შოუბიზნესი

ანდრია გველესიანი: როცა სიცოცხლე ერთი წლით გიწყდება, ეს კომის ტოლფასია

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.04, 2021 წელი

ანდრია გველესიანი
დაკოპირებულია

ულამაზესი წყვილის ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ცხოვრებაში, სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ახალი ეტაპი იწყება. წყვილს მალე პირველი შვილი შეეძინება.

- ანდრია, როგორი იყო პირველი ემოციები, როცა გაიგეთ, რომ მალე მშობლები გახდებოდით?

ანდრია გველესიანი: ჯესი ძაღლების გამოფენაზე მყავდა გაყვანილი. ცოტა არეული დღე გამოვიდა, მსაჯთან პატარა კონფლიქტი მომივიდა და ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ამ დროს მირეკავს მაიკო და მეუბნება, ორსულად ვარო. სულ მეგონა, რომ ამ ამბავს სხვანაირად მეტყოდა, მაგრამ თვითონაც ისეთი დაბნეული იყო, ასე პირდაპირ გამომიცხადა (იცინის). მე ამ დროს ხელში ძაღლი მიჭირავს და გარშემოც ძაღლები მახვევია. ძალიან დიდი პაუზა მქონდა. საოცრად ემოციური მომენტი იყო, მაგრამ ვერაფრით გამოვხატე. ამ მომენტში გინდა, ვინმეს გაუზიარო საკუთარი განცდები, მაგრამ მე ცოტა შეუფერებელ გარემოცვაში ვიყავი და ამიტომაც ვერ გამოვხატე.

– საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი ხანი არ გაგიმხელიათ ამის შესახებ...

– ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად განვითარდა, სამწლიანი ინტერვალებით: პირველი სამი წელი ვმეგობრობდით, შემდეგი სამი წელი შეყვარებულები ვიყავით და ქორწინებიდან სამი წლის თავზე ბავშვიც შემოგვემატა. ყველაფერი ბუნებრივად ვითარდება და ეს ძალიან მახარებს. გადაწყვეტილება, რომ ამის შესახებ საჯაროდ გვეთქვა, სიმბოლურად მივიღეთ. პირველ რიგში, ველოდით, რომ მაიკოს მუცელი დატყობოდა, რაც ხუთ თვემდე არ მოხდა (იცინის). სამი თებერვალი იყო, ჩვენი ქორწინებიდან სამი წლის თავი, უკვე სამნი ვიყავით და ლისზე სეირნობისას მეგობარი შეგვხვდა კარგი კამერით. ლამაზი ფოტო გადაგვიღო და ზუსტად იმ საღამოს გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა ეს ფოტო და გულშემატკივრებისთვის ჩვენი ბედნიერება გაგვეზიარებინა. მათგან საოცრად დადებითი ემოციები მივიღეთ, რისთვისაც მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო. ასეთ ბედნიერ მომენტში რომ ამდენ სიყვარულს იღებ, ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს ხდის ამ მოვლენას. ჩვენზე მეტად, მგონი, ჩვენი გულშემატკივრები ელოდნენ ამ ამბავს, ამ დოზით მართლა არ ველოდით პოზიტივს.

– რიცხვ სამს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონია თქვენთვის.

– ზოგადად, ჩემთვის 7-ია ყველაზე ბედნიერი რიცხვი. ჩემი წარმატებები ყოველთვის მასთან ასოცირდება. მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში სამს მართლა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მე მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

– მაიკო შეცვალა ორსულობამ?

– ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენს ურთიერთობას უკეთესობისკენ ცვლის. გამიგია და ჩემი მეგობრების მაგალითითაც ვიცი, რომ ფეხმძიმობის დროს ცოლები ქმრებს ვერ იტანენ, ტოქსიკოზი აქვთ და სხვადასხვა დაბრკოლებებს აწყდებიან. ამ მხრივ, პრობლემები არ გვაქვს. მაიკო ძალიან პოზიტიური ორსულია, ისედაც ხომ ძალიან ლამაზია და ახლა კიდევ უფრო მეტად გალამაზდა, გვიხარია და იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე ასე გავაგრძელებთ.

– პანდემიის დროს, ალბათ, ბევრ რამეში შეიზღუდეთ. ახლაც არ ვიცით რა იქნება და უკვე იყიდეთ პატარასთვის საჭირო ნივთები?

– პანდემია, ერთის მხრივ, კარგად დაემთხვა. თეატრი გაჩერებული იყო, რაც ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა, მაგრამ ორსულისთვის კომფორტული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ დატვირთვა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მეტ დროს ვატარებთ სუფთა ჰაერზე. ბავშვის მოლოდინი იმხელა ბედნიერებაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საოცრად პოზიტიურად ვართ განწყობილები. რაც შეეხება დისკომფორტს, მაიკოს მუცელი რომ დაეტყო, პანდემიის პიკში ვიყავით და ყველაფერი დაკეტილი იყო. ვერაფერი ვიყიდეთ და ამიტომ ჩემი შარვლებით დადიოდა (იცინის). პატარასთვის საჭირო ნივთებს რაც შეეხება, საჩუქრებიც მივიღეთ და რამდენიმე დღის წინ ჩვენც ვიყიდეთ რაღაცები. ეს პროცესი ახლა დავიწყეთ, იმედია, არ ჩავიკეტებით და ყველაფერს მოვასწრებთ.

– როდის ელოდებით პატარას და უკვე წარმოგიდგენიათ, როგორი მშობლები იქნებიათ?

– მაისის ბოლოს ველოდებით. დაახლოებით წარმოდგენილი გვყავს. მეც მყავს პატარა დაიკო, რომელსაც ორი წელი მე ვზრდიდი და მაიკოსაც ჰყავს პატარა ძმა. ასე რომ, გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ამიტომ მგონია, რომ დაბნეული მშობლები არ ვიქნებით. თუმცა, წინასწარ განსაზღვრა მაინც რთულია.

– სქესს არ მალავთ. უკვე სახელიც შეარჩიეთ?

– არა, ბიჭს ველოდებით. გულის სიღრმეში, რატომღაც სულ ვგრძნობდი, რომ პირველი ბიჭი გვეყოლებოდა, მაგრამ სანამ სქესი არ გავიგეთ, მანამდე არ მითქვამს ამის შესახებ და ამას ჩვენთვის არც ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. სახელი უკვე შევარჩიეთ, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც ყოველი კვირის თუ არა, თვის ბოლოს მაინც იცვლება. მგონია, რომ უკვე ჩამოვყალიბდით საბოლოო ვერსიაზე, თუმცა ამას სიურპრიზად დავტოვებ.

– ულამაზესი ფოტოსესია გქონდათ, რომელმაც ასევე, ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ეს ვისი იდეა იყო?

– მაიკოს სულ უნდოდა, ფეხმძიმობისას მსგავსი ფოტოსესია მოეწყო. გაგვიმართლა, რომ გვყავს ისეთი მეგობრები, როგორებიც ნინი უხურგუნაშვილი და გიორგი გრძელიშვილი არიან. ნინიმ ეს ფოტოები გიორგის სტუდია „სეივ მომენტს სტუდიოში“ გადაგვიღო და ძალიან დასამახსოვრებელი გამოვიდა. ჩვენს თაობას არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხმძიმე დედის ფოტო ვნახოთ და მგონია, რომ მომავალში ეს ჩვენი შვილისთვისაც საინტერესო იქნება. რომ გაიზრდება ვანახვებთ და იმედია, მოეწონება.

– შემოქმედებაზეც ვისაუბროთ: უპირველესად, მინდა, მკითხველს თეატრში დაბრუნებით გამოწვეული ემოციები გაუზიაროთ.

– თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და როცა სიცოცხლე ერთი წლით გიწყდება, ეს კომის ტოლფასია, რაც ძალიან რთულია როგორც თეატრისთვის, ისე მსახიობებისა თუ მაყურებლისთვის. თანამედროვეობაში თეატრში ისედაც ბევრი პრობლემაა. ის ყოველთვის იარსებებს, მაგრამ გარკვეული რეკონსტრუქციები და გათანამედროვებაა საჭირო. ამ მდგომარეობაში რომ კიდევ პანდემია გირტყამს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ისე მინდოდა, ეს დღე მალე დამდგარიყო, ამდენი ხნის შემდეგ, თეატრში რომ დავბრუნდით, აბსოლუტურად ყველა ფუნქციას ვითავსებდი და ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. მივხვდი, რომ ეს საქმე ყველაზე მეტად მიყვარს, მოწამლული ვარ თეატრის მტვრით და მწყინს, რომ გაცილებით ადრე არ გაიხსნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი