შოუბიზნესი

აჩი ფურცელაძე: სცენაზე ჩემნაირი ტიპი ამ ქვეყანას არ ჰყოლია და ძალიან მინდა, რომ ჰყავდეს

№29

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 28.07, 2021 წელი

აჩი ფურცელაძე
დაკოპირებულია

მალე 30 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ქართველმა მაყურებელმა თუ მსმენელმა აჩი ფურცელაძე გაიცნო. ამ წლების განმავლობაში მან თავი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გაგვაცნო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, იყო პერიოდი, როცა მის სახელსა და გვარს „ფული ვეღარ შემოჰქონდა“ და სამშობლოში სახარბიელო მდგომარეობაში არც დღეს არის.

აჩი ფურცელაძე: ჩემი შემოსავალი, ანუ ერთი-ორი კაპიკი, ცამეტი წლიდან მაქვს. მუშაობა ამ ასაკში დავიწყე რადიოში – საბავშვო პროგრამა „აბლაბუდაში“. მაშინ შტატში არავინ ამიყვანდა და ამიტომ ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, თავის ხელფასიდან ცოტ-ცოტას აგროვებდნენ და მე მაძლევდნენ. ძალიან მიყვარდა „პონჩიკები“, რომელიც ტელევიზიის ბუფეტში იყიდებოდა და ჩემი ხელფასით იმდენს ვყიდულობდი, გასკდომამდე ვჭამდი (იცინის). 7 წლის ვიყავი, როდესაც მარტო დავდიოდი ვაზისუბნიდან სოლოლაკამდე, რადგან იქ ვსწავლობდი და სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრე მქონდა. მეორე კლასიდან დამოუკიდებელი ვიყავი. დედა მუშაობდა და ერთმანეთს საღამოს ვხვდებოდით. გარდა ჩემი აქტივობებისა, სახლისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა მქონდა დავალებული და ძალიან ბედნიერი ვასრულებდი ამ მოვალეობას. ვინმე მოტყუებას თუ შეეცდებოდა ან ფულთან მიმართებაში შეეშლებოდა რამე, მთელი ამბით გამოვუცხადებდი, ხუთი კაპიკი დამაკელით-მეთქი. 13 წლის ასაკში, როცა საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა, ფულთან ურთიერთობას უკვე მიჩვეული ვიყავი.

– ძირითადად, რაში ხარჯავ შემოსავალს?

– ყოველთვის მიყვარდა ტექნიკა, საათები, გაჯეტები, ინსტრუმენტები – რისი საშუალებაც ადრე არ მქონდა და ვცდილობ, დღეს ვიყიდო. მიყვარს სათვალე, სუნამოები, კედები, ბოტასები და ფულს, ძირითადად, ამაში ვხარჯავ. თუმცა მფლანგველი არ ვარ. ბევრჯერ მომნდომებია რაღაც, მაგრამ არ მიყიდია. თავს ყოველთვის ვაკონტროლებდი. ხელმომჭირნე ოჯახიდან ვარ, სადაც ბევრი ფული არ იყო. ერთი პრინციპით გავიზარდე – უცებ თუ მომინდებოდა რამე, აუცილებლად უნდა მეკითხა, გვქონდა თუ არა ამის საშუალება. მინდა და მორჩა – გამორიცხული იყო. ამ გამოცდილებით, არ შეიძლება, ახლა გავგიჟდე და ფულის ფლანგვა დავიწყო. თუმცა, იმ პატარ-პატარა მარტივი სურვილების ასრულება, რომელიც ბავშვობაში მქონდა, ნორმალური მგონია.

– არასდროს დაგიკარგავს თავზე კონტროლი?

– არასდროს. მიყვარდა მეგობრებთან ერთად ქეიფი. თუ ვინმეს რამე არ ჰქონდა, მისთვის ჩუქება ან უბრალოდ, საჩუქრის გაკეთება თუ მომინდებოდა, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ასეა დღემდე. ამას ფულის ფლანგვას ვერ დავარქმევ. ფულის შეგროვება მხოლოდ მაშინ გამომდიოდა, როცა ოჯახი არ მქონდა. როცა ვშორდებოდი და მარტო ვრჩებოდი. ლოგიკურიც არის, ოჯახს გაცილებით მეტი სჭირდება. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება მე უფრო მაბედნიერებს, ვიდრე მათ. ამიტომ, შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, მაშინ მიგროვდებოდა ფული. მერე ისევ ოჯახი იქმნებოდა და ეს ფულიც ნიავდებოდა. ნიავდებოდა იმ გაგებით, რომ ძალიან სწრაფად იხარჯებოდა, შესაძლოა, ყველაფერი სულ რამდენიმე დღის გალამაზებას მოხმარებოდა. მოსკოვში რომ ვმუშაობდი, იქ უფრო სტაბილური გარემო იყო და ფული რომ გადიოდა, ვიცოდი, რომ აუცილებლად შემოვიდოდა კიდეც. სულ დატვირთული ვიყავი და პრინციპში, ამან დამტოვა იქ 12 წელი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი წლით წავედი. წავედი იმიტომ, რომ ფინანსურად მიჭირდა. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ მთავრობას გავქცეოდი, მაგრამ ხომ ვხვდებოდი, რა მთავრობა მოვიდა მიშას თამადობით და ვაცნობიერებდი, რომ აქ ჩემი ადგილი არ იქნებოდა.

მიშა რომ გამოჩნდა, მაშინვე ვთქვი, მე ეს ტიპაჟი არ მომწონს და არც ამის ტრ...ს მკოცნელი ვიქნები და არც მიშა, მიშას მძახებელი-მეთქი. ვინც ეგ არ აკეთა, ისინი ვიცით, სადაც აღმოჩნდნენ. საბოლოო ჯამში მეც დამიჭირა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მე წავედი იმისთვის, რომ თბილისში ჩემს სახელს და გვარს სახლში ფული აღარ შემოჰქონდა. ძალიან რთულია, როცა ყველა გიცნობს, პოპულარული ხარ, მაგრამ შემოსავალი აღარ გაქვს. მით უმეტეს, იმ პერიოდში მეტს ვუყვარდი, ვიდრე ახლა. დღეს ვერ გავარკვიე რატომ ვარ მათთვის ცუდი? იქ რომ ვიცხოვრე? რუსეთი რომ ოკუპანტია, გავიგეთ, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ იქაური ქართველები ყველანი მტრები გახდნენ? ძალიან აირია სიტუაცია, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგი ვქენი, რომ წავედი. დედაჩემი, ჩემი ოჯახი – ეს არის ჩემთვის პირველ ადგილზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები. მთავარია, ოჯახი მყავდეს კარგად, არ იშიმშილონ და ჭერი ჰქონდეთ. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა კაცმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. აქ ახლაც ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, ეს უკვე პანდემიის ბრალია, მაგრამ იქით, უფრო სტაბილური გარემოა და ისევ ვაპირებ წასვლას, რადგან ვიცი, იქ რა მელოდება. 12 წელი ტყუილად არ მიცხოვრია. ჩემდა სამწუხაროდ, იქ უფრო მეტი პატივისცემა მაქვს, ვიდრე აქ „ჩემებისგან“.

სამი წელია, რაც ჩამოვედი და ვითხოვ, იქნებ რომელიმე ტელევიზიაში დამაწყებინოთ მუშაობა-მეთქი. ჩემს რადიოში, „ფორტუნაში“ მივედი და იქ მითხრეს, დავფიქრდებითო. ეს დრო დადგა. მე, რომელმაც ძალიან ბევრი გავაკეთე „ფორტუნასთვის“, იქ სადაც ჩემი უახლოესი, უძვირფასესი ადამიანები მუშაობენ, მეუბნებიან: დავფიქრდებითო. კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო თათუკა. მეგონა, აქ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებდი, მაგრამ ქავერების ქვეყანაში, გასაგებია, რომ საავტორო სიმღერას აღარავინ მღერის. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქვეყანა, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, ხალხში გემოვნების დეგრადაცია ხდება. მუსიკალური თვალსაზრისით ოცი წლის წინ ბევრად წინ ვიყავით.

– როგორ მოხდა ასე, როცა ამ სფეროში უამრავ ადამიანს იცნობთ?

– მივხვდი, რომ ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად. ამასობაში აქ ისეთი ტიპები ახმაურდნენ, საბავშვო ბაღებიდან რომ იძახიან, მაგრები ვართო. ჩემს დროს საკუთარ თავზე საუბარი უხერხული იყო, სხვას უნდა შეექე. შეიცვალა დრო და ხმამაღლა შემიძლია, ვთქვა, ძალიან ბევრი მათგანის სახელი და გვარი რომ იცის საქართველომ, ეს ჩემი დამსახურებაა. ტიპები სცენაზე პირველად მე გავიყვანე, მათი დისკი საჭირო დროს, საჭირო ადამიანს გადავეცი და ასე შემდეგ. რომ ჩამოვედი და სუფრაზე ერთად მოვხვდით, მივხვდი, არ ახსოვდათ ეს ყველაფერი და დაიწყეს ბრტყელ-ბრტყელი ტექსტებით საუბარი. ქვემოდან გავხედე და მერე მიხვდნენ, რომ ჩემი თანდასწრებით მაინც არ უნდა ისაუბრონ ასე. სცენაზე ჩემნაირი ტიპი ამ ქვეყანას არ ჰყოლია და ძალიან მინდა, რომ ჰყავდეს. ერთი პერიოდი ანრი ჯოხაძე ხუმრობდა, აჩისთან დუეტის ჩაწერა ის ტრამპლინია, რომელიც მაშინვე ტოპეულში მოგახვედრებსო. მაგრამ მერე, ალბათ, დროშა დამეხა. 12 წელი აქ აღარაფერი გამიკეთებია. ერთი-ორჯერ დამირეკეს და კონკურსებში მონაწილეობა მთხოვეს, როგორც კონკურსანტს. მუსიკალურ კონკურსებზე მაქვს საუბარი. ჟიურიში სხედან ტიპები, რომლის სახელი და გვარიც კი არ ვიცი. აი, ეს ნაღდად სირცხვილია. მომავალ წელს მე 30 წელი მისრულდება სცენაზე ფეხის დადგმიდან. ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანების სახელი და გვარი არ გამიგია და დღეს ისინი არიან ჟიურიში.

– თქვენ უნდა იყოთ კონკურსანტი?

– დიდი სიამოვნებით ვიქნები, მაგრამ რატომ ისინი ჟიურიში და მე – არა, როცა უამრავი რამ მაქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის აქაც და ქვეყნის გარეთაც?! ნებისმიერი სტატუსი, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს, რომელიც სცენაზე დგას, მე მქონდა და გავაკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც ქართულ სცენაზე შეიძლებოდა. ყველამ იცის, რომ აჩი ფურცელაძე არის ქართველი, აჩი ფურცელაძე არის თბილისელი. მე ამ ქვეყნის დესპანი ვარ. მანერა, სტილი, ურთიერთობები... იქ ამბობენ ხოლმე, აჩის რომ ვუყურებთ, მაშინვე ვხვდებით, რომ ქართველია, თბილისელიაო.

– ფულს დავუბრუნდეთ. მისი დიდად მოყვარული არ ხართ?

– არც მეტი მინდა და ნაკლებიც ნუ მექნება. ჩემი შრომის შესაბამისი შემოსავალი ჩემთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია. დააკვირდით, ვისაც ფული აქვს, ის ერთ თეთრსაც არ დაკარგავს ზედმეტად და ასე ადის მილიონებზე. მე კაპიკების თვლა არასდროს დამიწყია და ბევრჯერ მინანია წინასწარ ფულის გადახდის გამო. ცოტა ხნის წინაც, ღმერთმა აცხონოს, ბიძაჩემის საფლავის გაკეთება დავიწყეთ და ხელოსანს წინასწარ მივეცი ფული. ყველა მეტყვის, რატომო, მაგრამ მივეცი, რაც მასალას სჭირდებოდა და იმაზე მეტიც, რომ ტაქსით გადაადგილებულიყო, რადგან ამ შემთხვევაში მის კომფორტზეა დამოკიდებული ჩემი კომფორტიც და თან კაცურად მოვექეცი ადამიანს. მაგრამ პასუხად რა მივიღე? მიღალატა და მივხვდი, რომ სანამ ხელოსანი ყველა დეტალს ბოლომდე არ მიიყვანს, მანამდე ფული არ უნდა მისცე. ძალიან უკან ვართ, სერიოზული დეგრადაცია გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით.

– ვალებიც გავიხსენოთ...

– ერთ ცნობილი ადამიანს ვუთხარი, რომ ფული მჭირდებოდა და რაზეა ლაპარაკიო. ერთი წლის განმავლობაში დაგიბრუნებ-მეთქი. მისთვის ნორმალური, მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში ძალიან დიდი ფული მომცა. ნაწილ-ნაწილ მიცემა არ ვიკადრე, ვერც შევაგროვე და საბოლოო ჯამში, ზუსტად ერთი წლის თავზე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, გვერდიგვერდ ვიდექით, ორგანიზატორი მოვიდა, კონვერტი გადმომცა და მე ეს კონვერტი პირდაპირ მას გადავეცი. მაშინვე დამიბრუნა ეს კონვერტი და რას აკეთებო, მითხრა, კარგად იყავი, ჩემო ძმაოო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს იყო სოსო პავლიაშვილი.

ქეთას აქვს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთებული. თუმცა, იქ თავიდანვე გასაგები იყო ყველაფერი. ქეთა მაინც ჩემი გაზრდილია და მოქნილი ენა აქვს (იცინის). რომ ვუთხარი, დაგიბრუნებ-მეთქი, მიპასუხა, რაც მოგეცი, ერთ დოლარიანებად დაახურდავე, დიდი „ტრუბკა“ დაახვიე და დანარჩენი იციო. მივხვდი, რომ მისი დაბრუნების შანსი არ იყო. მოსკოვში გამქურდეს. ქეთამ გაიგო, რომ უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და მითხრა, ხვალ აღარ დაგინახო მაგ სახლშიო. მეც არ მინდა, მაგრამ აბა-მეთქი?! მეორე დღეს მოვიდა მისი მძღოლი, კონვერტი გადმომცა და მითხრა, ქეთამ გამოაგზავნაო. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ასე ჯიგრულად მოიქცა და ენაცვალოს ჩემი თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი