რელიგია

უფლის გზაზე

№35

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.09, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მხოლოდ წმიდანს შეუძლია, არ აზიაროს პირველად მოსული. განსაზღვროს მისი სიცოცხლის დრო, რომ უზიარებელი არ მიიცვალოს. დარწმუნდეს ახლად მოსული კიდევ მოვა თუ საერთოდ წავა ეკლესიიდან.

***

ზედაშე და სეფისკვერი ნახევრად ზიარებაა.

***

აღსარება და ზიარება ღვთისგან მონიჭებული ყველაზე დიდი მადლია დედამიწაზე.

***

აღსარებისა და ზიარების მიღება მღვდლის გარეშე არ ხდება. ამიტომ უმჯობესია, შენი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შენმავე მოძღვარმა განგისაზღვროს, რა სიხშირით და როდის ეზიარო.

***

ზიარებაზე როდესაც მიდიხარ, სუფთად უნდა მიხვიდე. მარტო სულიერად კი არა, ხორციელადაც სუფთა უნდა იყო, დაბანილი.

ვნებებთან დაკავშირებით

როდესაც უღირსობის გამო თავს იტანჯავ, სხეულს იზიანებ, ეს ცოდვაა. ღმერთი არ გსჯის, შენ რატომ სჯი საკუთარ თავს? სულ სხვაა ვნებებთან ბრძოლა, ვნებების გამო ხშირად ხელის ზურგს სანთლის ალზე ვიწვავდი, შემდეგ ვიხვევდი, რომ არავის დაენახა. ისეც ყოფილა, რომ ჭრილობაზე მატლებიც დამხვევია, მაგრამ ყოველივე ეს ვნებებთან ბრძოლაა და არა უღირსობის გამო ტანჯვა.

***

ზოგი კაცი და ქალი ამბობს, რომ ვნებები და ბრძოლები არა მაქვსო. სინამდვილეში სანამ სქესით გარჩევა არსებობს, ვნებებიც არსებობს. მეტნაკლებობა კი სხვა რამეა, ზოგს მეტად აწუხებს, ზოგს – ნაკლებად.

***

ხშირად ვნებებმოძალებული ადამიანი იბრძვის, ეძებს საშუალებას ამ ვნებათა დასაკმაყოფილებლად. მზადაა, ცოდვა ჩაიდინოს, მაგრამ კაცი სასურველ ქალს ვერ პოულობს და ქალი – კაცს. ასეთი მდგომარეობა ხშირად წლებიც კი გრძელდება, მაგრამ ეს დათმენასა და ღვაწლში არ ეთვლებათ. დათმენა და ღვაწლი ის არის, როცა ვნება გეძალება და ითმენ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულისთვის და მცნების დაცვისთვის. ერში მყოფი ადამიანი მხოლოდ კანონიერ ქორწინებას უნდა ნატრობდეს.

***

ახალგაზრდებს ასაკთან ერთად ხორციელი ვნებები ეძალებათ, ეს გასაგებია. ბრძოლები კი იმიტომ არის, რომ ადამიანი ამპარტავნებაში არ ჩავარდეს. ამპარტავნება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ვნებები. ადამიანი ღმერთი არ არის, რომ არაფერი აწუხებდეს. ასე რომ იყოს, იტყვის, ღმერთი რად მინდაო.

***

ხშირად ადამიანი უფლის მიერაა მიშვებული რაიმე ცოდვასა და ვნებაში. ასეთ დროს ადამიანმა რამდენიც უნდა ეცადოს, თავს ვერ გაითავისუფლებს. როცა საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენს და უკვე შეეძლება, ამ გამოცდილებით სხვებს მკურნალად გამოადგეს, როგორც ათუხთუხებულ ქვაბს ახდი სახურავს და ორთქლი ამოვარდება, ასევე მეყსეულად ახდის უფალი ვნებას და გათავისუფლდება.

დაწმენდილი ადამიანი, თითქოს მეორედ დაიბადა, გამოცდილებით კი სხვების შემწეობას ახერხებს.

წმიდა მამა გაბრიელის სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი