რელიგია

უფლის გზაზე

№34

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.09, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მარხვაზე

როცა დღეში მხოლოდ ერთხელ მწუხრითი მწუხრამდე ჭამ, ეს ყველაზე კარგი მარხვაა. უფრო მეტი, თუნდაც გულმოდგინებიდან გამომდინარე, გადამეტებულში ითვლება.

***

მარხვისა და დღესასწაულების დღეებში კარგია, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან თავს იკავებს. თუ ერთი მარხულობს და მეორე არა, მაშინ უმჯობესია, ჰქონდეთ ცოლქმრული ურთიერთობა, რათა ოჯახი არ დაინგრეს ან ბოროტის შთაგონებით მეორემ „საყვარელი“ არ გაიჩინოს.

***

სად გაგონილა ორსული და მეძუძური მარხვას ინახავდეს.

***

მარხვა ჯანმრთელობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუ ექიმი რაიმე სნეულების მიზეზით გიკრძალავთ მარხვას, მოძღვართან შეთანხმებით მიიღეთ ის საკვები, რომელიც თქვენთვის აუცილებელია. მორჩილებით და მოძღვრის კურთხევით, ის თქვენ საპატიოდ გეთვლებათ და ზიარებას დაბრკოლების გარეშე მიიღებთ.


სინანულზე

„არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს.“ მიუხედავად ცოდვათა სიმძიმისა, მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანმა შესცოდა, არამედ – ამ ცოდვათა შეუნანებლობა.

***

წმიდა იოანე ნათლისმცემელი პირველად ასე მიმართავდა ხალხს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათე 3.2). არ ამბობდა, როგორ შესცოდეთ, როგორ გაბედეთო, არამედ შეინანეთო.

***

ყოველივეს გამჩენმა იცის, რომ ადამიანი უძლურია; ვერ შეძლებს, რომ არ სცოდოს, ამიტომ ცოდვებზე მეტად, ამ ცოდვათა შეუნანებლობას მოჰკითხავს.

***

არსებობს ხალხში გავრცელებული გამოთქმა: „არ ცოდნა, არ ცოდვააო“. ეს არასწორია. შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ ნაკლები ცოდვაა, შესატყვისი პასუხი კი ყველას მოეკითხება.

***

გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. გულით სინანულია, როდესაც აღსარებაში ნათქვამ ცოდვას შენდობის მერე აღარ გაიმეორებ. თუ გულით სინანულს ცრემლიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია, რადგან ცრემლი წმენდს ცოდვებს.

***

არსებობს როგორც ნებით, ასევე უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები. უნებლიე ცოდვებს ვერავინ გაექცევა. აღსარებაში უნდა ითქვას როგორც ნებით, ასევე უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებიც.

***

ოდეს შესცოდავ, მალევე მღვდელთან აღსარებით შეინანე. სინანული კარია ცხონებისა. სინანულის გარეშე ვერანაირ საღმრთო წყალობას ვერ მოიპოვებ.

სასუფეველი

„უკეთუ არა მოიქცეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა.“ ეს ნიშნავს, რომ ბავშვივით სუფთა, წრფელი და უბოროტო იყო და არა ბავშვივით გონება გქონდეს.

***

იმიტომ ვჭამთ და ვსვამთ, რომ ვიცოცხლოთ? მაშ, რა განსხვავებაა ჩვენსა და ცხოველებს შორის. ადამიანები სასუფეველისთვის უნდა ვჭამდეთ და ვსვამდეთ. როცა ჭამის დროს ვფიქრობთ, რამდენს შია, სტკივა, სცივა და სხვა, ეს მოგვცემს ზომიერებას. ესაა სასუფევლისთვის ჭამა და სმა.

***

ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, სასუფევლისგან შორსა ხარ. გიყვარდეს ყველა და ეცადე, მოიპოვო სასუფეველი.


აღსარებასა და ზიარებაზე

როგორ ითქმება აღსარება? აღსარების დროს აღმსარებელი დაჩოქილია. მღვდელი ოლარითა და სამაჯურებით შემოსილი აღმსარებელს თავზე ადებს ოლარს. აღმსარებელი აღსარებას ამბობს ოლარის ქვეშ. ანალოღიაზე სახარება და ჯვარი დევს. შვიდი საიდუმლოს აღსრულებისას ყოველთვის სანთელია საჭირო. აღსარების დროსაც აღმსარებლის წინ პატარა სუფთა თაფლის სანთელი უნდა ენთოს. აღმსარებელს ერთი ხელი სახარებაზე უნდა ედოს, მეორე კი – ჯვარცმაზე და აღსარებას დაჩოქილი უნდა ამბობდეს. მღვდელი შესაძლოა, პატარა სკამზე იჯდეს, აღმსარებელი კი აუცილებლად დაჩოქილი უნდა იყოს. აღსარების დროს არ შეიძლება ფულის მიცემა მღვდლისთვის, ეს საიდუმლოს ყიდვა იქნება.

***

როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს ახლად მოსული, მღვდელმა ზიარებიდან არ უნდა დააკავოს. შემდეგი აღსარების დროს კი შესაძლებელია, ზიარებამდე ეპიტამიები დაადოს.


წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი