რელიგია

როგორ მოახერხა კაცობრიობამ იმ დონემდე დეგრადირება, რომ ღმერთისთვის გენდერულად ნეიტრალური სახელის ძიება დაეწყო

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.03, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

გენდერულმა თანასწორობამ და, ზოგადად, გენდერის თემამ იმდენად დაბინდა ადამიანების ტვინები, რომ, მაგალითად, ანგლიკანური ეკლესია მსჯელობს საკითხზე, რომ ღმერთს გენდერულად ნეიტრალური სახელი დაერქვას (თუმცა, პირადად ჩემთვის გაუგებარია, ვის უნდა ეწყინოს, თუ ღმერთს „მამა“ ჰქვია). ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– სიმართლე გითხრათ, პირადად მე არასდროს აღმიქვამს ღმერთის სქესი. ღმერთის მამად მოხსენიებამ რატომ უნდა შეურაცხყოს ვინმე?

– „ჭრიჭინას“ ფინალში რამაზ ჩხიკვაძისა და ლეილა აბაშიძის გმირები მღერიან და, თუმცა სიმღერის ტექსტია „მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის მოუცია მაღლიდან ღმერთს“, კომუნისტების დროს იმდენად უნდოდათ ღმერთის სახელის ამოშანთვა, რომ შეცვალეს სიტყვები: „მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის მოუცია ბუნებასა“. ეს არის მცდელობა, რომ ადამიანმა უარი თქვას პირველშემოქმედზე, ვინც უხილავია, მაგრამ მის გარეშე არაფერი შექმნილა. არანაკლებად შეიმჩნევა იგივე ტენდენცია დღესაც. თავდაპირველად, გენდერული თავისუფლება დადგა ადამიანის დონეზე და ახლა უკვე გადადის ღმერთზე. რატომღაც, განსხვავებულობის ნიველირება ჰგონიათ თანასწორობა, არადა ამით გაურკვეველ სივრცეში შევდივართ, რომელშიც ყველაფერი ირღვევა. ღმერთი ადამიანს ქმნის მამაკაცად და დედაკაცად და ეს, სულაც, არ ნიშნავს უთანასწორობას, ვინაიდან თანასწორობა არ ნიშნავს ერთნაირობას; რომ, მაგალითად, მამაკაცმა ბავშვი გააჩინოს, ქალი მამაკაცად გადაიქცეს, ბავშვი მოზრდილი გახდეს. სხვა რომ არაფერი, ეს ფიზიოლოგიურადაც შეუძლებელია.

– გაუგებარია, ვინმე მამაკაცმა თავისი უფლების დარღვევად რატომ უნდა მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ მე მაქვს საშვილოსნო და მას არ აქვს?

– ასე გაგებული თავისუფლება მარაზმამდე მიდის. ბუნებაში არის წყალი და ცეცხლი, რაც არ ნიშნავს, რომ ცეცხლი წყალზე უკეთესია ან პირიქით, ან რომ ისინი უნდა გავაერთიანოთ. ორივეს თავისი ადგილი აქვს, ორივე თანაბარია თავის ადგილას და ეს თუ დაირღვევა, სამყაროში ბალანსიც დაირღვევა. იმიტომ, რომ, თუ მხოლოდ ცეცხლი იქნება, სამყარო გადაიბუგება, თუ მხოლოდ წყალი დარჩება – სამყარო დალპება. თითებს შორისაც კი არის განსხვავება, მაგრამ არც ერთი არაა დაჩაგრული, იმიტომ რომ თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. რაც შეეხება ღმერთისთვის გენდერულად ნეიტრალური სახელის მოძებნას: ესე იგი, უკვე დადგა საკითხი, თუ ის ერთი ღმერთი ქალის ღმერთიცაა და მამაკაცისაც, მაშინ რატომ ჰქვია მამა?! და მამა, რატომღაც, გაიგივებულია მამაკაცთან, არადა, რაკი მამაღმერთია, ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ მამაკაცის ასპექტია. ჩვენ ვამბობთ: მწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისამპყრობელი. მამა არის პირველწყარო, რომელშიც ყველა საწყისი ერთადაა; რაც გამოვლენილია, ის ყოველივე მასში იყო: ქალურიც, მამაკაცურიც; მას არც სახე აქვს, არც ფორმა და ამას ამბობს ყველა რელიგია. ჩვენ არ გვინახავს ღმერთი, ვხედავთ მხოლოდ მის გამოვლინებებს, რაც მატერიაში გვეძლევა. მაგრამ მატერიაში არსებულ მრავალგვარობებს თავისთავად არ აქვს არსებობა. მათ ეს ფორმები მიიღეს იმ ერთისგან გამკვრივების შემდეგ. სხვათა შორის, მატერია სიტყვა დედისგანაა ნაწარმოები. ეს არის ორი ასპექტი და არც ერთი არ იჩაგრება. მამა იმიტომ ჰქვია, რომ იდეაა, ხოლო მატერია, ანუ დედა, ამ იდეას ხორცს ასხამს. სხვა რომ არაფერი, ადამი იყო კაცი, ანუ მასში იყო დედაკაციც და მამაკაციც. ქართული ენა ბრწყინვალედ ასახავს ამის არსს: ორივე კაცია, დედაკაციც და მამაკაციც, თუმცა დღეს, როდესაც ვამბობთ კაცს, რატომღაც, ვგულისხმობთ მხოლოდ მამაკაცს. სინამდვილეში, მამაკაცი და დედაკაცი ორივე კაცია და საერთოდ არაა ლაპარაკი იმაზე, თუ რომელია პირველი. ეს არის ასპექტები, ისევე, როგორც პლუსი და მინუსი, მაღალი და დაბალი და ასე შემდეგ. შესაბამისად, აბსურდია იმის თქმა, რომელი რომელს სჯობია ან იჩაგრება. უბრალოდ, მამაკაცური საწყისიდან მოდის იდეა, რომელსაც ფორმას აძლევს დედაკაცური საწყისი და რომ არა დედაკაცური საწყისი, იდეა დარჩება იდეად და ვერ განხორციელდება. ამდენად, ისინი ავსებენ ერთმანეთს და ეს ორი რომ განსხვავებული არ იყოს, მესამეს, ანუ ერთობას ვერ მივიღებდით.

სხვათა შორის, არის ისეთი აზრიც, რომ წმიდა სამება ერთგვარად დედა, მამა და შვილია; და შვილში შედის ორივე – დედაც და მამაც. მამა არის იდეა, პირველწყარო, რომელიც არ ჩანს, მაგრამ თავის თავში ატარებს ყველაფერს, რაც უნდა გამოვლინდეს, მაგრამ, რომ გამოვლინდეს, აუცილებლად სჭირდება მეორე ასპექტი – დედობრივი, ეს უკვე სულიწმიდაა. რატომ? იმიტომ რომ სულიწმიდის თვისებები არის დედობრივი. ჩვენ ვამბობთ: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო“, რა არის ნუგეში? სითბო, სიცოცხლის მიმნიჭებელი; ხოლო ძე არის ის, რაც მივიღეთ ამ ორის კავშირით: სულიწმიდის ზემოქმედებით იდეაზე. სამყარო თავდაპირველად იყო უფორმო, უსახური ქაოსი, რომელიც თავის თავში მოიცავდა ყველაფერს და რომელსაც დასტრიალებს სულიწმიდა, ღმერთის მაცოცხლებელი სული, თავის წიაღში იდეისითვის ფორმის მიმცემი, ანუ დედობრივი ასპექტი; ხოლო ფორმამიცემული უკვე არის ძე. ანუ ძე არის მდგომარეობა, რომელშიც ორივე ასპექტი ერთადაა. ამდენად, ღმერთის სახელზე მსჯელობა არის მატერიიდან განდევნილი პირველსაწყისის აბსურდული ხედვა. ღმერთი, მიწიერი გაგებით, მამა კი არ არის, არამედ პირველწყაროა. ასე რომ, ამგვარი მსჯელობა გამოხატავს ჩვენი აზროვნების კრიზისს; აზროვნების, რომლისთვისაც არ არის ხელსაყრელი, რომ არსებობდეს შემოქმედი. და ძალიან საინტერესო საკითხია: რატომ არ არის ხელსაყრელი?! ბიბლიის კომენტატორები ამბობენ, რომ ერესებით, კვაზირელიგიებით, სამყაროს გაგების ადამიანის ფანტაზიით შექმნილი იდეოლოგიზებული მოდელებით, რომლებიც უარყოფენ ერთიან ღმერთს, ადამიანი იხსნის პასუხისმგებლობას. როდესაც არავინ და არაფერია სამყაროში, შემთხვევითობაა სიცოცხლე და ყველაფერი, რაც არსებობს, არც პასუხისმგებლობაა, არც მადლიერება და ადამიანი, თავისი ჭკუით, თავისუფლდება. ასეთი გამოთავისუფლებით კი – დეგრადირდება, იმიტომ რომ, თუ საზრისი არ არის, ყველაფერი მტვერია და მატერია, ადამიანსაც კი ფასი არ აქვს. რატომ გაჩნდა გერმანიაში, ევროპაში ლამის ყველაზე კულტურულ ქვეყანაში, ნაციზმი?! თითქოს პარადოქსია, ხომ?! სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი მთლიანად მოსწყდა შემოქმედს და, თუკი შემოქმედი არ არის, სინდისიც განელდა და ადამიანი უკვე არც იყო ადამიანი. როდესაც ცოცხალი ღმერთი დაივიწყეს და ამას ხელი შეუწყვეს ფსიქოლოგებმა და ფილოსოფოსებმა, ადამიანს ფასი დაეკარგა. შესაბამისად, თუ მათ გავწყვეტთ, არაფერი დაშავდება, იმიტომ რომ მტვერს, არარაობას კლავ. იგივე მოხდა საბჭოთა კავშირის შექმნისასაც, როდესაც ღმერთი მოკლეს, დაერივნენ კულაკებსა და მემამაულეებს: ადამიანი გაიგივდა ქვასთან, ხესთან, უსულო საგნებთან. გაქრა სიყვარული, ღვთის მოშიშება, მადლი და მივიღეთ ის, რომ ადამიანს ვირთხის ფასიც არ ჰქონდა. ეს ტიპური მაგალითია იმისა, რისკენაც დღესაც მივდივართ, როდესაც ვშორდებით პირველწყაროს; იდეას, რომ სამყაროს ჰყავს შემოქმედი. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც დოსტოევსკი ამბობს, ყველაფერი ნებადართულია. დღეს ერთადერთი რამ აკავებს ადამიანს: წესრიგი, მაგრამ, როდესაც შიგნიდან არ მოდის, ეს მკვდარი წესრიგია, იმიტომ რომ გვინდა, კარგად ვიცხოვროთ კარგად ვჭამოთ და, ბოლოს, კარგად მოვკვდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი