რელიგია

უფლის გზაზე

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.11, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ უსისხლო საღვთო წირვაზე დიდი შესაწირი სამყაროში არ არსებობს, საღვთო წირვა და მასში მონაწილეობის მიღება ყველაფერზე მეტია.

***

თუ ვინმე საკლავს არის შეპირებული, თავის დროზე და ადგილზე ესეც კარგია. როგორც გვაქვს ნათქვამი, ისევე უნდა შეასრულო. თუ გნებავს, ეკლესიას შემოატარებ და იქვე დატოვებ, თუ გნებავს, წაიყვან და ხალხს დააპურებ. წმიდა ადგილას, ეკლესიის ეზოში, სისხლი არ უნდა დაიღვაროს, საკლავი ეზოს გარეთ უნდა დაიკლას.

***

ზომიერება ყოველთვის მართებულია და მით უმეტეს, საღვთო ტრაპეზის დროს. მაგიდის წევრები სიყვარულით უნდა დაშორდნენ ერთმანეთს.

***

ალბათ, ბევრს გაგიგიათ, როდესაც ახალნაკურთხი, გამოუცდელი სასულიერო პირი კრძალავს საკლავს და მხოლოდ საღვთო წირვაზე ამახვილებს ყურადღებას. საღვთო წირვა რომ ყოველ შესაწირზე აღმატებული და შეუდარებელია, ეს უკვე მრავალგზისაა ნათქვამი და ყველამ იცის, მაგრამ საკლავს, მაგალითად, ცხვარს, თავისი ადგილი აქვს და მისი აკრძალვა არ შეიძლება. ახალი ძველს არ აუქმებს, ამის შესახებ ქრისტე არსად ამბობს.

***

წარმოვიდგინოთ დიდი დღესასწაულები, მაგალითად: აღდგომა, წმიდა გიორგობა და სხვა. რამდენი მეცხვარე ელოდება ასეთ დღეებს, რომ ნამატი გაყიდოს და საარსებო მოიპოვოს. წირვა-ლოცვის შემდეგ რამდენი საერო და სასულიერო პირი ნაყრდება და ილოცება საღვთო შესაწირავით. რამდენ მიტოვებულ სალოცავზე, სადაც მღვდლები არ არიან, გადის ხალხი თავისი საკლავით. ადგილი ცოცხლდება, ქვაბებში ხორცი იხარშება, სანთელი ინთება, ლოცვა ითქმება და შესაწირით დანაყრებულნი უფალსა და სალოცავს სამადლობელს ეუბნებიან. ყოველივე ეს ხომ ერთად აღებული, მთისა და ბარისა, მთელი ერის საერთო დიდი სიყვარულია, რომელიც უფლის ტახტამდე ადის. ამას წიგნის გარეშეც მადლით უნდა გრძნობდეს და ხედავდეს ყოველი ადამიანი. მით უმეტეს, სასულიერო პირი.

***

გაგვიგია და ვიცით, ბევრ სუფრასთან მომხდარა გაუგებრობა, ჩხუბი და არეულობა, გამონაკლისს არც საღვთო სუფრა და ტრაპეზი წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, არავის მოსდის აზრად, რომ ამის გამო სუფრა და სტუმრობა გაუქმდეს, ასევე, მსგავსი მიზეზიდან გამომდინარე, რა შუაშია ცხვრის ან სხვა შეთქმულის აკრძალვა. კარგი და ცუდი ყოველთვის ხდება. სადაც უფრო მეტი მადლია, იქ ბრძოლაც მეტია, მაგრამ როგორც იტყვიან: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“.

***

როცა ახალნაკურთხმა მღვდელმა რაიმე დანამდვილებით არ იცის, სანამ იქადაგებდეს, ჯობია, გამოცდილებს შეეკითხოს. მათ კარგად იციან, რამდენჯერ შეუწირავს ნასუქი ხარები ჩვენს მამამთავარს – კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც სვეტიცხოვლისთვის, ასევე მთისა და ბარის სხვა ტაძრებისთვის. ბევრ მცხეთელს ახსოვს, საუკეთესო ჯანსაღ, წითურ ხარს, უწმიდესის კურთხევით, როგორ უმაგრებდნენ სანთლებს რქების წვერზე და როგორ შემოატარებდნენ სვეტიცხოველს, მცხეთობის ან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ, მრევლისა და სასულიერო პირების როგორი დიდი სიყვარულის ტრაპეზი იმართებოდა.

წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი