შოუბიზნესი

ანკა ვასაძე: მშობიარობის შემდეგ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას გამოვაკლდი

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.10, 2021 წელი

ანკა ვასაძე
დაკოპირებულია

მსახიობი ანკა ვასაძე მეორე შვილის დედა საკმაოდ დიდი – 11-წლიანი შუალედის შემდეგ გახდა. პატარა გოგონას სახელად ტუსია დაარქვა და ახლა უკვე ორ შვილთან ერთად ოჯახური ცხოვრებით ტკბება.

ანკა ვასაძე: ტუსია ძალიან საყვარელი და ჭკვიანი გოგოა. არ მაწვალებს. როცა მასთან ვარ, მხიარული და სასაცილოა. თუ არ ვარ, მაშინ ძალიან უჭირთ მისი გაჩერება. 11 წლის შემდეგ, ბუნებრივია, მეც შევიცვალე და ახლა ყველაფერი უფრო ადვილია. ნიკოლოზსაც პირველივე დღიდანვე თვითონ ვუვლიდი, მაგრამ ახლა უფრო თავდაჯერებული და მშვიდი ვარ.

– როგორ მიიღო ნიკოლოზმა პატარა, ჰქონდა ეგოისტური მომენტები?

– ნიკოლოზს ძალიან უნდოდა, მეორე შვილი გამეჩინა. ბუნებრივია, ყურადღების განაწილება არ იყო მისთვის ადვილი, თუმცა სულ ვახსენებთ, რომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. 11 წელი მხოლოდ მისი მშობლები ვიყავით და რამდენი შვილიც უნდა გავაჩინო, ამ ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთად გავიზარდეთ.

– როგორი იყო წლევანდელი არდადეგები უკვე ორ ბავშვთან ერთად?

– წლევანდელი არდადეგები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც 11 წლის წინ, როცა ნიკუშა დაიბადა. მხოლოდ აგარაკზე ვისვენებდით და სხვაგან არსად წავსულვართ. რა თქმა უნდა, ნიკუშას დაბადების დროს პანდემია არ იყო და ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები და მეგობრები. ახლა რთული ისაა, რომ ადამიანებთან კონტაქტი გვაკლია და ეს ტუსიაზეც მოქმედებს – ნიკუშა მასავით მოწებებული არ მყავდა.

– დამოუკიდებლად უმკლავდები ყველა საჭიროებას თუ ძიძა დაიხმარე?

– ორივე შვილს პირველი დღიდან თვითონ ვუვლი. ნიკოლოზი რომ გაჩნდა, ძალიან პატარა ვიყავი და ღამე დედა რჩებოდა, დღისით ოჯახის წევრები მოდიოდნენ. ახლა არც ერთი ღამე არ დარჩენილან, რა თქმა უნდა, დედა ძალიან მეხმარებოდა სახლში, აგარაკზე – დედამთილი, თუმცა ბავშვთან დროს მე ვატარებ. ნიკუშა 4 თვის იყო, ძიძა რომ მოვიყვანეთ. სწავლა დამეწყო და ძალიან მჭირდებოდა. ახლა მალე თეატრი გაიხსნება და ვაპირებთ ტუსიასთვისაც მოვიყვანოთ ძიძა. სანამ საქმე გამომიჩნდება, მინდა შეეგუოს, რომ ისე არ იტიროს, როგორც ახლა. მეც ძალიან მჭირდება სახლიდან გასვლა, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ თავი მოვიწესრიგო. ჩვენებს, ყველას, თავის ცხოვრება აქვთ, მუშაობენ და ნამდვილად ვერ შევძლებ დამხმარეს გარეშე.

– რა შეცვალა ტუსიამ თქვენს ოჯახში?

– ტუსიამ ჩვენს ოჯახში ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. კიდევ უფრო შეგვკრა და გაგვაძლიერა. ნიკოლოზი შეცვალა, უფრო მზრუნველი გახდა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. ნიკუშას დანახვაზე მომენტალურად იცინის და სიყვარულით უყურებს. მარტო ამის დანახვაა ძალიან დიდი ბედნიერება.

– კიდევ ერთი პატარას დაბადება, როგორ აისახა მეუღლესთან ურთიერთობაზე, რა მოაქვს წყვილის ცხოვრებაში ამას?

– ჩემს ქმარს ძალიან უნდოდა მეორე შვილი და ბოლო სამი წელი განსაკუთრებით აქტიურად ლაპარაკობდა ამაზე. ნიკოლოზისთვის ნამდვილად ძალიან ყურადღებიანი მამაა. ახლა ისიც გაიზარდა და თავის თავზე მეტ ვალდებულებას იღებს, უფრო ჩართულია და მეხმარება პატარასთან მიმართებაში. როცა შვილებს ვუყურებთ, ზუსტად ვიცით, ორი საოცარი და საყვარელი ადამიანის გასაჩენად ერთმანეთის შეყვარება და ატანა ღირდა (იცინის). ბუნებრივია, როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, მაგრამ ჩვენი შვილები უფრო გვაკავშირებენ ერთმანეთთან. ისიც ბუნებრივია, რომ ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვრჩება, მაგრამ ეს დროებითია. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებმა ქმარს მიაქციონ ყურადღება, არ მოდუნდნენ, არ შეწყვიტონ გარეგნობაზე ზრუნვა. ქმრებმა კი იცოდნენ, რომ ქალს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ძალიან დიდი სტრესი გადააქვს, გაიგონ და დაეხმარონ, თუ ქალი განიცდის ბევრ დისკომფორტს და ტანჯვას ამ პერიოდში, ქმარმა ეს უნდა აიტანოს და ცოლს შეუმსუბუქოს მდგომარეობა. საბოლოოდ შვილები იზრდებიან და თავის გზაზე მიდიან, ცოლ-ქმარი რჩება და ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილის გარდა საერთო აღარ აქვთ.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ როცა უკვე ორი შვილი და შესაბამისად, ბევრი საზრუნავია, წყვილმა ერთმანეთის მიმართ არ მოადუნოს ყურადღება?

– წყვილმა უნდა გადაინაწილოს, რაც გასაკეთებელია. ვფიქრობ, ქალისა და კაცის საქმე არ უნდა იყოს დაყოფილი, ორივეს თანაბარი ვალდებულება აქვს. როგორი დაღლილიც უნდა იყვნენ, მაინც უნდა შეძლონ და ცოტა ხანი დაუთმონ ერთმანეთს. ისე, ყველა წყვილი ინდივიდუალურია.

– როგორ დაუბრუნდი სასურველ ფორმას მშობიარობის შემდეგ?

– სამწუხაროდ, ჯერჯერობით სასურველ ფორმას ვერ დავუბრუნდი. 5 კილოგრამი დამრჩა ჩემს წონამდე, თუმცა ამჟამად ჩემთვის პრიორიტეტულია, ლაქტაცია გავიხანგრძლივო. როგორც კი სწორ კვებაზე გადავდივარ, ლაქტაციაზე მოქმედებს. ყველაფერს მივირთმევ, რაც მსიამოვნებს, ვვარჯიშობ. ინსტაგრამგამომწერები მთხოვენ, ვარჯიშის ვიდეო ჩავწერო, რასაც აუცილებლად გავაკეთებ.

– ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში წერდი ჭორის შესახებ, რომელიც ბაია დვალიშვილთან დაკავშირებით გავრცელდა – თითქოს, ანკა ბაიას შვილია. რას მოჰყვა ეს ამბავი?

– ეს ძალიან სასაცილო იყო. არ ვიცი რატომ იფიქრეს ასე, თითქოს ბაიას შვილი ვარ. ალბათ, იმიტომ, რომ შვილიშვილად ვეკუთვნი (იცინის). ბაბუაჩემის და არის ბაია, ჩვენ შორის 22 წელია სხვაობა და ბუნებრივია, ბაია ბებიად ვერავის წარმოუდგენია, ამის გამო ბაბოს ვეძახი, ისიც მეუბნება ბაბო გენაცვალოსო, ჰოდა, რადგან ბებიად არ მეკუთვნის, ვიღაცამ დაასკვნა, შვილიაო (იცინის).

– რა გეგმები აქვს ანკას, როგორც მსახიობს და როგორც ტელეწამყვანს?

– მშობიარობის შემდეგ, ბევრი ქალის მსგავსად, შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას გამოვაკლდი, ცხოვრება წინ მიდის და არ მინდა, ჩამოვრჩე. სამწუხაროდ, გეგმა არ მაქვს. ჩემი პროფესია საკმაოდ დამოკიდებული პროფესიაა, ველოდები შემოთავაზებას და მზად ვარ. თუ მოვინდომებთ, ყველაფერს მოვასწრებთ. ჩვენს შვილებს არ სჭირდებათ თავის შეწირვა, მათ სჭირდებათ კარგი დედა, რომელიც მოუვლის, გაუგებს, ეთამაშება და იქნება შემდგარი თავის საქმეში. მე ასეთად უკეთ ვიგრძნობ თავს და ვიცი, ჩემი შვილებიც ბედნიერები იქნებიან. ყველაზე დიდი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა ჩემი შვილისგან ვიგრძენი და ამისთვის ღირს ბევრი ვიშრომოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი