რელიგია

უფლის გზაზე

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.09, 2021 წელი

დემონებით შეპყრობილი
ადამიანები
დაკოპირებულია

ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მასში დათესა წმინდა, ნაკვერცხალივით მხურვალე და ნათელი გულის სიტყვა, რომელიც გონებას ანათებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევინებს. ამიტომ ეწოდება მას სინდისი, რაც არის ბუნებრივი რჯული.

როცა სინდისი გვეუბნება, ასე მოიქეცი, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ, როცა კვლავ გვეუბნება და ჩვენ უგულებელვყოფთ, შემდგომში ის ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება სიმძიმის გამო, ზედ რომ ადევს, ბუნდოვნად გვინათებს ჭიქაში ანთებული სანთელივით და მოვლენებს გარკვევით არ გვიჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც – აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი, ისეთ სიბნელეს ვყავართ მოცული, აღარც კი გვგონია, ჩვენთან თუ არის.

რაკი რისი კეთებაც გვმართებს არ ვაკეთებთ და რისი კეთებაც არ გვმართებს, ვაკეთებთ, სინდისი კი წინააღმდეგობას გვიწევს და ამის გამო ეწოდება მოწინააღმდეგე. ამიტომ გვიბრძანებს უფალი და ამბობს „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თინა გზასა ზედა“. წმიდა ბასილის თანახმად, გზა წუთისოფელია. ძმებო, ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ ამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ, რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან, ჩვენ რომ არაფრად მიგვაჩნია, დიდამდეც მივალთ. როცა კაცი ამბობს, არაფერია, ამას თუ ვიტყვი, ან ცოტას შევჭამ, ან რა მოხდება, იმას თუ შევხედავ. ამით კაცი ცუდ ჩვეულებას იძენს, შემდეგ დიდი საქმეების უგულებელყოფასაც იწყებს და სინდისს იხშობს.

სხვადასხვაგვარი დაცვა არსებობს: კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. არ უგულებელყოს მისი მცნებები; რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია, სინდისი იმაშიც დაიცვას, მაგალითად: სინდისის დაცვა იმაშიც მართებს, როდესაც ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს; ან ხედავს, მოყვასი რამეს ამბობს თუ აკეთებს, ის განიკითხავს ამის და მსგავსი რამეების გამო, რასაც ღმერთის გარდა ვერავინ შეიტყობს. ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა.

მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითიც იცის, მოყვასი დაბრკოლდება. ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა.

ხოლო საგნების მიმართ ის არის, რომ არ გააფუჭოს ნივთები, დაგდებულს თუ ნახავს რამეს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს; არ გააფუჭოს თავისი სამოსელი – ზოგიერთს ტანსაცმლის ჩაცმა კიდევ ხუთი თვე შეუძლია, მაგრამ ზედიზედ რეცხვით ცვეთს მას. ეს სინდისის საწინაამდეგოა. ასევე, ზოგიერთს ერთი ბალიში ჰყოფნის, მაგრამ დიდ ლოგინს ეძებს; სამოსელი აქვს, მაგრამ ახალი და მშვენიერი ტანსაცმელი სურს ამპარტავნების ან მოწყენილობის გამო; ერთი ჭილობი ჰყოფნის, ის კი ლატანს ეძებს და მის გამო შფოთს ტეხს. ასევე, ზოგიერთი მზეზე ფენს თავის სამოსელს, უყურადღებოდ ტოვებს და გამოახუნებს ხოლმე – ესეც სინდისისგან შორს არის საჭმელს რაც შეეხება: თუ მცირე მხლით, ცერცვით ან ცოტაოდენი ზეთისხილით დანაყრება შეუძლია, ის კი უფრო გემრიელ შეჭამადს ეძებს, ყოველივე ეს სინდისისგან შორს არის.

ვინც ძმას დაუწყებს ყურებას და იტყვის, მას აქვს და მე არაო, რა სანატრელია?!

მამების ნათქვამია: მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ სინდისმა რამეში ამხილოს. ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, ყოველივე ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ, რადგან თავად უფალი გვაძლევს ამ სიტყვების სმენისა და განხორციელებისა, სასჯელად რომ არ გვექცეს მამების სიტყვები.

წმიდა აბბა დოროთე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი