რელიგია

უფლის გზაზე

№37

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.09, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

შვიდგზის ზეთისცხებაზე

შვიდგზის ზეთისცხებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ადამიანი ჩვილ ბავშვს ემსგავსება. ეს დიდი საიდუმლო შვიდჯერ შვიდგზის უნდა ჩატარდეს.

წირვაზე

თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმით სახე დაგებანათ.

ღმერთს უყვარს საქმე

ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულზე დიდი არის ღმერთი. ღმერთს არ უყვარს ლიტონი სიტყვა. ღმერთს უყვარს საქმე და საქმე მის წინაშე ირაცხება რწმენად და სიყვარულად.

ლოცვა ცოდვად შეერაცხა

ვთქვათ, შენ ლოცულობ. ამ დროს მოვიდა ვინმე მოყვასთაგანი და გთხოვა – მიჭირს და მომეხმარეო. შენ კი ეუბნები: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავ. აი, იცოდე, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება. ასეთ ლოცვაზე ითქმის, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

ხატის მთხვევაზე

რაც უფრო მეტი კრძალვით ემთხვევით ხატს და მეტ სიმდაბლეს გამოიჩენთ, მით უფრო შეგიწირავთ ღმერთი და მოგცემთ მადლსა და წყალობას თქვენს სათხოვარზე. ზოგი მივა და პირდაპირ შუაგულში ემთხვევა ხატს, განა განაპირას მთხვევისას იგივე ხატი არ არის?! ან ხატი ჩარჩოშია ჩასმული და მინით იფარება, რა აუცილებელია, მინას ემთხვიო და დაალაქაო, უკეთესი არ არის, ჩარჩოზე ემთხვიო და ხატს სისუფთავე არ დაურღვიო?!

თვალის გაქცევაზე

ზოგი ადამიანი იტყვის, თვალი გამექცაო. ეს ტყუილია, რადგან თუ სულს არ უნდა, არ გაიხედავს, თვალი სულის სარკეა.

ფიზიკურ შრომაზე

როცა ფიზიკურ სამუშაოს ასრულებ, კარგია, მაგ შრომით ცხონდები.

ახალშობილზე

ჩვილ ბავშვს სანამ მონათლავ, საწოლში, გვერდზე დაუდე ჯვარი. ჩვილი მერვე დღიდან მეორმოცე დღის ჩათვლით უნდა მოინათლოს. როცა სიცოცხლე საფრთხეშია, მერვე დღემდეც შეიძლება. თუ ორმოც დღეს გადააცილე და მერე იმ ბავშვს რამე დაემართა, მშობლები იქნებიან ღვთის წინაშე პასუხისმგებელნი, რადგან არ მონათლეს.

ქალწულობაზე

ქალწულობა დიდი ღვაწლია ღვთის წინაშე, მაგრამ თუ სიყვარული და კეთილი საქმენი არა გაქვთ – ვერ გიშველით. ისევე, როგორც სახარებაში მოხსენებულ ხუთ სულელ ქალწულს ვერ უშველა და დარჩნენ სასუფევლის გარეთ.

მართალ კაცზე

მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია, იმიტომ, რომ იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი. იგი ქრისტეს ძმაა, მას უფალი როგორც თავის ტოლსა და სწორს, ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისანი, შვილნი უფლისანი და ძმანი უფლისანი.

მოსახსენებელზე

ჩვენ მიერ წირვის დროს საკურთხეველში შეგზავნილი ყველა სახელი, წაუკითხაობის შემთხვევაში, ყოველთა დამბადებლისაგან მაინც მოხსენიებულია, ხოლო წაუკითხავი სახელების გამო პასუხისმგებლობა მათზეა, ვისაც ეს ევალებოდა.

მუსლიმანზე

თუ მუსლიმანი ათ მცნებას იცავს, მასზე ღვთის წყალობა გადმოდის. ღმერთი გაუხსნის ჭეშმარიტებას და მართლმადიდებლობაზე მოექცევა. „ვინც ეძებს, ის პოულობს“. ასეთი მაგალითები ბევრია.

ცოდვაზე

ხშირად ადამიანმა მართლა არ იცის, რა არის ცოდვა. ღვთის მოწინააღმდეგეობა და ათი მცნებიდან ნებისმიერის დარღვევა ცოდვაა, ასევე, ცოდვაა ყოველი ის სიტყვა და საქმე, რომელსაც ადამიანი გამჟღავნების შიშით ან სირცხვილის მიზეზით მალავს.

განხეთქილებაზე

განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია. ვინც პატრიარქს განუდგება, სექტაა.

სიკვდილით დასჯაზე

ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას.

ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს.

წმიდა მამა გაბრიელის სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი