შოუბიზნესი

ბაბი კირკიტაძე: სულაც არ ვყოფილვარ მთლად ისეთი კარგი შესახედი, როგორიც მეგონა

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 17.11, 2021 წელი

ბაბი კირკიტაძე
დაკოპირებულია

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ახლახან ტუჩის კორექცია გაიკეთა. ეს სიახლე არ დაუმალავს და სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა. როგორც თავად ამბობს, რომ არ ეთქვა, ვერც მიხვდებოდნენ, თუმცა არც დამალვას აპირებდა. ზოგადად, ერიდება საკუთარ გარეგნობაში კორექციების შეტანას, თუმცა, ექსპერიმენტებზე მაინც მიდის. თუ როგორ აღმოჩნდა ის სახის მოვლის გამო საშინელ დღეში, რატომ არ ფიქრობდა წონაში დაკლებას და როგორ მიიღო მისმა საყვარელმა მამაკაცმა მისი გარეგნული ცვლილება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბაბი კირკიტაძე: პრანჭიკელა ბავშვი ვიყავი, სულ ბებოს ნივთებში ვიქექებოდი. ბებო ძალიან გაპრანჭული ქალი იყო და უამრავი სამკაული ჰქონდა, უჯრები სასწაული ფერის მძივებით იყო გამოტენილი, საოცარი ფერის პომადები, ტუშები... და ეს იყო ჩემი სამოთხე. შევიპარებოდი მის ოთახში, დავჯდებოდი სარკესთან და ვიწყებდი ყველაფრის ასხმას, წასმას, დასხმას, ქუსლიანი ფესხაცმლისა და ლამაზი კაბების ჩაცმას.

– რა ასაკიდან დაიწყე სერიოზულად თავის მოვლა და გაპრანჭვა?

– ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, მერე დავიწყე მაკიაჟის კეთებაც და გაპრანჭვაც. თინეიჯერობის პერიოდშიც კი არ ვიკეთებდი მაკიაჟს. უბრალოდ, თუ კონცერტი მქონდა, მაშინ მიწევდა მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება, თორემ სკოლაში ქუსლიანი ფეხსაცმლით, მაკიაჟითა და დაყენებული თმით, არასოდეს მივსულვარ. სკოლა რომ დავამთავრე, ერთ წელში დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა და ნელ-ნელა ვიაზრებდი, რომ ფორმაში უნდა ჩავმდგარიყავი – თმა დამევარცხმა, ფრჩხილი და მაკიაჟი გამეკეთებინა. ასე რომ, თავის მოვლა გვიან დავიწყე.

– კამერების წინ დგომა მკაცრი მაკიაჟის გაკეთებას მოითხოვს. წლებია, სცენაზე და ეკრანზე ჩანხარ და ეს შენს კანზე უარყოფითად არ აისახა?

– სხვათა შორის, მძიმე მაკიაჟის ხშირად კეთებამ, სახის კანი მართლა გამიფუჭა და ისეთი დისკომფორტი მქონდა, სასწრაფოდ დავიწყე კანზე ზრუნვა. ახლახან, 26 წლის ასაკში, ორჯერ ჩავიტარე ბიორევიტალიზაციის პროცედურა და ვიტამინებით გაჯერება ძალიან მოუხდა სახის კანს, გაჯანსაღდა. მანამდე არანაირი პროცედურა არ მქონია ჩატარებული. ზოგადად, არ მიყვარს მაკიაჟის გაკეთება და ვცდილობ, თუ გადაღება არ მაქვს, მოვერიდო. მაგრამ მაშინ ისეთ დღეში მქონდა კანი, გარეთ უმაკიაჟოდ ვეღარ გავდიოდი.

– თქვი, მანამდე არ მქონია სახის მოვლის პროცედურები ჩატარებულიო. სახლის პირობებში როგორ ისუფთავებდი და უვლიდი სახის კანს?

– სახლის პირობებში ვიკეთებდი სახის ნიღბებს, ყურმოკრული ხალხური რეცეპტებით ვისუფთავებდი კანს, მაგალითად, მჭადის ფქვილით, კვერცხის გულითა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სარეცხის საპნით ვიბანდი სახეს და ჩემს კანს ძალიან უხდებოდა. მომწონდა სახეს რომ ჭიმავდა და მერე მკვებავ საცხს ვისვამდი. ერთმა ადამიანმა მირჩია სახის კანისთვის ძალიან კარგია სეზონური ხილი, მაგალითად, რომ გათლი ვაშლს, კიტრს და სხვა სეზონურ ხილს და ბოსტნეულს, კანი სახეზე დაილაგე, ძალიან უხდებაო. მოკლედ, გავთალე გრეიპფრუტი და ვერ მივხვდი, როგორ დამელაგებინა მისი კანი სახეზე, მოვუჭირე ხელი და სახეზე წვენი შევიშხაპუნე. თურმე, ალერგიული ვყოფილვარ, ცუდად გავხდი, ორი საათი ცივი წყლის ქვეშ ვიყავი შეყუდებული, დავსივდი, მთელი სახე დამიბუჟდა. ოთხი დღე საჭმელსაც ვერ ვჭამდი. ასე რომ, მთლად სხვების რჩევებსაც არ უნდა მოუსმინოთ და ყველაფრის გათლილი კანი არ უნდა შემოილაგოთ სახეზე (იცინის). სხვათა შორის, არ ვიცოდი თუ ალერგიული ვიყავი და ამ პროცედურის შემდეგ გავიგე. ზოგადად, დილით სახეს მიცერალური წყლით ვიწმინდავ, შემდეგ დამატენიანებელს ვისვამ და თვალების გარშემო – კრემს და რაც არ უნდა გადაღლილი ვიყო, საღამოს მაკიაჟს ვიცილებ სახიდან და აუცილებლად ვისვამ ღამის დამატენიანებელს. საღამოს სახის კანს ვუვლი და დილით გადასარვეად მაქვს. მოკლედ, იმ ეტაპზე მივედი, რომ სერიოზულად მივხედო გარეგნობას და კვებას. მარტო გარედან დატენიანება, რაღაცების შესხმა და შეზელვა არ არის საკმარისი, არ შველის, კვებითი ხელშეწყობაც აუცილებელია, რომ კარგად გამოიყურებოდე. ასევე, ბევრი წყალიც უნდა სვა და სახის კანიც დატენიანებული გექნება, არც გამონაყარი გაგიჩნდება და არც მსგავსი არაფერი.

– რახან კვებას შევეხეთ, გკითხავ: საკმაოდ პუტკუნა გოგო იყავი, თუმცა ახლა რომ შემოგხედავს ადამიანი, თუ ძველ ფოტოებს არ გადმოულაგებ ნამდვილად ვერ იფიქრებს ასე.

– ძალიან მიყვარდა ჭამა, თან ცეკვაზე დავდიოდი, სამსაათიანი რეპეტიციები მქონდა, მერე ჩოგბურთზე დავიწყე სიარული და ორსაათიანი ვარჯიშიც დამემატა და მაინც მსუქანი ვიყავი. ვარჯიშს და რეპეტიციას რომ მოვრჩებოდი, ერთ პურს ვჭამდი (იცინის). თან, ფუნთუშები მიყვარდა, ვაფრენდი და გადასარევად ვირგებდი. ზედმეტი წონა არ მაწუხებდა და ვერც ვხვდებოდი, თუმცა, სულ მესმოდა: ღირსი ხარ, უნდა დაგაჯინოს კაცმა და იმდენი გაჭამოს, გაგხეთქოს, რომ აღარ მოგინდესო. წონას არასოდეს შეუშლია ჩემთვის ხელი და არც დაკლებაზე ვფიქრობდი. უბრალოდ, ვიცოდი, სხვებს აწუხებდათ, მე კი სულ არ განვიცდიდი. შევეგუე იმ აზრს, რომ ვიქნები პუტკუნა. სხვები არ არიან თუ? მერე, ეკრანზე რომ გამოვჩნდი და დავინახე ჩემი თავი, მივხვდი, სულაც არ ვყოფილვარ მთლად ისეთი კარგი შესახედი, როგორიც მეგონა. არასწორი დიეტებით დავიწყე წონის დაკლებაზე ზრუნვა და ამან ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა. ქუჩაში გული მიმდიოდა, თვალში მიბნელდებოდა, შიმშილით აბაზანაშიც კი დავეცი. მთელი დღე ისე გადიოდა, შეიძლება, მხოლოდ ერთი ვაშლი მქონოდა ნაჭამი ან ერთი ცალი სალათის ფურცელი. ამის გამო, ორგანიზმი დავაბნიე და დავტანჯე. ახლა ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა, ოღონდ დაბალანსებულად. სპეციალისტთან არ მივსულვარ, უბრალოდ, დავაკვირდი ჩემს ორგანიზმს და სწორმა კვებამ მიმიყვანა იმ შედეგამდე, როგორც გამოვიყურები. ერთხელ მე და ნინი ბადურაშვილი ვსაუბრობდით და ვუთხარი: ექვსი საათია და ახლა ვჭამ პირველად-მეთქი. გადაირია, როგორ შეიძლებაო და წამიკითხა უზარმაზარი ლექცია, რომ უნდა ვჭამო დილით, რადგან არ ერგება ორგანიზმს და თან, წონას ინარჩუნებ. ისე კარგად ამიხსნა, ახლა ისე არ გავდივარ სახლიდან, კარგად რომ არ ვისაუზმო. ღამე ჭამას კი ვერიდები. თუ რამე საინტერესო მოხდა და ვახშამზე მოვხვდი, უარს არ ვამბობ, თუმცა, მეორე დღეს განტვირთვას ვიწყობ. ასე რომ, სწორი და დაბალანსებული კვებით, ჯამში, 18 კილო დავიკელი. სამწუხაროდ, სპორტდარბაზში მისვლას და ვარჯიშს ვერ ვახერხებ, რაც ძალიან მჭიდება, რადგან დიეტების დროს კანი დუნდება, კუნთები ეშვება და სპორტული აქტივობა აუცილებელია.

– ახლახან სოციალურ ქსელში დაწერე, რომ ტუჩის კორექცია გაიკეთე, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომ გადაწყვიტე გარეგნობაში ცვლილების შეტანა და რას გწერდნენ?

– კი მომწონს ჩემი ნაკვთები, მაგრამ რატომღაც, სულ მინდოდა, საკუთარ თავში რაღაც ცვლილება შემეტანა. სპეციალისტთან რომ მივედი, არ მიკეთებდა, კარგი ფორმის და ზომის ტუჩები გაქვს და არ გჭირდებაო. თავიდან ეგონა, გაკეთებულიც კი მქონდა და ვუთხარი: პირველად ვცდი, არაფერი მაქვს მანამდე გაკეთებული-მეთქი. მოკლედ, ტუჩის მოცულობა ოდნავ გავიზარდე და კორექცია გავიკეთე. არც დამიმალავს, თუმცა, რომ არ მეთქვა, ვერც მიხვდებოდნენ. ეს ამბავი სოციალურ ქსელში რომ გამოვაქვეყნე, გულშემატკივრები მწერდნენ: არ დაკარგო ინდივიდუალიზმი, აზარტში არ შეხვიდე... რად გინდოდა, ისედაც ლამაზი ხარ.... ალბათ, ეკრანისთვის დაგჭირდა, თორემ არ გაიკეთებდი... ნუ გახდები მორიგი სტანდარტული გოგოო... ინდივიდუალიზმს ისედაც ვერ დავკარგავ, რამდენიმე თვეში გაიწოვს და აღარ მექნება. ზოგადად, არ მომწონს ყველა ერთმანეთს რომ ემსგავსება, თუმცა, ვისაც რა უნდა, ის უნდა გაიკეთოს და როგორც უნდა, ისე წაიყვანოს თავისი ცხოვრება. არავის ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ მგონია, რაც გაქვს შენი გამორჩეული და დამახასიათებელი, მას არ უნდა შეელიო, სახის ნაკვთი იქნება ეს თუ ღიმილი. შენი „ფიშკა“ აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. რეალურად, ჩემი ტუჩი დროებითია და არაფრის გაკეთებას აღარ ვგეგმავ.

– შენს გარეგნობაში შენი „ფიშკა“ რა არის?

– მგონია, შინაგანი განწყობაა მთელი ჩემი გარეგნობის „ფიშკა“. როცა ბევრ ადამიანს უყვარხარ, ბედნიერი ხარ და ეს სახესა და გარეგნობაზეც გეტყობა. ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვმღერი, როცა მისმენენ, როცა გულწრფელი ვარ და ტაშს მიკრავენ და სწორედ, ეს არის ჩემი სილამაზის საიდუმლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი