რელიგია

როგორ სხეულებში აღვდგებით გარდაცვალების შემდეგ და რატომ კრძალავს ქრისტიანობა სხეულის დაწვას

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 13.01, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტიანული წესით, გარდაცვლილის სხეული აუცილებლად მიწას უნდა მიებაროს და თუმცა აღდგომა ნიშნავს სხეულში აღდგომას, აღმდგარი ქრისტე მაშინვე მისმა მოწაფეებმაც კი ვერ იცნეს. რა მნიშვნელობა აქვს სხეულს ქრისტიანისთვის და, თუ აღდგომა დავიმსახურეთ, როგორ სხეულებში აღვდგებით? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომაა დაწვა არაქრისტიანული, სხეული, ხომ, მაინც ქრება და ფერფლიც მიწად იქცევა? რატომ მივაგებთ პატივს სხეულს, რომელიც მიწას მივაბარეთ. ეს, უბრალოდ, ტრადიციაა თუ სხეული აუცილებლად უნდა იქცეს მიწად, რისგანაც მოიზილა?

– ეს საკითხიც უკავშირდება იმას, თუ რას ვგულისხმობთ სხეულში. თუ ბიოქიმიას, რომელსაც მიწა ჭამს, სწორედ, აქედან მოდის შიში, რომ, თუ სხეული ქრება, ესე იგი, ადამიანისგან არაფერი რჩება. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ფიზიკურ, ბიოქიმიურ მასაზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. დიახ, შეგნებულად ვამბობ – რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყოფაში ადამიანი მთლიანად სხეულთანაა გაიგივებული, თუმცა სახარებაში წერია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მიწიერ კარავში. პეტრე მოციქული ამბობს, როდესაც დაინგრევა ეს ჩემი მიწიერი სახლი – კარავი, ზეცაში გვაქვს ხელთუქმნელი სასახლე. ანუ ეს მიწიერი სახლი, სხეული კარავია, კარავი კი დროებითი სარგებლობისაა, ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ, ჩვენი საცხოვრებელი ზეცაშია. ისმის კითხვა: რატომ გვაქვს ასეთი დამცირებული, სუსტი სხეული? იმიტომ რომ დროებითი სარგებლობისთვისაა და რათა აღმატებული დიდება იყოს ღმერთის და არა – ჩვენი, ამბობს პავლე მოციქული. რას ნიშნავს მისი ეს სიტყვები? ადამიანი, მართალია, დაეცა, მაგრამ ის მაინც გაბრუებულია თავისი ღმერთობით. არადა ადამი, სამოთხეში რომ დარჩენილიყო, იქ უნდა განღმრთობილიყო დროში, მაგრამ მან უცბად მოინდომა ღმერთობა და, რაკი ადამიანი ისევაა მთვრალი თავისი ღმერთობით იმ სიბნელეშიც კი, რასაც წუთისოფელი ჰქვია, რომ არ დარჩეს მარად სიმთვრალესა და სიბნელეში, განგებამ დაუშვა სხეულის უძლურება. როდესაც ადამიანი უყურებს თავის უძლურ სხეულს, რომელიც უცვდება, უბერდება, ხანდახან ახალგაზრდობაშიც უუძლურდება, ეს მას ეხმარება გონს მოსვლაში, რომ აღმატებული დიდება არ მიანიჭოს თავის თავს, არამედ – მხოლოდ ღმერთს. როგორ ვარ ღმერთი და ყოვლისშემძლე, როდესაც სხეულიც კი არ მემორჩილება?! სწორედ, უძლური სხეულით ტოვებს ღმერთი ადამიანს დროებით სიმდაბლეში. ბევრი კითხვაა: რა ემართება ჩვენს მიწიერ სხეულს? როგორ სხეულებში აღვდგებით? ვიცნობთ კი ერთმანეთს? თუ მოხუცი გარდაიცვალა, ხოლო ზეციური სხეული სრულყოფილია, მოხუცის სხეულს რა ემართება?! ამ თემებზე ბევრი წმიდა მამა წერს. ზოგადად, ლაპარაკია, რომ ადამიანი თავის თავსაც იცნობს, ერთმანეთსაც ვიცნობთ, თუმცა ჩვენ არც კი ვიცით დაზუსტებით, რას ნიშნავს იქ, ზეცაში, „ვიცნობთ“... და მაინც, რატომ ვუფრთხილდებით ამ უძლურ სხეულს და რატომ არ შეიძლება მისი დაწვა? ქრისტიანობაში დამკვიდრდა წესი, რომ სხეული მიწას უნდა მიებაროს, რითიც გამოიხატება ერთგვარი პატივისცემა იმ ტანსაცმლისადმი, რომელშიც ვიცხოვრეთ. მაგრამ გავიხსენოთ, რომ უფალი ლაპარაკობს სხეულში აღდგომაზე და არა სულის უკვდავებაზე. სხეულში ის სხეული იგულისხმება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და გვინახავს?! ეს უძლური სხეული, ხომ, ის ბიოქიმიაა, რომელიც მიწაში დაიშალა?! შესაბამისად, იმავე ბიოქიმიად არ აღდგება, მაგრამ სწორედ ეს სხეული აღდგება, ოღონდ უხრწნელი. ამიტომაცაა, რომ მოწაფეები ქრისტეს უცბად ვერ ცნობენ, ვინაიდან განსხვავებულია, მაგრამ შემდეგ ცნობენ. საოცარი ისაა, რომ სხეული არ არის მეორეხარისხოვანი, ვინაიდან სახარებაში აქცენტია აღდგომაზე. რის აღდგომაზე? სხეულის, რომელიც მიიცვალა! აღდგომის შემდეგ ქრისტე მოციქულებს ზუსტად იმ სხეულით ეცხადება, რომელშიც ცხოვრობდა. მოწაფეებს ეშინიათ, ვინაიდან სული ჰგონიათ (იმხანად სულის არსებობა ჩვეულებრივი ამბავი იყო), მაგრამ იესო ეუბნება, სული არ ვარ; მომეცით, აბა, თევზი; ართმევს თევზს, ჭამს მათ წინაშე და უბრუნებს ნახევარ თევზს. ანუ აშკარაა, რომ ქრისტემ აღმდგარ სხეულში მიირთვა მატერიალური თევზი. მაცხოვარი მათ ეუბნება, მე ვარ, ხელი მომკიდეთ და ამატებს, სულს ხომ არ აქვს სისხლი, ხორცი, ძვალი, მე კი მაქვსო. როგორ ფიქრობთ, ატყუებს?! მაშინ რა ხდება? რა სხეულია ეს? აი, ეს უკვე ის განდიდებული და უხრწნელი სხეულია, რომელიც დავკარგეთ ცოდვით დაცემის შემდეგ, როდესაც მოვწყდით სამოთხისეულ ჰარმონიას და სხეულს დააწვა სიმძიმე, რაც სამოთხეში არ ჰქონდა: ოფლით მოიპოვებ პურს! სამოთხეში ადამი ღმერთისგან იღებდა ნეტარებას, მცირედად ეტვირთებოდა სხეული და მუდმივად განუახლდებოდა, უკვდავი იყო. მაგრამ, როდესაც ადამმა დაკარგა სამოთხისეული ნეტარება, სისტემა აირია. ადამიანის სული ვეღარ იღებს ნეტარებას ღმერთისგან; ამით გაწამებული სული დააწვა სამშვინველს და იქიდან იღებს სიამოვნებას; სამშვინველი დააწვა სხეულს და იქიდან იღებს სიამოვნებას; სხეული კი მიწიდან იღებს სიამოვნებას. ანუ ისეთი ტვირთი დააწვა სხეულს, რაც არ უნდა დასწოლოდა და ეს მას ფიტავს. ღმერთისგან მოწყვეტის შემდეგ სამოვნებების მიწიდან მიღებამ გამოიწვია სიკვდილის დაშვება. სხვანაირად შეუძლებელი იყო. ძე შეცდომილის ისტორია ადამის ისტორიაა, სიმძიმითა და ტკივილებით მიხვდა იმ თავის პირველ ცოდვას; წუთისოფელთან ბრძოლის ტკივილებმა ადამიანის ეს ამპარტავნება – მე ვარ ღმერთი – მოათვინიერა და, ბოლოს, ჯვარზე გაკრული ავაზაკის სახითაც ადამი ხვდება თავის ცოდვას, ამბობს, ღმერთის კი არა, ჩემი ბრალია, რაც დამემართაო (რაც ადამმა ვერ შეძლო და ევასკენ გაიშვირა ხელი, ანუ ღმერთს დააბრალა თავისი შეცდომა) და მაშინვე ეუბნება ქრისტე: შენ იქნები სამოთხეში! ანუ დასრულდა ადამის დაცემის ისტორია და ქრისტე უკვე ახალი სხეულია, რითიც ჩვენც გვეძლევა იგივე იმედი, რომ შევიმოსებით იმავე სხეულით, როგორიც ქრისტეს ჰქონდა აღდგომის შემდეგ. სხეულს არ ვწვავთ იმის რწმენით, რომ სრულად არ გაქრეს. შეიძლება, ეს გადმოცემა უკავშირდებოდეს ცოტა ნაკლებ გაგებასაც, ვინაიდან, ვისაც დიდი რწმენა ჰქონდა, ისინი დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდნენ სხეულს. პირიქით, წმიდანები ამბობდნენ, ჩემი სხეული ძაღლებს მიუგდეთ საჯიჯგნად ან სადმე გადააგდეთო, რადგან ცოდვის სხეული იყო. თუმცა სხეულს, რომელშიც წმიდა სული ცხოვრობდა, ვინც ქრისტეს ისეთ რწმენას მიაღწია, რომ მისგან უფალი განდიდდა და სასწულებს ახდენდა, ქრისტიანული დოგმატიკა მადლის წყაროდ აღიარებს. აქედან დამკვიდრდა წმიდანთა წმიდა ნაწილების თაყვანისცემა, როდესაც წმიდა სული ცხოვრობს სხეულში, სხეულიც მადლის მატარებელია, მისი შესამოსელიც კი. თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რამდენი ქრისტიანი შეუჭამიათ ლომებს, რამდენი ცეცხლში დაუწვავთ და, რა, რადგან მათი ძვალი მიწაში არაა, არ გადარჩებიან?! ადამიანური სისუსტის გამოვლენაცაა – ყველას ხომ არ აქვს იმდენი რწმენა, დაიჯეროს, რომ მიწაში არავინაა?! მაინც მიელტვის საფლავს ადამიანი, რომ პატივი მიაგოს იმ სულს, რომელიც იმ სხეულში ცხოვრობდა, თუმცა აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან ძალიან იოლად შეიძლება, ჩავცვივდეთ კერპთაყვანისმცემლობაში, თუ არ გვყოფნის რწმენა და გვგონია, რომ მიწაშია გარდაცვლილი ადამიანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი