რელიგია

სად გადის ზღვარი მონობასა და მორჩილებას შორის და როგორ იქსოვება ცხოვრება „არა“ და „კისგან“

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.02, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

სად გადის ზღვარი მონობასა და მორჩილებას შორის, რატომ უნდა უარყოს ადამიანმა საკუთარი ვნებების მონობა და მიიღოს უფლის მონობა და რატომ მიიჩნევა ღვთის სათნო ქმედებად მორჩილება, ანუ სად გადის ზღვარი მონობასა და მორჩილებას შორის? – ამ თემას განგვიმარტავს დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

– რა განსხვავებაა მონობასა და ღმერთის მონობას შორის და რატომ მჭირდება მორჩილება, რის გარეშეც მე მიწიერი, ანუ ჩემი ეგო, ვერ ვპოულობ სწორ გზას?
– ორი სახეობის მონობაა, სიმბოლოებით რომ თქვათ, ეგვიპტე და ქანაანი და მათ შორის არის მორჩილება, ანუ – უდაბნო. უდაბნო ანგრევს, ანულებს იმ ძველ მონობას, რაც იყო ეგვიპტეში: სხეულის, ეგოს მონობას; ახალ ეგვიპტეში – ქანაანში კი მივდივართ ახალი მონობისკენ, კარგი გაგებით. პავლე მოციქული წერს: „მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს...“
მიაქციეთ ყურადღება: ეგვიპტეშიც კი თავისუფალმა ებრაელებმა თავად, საკუთარი ნებით მისცეს თავი ეგვიპტელებს მონებად და პავლე მოციქული ამიტომაც წერს, ასევე, ნებაყოფლობით გადაეცით თავი ქრისტესო, ქრისტეს, ვისაც მე ჩემი ნებით ვემონები. გარედან კი არ მიმონებს ქრისტე და ქრისტიანული სათნოებები, არამედ მე ვაძლევ ჩემს თავს ქრისტეს დასამონებლად! რას ნიშნავს „ქრისტეს მონობა“? რომ ჩემი სხეული მისი სხეულია, ოღონდ ძალიან ღრმად უნდა გავიაზროთ, რომ ეს მონობა არის ნებაყოფლობითი არჩევნის შედეგი და არა გარედან თავსმოხვეული ნება. ჩემი ნებით ვეძლევი უფალს. ჩემი ყველა ორგანო ეკუთვნის ქრისტეს, მე კი არ ვცხოვრობ, ეს ქრისტე ცხოვრობს ჩემში, როგორც პავლე მოციქული ამბობს და რატომ არის ამ ორ – ძველსა და ახალ მონობას შორის მორჩილება?! იმიტომ რომ მორჩილება გარდამავალი ეტაპია. ძველი მონობიდან ახალი მონობისკენ ვერ გადახტები – ჯერ ძველი უნდა დაცარიელდეს, დაიწრიტოს და ამიტომაა მორჩილების ადგილი უდაბნო, სადაც არაფერია კუჭისთვის, თვალისთვის, ანუ ხორცისთვის, იმიტომაც ისმის იქ ხმა მღაღადებლისა – ღმერთის ხმა, მაშინ, როდესაც წუთისოფელში ისმის ტვინის ხმა, რადგან წუთისოფლის მონაა ადამიანი.
ეგვპტიდან ქანაანამდე სამი დღის სავალი გზა იყო, მოსემ კი 40 წელს ატარა ებრაელები წრეზე, იმიტომ რომ ყველა ძვალი დაყრილიყო იმ უდაბნოში სიარულისას, რასაც ეგვიპტური მონობის ნიშანი ჰქონდა. ანუ, რაც გვქონდა ჩვენი სხეულის ნაწილებში: ხელში, გულში, ფეხში, ბაგეში, ტვინში – ყველაფერი დაცვენილიყო, დაცარიელებულიყვნენ და ამიტომაც მხოლოდ ახალი თაობა გადადის ქანაანში. მოსეც კი ვერ გავიდა მათთან ერთად.
აი, ქანაანი კი უკვე სხვა რეალობაა – რძისა და თაფლის მდინარეებით, ფინიკებით, ანუ ტვინის მონობა გაქრა და გაჩნდა ღვთიური ხმის მონობა. მაგრამ, იცი, რა მკაცრი იყო უფლის კანონი?! არაფერს დახარბდეთ, რასაც ეგვიპტეში ხარბდებოდით (არადა ქანაანში, ხომ, სავსეა სახლები სიმდიდრით?!), ეს ყველაფერი უნდა დაწვათ და გაანადგუროთ, ხელი არ ახლოთ არაფერს. იმიტომ რომ ქანაანში ღვთის მადლის ქვეშ ყოფნაა მთავარი და ეს მადლი გადმოვა თქვენზე, თუ არ დახარბდებით და არაფერს ახლებთ ხელს, რადგან ამის ბოლო ისევ სიკვდილია, ანუ ეგვიპტეში მონობა.
ქანაანში ახალ რეალობაში გადაჰყავს ებრაელები ღმერთს, მაგრამ, ნახე, რა ხდება იქ? ძალიან მცირერიცხოვან ტომთან ბრძოლაში მარცხდებიან. გაკვირვებულები ემხობიან მიწაზე, უფალო, ამას რატომ გვიკეთებ, სხვა ხალხები რომ ნახავენ, ხომ ყველა მიგვერევა, რატომ არცხვენ შენს სახელს?! შეეშინდათ... ეგონათ, რომ ღმერთმა მიატოვა და მაშინ ღმერთი ამბობს: შესცოდა ისრაელმა! მათგან ერთ-ერთმა ოქრო დამალა, ანუ დახარბდა რაღაცას და იმ წუთასვე დაკარგა ყველამ მადლი, იმიტომ რომ გამარჯვების ძალას ისრაელელებს აძლევდა მადლის ქვეშ ყოფნა, ანუ იმარჯვებ მაშინ, როდესაც უფლისადმი სრული მინდობით ცხოვრობ და არა ეგოთი. აი, ეს არის მადლით გამარჯვება საკუთარ თავზე და როგორც კი აღმოაჩინეს ის, ვინც დამარხა ოქროს ზოდი, მიიყვანეს იქ ისიც, მისი ცოლ-შვილიც, მათი საქონელიც და ყველანი ქვებით ჩაქოლეს. როგორ უნდა გავიგოთ ეს ამბავი? თუკი დაინახავ, რომ მადლი გაგექცა, ესე იგი, მტერი მოგერია – და მტერი რაა? შენი შინაგანი ვნება, სისუსტე, მაგრამ კი არ უნდა შეშინდე, არამედ უნდა მიხვდე, რომ შენი ეგო დახარბდა რაღაც ახალს, უნდა მიაგნო მას, სად მოხდა, რომელ ტომში, რომელ ოჯახში, გამოავლინო და ჩაქოლო. ტომი, ოჯახი რას ნიშნავს? გაარკვიო, სად მოხდა ცოდვა – ფსიქიკაში, სხეულში, სულში, ანუ რომელმა ორგანომ შესცოდა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ: ფიქრით, სიტყვით, ქცევით – ჩაქოლე, რომ გახსოვდეს და მეორედ აღარ ჩაიდინო, რადგან ქრისტესთან ყოფნა ნიშნავს ყველაფერი დანარჩენისთვის ხელის გაშვებით ცხოვრებას.
– უმეტესწილად ეს გაგებულია, როგორც ყველაფერზე უარის თქმა.
– არა, ეს, სულაც, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც გაგაჩნია, უნდა გაყიდო! უბრალოდ, უნდა გაიაზრო, რომ შენი ბედნიერების წყარო არ არის მიწიერი, შენ ცხოვრობ ღვთის, მარტივად ვიტყვი, მზის ენერგიით და, როგორც კი დახარბდები რამე სხვას, არაფერი ხარ უკვე. ყველაზე მეტად ებრაელები ისჯებოდნენ მაშინ, როდესაც ხელს გაიშვერდნენ მატერიალურისკენ, კერპებისკენ. იმ წუთას შორდებოდა მათ ღმერთი, მტერი შემოესეოდათ და ისჯებოდნენ და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მოინანიებდნენ. ის ისტორია, რაც აი, იმ უდაბნოში მოხდა, ჩვენი ცხოვრების ისტორიაა, მუცლის, თვალის მონობიდან გავდივართ ეგვიპტიდან უდაბნოში, რომ ამ მონობის ნაშთი ბოლომდე გაიწოვოს და შემდეგ უფლის, მზის ენერგიას მინდობილები, დავემორჩილოთ უფალს. ადრე სიხარულის წყაროს ვიღებდით მიწისგან – გრძნობის 5 ორგანოდან, ახლა ღვთისგან, ოღონდ, როგორც კი ისევ მიწიერით დაიწყებ სიხარულის მოხვეჭას, იმწამსვე დაჰკარგავ მადლს და დამარცხდები. მორჩილებით ნელ-ნელა ცარიელდები ძველი მიდრეკილებებისგან. უფლის ხმას რომ მიჰყვები უდაბნოში, წინ მიგიძღვის შენი მოსე – შენი უმაღლესი გონება ღმერთით განათებული, რითაც ბოლომდე გაანულებ ძველ კაცს და უფლის მადლით სავსე ახალი კაცით გადადიხარ ქანაანში, სადაც მადლისმიერი, ანუ ნეტარი ცხოვრებაა – ნეტარებით ცხოვრობ და არა სიამოვნებებით. არა კუჭით – არამედ სულიერი ნეტარებებით, მაგრამ, როგორც კი ნეტარებას ამჯობინებ სიამოვნებას, ჰკარგავ ყველაფერს და ნებისმიერი მტერი, შენი ვნებები მოგერევა. აი, ასეთი არაკისგან იქსოვება ჩვენი ცხოვრება, აი, ასეა გადაწნული არა და კი ჩვენს ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი