რელიგია

უფლის გზაზე

№50

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.12, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მარხვა და ზომიერება

მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულსა და სულში კეთილი, წმიდა, პატიოსანი და ღვთაბრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს.

წმიდა ბასილი დიდი გვასწავლის: „კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელთა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერსა სჭამს, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგობას არ იშლის“.

ვისაც არ შეუძლია, თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს თავის გულის რომელიმე სურვილს ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას!

ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია.

ჭამისა და სმისგან – მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისგან – არცერთი.

წმიდა ეპისკოპოსი

გაბრიელ ქიქოძე

***

შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს. ასევე, შეუძლებელია, სინანული მარხვის გარეშე!

წმიდა იოანე ოქროპირი

***

სული ისე არაფერს ემორჩილება, როგორც ზომიერ საზრდოს!

ამბა პიმენი

***

დასძლიე მუცელი, ვიდრე იგი დაგძლევს შენ.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

***

რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს.

მუცელი გზაში ყველაზე ორგული თანამზრახველია. ეს არაფრისშწემნახველი საწყობია. თუ მასში ბევრს ჩადებ, ცუდად შეინახავს, ხოლო ჩადებულს არ ინახავს.

მოერიდეთ, შეაფასოთ მარხვა უბრალოდ საჭმლისგან თავშეკავებით. ისინი, ვინც თავს იკავებენ საჭმლისგან და ცუდად იქცევიან, მიემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც, თუმცაღა არაფერს ჭამს, მაგრამ არ წყვეტს ცოდვას.

წმიდა ბასილი დიდი

***

თუ გიტაცებს გემრიელი და ბევრი საჭმლის სურვილი, გაიხსენე სიმყრალე, რომელიც მისგან მოდის და დამშვიდდები.

ამბა ისაია

***

გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლებად სრულყოფილი არ იყო? იფიქრა, რომ შეიძლება, მარხვის გარეშე იოლად გასვლაც. და რა გამოვიდა ამით?

***

მრავალფეხა და მსუქან ცხოველებს არ შეუძლიათ ისე სწრაფად სირბილი, როგორც წვრილფეხა ირემს: ამის მსგავსად, გემოთმოყვარე არ შეიძლება იყოს ისეთი მოღვაწე და კეთილწარმატებული ღვაწლში, როგორც თავშეკავებული.

***

გარეგნული მარხვები ყოველთვის არაა აუცილებელი, ხოლო შინაგანი მარხვა ნებისმიერ დროს საჭიროა!

***

არ შეიძლება, საკუთარ თავს ისეთი მარხვა დაუწესო, რომელიც შენს ძალებს აღემატება. მარხვა ადამიანისთვისაა და არა ადამიანი – მარხვისთვის!

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი