შოუბიზნესი

ანი ჩხეიძე: ვითომ კარგი დიასახლისი ვარ, ამით ძალიან ვერთობი

№8

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:30 03.03, 2022 წელი

ანი ჩხეიძე
დაკოპირებულია

მომღერალი ანი ჩხეიძე წლებია, პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მოთხოვნადი და აქტიური სოციალურ ქსელში გახდა, სადაც უამრავი მიმდევარი ჰყავს და ის და მისი მეორე ნახევარი ირაკლი ფიფია განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. შემოქმედებასთან ერთად, ყურადღებას იმსახურებს მისი გამორჩეული ვიზუალიც.

ანი ჩხეიძე: ვიზუალისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ვვარჯიშობ, მაგრამ ამ ეტაპზე – მხოლოდ სახლში, რადგან ხალხმრავალ ადგილებს ვერიდები. ვერ ვიტყვი, რომ თავს ვიკლავ, ალბათ, ჩემი სხეულიც ხელს მიწყობს. ძალიან მარტივად შემიძლია წონაში დაკლება. მარტივადაც ვიმატებ და საერთოდ, მარტივად ვცხოვრობ, თავს დიდად არ ვაწვალებ და არ ვიღლი (იცინის).

– როგორ გახდი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი გოგო?

– რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე აინტერესებს ხალხს ჩემი ცხოვრების სტილი, მისმენენ, როგორც მომღერალს, მოსწონთ ჩემი სიმღერა, ცეკვა და ჩემი და ირაკლის წყვილი. ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს. ხშირად მეკითხებიან ხოლმე რჩევებს და მეც ვცდილობ, გულახდილი ვიყო. ალბათ, ეს მოსწონთ.

– ინტერნეტგამოცემებში ძალიან ხშირად მხვდება შენი სექსუალური ფოტოები. ირაკლი არ ეჭვიანობს?

– საერთოდ არა (იცინის). ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, მეც რომ ვინერვიულო ამაზე, ისევ ჩემს თავს დავაკლებ. ირაკლის ყოველდღე ორასი გოგო ახვევია თავს. რომ მოსწონთ ამიტომაც დადიან მასთან სტუდიაში, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ.

– ანუ, იცი, რომ მარტო ცეკვის სიყვარულის გამო კი არა, შენი ბიჭი რომ მოსწონთ, ამიტომ დადიან მასთან სტუდიაში და რეაქცია არ გაქვს?

– არა (იცინის). უკვე შვიდი წელია, ჩვენ ერთად ვართ. თავიდან მქონდა რეაქცია, მაგრამ მივეჩვიე. ერთმანეთის მიმართ მაქსიმალური ნდობა რომ არ გვქონდეს, ერთმანეთის პროფესიებიდან გამომდინარე, ალბათ, ორივე გავგიჟდებოდით (იცინის). თავიდან უფრო მიჭირდა, ვნერვიულობდი ხოლმე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით მხოლოდ ჩემს თავს ვავნებ. ამიტომ, ახლა პირიქით, ვეხმარები – მე ვეუბნები, დღეს კარგად ჩაიცვი, დღეს ლამაზი ფოტოები გადაიღე და ასე შემდეგ. ასეა თვითონაც ჩემ მიმართ. რაც უფრო მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება ჩვენი საქმისთვის.

– მშვენიერი მარკეტინგული გათვლაა, მაგრამ როცა ხედავ, რომ ვიღაც შენს შეყვარებულს ეფლირტავება და შენ არ ან ვერ გამჩნევს, როგორ იქცევი?

– გოგოს ინტუიცია ხომ იცით, ირაკლიმ შეიძლება, საერთოდ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მე რომ ვეუბნები, ამ გოგოს მოსწონხარ-მეთქი, მერე სხვანაირად ამახვილებს ყურადღებას და ცდილობს, დისტანცია დაიჭიროს. თუმცა, მოსწავლეებთან მაინც ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალიან შეხმატკბილებულები ვართ. არასდროს „გამიჭდავს“ ეჭვიანობის გამო, ამ ყველაფერს იუმორით ვეკიდები.

– თუ შენ მიმართ ვინმე განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს, თვითონაც ანალოგიურად იქცევა?

– ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება არ ყოფილა. ალბათ, რომ ხედავენ, გვერდით ირაკლი მყავს, დიდად ვერ მეკარებიან (იცინის).

– ფიქრობ, რომ ბიჭები უფრო იგებენ, რომ გოგოს შეყვარებული ჰყავს და საზღვრებს უწესებენ თავს, ვიდრე გოგოები ბიჭებთან მიმართებაში?

– ასი პროცენტით ეგრეა. ირაკლის თაყვანისმცემელი გოგოებისთვის მე თითქოს არ ვარსებობ ხოლმე, მაგრამ ჩემი თაყვანისმცემელი ბიჭებისთვის ირაკლი არსებობს. რა თქმა უნდა, არიან შეუგნებელი ადამიანებიც, მაგრამ ძირითადად, ზედმეტს არაფერს კადრულობენ. ალბათ, ბიჭებში „არ მოსულა“, არაკაცური თემაა (იცინის).

– შვიდი წელი როგორ შეინარჩუნეთ სიყვარული?

– ყველაზე ცუდია, როცა წყვილში ორივეს საკუთარი საქმე არ აქვს, მთელი დღე ერთმანეთს უყურებენ და აბსოლუტურად ყველაფერს ერთად აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს დამღუპველია ურთიერთობისთვის. ჩვენი სიყვარულის ერთ-ერთი „საიდუმლოება“ ჩვენი საქმიანობებია. ორივე მთელი დღე ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ერთმანეთს საღამოს ვხვდებით. დილიდან საღამომდე ერთად არ ვართ, რომ ერთმანეთი მოგვბეზრდეს. ეს შვიდი წელი ისე სწრაფად გაფრინდა, ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ამდენი დრო გავიდა. ჩემი დაქალები, ჩემზე ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილებით, მაფრთხილებდნენ კრიზისების შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს, მაგრამ ამ „მოლოდინში“ ისე გავიდა ეს წლები, ვერ გავიგეთ, როდის ჩაიარა კრიზისებმა (იცინის). რეალურად არ გვქონია კრიზისები და ახლა აქეთ ვაძლევ დაქალებს რჩევებს (იცინის). ჩემი გამომწერებიც ძალიან ხშირად მეკითხებიან ამაზე და მეც ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე. არ ვიცი, რამდენად სწორად, მაგრამ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მათ, ვისაც ეს აინტერესებს.

– არ გაგაკრიტიკეს იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე დაიწყეთ ერთად ცხოვრება?

– სხვათა შორის, ძალიან ცოტა შემთხვევა იყო ასეთი. ნათესავის ნათესავი თუ იტყვის რაღაცას, მაგრამ ზოგადად, ამის გამო ნეგატივი არ გვიგრძნია. პირიქით, ძალიან გვგულშემატკივრობენ. ჩვენ დანიშნულები ვართ, ჯერ ხელიც არ გვაქვს მოწერილი. ქორწილი გვექნება, მაგრამ მინდოდა, გრანდიოზული წვეულება გვქონოდა, რასაც პანდემიიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხებდით და თუ ისეთი არ გამოგვივა, როგორიც გვინდა, სიმბოლურს მაინც გავაკეთებთ.

– როგორი გოგოა ანი სახლში?

– სახლში, ძირითადად, ორივე დაღლილი ვართ (იცინის). ვაღიარებ, რომ საკმაოდ ზარმაცი ვარ. ეს ერთადერთია, რასაც ჩემში შევცვლიდი. მინდა, უფრო მეტს ვმუშაობდე საკუთარ თავზე, სიმღერებზე... ირაკლისთან ერთად კომფორტის ზონაში ვარ მოქცეული და ამიტომ, მაქსიმალურად აღარ ვიხარჯები. ამას დიდი სიამოვნებით შევცვლიდი. სახლშიც დამხმარე ქალბატონი მეხმარება დალაგებაში ან დედაჩემი გამოდის, რა ვქნა, ამ ამბებში მართლა ზარმაცი ვარ (იცინის). მე და ირაკლის ამაზე ხშირად გვქონია კამათი იუმორით, მაგრამ მაინც. მეუბნება ხოლმე, შენ თუ არ გამიკეთებ საჭმელს, წავალ, სხვაგან შევჭამო (იცინის). სხვათა შორის, როცა არ მეზარება, ვაკეთებ, ირაკლი გიჟდება, ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული საჭმელი და მეც მთელ გულს ვდებ ხოლმე, რომ სამსახურიდან დაღლილი რომ მოდის, რამე განსაკუთრებული დავახვედრო. ხანდახან ცოტა ოჯახის ქალის როლსაც ვირგებ ხოლმე (იცინის). ვითომ ძალიან კარგი დიასახლისი ვარ, ამით ძალიან ვერთობი (იცინის).

– ირაკლი როგორი ბიჭია?

– ძალიან ყურადღებიანი ბიჭია, მის ნაკლს ვერ ვიხსენებ, იდეალური ადამიანია. ყველაზე თბილია, ვისაც კი შევხვედრივარ. საკუთარ გრძნობებს საოცრად გამოხატავს. ზუსტად მისმა ამ თვისებამ მომცა საშუალება, მეც გავხსნილიყავი. მანამდე სიტყვა – „მიყვარხარ“ – თქმაც კი ძალიან მიჭირდა. ძალიან საყვარელია.

– მომღერალი ხარ, მოცეკვავე, „ინფლუენსერი“ და ბიზნესვუმენიც გახდი.

– ასეა (იცინის). ტყუილად ყოფნა არ შემიძლია და პანდემიის დროს ჩემი საქმით რომ ბევრს ვეღარაფერს ვაკეთებდი, შევქმენი ბრენდი, სახელწოდებით – „მონველი“, რომელიც ქალის საცურაო კოსტიუმებს ქმნის. ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა. გოგონებს ძალიან მოსწონთ ჩვენი საცურაო კოსტიუმები და ეს საოცრად მახარებს. მალე ახალ კოლექციას გამოვუშვებ. ჩემი მეგობრების დახმარებით, მოკლე დროში საკმაოდ ბევრმა გაიგო ჩემი ბრენდის შესახებ და უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა მათგან ძალიან კარგ შეფასებებს ვიღებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა