რელიგია

შეუძლია თუ არა ადამიანს, შეძლოს ის, რაც შეძლო ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.01, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რწმენის არსი, საბოლოოდ, ღმერთთან მიმსგავსება, ანუ განღმრთობაა. თუმცა პირადად მე არც თუ იშვიათად მეჩვენება, რომ ჩემთვის შეუძლებელი ამოცანაა, ვიყო ისეთი, როგორიცაა მაცხოვარი და არაფერი გამომივა, ტყავიდანაც რომ გამოვძვრე და არა იმიტომ, რომ მეზარება. შეუძლია კი ადამიანს, თავისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მიემსგავსოს ქრისტეს, - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- მხოლოდ ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული განღმრთობა და ქრისტეს მიმსგავსება, თუ ცოტა ზემოდანადაც უნდა დამეხმარონ?

- ადრეც ვთქვით, რომ არც ღმერთი წასულა არსად და არც სამოთხე. წუთისოფელი სამოთხეა, უბრალოდ, ჩემგან ამღვრეული, ჩემგან გადაგვარებული. ღმერთმა მომცა, რაკი ვამბობდი, მე ვიქნები, როგორც ღმერთიო და რას დავამსგავსე?! ომებითა და შფოთითაა სავსე და დღეს უკვე დედამიწას ემუქრება განადგურება. პიკზეა მისული კაცობრიობა და ეს ეხება პიროვნებასაც. ამიტომ უნდა შეჩერდე. ახლა ორი არჩევანი გაქვს: ან თავი უნდა დაანებო მცდელობას, ტყუილი ყოფილა ეს ყველაფერი, ღმერთთან მისვლა ისევეა შეუძლებელი, აქედან რომ მთვარემდე ავხტე და ხელი შევახო, ამიტომ აზრი არ აქვს და ფარ-ხმალი უნდა დაყარო; მეორე არჩევანია, მიხვდე იმას, რასაც ავაზაკი მიხვდა ჯვარზე: აუცილებლად უნდა მოკვდე და თუ არ მოკვდი, ვერ აღდგები. უფრო სწორად, უნდა მოკვდეს შენი საქმეები, რაც შენი ბუნება გახდა. ანუ წუთისოფელი შენი სხეულია, რომელიც შეიძინე; მას ღმერთში არსებობა არ აქვს. ღმერთი ვერ ხედავს წუთისოფელს, მისთვის ის არ არსებობს, ეს შენი წარმოდგენილი სამყაროა შენზე, ღმერთზე, ადამიანებზე, ამიტომ ღმერთი, სამყარო, ადამიანები უსამართლოები გგონია. არადა მამა იქ, სახლის კართან იდგა და ელოდა ძეს. როგორც კი ძე ბრუნდება და მამა შორიდან ხედავს თავის უძღებ შვილს, მისკენ გარბის. ესე იგი, არავინაა შენზე ნაწყენი, ისევ ისეთი, მთელი ბრწყინვალებით დგას სამოთხე, ოღონდ შენ მიერაა ამღვრეული და ამიტომ, ამღვრეულად ხედავ ყველაფერს. უნდა მივხვდეთ - რატომ უშვებს ამას ღმერთი?! თუ სწორად არ მიუდგები შენს მდგომარეობას, შეიძლება, იუდასავით თავი ჩამოიხრჩო, ანუ უარი თქვა საკუთარ არსსა და ღმერთზე: სასოწარკვეთილებაში ჩავარდე, რაც ყველაზე დიდი ცოდვაა. მაგრამ, თუ მიხვდები, რატომ ხდება ასე, რატომ გრძნობ ღმერთთან მიახლოების შეუძლებლობას, ეს ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. ამიტომ უნდა გაჩერდე და გაუძლო ამ სიცარიელეს, სიმცირეს და რატომ უნდა გაუძლო?! იმიტომ რომ, გაქვს ჭეშმარიტების ცოდნა! და რა ჭეშმარიტებაა ეს? ადამი უნდა მოკვდეს ჩემში! დიახაც, მე უნდა მოვკვდე, ჩემი ბოლო სიკვდილია, მაგრამ მე არ მრცხვენია! და მე კი არ ვკვდები, არამედ ჩემი ყალბი მე კვდება და როგორც კი ეს მოხდება, გველის ტყავივით მომძვრება ძველი მე და იმწამსვე სამოთხეში ვარ. მე სამოთხიდან მაშორებს ლიბრი და ეს ლიბრი თავად მე ვარ! ჯვარი არის ძველი კაცის ამპუტაცია, რაც უკიდურესად ტკივილიანია და იესოსაც კი უჭირს, იმიტომ რომ, მართალია, შენ არ ხარ, მაგრამ იმდენად შეისისხლხორცე შენი ძველი კაცი, რომ მის სიკვდილს შენს სიკვდილად განიცდი. მატყუარა საწოვარაა წუთისოფელი. ტყუილია მატერიიდან მიღებული სიტკბოება, მით უმეტეს, რომ მწარეცაა. გინახავთ ადამიანი, ამ წუთისოფელში გაიხაროს და ათჯერ მეტი სიმწარე არ ნახოს?! აქაც კი გაწვალებს, აქაც კი არ შეგარჩენს. აქაც არ გტოვებს ბედნიერად, არათუ იქ - მერე. ადამიანმა იცის, რომ ვნებებს სიკვდილი მოაქვს, მაგრამ იმდენადაა მიჯაჭვული, მიუხედავად წვისა, მაინც ვერ ეშვება. აი, როდესაც ამას პეტრესავით მიხვდები, უკვე არ შეგეშინდება შენი სიმცირის, გულიც არ გაგიტყდება. დიახ, ეს ღმერთმა დაუშვა, რადგან, თუ ჩემი ძველი კაცი არ მოკვდა, მე ვერ აღვდგები, ვერ დავბრუნდები სამოთხეში. როდესაც ამ წუთისოფელს ვუკვდები, ჩემს სხეულში ქრისტე შემოდის და მაძრობს ამ სხეულს, რომელმაც სიკვდილში შემიყვანა; ღმერთს, სამოთხეს დამაშორა; რომელსაც მივენდე და გავასქელე თვისებებით, ჩვევებით, ხასიათებით და აკრავს ჯვარზე; და მე რწმენით, რომ, რაც იქ მოხდა, ჩემშიც მოხდა, წამში ლიბრივით გადამეძრობა ძველი კაცი და იმწამსვე ვხედავ სამოთხეს. ავაზაკს ძველი კაცი მოძვრა და როგორც კი ამბობს: მაპატიე, ჩემი ბრალია, ამ ჯვარზე რომ ვიტანჯებიო, ქრისტე იმწამსვე ეუბნება: დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში. ნახე, სად ყოფილა სამოთხე და ჯოჯოხეთი?! სამოთხე და წუთისოფელი, თურმე, გეოგრაფიული ადგილები არ არის. მანამ ვარ წუთისოფელში, სანამ ჩემს ძველ კაცს ვეჭიდები, მას ჩემ გარეთ არსებობა არ აქვს და როგორც კი მე ვკვდები, მაშინვე ჩამოიშლება. იმიტომ რომ, ჩემში კვდება სამოთხის წუთისოფლად განმცდელი აღქმა. და სწორედ იმიტომ გაცოდვილებს სამყარო, რომ უნდა გაჩერდე! უნდა მიხვდე, რომ შენი ადამიანური ბუნებით შეუძლებელია განღმრთობა და ამას არც გთხოვს უფალი. ღმერთი იწყებს და ღმერთი ასრულებს! ღმერთმა გაჩუქა, ნინო, სიცოცხლე, შენ არ დაგიმსახურებია სამოთხე, სწორედ ამას ვერ ეგუებიან მატერიალისტები. არ უნდათ, რომ ვიღაცის შექმნილები იყვნენ, ურჩევნიათ, დაიჯერონ, რომ მილიარდობით წლის წინათ ნახშირწყლებისა და ცილების კომბინაციის შედეგად გაჩნდნენ და ამიტომ მადლიერებიც არ არიან. მადლიერი რომ იყო, ესე იგი, სიცოცხლე ვიღაცისგან უნდა მიგეღო, სხვაგვარად როგორ იქნები მადლიერი?! როდესაც ეს სიცოცხლე მისი ჰგონია, გათავისუფლებულია ყველაფრისგან, მაგრამ, როდესაც მივხვდებით, რომ, რაკი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაშინ გვაჩუქა, ვერ შევირგეთ, ახალ სიცოცხლეს გვჩუქნის, ისევ ხელახლა გვშობს. და სწორედ აი, ამ სიკვდილიდან იშობი, უბრალოდ, ამ დროს უნდა გაუძლო და მიხვდე. მაგრამ ამპარტავნება არ გაჩერებს: ის გეუბნება, გააგრძელე, ნინო, მიდი, მაგარი გოგო ხარ, დღეს არ გამოგივიდა, ხვალ მიაღწევ განღმრთობას. შენ კი დაკნინების გრცხვენია, არადა დაკნინებით აღდგები. მართალია, შენ არ კნინდები, მაგრამ შენს ეგოსთან იმდენად გააიგივე თავი, რომ ეგოს სიკვდილს გადაჰყვები, ოღონდ ის არ მოგიკვდეს, არადა, თუ ეგო მოგიკვდება, შენ მკვდრეთით აღდგები. თუმცა თვით იესოსაც გაუჭირდა ეგოს დათმობა, იმიტომაც თქვა, ღმერთო, რატომ მიმატოვეო. ამიტომ აქ გაჩერდი და ჭეშმარიტებით შეხედე. თუ ემოციით შეხედავ, ვერ გაუძლებ ამ სიმცირეს.

- ემოციით არ ვუყურებ.

- თუ ჭეშმარიტებით, სწორი ხედვით, გეგმიდან შეხედავ, მიხვდები, რა გეგმაა ეს. დიახაც, უნდა მოკვდე, იმიტომ რომ, თუ არ მოკვდი, ვერ აღდგები და მაშინ შენ უკვე მიიღებ შენს სიმცირეს, შენს სიკვდილს, იმიტომ რომ, ამ სიკვდილს მყისიერად მოჰყვება აღდგომა. როგორც კი ქრისტე ჯვარზე კვდება და ღმერთს მიანდობს საკუთარ სიცოცხლეს, შენს ხელს გადავცემ ჩემს თავსო, იმწუთსავე იპობა კრეტსაბმელი და სამოთხეში შედის. ჩვენ სამოთხის შვილები ვართ. შენ ხარ ადამის შვილიშვილის შვილიშვილის შვილიშვილის შვილიშვილი, ადამი კი ღმერთში იყო! ესაა ჭეშმარიტება და სინამდვილე, დანარჩენი დავიწყების ბინდია, ოღონდ იმდენად ძლიერი, რომ უკვე სიკვდილში მივედით, მაგრამ ახლა უნდა გავიღვიძოთ სიკვდილიდან და ეს არის აღდგომა! აღდგომა რა არის? აღიდგინე! ესე იგი, შენი თავი უნდა აღიდგინო. და ვინ ხარ შენ? ღვთის ხატი - სამოთხის შვილი. აი, ეს დაგვავიწყდა, მაგრამ გულისგულშია ჩაწერილი მთელი თავისი დიდებულებით. სწორედ ეს უნდა გაგვახსენდეს და ამ გახსენებით ჩავბარდებით იქ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი