნესში ეცადა და მეგობრის დახმარებით, კომპანიაც დააარსა.

ბექა ჩხაიძე: მომენატრა კარგი კონცერტი, რამდენიმე სიმღერა მაქვს გამზადებული, მინდა, კაბუსთან ერთად ჩავწერო და ეს ზაფხული აქტიურად გამოვიყენო. ბოლო დროს ბიზნესი დავიწყე, კომპანია ჩამოვაყალიბე. ჩემს ძმაკაცს აქვს ძალიან დიდი კომპანია და ის დამეხმარა. საერთოდ, ცოტა ადრე რომ მეფიქრა ამ მიმართულებით და კეთილის მსურველებისთვის დამეჯერებინა, კარგი იქნებოდა. თურმე, სულ „ჰარი-ჰარალე“ არ არის. ადრე რომ დამეწყო, ახლა უკვე ყველაფერი დალაგებული მექნებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, უთქვამთ. აქამდე ცხოვრება სუფრასა და დროსტარებას გადავაყოლე. ახლა – ოჯახი, შემოსავალი, ეკონომიური მდგომარეობა, ეს ყველაფერი საჭიროა. ჩვენს ქვეყანაში მარტო სიმღერით ოჯახს კი არა, თავს ვერ ირჩენ.

– როგორი ალღო აღმოგაჩნდა ბიზნესში?

– ჩემი პლუსი ხალხთან ურთიერთობაა, საქართველოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს ვიცნობ (იცინის). გვერდში მდგომი ადამიანი ყოველთვის საჭიროა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმაკაცს, ჩემი ნათლულის მამას – გიორგი ბუტიკაშვილს, რომელმაც მომკიდა ხელი და მითხრა, წამოდი, გზაზე უნდა დაგაყენო, ფული უნდა გაშოვნინოო. ლაბირინთებით სიარული არ მიწევს, პირდაპირ გამზადებულ საქმეში ჩამსვა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის იმედი მქონდა ცხოვრებაში. მათ ჩემი ძმაკაცები ერქვათ, მაგრამ ბოლოს ასე არ აღმოჩნდა. ამის გამო ძალიან ბევრი ვინერვიულე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოცნება რეალობად ვუქციე, ცხოვრება ავუწყვე, საქმე საქმეზე რომ მიდგა და დარწმუნებული ვიყავი, ჩემ გვერდით იქნებოდნენ, ტურასავით გაიყურსნენ. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, ვახსენდები და ძალიან აწუხებთ ეს ფაქტი. ვიცი, ღმერთი ისე განავითარებს ყველაფერს, ძილის წინ, მინიმუმ ერთი საათი სირცხვილით წვალება არ დააძინებთ. მადლობა ღმერთს, ერთგულებიც არსებობენ. გიორგი ბუტიკაშვილი ისე მომექცა, როგორც ღვიძლ ძმას, ახალი ცხოვრება დამაწყებინა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ოჯახს ბევრი სჭირდება. რაც უნდა დიდი სიყვარული იყოს და მადლობა ღმერთს, არის, ოჯახს ეკონომიკური სიმყარე სჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ძალიან ბევრი ოჯახი მინახავს, რომლის დანგრევაც ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია.

– ორი წლის შვილი გყავს, რომელმაც საოცრად შეცვალა შენი ცხოვრება. როგორი ბიჭია?

– ძალიან კარგი, მადლობა ღმერთს. ზედმეტად ცელქია, თან გურულია (იცინის). მყავს 16 წლის გოგო პირველი ოჯახიდან, რომელიც პიანისტია და ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრს მეცადინეობს.

– ყველამ იცის, რომ ერეკლესთვის ძალიან ყურადღებიანი მამა ხარ. ბარბარესთვის რამდენად ხარ კარგი მამა?

– ის ჩემი პირველი სიხარული და ბედნიერებაა. ისე მოხდა, რომ დედის ოჯახში, რუსეთში გაიზარდა და რამდენიმე წელია, საქართველოში ჩამოვიდნენ. ხშირი კონტაქტი არ გვქონდა, მაგრამ გადასარევი ხალხია. ბავშვი როცა ჩამოდიოდა, ჩემთან იყო. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მაგრამ ახლაც ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, შეიძლება, ერთი თვე ისე გავიდეს, ვერ ვნახო. ძალიან ბევრს მეცადინეობს.

– ბექა როგორი იყო ბავშვობაში – ცელქი და ხიფათიანი?

– პატარაობაში წყნარი ვყოფილვარ, მაგრამ სკოლაში ძალიან ცელქი გამოვდექი. იმდენად, რომ მერვე კლასიდან გამომაგდეს. მე და ჩემმა ძმაკაცმა ისეთი საშინელებები ჩავიდინეთ... (იცინის) მეცხრე კლასში გიმნაზიაში ჩამაბარებინეს და იქ დავამთავრე სწავლა. თან რაიონში ისეთი სიტუაციაა, ქუჩასთან უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ ურეკში დამჭრეს კიდეც. 15 წლის ვიქნებოდი, ჩხუბი მოგვივიდა და მადლობა ღმერთს, უფრო დიდი საშინელება არ მოხდა. დამთავრდა ჩხუბი და აღმოვაჩინე, რომ დაჭრილი ვარ. გურულებს თბილისელ დამსვენებლებთან მოგვივიდა ჩხუბი. იყო ასეთი პერიოდი. ღმერთმა დამიფარა, რომ შუშაბანდში არ გავიზარდე და ქუჩასთან მქონდა ურთიერთობა. ქუჩას თავისი სკოლა აქვს და მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრ კაცურს გასწავლის, თუმცა ძალიან არ უნდა გადაჰყვე.

– მით უმეტეს მაშინ ავტორიტეტობა ძალიან მიმზიდველი იყო ახალგაზრდებისთვის. ფიქრობდი ამ მიმართულებით?

– გურიაში ჩემი ოჯახი ყველამ იცის. ბაბუა – ბეგლარ ჩხაიძე გაზეთ „კომუნისტის“ სპეცკორესპონდენტი იყო და აზანზარებდა ყველაფერს, აი, ის იყო ავტორიტეტი. მამამ და ბიძამ ცოტა გადაუხვიეს ოჯახის ტრადიციებიდან და იმ ფლანგზე აღმოჩნდნენ. ბაბუაჩემს უკვირდა, ჩემი შვილები ასეთები როგორ არიანო?! ცუდი ავტორიტეტი არც ბიძაჩემს ჰქონდა და არც მამას, მაგრამ უფრო ქუჩისკენ იხრებოდნენ. ჩემთანაც იყო ეს ინტერესები რაღაც ასაკში, მაგრამ გადამკვდარი ძველი ბიჭი მე არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საძმაკაცოს უმეტესობა ეგეთები იყვნენ. მე ჩავაბარე კიდეც და იურიდიული დავამთავრე და ამ მხრივ, პრობლემა არ შემქმნია. თუმცა სამეგობროს დიდი წრე მაგ სფეროში მყავს. ჩემი ძმაკაცებიდან ზოგი დაიჭირეს და წლები გაატარეს ციხეში. ახლა, ასაკში, ყველა ერთად ვართ, დავოჯახდით და ცხოვრების კარგ ნაკადს მივუყვებით. ჩაბარების შემდეგ მე ახალი ცხოვრება დავიწყე. დედის მხრიდან ბაბუა და გოგი დოლიძე გურამ თამაზაშვილის შვილის ნათლიები იყვნენ. გურამ თამაზაშვილი იცით – მე ვინც გამზარდა „ქართული ხმებიდან“. როდესაც ჩავაბარე, მაშინ გურამი ანსამბლს აკეთებდა. ბაბუამ დაურეკა და მეც მივედი, სამოცი ბიჭი დამხვდა, ერთი კვირა გვაკვირდებოდა, ბოლოს 13 უნდა აერჩია და ისე მოხდა, რომ შევიკრიბეთ ანსამბლი, რომელსაც თავიდან „ზარები“ ერქვა. ყველაფერი იქიდან დაიწყო. სიმღერის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. მეხუთე კლასამდე მიშა შავიშვილთან დავდიოდი სიმღერაზე, მერე გურამ თამაზაშვილმა გამზარდა და ყველაფერი მისი დამსახურებაა. მესამე შვილივით ვყავდი, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. მერე ანსამბლიდან კვარტეტი გამოვეყავით. გურამი რომ აღარ იყო, ლაშა ღლონტი გვხელმძღვანელობდა და მასაც ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. სამი-ოთხი წლის წინ წამოვედი „ალილოდან“. ახლა ბიზნესში ვარ და მე და არჩვაძეს „ქართული კვარტეტი“ გვაქვს.

– ბავშვობას დავუბრუნდეთ, გოგოების გამო არ გქონიათ ჩხუბი?

– ძალიან ბევრჯერ (იცინის). იმდენი შარი გადაგვხდენია მაგის გამო... თან, მაშინ რაიონებში მოტაცებები იყო აქტუალური და იმდენი გოგო გვყავს მოტაცებული, ვერ დავთვლი (იცინის). ზოგმა შეინარჩუნა ოჯახი, ზოგმა – ვერა. მაშინ სხვა დამოკიდებულებები იყო, მოტაცების გამო არ იჭერდნენ, მით უმეტეს, რაიონში. რამდენი გოგო ჩაგვიტენია მანქანაში და სოფელში გადაგვიმალია (იცინის). დღევანდელ თაობას რომ მოვუყვე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არ დაიჯერებენ, კრიმინალად ჩაგვთვლიან.

– გარდატეხა მოხდა შენს პირად ცხოვრებაშიც. ბევრს ეგონა, რომ ბექა დროსტარებასა და მექალთანეობას გადაჰყვებოდა.

– მადლობა ღმერთს, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არის ერთგული, მზრუნველი... დიდი სიყვარული გვაქვს, შვილი გვყავს და შეკრულ, პატარა, ლამაზ და სიყვარულით სავსე ოჯახად ვიქეცით. ჩემი მეუღლე რომ არის, იმიტომ არ ვამბობ, უგანათლებულესი და ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი საყრდენი კედელია.

– ასე ცხოვრება კარგი ყოფილა?

– გადასარევი ყოფილა და ამას თავისი ასაკი აქვს. ბევრი ოჯახია, რომელიც პატარა ასაკში შეიქმნა და დღემდე გადასარევად არიან, მაგრამ მაინც მგონია, რომ ოჯახს თავისი ასაკი აქვს. რაღაც პერიოდი, ადამიანმა, ალბათ, უნდა „იგულაოს“ კიდეც – მე ასე ვთვლი, „თავისი მოჭამოს“ და შემდეგ შექმნას ოჯახი. ძალიან ახალგაზრდობაში დაქორწინებულების უმრავლესობას, ჟარგონულად რომ ვთქვათ, მერე უნდებათ „გულაობა“, ერთსაც და მეორესაც. ოჯახი არ აძლევს ამის საშუალებას და რამდენი დანგრეულა ამის გამო. ჩემი აზრით, ჯერ გაძრომა-გამოძრომის სურვილები უნდა დაიკმაყოფილო და ოჯახი მერე შექმნა. ასი კაცის სიცოცხლე მაქვს ამ ასაკამდე გამოვლილი, რასაც გულაობა და დროსტარება ჰქვია ყველაფერი მინახავს და აწი რა უნდა შემეხარბოს და რა უნდა მომინდეს მაგ თვალსაზრისით, რაც არ გამიკეთებია. ზუსტად ახლა ვარ ოჯახისთვის მზად.

– წონის ამბავიც მითხარი, პანდემიის დამსახურებაა, ახლა რომ დიეტაზე გიწევს ყოფნა?

– ძალიან მოვეშვი. ჩემი ცოლი სასწაულ საჭმელებს აკეთებს. საოცარი ხელი აქვს მასტერშეფად არის დაბადებული (იცინის). სამეგობრო ჩვენთან მოდის საჭმელად და სუფრა თითქმის სულ გაშლილია (იცინის). თან, ლუდი მიყვარს და ძალიან გამექცა წონა. ერთი კვირაა, ორივე დიეტაზე ვართ და უკვე ცოტა დავიკელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი